Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 89 გოროშიძე გიორგი. განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში. დიმიტრი უზნაძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. ქუთაისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016, გვ. 62-69. გიორგი გოროშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში (განწყობა, ადაპტაცია, შეფასება, დამოკიდებულება) განწყობის ფსიქოლოგიაში დამკვიდრებული განმარტებების თანახმად, განწყობა წარმოადგენს ინდივიდის ადეკვატური და მიზანშეწონილი ქცევის საფუძველს. იგი გვევლინება როგორც მუდმივად ფუნქციონირებადი ადაპტაციის მექანიზმი [3, 87-89], რომელიც განაპირობებს ინდივიდის მიერ მოვლენების შეფასებას და მათი შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას. ეს დასტურდება განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში მეცნიერთა მიერ განხორციელებული მრავალი კვლევის შედეგად მიღებული ობიექტური მონაცემებით (დ. უზნაძე, შ. ნადირაშვილი, მ. ნორაკიძე, შ. ჩხარტიშვილი, ბ. ხაჭაპურიძე და სხვ.). განწყობისეულ შეფასებასა და მოქმედებას შორის აღინიშნება საპირისპირო ურთიერთდამოკიდებულება, რაც განწყობის ფსიქოლოგიაში ცნობილია „განწყობის ასიმილაციური მოქმედების და კონტრასტული შეფასების კანონის“ სახელით [1, 90-98]. ამ ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესის გაერთიანების საფუძველი განწყობის ადაპტაციურ ბუნებაში უნდა ვეძებოთ. ადაპტაცია არაერთი მექანიზმის ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით მიმდინარეობს და ინდივიდში მიზანშეწონილი ცვლილებების განხორციელებას განაპირობებს. ადამიანი განუწყვეტლივ ურთიერთობს სინამდვილესთან და მუდმივად შეიმეცნებს მას. სინამდვილის ასეთი უწყვეტი შემეცნების პროცესში ყოველთვის პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ობიექტების და მოვლენების სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია, კლასიფიკაცია. ამ პროცესების განხორციელებისთვის აუცილებელ უპირველეს და უზოგადეს მექანიზმს, არისტოტელეს სწავლების, ჟ. პიაჟეს გამოკვლევების და სხვა მეცნიერთა ნააზრევის მიხედვით, მოვლენათა შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა წარმოადგენს. მის საფუძველზე ხდება შესაძლებელი თუნდაც აღქმის, როგორც სინამდვილის ასახვის პირველადი პროცესის, ისეთი სპეციფიკური თავისებურებების არსებობა, როგორებიცაა აღქმის კატეგორიალობა, აღქმის კონსტანტობა და სხვ. ე.ი. პირველი „შეხვედრა“ სინამდვილესთან მსგავსება-განსხვავების დადგენის ვითარებაში მიმდინარეობს. ეს აუცილებელია ობიექტური სინამდვილის მიმართ ინდივიდის ადეკტავური და მიზანშეწონილი ადაპტაციის განხორციელებისთვის. ფიქსირებული განწყობის ცნობილი კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტებიც მსგავსება-განსხვავების დადგენის ფარგლებში მიიღება და მრავალ ფსიქიკურ პროცესთა წინმსწრებ მოვლენებად უნდა განიხილებოდეს. სწორედ მსგავსება-განსხვავების საფუძველზეა აღმოცენებული განწყობის ის ეფექტები, რომლებიც ფართოდ იქნა შესწავლილი განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 90 ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტებში მრავალჯერ ეკსპონირებული არატოლი ობიექტების შეფასების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ „ტოლობის“ სუბიექტური შეფასება, რომელიც განიცდის ცვალებადობას ჯერ ზემოქმედი არატოლი ობიექტებისადმი მიმსგავსების მიმართუილებით საგანწყობო ცდებში, ხოლო შემდეგ ტოლი ობიექტებისადმი მიმსგავსების მიმართუილებით კრიტიკულ ცდებში. ეს ნიშნავს იმას, რომ განწყობის ფორმირების პროცესში (ანუ გარემოსთან „ადაპტაციის“ პროცესში) ინდივიდის მიერ სინამდვილის მოვლენათა შეფასების საფუძვლად გვევლინება ისეთი განწყობა, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსება ფსიქიკაში ასახულ აქტუალურად ზემოქმედ სტიმულაციას. ეს ყოველივე განწყობისეულ პროცესებში მონაწილე „მოდიფიკაციის ფაქტორს“ უნდა მიეწერებოდეს, რომელიც „ფიქსაციის ფაქტორთან“ ერთად განაპირობებს ხსენებულ პროცესთა ცნობილ მრავალფეროვნებას [4, 189- 192]. განწყობის ფიქსაციის აღწერილი პროცესი ფაქტობრივად წარმოადგენს ინდივიდის ადაპტაციის მოდელირებულ პროცესს, რომელშიც ადგილი აქვს მასზე არატოლი ობიექტების ზემოქმედების შედეგად „სუბიექტური ტოლობის“, როგორც შეფასების ათვლის წერტილის წანაცვლებას. ამ „სუბიექტური ტოლობის“ წანაცვლების შედეგად აღმოცენდება მიწოდებული ტოლი ობიექტების კონტრასტულად არატოლი შეფასება. იგივე შეიძლება ითქვას დამოკიდებულების, როგორც განწყობის მეორე გამოვლინების შესახებ. აქ სუბიექტური ტოლობის სანაცვლოდ ფიგურირებს ნეიტრალური შეფასება („სუბიექტური ნული“). ამ შემთხვევაში ადაპტაციის პროცესი განაპირობებს ინდივიდის ნეიტრალური შეფასების მიახლოებას (წანაცვლებას) რაიმე მოვლენის თავდაპირველ შეფასებასთან. ადაპტაცია განხორციელებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოხდება რაიმის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების შემუშავება (ანუ დამოკიდებულების „განულება“). ამ შემთხვევაშიც ერთი მიმართულებით ნეიტრალური შეფასების წანაცვლების შედეგად აღმოცენდება კონტრასტული შეფასება საპირისპირო მიმართულებით. „სუბიექტური ნული“ (ნეიტრალური შეფასება) წარმოადგენს ყველაზე უფრო კომფორტულ ზონას შეფასებისა და მოქმედების საწარმოებლად. სწორედ ამ ზონაში ხორციელდება განწყობისთვის დამახასიათებელი იმპულსური აქტივობები. მის ფარგლებს გარეთ აღმოცენდება აქტივობათა განხორციელებისთვის აუცილებელი მეტი ძალისხმევების გაღების საჭიროება. სავარაუდოდ ამის გამო ამჯობინებენ ადამიანები ადაპტაციის შედეგად მიღწეული ჩვეული სქემებით აქტივობას (შეფასებას და მოქმედებას). ძალთა ეკონომიით აქტივობა, ზოგადად, ცოცხალი ბუნებისთვისაა დამახასიათებელი და ვერც ადამიანი იქნება აქედან გამონაკლისი. განწყობისეულ შეფასებაში, რომელშიც ფიგურირებს ობიექტების ერთმანეთთან შედარების პროცედურა, უფრო მეტად არის გამოკვეთილი რაოდენობრივი ასპექტი. მას ყოველთვის მეტი ყურადღება ეთმობოდა განწყობის კლასიკურ კვლევებში, რომლებშიც უფრო ტიპიურად ითვლებოდა ობიექტის, ობიექტებს შორის არსებული მიმართების და მათთან დაკავშირებული პროცესების შეფასება ობიექტურ საზომ ერთეულებში. რაც შეეხება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 91 დამოკიდებულებას, მასში უფრო მეტად არის წარმოდგენილი ინდივიდის თვისებრივი მიმართება რაიმე მოვლენასთან. იგი უფრო ტიპიურია ადამიანების, ადამიანებს შორის ურთიერთობების და მათთან დაკავშირებული პროცესების მიმართ გარკვეული პოზიციის შემუშავების შემთხვევებში. განწყობა, როგორც სპეციფიკური ფსიქიკური მდგომარეობა, ინდივიდის გარკვეული მიმართების გამომხატველია: რაიმე ობიექტის, მოვლენისა თუ ადამინისადმი; ობიექტებსა და მოვლენებს შორის მიმართებებისადმი; ადამიანებისადმი, მათ შორის დამოკიდებულებებისადმი და ა.შ. ყველგან და ყოველთვის ადგილი აქვს ერთსა და იგივე მოვლენას - გარემოსთან შეგუების პროცესში მოვლენათა შეფასებისთვის და სათანადო მოქმედების განხორციელებისთვის ერთიანი მზაობის - განწყობის - შემუშავებას ან წარსულში შემუშავებული განწყობის აქტუალიზაციას და მის საფუძველზე ადეკვატური მოქმედების განხორციელებას. შეფასებითი აქტივობა ეტალონთან ობიექტის შედარების ოპერაციის საფუძველზე ხორციელდება და უფრო პროცესუალური ხასიათი გააჩნია. დამოკიდებულება, როგორც განწყობის მეორე გამოვლინება, განვითარებული პროცესების შედეგად მიღწეული ფსიქიკური მდგომარეობაა და, როგორც უკვე არსებული და ჩამოყალიბებული მოცემულომა, შედარების ოპერაციას აღარ საჭიროებს. როგორც არ არსებობს შეფასება შედარების ოპერაციის გარეშე, ისე არ არსებობს დამოკიდებულება შედარების ოპერაციის მონაწილეობით. ისინი ერთი მოვლენის ორი მხარეა და განსხვავებულ თვისობრიობებს წარმოადგენენ, როგორც ფორმა და შინაარსი. ამდენად, დამოკიდებულება ვერ იქნება შეფასებითი და პირიქით. განწყობის, როგორც ქცევის განმსაზღვრელის შესახებ მსჯელობისას მის შინაარსში უნდა იგულისხმებოდეს ან შეფასების მექანიზმი, ან დამოკიდებულება. სხვა შემთხვევებში წინააღმდეგობრივი მსჯელობის მიღება გარდაუვალია. თანამედროვე სინამდვილე და მასში მიმდინარე პროცესები უფრო მეტად საჭიროებენ ყურადღების გამახვილებას განწყობის უფრო მაღალი დონის ასპექტზე - დამოკიდებულებაზე. დამოკიდებულებებიდან მეცნიერთა ყურადღებას იპყრობს ისეთები, რომლებიც ფორმალური თვალსაზრისით სამი „მდგომარეობის“ სახით შეიძლება არსებობდეს: უარყოფითი, ნეიტრალური და დადებითი. დამოკიდებულების სიძლიერის სხვადასხვა ხარისხის უფრო დეტალიზებული შესწავლის შესაძლებლობას, როგორც ცნობილია, იძლევა სუბიექტური სკალირების მეთოდი. მისი მეშვეობით რაიმე მოვლენის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების შესწავლისას ვღებულობთ ფსიქიკაში უფრო ღრმად მიმდინარე პროცესების შესახებ საგულისხმო ინფორმაციას. ეს არ არის შესაძლებელი ობიექტების შეფასების შემთხვევებში, როდესაც ფიქსირებული განწყობის ეფექტების გაზომვა ხდება ობიექტური და ზუსტი საზომი ერთეულებით. ინდივიდში მიმდინარე პროცესების შესწავლა უფრო მეტი ადეკვატურობით არის შესაძლებელი სუბიექტური და არაზუსტი მეთოდების გამოყენების შემთხვევებში, ვიდრე ობიექტური და ზუსტი მეთოდების გამოყენების შემთხვევებში [2, 17-18]. დამოკიდებულება, როგორც პიროვნების განწყობის გამოვლინება, არაერთი ცნობილი მეცნიერის შესწავლის საგანი გახდა (ჰაიდერი, ოსგუდი და ტანენბაუმი, ფესტინგერი, ფიშბეინი, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 92 უილიამსი და სხვ.), რაც ადამიანის ქცევისთვის მის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. თუ მოვლენათა შეფასების ამოცანებში ადგილი აქვს ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებას შეფასებასა და მოქმედებას შორის, დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემთხვევებში აღინიშნება მასთან მოქმედების შესაბამისობა. ეს ანიჭებს მოვლენისადმი ინდივიდის დამოკიდებულებას მისი მოქმედების პრედიქტორის მნიშვნელობას. დამოკიდებულების ჩამოყალიბება არის იგივე განწყობის შემუშავების პროცესი, რომელიც, თავის მხრივ, ადაპტაციის პროცესის გამოხატულებაა. ალბათ ამის გამო ხდება ის, რომ დამოკიდებულების შეცვლა ითხოვს გარკვეულ დროის შუალედის გავლას, შეფასებათა ცვლილებას, რაც ინდივიდის მიერ მარტივ და ადვილ ამოცანად არ განიცდება. დამოკიდებულებისთვის, ისევე როგორც ფიქსირებული განწყობისთვის, დამახასიათებელია კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტები, რომლებიც იდივიდში აღმოცენდება რაიმე მოვლენის მიმართ სხვა ინდივიდის მიერ გამოვლენილი დამოკიდებულების შეფასებისას. რაიმე მოვლენის მიმართ ინდივიდის მიერ დამოკიდებულების შემუშავების პროცესი უნდა განიხილებოდეს ისევე, როგორც განწყობის ფიქსაციის პროცესი (განწყობის საფიქსაციო ეტაპის ანალოგი კლასიკურ ცდებში), ხოლო იგივე მოვლენის მიმართ სხვა ინდივიდის მიერ გამოვლენილი განსხვავებული დამოკიდებულების შეფასება პირველის მიერ უნდა ჩაითვალოს კრიტიკულ შეფასებად (განწყობის კრიტიკული შეფასების ეტაპის ანალოგი კლასიკურ ცდებში). ამ შემთხვევაში ინდივიდისთვის სხვისი ნეიტრალური დამოკიდებულების ჩვენება იქნება ზუსტი ანალოგი ფიქსირებული განწყობის კრიტიკულ ცდებში ტოლი ობიექტების მიწოდების. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 93 კერძოდ, თუ ერთი და იგივე მოვლენის მიმართ A ინდივიდს გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება და B ინდივიდი მის მიმართ ამჟღავნებს ნეიტრალურ დამოკიდებულებას, მაშინ A ინდივიდის მიერ B ინდივიდის ნეიტრალური დამოკიდებულება შეფასედება დადებით დამოკიდებულებად, რაც ამ შემთხვევისთვის კონტრასტულ შეფასებას წარმოადგენს (იხ. ნახატი N1). იგივე სურათი გვეძლევა საპირისპირო შემთხვევაშიც, როდესაც რაიმე მოვლენის მიმართ დადებითი დამოკიდებულების არსებობისას სხვის მიერ იგივე მოვლენის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების ჩვენებისას ინდივიდში აღმოცენდება კონტრასტულად ნეგატიური შეფასება. ამრიგად, განწყობისეული პროცესების კლასიკური ლოგიკა დამოკიდებულებათა შემუშავებისა და მათი შეფასების შემთხვევებშიც შენარჩუნებულად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ მიერ საუბრის მეთოდით ჩატარებულმა კვლევებმა 80 ცდისპირზე აჩვენა ის, რომ უკლებლივ ყველა მათგანი უარყოფითად შეფასებული მოვლენის მიმართ გამოხატულ ნეიტრალურ დამოკიდებულებას აღიქვამს დადებით დამოკიდებულებად. ამით დასტურდება ზემოთ წარმოდგენილ და თვალსაჩინოდ აღწერილ მოსაზრებათა მართებულობა. როგორც ნათლად ჩანს N1 ნახატიდან, ამ მოსაზრებათა მხოლოდ ვიზუალიზირებაც კი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ თავისთავად ცხადად ჩაითვალოს ინდივიდის დამოკიდებულებასთან (განწყობის მნიშვნელოვან ფორმასთან) დაკავშირებული პროცესების ახსნის წარმოდგენილი ვარიანტის ადეკვატურობა, სისწორე და არაწინააღმდეგობრივი ხასიათი. ზემოხსენებული განწყობისეული მოვლენების ახსნის ერთგვარი მსგავსება სხვა კონცეპციებში ამ მოვლენების ასახსნელად წარმოდგენილ მოსაზრებებთან შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ განწყობის თეორიის მრავლისმომცველობისა და მეტი ადეკვატურობის სასარგელოდ, რომელსაც პოზიციებს უმყარებს ობიექტურად დადასტურებული ფუნდამენტური ფსიქოლოგიური კანონები. ლიტერატურა 1. ნადირაშვილი შოთა. განწყობის ფორმირება და სენსომოტორული აქტივობა. - წიგნ.: ექსპერიმენტული კვლევები განწყობის ფსიქოლოგიაში. თბილისი, 1971, გვ. 90-98. 2. გოროშიძე გიორგი. განწყობის ინტეგრაციული ბუნება. ვლ. ნორაკიძის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი 1999, გვ. 17-18. 3. Горошидзе Г. Установочная модификация в приспособительной активности человека. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიიის სერია, 1981, N 1, გვ. 87-96. 4. Горошидзе Г. Об отражении фактора модификации в проявлении фиксированной установки. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 101, N 1, 1981, გვ. 189-192. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 94 გიორგი გოროშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. განწყობისეული ადაპტაცია შეფასებისა და დამოკიდებულების ფორმირებაში განწყობა, ადაპტაცია, შეფასება, დამოკიდებულება რეზიუმე სტატიაში ნაჩვენებია განწყობა, როგორც შეფასებისა და მოქმედების განხორციელების ფუნდამეტური მექანიზმი და ახსნილია მისი ადაპტაციური ბუნება. საუბარია დამოკიდებულების, როგორც მაღალი დონის განწყობისეული მდგომარეობის, დიდ მნიშვნელობაზე. ადაპტაცია გააზრებულია როგორც ინდივიდის დამოკიდებულების ნეიტრალურამდე მიყვანის პროცესი. ფიქსირებული განწყობის კლასიკურ ცდებთან ანალოგიის გამოყენებით ახსნილია ადაპტაციის მეშვეობით ნეიტრალური დამოკიდებულების წანაცვლებით კონტრასტული შეფასების წარმოშობის მექანიზმი. დადასტურებულია, რომ თუ ერთი ინდივიდი უარყოფითად შეფასებული მოვლენის მიმართ ამჟღავნებს ნეიტრალურ დამოკიდებულებას, მაშინ მეორე ინდივიდისთვის იგი ფასდება როგორც კონტრასტულად დადებითი დამოკიდებულება და პირიქით. George Goroshidze – Ivane Javachishvili Tbiliosi State Univrsity, Doctor of Psychology, Associate Professor. Set Adaptation in The Formation of Estimation and Attitude set, adaptation, estimation, attitude Summary This article describes the attitude as a fundamental mechanism for estimation and action. Describes its adaptive nature. Postulated that attitude is individual’s high-level psychological state. Adaptation is understood as the process of bringing the individual’s attitude to the neutral value. By analogy with the classical experiments of the fixed set, explains the mechanism of how the adaptation, shifting the neutral ratio, generates a contrasting estimation. It is argued that if one individual shows the neutral attitude to the negative phenomenon, then by the second individual it estimated as positive and vice versa. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 95 Георгий Горошидзе – Тбилисский государственный университет имени Иване Джавахиш-вили, доктор психологии, ассоциированый профессор. Установочная адаптация в формировании оценки и отношения установка, адаптация, оценка, отношение Резюме В статье описывается установка, как фундаментальный механизм осуществления оценки и действия и объясняется ее адаптационная природа. Говорится о большом значении отношения как об установочном состоянии высокого уровня. Адаптация понимается как процесс приведения отношения индивида к неитральному значению. По аналогии с опытами фиксированной установки, объясняется механизм того, как адаптация, смещая неитральное отношение, порождает контрастную оценку, Утверждается, что если один индивид проявляет неитральное отношение к отрицательному явлению, то тогда вторым индивидом это оценивается положительно и наоборот.