Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 53 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.07 პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის პირადი წერილების ენობრივი თავისებურებები მზია გიგაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომში შესწავლილია XIX საუკუნის ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა პირველი თაობის წარმომადგენლების - პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის - ეპისტოლური მემკვიდრეობის ძირითადი ენობრივი თავისებურებები. კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს პირადი წერილების, როგორც დოკუმენტური ჟანრის ტექსტების, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენის ისტორიისათვის მათი სპეციფიკის გათვალისწინებით - წერის არაოფიციალური სტილი, სიჭარბე ცოცხალი სასაუბრო მეტყველებისათვის დამახასიათებელი ფორმებისა, რაც სალიტერატურო ენის ფორმებთან შედარების საუკეთესო საშუალებას იძლევა სამომავლო კვლევებისთვის. საანალიზოდ აღებულია პლატონ იოსელინის 48 და დიმიტრი ბაქრაძის 36 წერილი. წერილთა შესწავლამ გამოავლინა, რომ პლატონ იოსელიანის ეპისტოლეთა ენა მძიმე და “ღვლარჭნილია”, ხშირად ხელოვნური, სტილი - ოფიციალური. აშკარად შეინიშნება ანტონ კათალიკოსის ენობრივი გავლენა. ცხადია, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს წერილების ადრესატთა ვინაობა, ერთი მხრივ, და წერილების მიზანი და დანიშნულება, მეორე მხრივ: ბარათების უმრავლესობა აკადემიკოს მარი ბროსესადმია გაგზავნილი. ისინი სამეცნიერო ხასიათისაა და ემსახურება ცნობების მიწოდებას პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიისათვის ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პლატონ იოსელიანისთვის, ზოგადად, წერის ასეთი სტილი იყო დამახასიათებელი. ამდენად, პლატონ იოსელიანი ენობრივად უფრო ძველ თაობას ეკუთვნის, ხოლო დიმიტრი ბაქრაძე - ახალს, თუმცა გამოვლინდება პირველ ავტორთან ახალი და მეორე ავტორთან ძველი ენობრივი მოდელებიც. საკვანძო სიტყვები: პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, ეპისტოლური მემკვიდრეობა, პირადი წერილები. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 54 პლატონ იოსელიანი და დიმიტრი ბაქრაძე XIX საუკუნის ქართველ მეცნიერ- ისტორიკოსთა პირველ თაობას მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა ორ ათეულ წელსაც არ ითვლის, მათი წერილების ენა თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მათი კითხვისას გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწეობდნენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ენობრივ მონაცემზე მეტყველებდნენ. პლატონ იოსელიანის ჩვენამდე მოღწეული წერილები დაწერილია 1838-1870 წლებს შორის პერიოდში. მათი ადრესატი უმრავლეს შემთხვევაში მარი ბროსეა (44 წერილი). მცირე რაოდენობით არის აგრეთვე რაფიელ ერისთავის (2), გრიგოლ ორბელიანის (3), მიხეილ თუმანიშვილისა (1) და უცნობი პირისადმი (1) გაგზავნილი წერილები. 48 წერილი ქართულია, ორი დაწერილია რუსულ (რაფიელ ერისთავისადმი და უცნობი ადრესატისადმი) და ერთიც ფრანგულ ენაზე (მარი ბროსესადმი) (გიგაშვილი, 2019: 6-7). დიმიტრი ბაქრაძის შემორჩენილი წერილების ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს 1850- 1889 წლებს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილის (33 ერთეულის) ადრესატი ავტორის მეუღლე ანეტა მამაცაშვილი-ბაქრაძისაა. ბარათების ნაწილი გაგზავნილია საზოგადო მოღვაწეებისა თუ ოფიციალური პირებისადმი სამსახურებრივ და საზოგადოებრივ საქმეებთან დაკავშირებით: მარი ბროსესადმი (4), მიხეილ თუმანიშვილისადმი (3), ალექსანდრე გროსმანისადმი (3), ნიკოლოზ გრებენშჩიკოვისადმი (3), ლავრენტი ბროსესადმი (2), ალექსანდრე ოქროპირიძისადმი (2), თედო ჟორდანიასადამი (2), უცნობი ადრესატისადმი (2), საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიისადმი (2), რუსული გენერალური საკონსულოსადმი (1), ილია ჭავჭავაძისადმი (1), ალექსი ილინსკისადმი (1), ალექსანდრე ცაგარელისადმი (1), ვასილი ხიტროვოსადმი (1), ვსევოლოდ მილერისადმი (1), ევგენი პრესნიაკოვისადმი (1), ვლადიმერ როგესადმი (1), ალექსანდრე ოგოლინისადმი (1), იაკობ გოგებაშვილისადმი (1), ეკატერინესადმი (1), რომლის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა (გიგაშვილი, 2019: 68). ერთი წერილი დაწერილია ფრანგულად (მეუღლისადმი), 30 - რუსულად, დანარჩენი კი (36) - ქართულად. პლატონ იოსელიანის ეპისტოლეთა ენა მძიმე და “ღვლარჭნილია”, ხშირად ხელოვნური, სტილი - ოფიციალური. აშკარად შეინიშნება ანტონ კათალიკოსის ენობრივი გავლენა. ცხადია, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს წერილების ადრესატთა ვინაობა, ერთი მხრივ, და წერილების მიზანი და დანიშნულება, მეორე მხრივ: ბარათების უმრავლესობა აკადემიკოს მარი ბროსესადმია გაგზავნილი. ისინი სამეცნიერო ხასიათისაა და ემსახურება ცნობების მიწოდებას პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიისათვის ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, პლატონ იოსელიანისთვის, ზოგადად, წერის ასეთი სტილი იყო დამახასიათებელი. ზაქარია ჭიჭინაძე ნარკვევში “პლატონ იოსელიანი” წერს, რომ ენის გამო მას თანამედროვენი ხშირად საყვედურობდნენ. მკვლევარი დიდ მოვლენად აფასებს 1841 წელს პლატონ იოსელიანის მიერ ქართული გრამატიკის გამოცემას, მაგრამ იქვე შენიშნავს: “ამ გრამატიკას ის უბედურება დაჰყვა თან, რომ იოსელიანისებური ჯვარცმული ენით იქმნა შედგენილი... იმ უბრალო ჭეშმარიტებამდეც ვერ მივიდა, რომ მაშინ საეკლესიო გრამატიკა კი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 55 არ იყო საჭირო, არამედ ახალის რიგიანის ენით დაწერილი, იმ ენით და იმ ენის კილოთი, როგორც ხალხი ლაპარაკობდა. ამას კი ეს არ სურდა, ძველის აღორძინება უნდოდა, ეგონა ქართული ენა ამით გაბრწყინდებაო” (ჭიჭინაძე, 1893: 10). ამ მიზეზით ხსნის იგი გრამატიკის მხოლოდ ორჯერ გამოცემისა და მისი გაყიდვის გართულების ფაქტს. “1841 წელს მან დაბეჭდა ქართული კალენდარი, მაგრამ იმავე ენით დაწერილი, რის გამოც გაჭირდა მისი გაყიდვა. მას ხალხი საყვედურობდა და ამუნათებდა, რომ თავი დაანებე ძველი ენით წერას, ის კი ყველას ბრიყვებს ეძახდა და თან ლათინურ და ბერძნულ ფრაზებსაც აყრიდა”, - წერს ზ. ჭიჭინაძე (1893: 11-12). წერილებში იგრძნობა ავტორის განსაკუთრებული მცდელობა, მაქსიმალურად დაიცვას ძველი ქართული ენის გრამატიკული ნორმები, დაწყებული ორთოგრაფიით და დამთავრებული სინტაქსური კონსტრუქციებითა და ლექსიკით. მხოლოდ ტექსტებში მიმობნეული რუსიციზმები შეგვახსენებს, რომ მე-19 საუკუნის ავტორთან გვაქვს საქმე და არა გარდასულ საუკუნეთა მოღვაწესთან. ამის საპირისპიროდ, დიმიტრი ბაქრაძის წერილები ეპისტოლური ჟანრისთვის დამახასიათებელი ენით არის დაწერილი: აგებულია ცოცხალ სასაუბრო მეტყველებაზე, წინადადებები მარტივი და ნათელია. აქ არ გვხვდება ძველი ქართული ენის რთული სინტაქსური მოდელები, არც ძველი ორთოგრაფიისა და მორფოლოგიის გავლენა შეინიშნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამიტომაც არის, რომ ისინი მსუბუქად და ლაღად, თითქმის თანამედროვე ტექსტებივით იკითხება. პლატონ იოსელიანის წერილებში აქტიურად გამოიყენება ძველი ქართული სალიტერატურო ენისთვის დამახასიათებელი გრაფემები: ჱ, ჲ, ჳ, უ, ჴ. “ჱ” დაწერილობა, ძირითადად, “უჱ” ბგერათკომპლექსში შეინიშნება, რაც სალიტერატურო ენაში X ს-იდან იჩენს თავს. მაგალითები: “ქართუჱლთა”, “საჩუჱნებელად”, “ჩუჱნისა” და სხვა მრავალი. “ჲ” ნახევარხმოვანი ხმოვნის მომდევნო პოზიციაშია გამოყენებული: “საქართუჱლოჲსა”; “საზოგადოჲსა”; “რაჲმეჲსა.” არ გვხვდება ე.წ. იოტამეტობის ნიმუშები. “თჳს” თანდებული თუ კუთვნილებითი ნაცვალსახელი “თჳსი” თითქმის ყოველთვის “ჳ” გრაფემას შეიცავს: “აღდგენისათჳს”; “თჳსისა.” ხშირად ის “ვი” ბგერათმიმდევრობასაც გადმოსცემს, მაგ., “ადჳლი,” რაც მისი ხმარების წესებში ავტორის გაურკვევლობით აიხსნება. უმარცვლო “უ” ზოგჯერ თემის ნიშნისეულ -ვ თანხმოვანს ცვლის: გადახატუა; განხილუა. ამ გრაფიკულ ნიშანს დიმიტრი ბაქრაძეც მიმართავს: “თქუენდამი პატივისცემითა”; “თქუენის ბრწყინვალების.” “ჴელ” ძირის შემცველი სიტყვები უმთავრესად “ჴ” გრაფემას გვიჩვენებს: “ჴელ-ვჰყავ მეცა აღწერად”; “მოწყალეო ჴელმწიფევ!” “ჴ” გვაქვს “ს” და “შ” თანხმოვნების წინა პოზიციაშიც, რაც ასევე ძველი ქართულისთვის იყო ნიშანდობლივი: “მომიჴსენებია”; “მოჴსენებულ-იყუნენმცა”; “ჴშირად”, თუმცა ხანის ადგილასაც იჩენს თავს: “ჴარჯით”; “ჴმაურობს”, რაც ე.წ. შებრუნებული დაწერილობის ნიშანია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 56 ზოგიერთი სიტყვა პლატონ იოსელიანთან ძველი ორთოგრაფიითაა წარმოდგენილი. ასეთია, მაგ., “ეკლესია”, რომელიც ყველა ხმარებულ შემთხვევაში ორ “კ”-ს შეიცავს: “ეკკლესიათა და მონასტერთა გუჯარნი”; “ზედა-წარწერა სიონის ტფილისში ეკკლესიისა.” ასევე “თვე” მოცემულია ორი “თ”-თი: “წამოვიდა მანდეთ 24ს ამ თთუჱს”; “ექუსს თთუჱზედ აღკრძალეს”; “გამოვისტუმრე ერთი თთუჱ იქმნება.” ანლაუტში არსებითი სახელი “აზრი” “ჰ” თანხმოვანს დაირთავს: “ესე აქუნდეს ჩემის ჰაზრით საქართველოს უკეთესია” (პ. ი.); “განცხადებულთა ჰაზრთა” (იქვე); “ასიგნაცია”, “დისერტაცია” - ორ “ს”-ს: “კმა იყოს 300 ასსიგნაცია”; “დისსერტაცია თჳსი დოკტორობაზედ (დაბეჭდილი) გამომიგზავნოს”; “ლიტერატურა” - ორ “ლ”-ს: “რ˜ა იწოდებოდენ ნაყოფად ქართუჱლთა ლიტტერატურისა”; “ღირსება ლიტტერატურისა”; “ნაყოფთა ლიტტერატურისათა” (ყველა პ. ი.). რუსული ორთოგრაფიის გავლენით უნდა აიხსნას ისეთი დაწერილობები, როგორიცაა: ტეკსტი, ბულლეტენი, რედაკცია, ტრაკტატი, ბიბლიოტეკა, დოკტორობა, ეკზემპლარი. ეს უკანასკნელი შეგვხვდა “ექზემპლარი” ვარიანტითაც. ასეთი ფორმები იშვიათად დიმიტრი ბაქრაძის წერილებშიც დაჩნდება: “კორრეკტორი.” არსებითი სახელი “ვერცხლი” მოცემულია ძველი ფორმით: “რ˜ლთა შ˜ს იპოებიან რუსუდანისა ორი: ვეცჴლისა და სპილენძისა” (პ. ი). დიმიტრი ბაქრაძე “გუშინწინ” ზნიზედას “გუშისწინ” სახით წარმოადგენს: “კონდაკოვი გუშისწინ წავიდა ბათუმს”; “გუშისწინ ცუდი დღე იყო.” მე-19 საუკუნის ტექსტებში “გ” თანხმოვანს ხშირად “ღ” თანხმოვანი ცვლის, მაგ., “კატალოღსა შ˜ა წიგნთასა”; “დიმიტრის ბაგრატიონთა ღენერალთა”; “ღენერალს იოსელიანს”; “ღუბერნატორმა მითხრა ადრევე”; “პეტრებურღსა ყოფნაში ვიყავ” (ყველა პ. ი.); “კატალოღი”, “ღენერალი”, “ღუბერნია” (ყველა დ. ბ.); და სხვა მრავალი. ამავე პერიოდის ძეგლებს ახასიათებთ სიჭრელე კომპოზიტების, შედგენილი შემასმენლების, ნაწილაკდართული, წინდებულიანი თუ თანდებულიანი სახელების დაწერილობებში. აქ რთულია ვიმსჯელოთ რაიმე კანონზომიერებაზე, ან ავტორის ორთოგრაფიულ გემოვნებაზე. ერთი და იგივე სიტყვა შეიძლება სხვადასხვა დაწერილობით იყოს მოცემული ერთსა და იმავე წერილში, ზოგჯერ ერთ აბზაცშიც კი. მაგ., “მეფის-ძეს თეიმურაზს”; “მეფისძეს ბაგრატს.” შედგენილი შემასმენლის ნაწილები შეიძლება შერწყმულიც იყოს და შეურწყმელიც: “აქ წიგნის შეკურა ძჳრიარის”; “წიგნი ესე სავსე არის ძილის-პირებითა” (ყველა პ. ი.). თანდებულები პლატონ იოსელიანის ტექსტებში ხშირად ფუძესთან შეურწყმელი და დაქარაგმებულია: “ზ˜ა” (ზედა), “შ˜ა” (შორის). ქარაგმდება ასევე ზმნიზედები: “კ˜დ” (კუალად), “ს˜დ” (სრულიად) და ა. შ. ფონეტიკური მოვლენებიდან აღსანიშნავია: ბგერის დაკარგვა: იკარგება “ვ” თანხმოვანი ორ ხმოვანს შორის პოზიციაში: “მამათა ცხოვრება საქართველოში ერთი იპოება”; “საულ-დავითიანი ერთი იპოება თელავის ქალაქში”; “უძველეს წერილისა ამის არა იპოებოდეს ჩუჱნ შ˜ის” შდრ.: “მათ შინა შერეულნი იპოვებიან მრავალნი”; “რ˜ლნიცა დღედმდე იპოვებიან” (ყველა პ. ი.). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 57 I სუბიექტური პირის ნიშანი -ვ იკარგება ლაბიალური ბგერების წინ, მსგავსად ძველი ქართულისა: “ამას ჩემსა რუსულსა ზ˜ა ენასა წარმოუდგენ აკადემიასა” (პ. ი.); “ღუბერნატორმა მითხრა ადრევე, მე გაუგზავნიო” (იქვე). გვაქვს პირის ნიშნის შენარჩუნების ნიმუშებიც: “მღვიძარე ვარ რომ ვუშოვნო აკადემიას” (იქვე). პირის ნიშნის დაკარგვის მაგალითი ანალოგიურ პოზიციაში დიმიტრი ბაქრაძესთანაც დადასტურდა: “პირდაპირ ვერ უძღვენ ჩემი ნება-კურთხევა”; “მაშოს მიულოცავ.” გვაქვს საპირისპირო მოვლენაც, როდესაც “ვ” თანხმოვანი განვითარებულია: “იწერებოდით რომ არა უწყივო”; “ვეცდები ეს საქმე დავაბოლოვო”; “ბევრი სამუშავო” (ყველა პ. ი.). აქვე აღვნიშნავთ, რომ “ვ” შენარჩუნებულია ფუძედრეკადი ზმნის წყვეტილში: “აღმოირჩივეს ჩლენად კორრესპონდენტად” (იქვე). დიმიტრი ბაქრაძესთან “ვ” თანხმოვანი დაცულია “ო” ხმოვნის წინ ისეთ შემთხვევაში, სადაც, ზოგადად, იკარგება: “მანდ უნდა კარგათ ცივოდეს.” იკარგება “რ” თანხმოვანი “ბრძ” ბგერათკომპლექსში ორივე ავტორთან მაგრამ არა ყოველთვის: “დიდად დაჰშთა მადლობელი და მიბძანა” (პ. ი.); “პასუხი გვიბძანოთ” (იქვე); “კარგი იქნება უბძანოთ” (დ. ბ.); შდრ.: “ბრძანება პეტრებურღისა სინოდიდამ” (პ. ი.); “მიბრძანა მოკითხუა მოგაჴსენოთ” (იქვე). დიმიტრი ბაქრაძის წერილებში გამარტივებულია “მრთ” ბგერათმიმდევრობაც: “სიმთელის მოსურნე.” ბგერის განვითარება: გარდა “ვ” თანხმოვნისა, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ვითარდება “მ” თანხმოვანი ანლაუტში: “მეორე ეკზემპლარი გავუგზავნე მჰსწრაფლვე”; “გარდაიხატონ იგინი მჰსწრაფლვე”; “ჩემგან მჰსწრაფლ-ნაშრომისა”; “მჰსწრაფლ დაიძახა გამხადეთ ტანისამოსი” მოცემულ მაგალითებში ჰ თანხმოვანიც ზედმეტია, რაზეც ქვემოთ გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევებში მიზეზად ანალოგიის მოვლენას ვვარაუდობთ: პლატონ იოსელიანი პირის ნიშანთა უფუნქციოდ და ჭარბი ხმარების გამო ხშირად იღებს სხვადასხვა პრეფიქსთა კომბინაციას, მათ შორის, მჰ-საც, რომელსაც შეიძლება მოსდევდეს “ს” თანხმოვანი და მივიღოთ “მჰს” ბგერათმიმდევრობა. ამისი მაგალითები ქვემოთ, სათანადო ადგილას, გვაქვს დამოწმებული და ამიტომ აქ აღარ წარმოვადგენთ. დიმიტრი ბაქრაძის წერილებში ანლაუტში “მ” პრეფიქსი ვითარდება “სწავლულთან”: “ყოველთვის მოდიან ჩემთან აქაური მსწავლულები.” ასიმილაცია: ცდ - ცთ: “შევჰსცთი, რომ მასთან დავიწყე მიწერა”; “შეცთომით ვჰსთქჳ”; “უცთომელსა და წმინდისა სვინიდისისა სიტყუასა” (ყველა პ. ი.). სჯ - შჯ: “თქუჱნ მოგივიდესთ გასაშინჯავათ” (იქვე); “გამოვედი ქალაქის გასაშინჯათ” (დ. ბ.); “გაშინჯე” (იქვე); “მოიკითხე და გაშინჯე” (იქვე); შდრ: “გასინჯეთ თქუჱნ” (პ. ი). მე-19 საუკუნის ტექსტებში არსებითი სახელი “ხელსახოცი” ხშირად “ს”-ს ნაცვლად “ც”-ს გვიჩვენებს, რაც რეგრესული ასიმილაციის შედეგია: ერთი მაგალითი დადასტურდა დიმიტრი ბაქრაძის წერილებში: “ხელცახოცი, რომელიც აქ ერთმა ლამაზმა კნეინამ მიფეშქაშა.” დისიმილაცია: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 58 “რჩ” კომპლექსს ზურაბ სარჯველაძე “შთ” კომპლექსისგან მიღებულად თვლის: შთ>შჩ>რჩ (პირველ საფეხურზე ასიმილაციას ვარაუდობს, მეორე საფეხურზე - დისიმილაციას) (სარჯველაძე, 1984: 315). “შთ” კომპლექსის წარმოდგენა “რჩ”-ს ნაცვლად ორივე ავტორს ახასიათებს: “დაგვშთების ამისთჳს შემდეგ სინანული” (პ. ი.); “დავშთები შენი ერთგული” (დ. ბ.); “დავშთები თქუენის ბრწყინვალების მორჩილი მოსამსახურე” (იქვე), და სხვ. კუმშვა: -ელ მაწარმოებლიანი მომავალი დროის ვნებითი გვარის მიმღეობები პლატონ იოსელიანთან უკუმშველად არის მოცემული, მსგავსად ძველი ქართულისა: “ამისა დასამტკიცებელად იხილეთ ისტორია”; “ძიება არა დაჰშთების წარუმატებელად”; “ესრეთ მარადის დაიდებიან საწამებელად”; გვაქვს აგრეთვე “საჩუჱნებელად”; “დასაპატიჟებელად”; “გარდასაცემელად” და სხვ. იშვიათად სხვა კუმშვადი ფუძეებიც ინარჩუნებს მდგრადობას: “ვერცა შური და მტერობა”; “კალენდარები გამოვისტუმრე”; “ვეფხჳსტყაოსანისა დაბეჭდუა” (ყველა პ. ი.); “იულიანეს მიულოცეთ ჩემ მაგიერ ჯვარის წერა” (დ. ბ.); “ყველა სულთანები თავიანთის ტანსაცმელებით” (იქვე). -ავ თემისნიშნიანი მოქმედებითი გვარის ზმნები აწმყოს III პირის მრავლობით რიცხვში ზოგჯერ ორივე ავტორთან რედუცირებული ფუძით არის წარმოდგენილი: “ინახვენ მათ არა მღუდელნი, ა˜დ უმეცარნი” (პ. ი.); “ყველანი გლოცვენ” (დ. ბ.). კვეცა: იშვიათად უკვეცელი ფორმით არის მოცემული -ე ხმოვანზე დაბოლოებული ფუძე, რაც ხელოვნურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგ., “მსუროდა აღწერა რაჲმეჲსა საჩუჱნებელად“ (პ. ი.). ავტორთა სამოღვაწეო პერიოდის ძეგლთა ენისთვის დამახასიათებელია საწყისის -ა მაწარმოებლის შენარჩუნება “ებ”- იან მრავლობითში, რისი ნიმუშები პლატონ იოსელიანთანაც გვხვდება: “დიდად იამა მოხატულებაებიცა”; “ვიწყე ბეჭდუა კალენდრისა დამატებაებით”; “ვაჭრობაებში შევიდა.” მჟღერი თანხმოვნის დაყრუება აუსლაუტში: აუსლაუტში მჟღერი თანხმოვნის დაყრუების მაგალითები ორივე ავტორთან შეინიშნება: “იმ დროს იყო შეუძლოთ” (პ. ი.); “უთუოთ გამოვგზავნი” (იქვე); “იქნება მასალათ გამოგადგეთ” (დ. ბ.). თუმცა იძებნება -დ თანხმოვნის შენარჩუნების ნიმუშებიც: “უგუჯრებოდ ისტორიისა ქმნა და კრიტიკისა პოვნა ს˜დ შეუძლებელია” (პ. ი). მორფოლოგიის საკითხები: პლატონ იოსელიანის წერილებში, ძირითადად, დაცულია მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მან: “განვლო დუმილმან საუკუნეთა”; “ბილეთი დამიგვიანა ცენზურამან”; “ესე ქმნა ერთმა ჩემმა თანა-მსახურმან.” ავტორი აქტიურად იყენებს სახელთა მრავლობითი რიცხვის ძველ წარმოებას: “გონებათა განიღვიძეს”; “ადგილნი არიან გასასწორებელნი”; “წერილნი თქუჱნნი მივიღე”. “თ” სუფიქსის ორმაგი ფუნქციის გამო, სიტყვა შეიძლება მრავლობითის ორმაგ სუფიქსს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 59 დაირთავდეს (-ებ+-თ), რაც მორფოლოგიური ომონიმიის დაძლევის მცდელობითიაა გამოწვეული: “ანუ აქუსთ ეკკლესიებათა შ˜ა” (პ. ი.). მსაზღვრელ-საზღვრულის წყობა პლატონ იოსელიანთან უმთავრესად ძველი ქართულისებურია (შეთანხმების ძველი სინტაქსური წესების დაცვით): “დუმილმან საუკუნეთა”; “მწერლობასა თჳსსა”; “სიტყუათა ამათ.” დიმიტრი ბაქრაძე კი პირდაპირ წყობას ირჩევს: “პირველს წიგნში”; “ქართულს ენაზე და იმისს შტოებზე”; “თქვენის პროგრამმის.” იგოვე ავტორი იყენებს რიცხვითი სახელი “რამდენიმე”-ს ძველ ფორმას: “რავდენსამე ჰაზრებში არა ვარ თქუჱნთან თან[ა]ხმა”; “რავდენნიმე არიან შეცთომანი”; “მომივიდა აკადემიიდამ რავდენნიმე ფურცელნი.” შდრ.: “რამდენნიმე ნომერნი.” პლატონ იოსელიანი ჩვენებითი და III პირის ნაცვალსახელების სრულ, მოუკვეცელ ფორმებს ხმარობს როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ბრუნვებში: “თუ ესე მე მომენდობა”; “ამა მიზეზისათჳს”; “ამა რიცხუთაგან.” სრული ფორმა მაშინაცაა შენარჩუნებული, როდესაც მომდევნო სიტყვა ხმოვნით იწყება: “ესე უკანასკნელი რუსულს ენაზედ მქონდა”; “მე და ისი ერთად ვიყავით.” სამჯერაა ნახმარი განუსაზღვრელი ნაცვლსახელი “ვიეთნიმე“: “ამისთჳს ვიეთნიმე ადგილნი არიან გასასწორებელნი”; “ვიეთნიმე მხატურობათა მათგანი არიან ძუჱლნი, და ვიეთნიმე ეკუთვნიან დროსა” (ყველა პ. ი.). დიმიტრი ბაქრაძე ხშირად მიმართავს -შიდ თანდებულს: “სურამის ხეობაშიდ”; “დავრჩი ქუთაისშიდ”; “ხვალ მივდივარ თავის თანამდებობაშიდ ლეჩხუმის უეზდშიდ.” -და თანდებულს პლატონ იოსელიანთან -თვის თანდებულის მნიშვნელობა აქვს: “მისდა მოწერილი”; “თუ თქუჱნდა სიმძიმე იყოს”; “პოემანი უბოძეთ ვისდაცა გენებოსთ!” მოქმედებით ბრუნვაში ამავე ავტორთან ხშირად -გან თანდებულია დაცული, რომლის წინაც ბრუნვის ნიშნის თანხმოვნითი ელემენტი -თ ხან ასიმილირებულია, ხანაც უცვლელი სახით არის შენარჩუნებული: “ახალციხეს ივლისის პირველიდგან გაჩნდა ჭირი”; “ამა ჟამიდგან”; “გარდამოვიღე რუსულითგან.” ამავე ბრუნვაში ორივე ავტორთან -დამ თანდებულიც დასტურდება: “მოუვა თჳთ კანტორასა ბრძანება პეტრებურღისა სინოდიდამ” (პ. ი.); “და აწ განსრული მოთმინებიდამ გთხოვთ” (იქვე); “მე ქვეშაგებიდამ ავდეგ” (დ. ბ.); “გზიდამ კიდევაც მოგწერ” (იქვე); “მოცალება არა მქონდა, რომ წიგნი მომეწერა საიდამმე” (იქვე). როგორც ვხედავთ, უკანასკნელ მაგალითში -დამ გამოყენებულია -მე ნაწილაკის წინ, რაც ქართულისთვის არასასურველ ფონეტიკულ გარემოს ქმნის. ვითარებით ბრუნვას -მდე თანდებულის პარალელურად -მდინ // -მდისინ თანდებულებიც დაერთვის: “ვჰგონებ ამა წერილისა მოსულამდინ მიიღოთ კიდეც ფოჩტით” (პ. ი.); “მიიღებდით აქამდისინ” (იქვე); “აქამდისინ კიდევ არ მომსულია წიგნები” (იქვე); “აქამდისინ ვერავის ვერა მივწერე რა” (დ. ბ.). პლატონ იოსელიანი -მდე თანდებულის წინ ინარჩუნებს ვითარებითი ბრუნვის ნიშნის “დ” თანხმოვნით ელემენტს: “კანტორაში აქ ვიდრე 4000 დმდე”; “დროდმდე იყოს ესე დაფარულ”; “ივნისისა თთუჱდმდე.” დიმიტრი ბაქრაძე გამოსამშვიდობებელ “ნახვამდის” ფორმას “ნახვამდე” სახით იყენებს: “ყმაწვილებს დავკოცნი. მე კარგათა ვარ. ნახვამდე”; “კარგათ იყავით ყველანი. მალე ნახვამდე შენი დ. ბაქრაძე”; “ნახვამდე. ყველანი დამიკოცნე და მომიკითხე” აქა-იქ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 60 გამოვლინდება ზმნიზედები წინდებულის მნიშვნელობით: “წინაშე ჴელმწიფე იმპერატორისა” (პ.ი.); “წინარე ამისა” (იქვე); შდრ.: “კონსტ[ანტინო]პ[ო]ლის წინაშე” (დ. ბ.). პლატონ იოსელიანის წერილებში ხშირად გვხვდება ნაწევარი სხვადასხვა ბრუნვის ფორმასთან: “კანტორა ესე”; “მხოლოდ წიგნი ესე იყო იგივე”; “მაშინ უთუოთ ჰსრულ-ვჰყოფთ ჰაზრსა ამას.” პირის ნიშანთა ხმარების თვალსაზრისით, პლატონ იოსელიანთან მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი სურათი გვაქვს. ამ პერიოდის ტექსტები პირის ნიშანთა ჭარბი ხმარებით გამოირჩევა, მიუხედავად პირთა რაოდენობისა და გარკვეულწილად ფონეტიკური პირობებისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე პრეფიქსული პირის ნიშნის თავმოყრის შემთხვევები. ამ მხრივ გამოირჩევა -ჰს პირის ნიშანთა მიმდევრობა. ეს კომპლექსი ჩნდება როგორც ერთპირიან, ისე ორპირიან და სამპირიან ზმნებში. შესაბამისად, რთულია რომელიმე კონკრეტულ პირთან მისი დაკავშირება. მაგალითად, წინადადებაში - “ალექსანდრემ მიჩუჱნა სადაცა ჰსწერია” - ორივე ნიშანი უფუნქციოა. ანალოგიური ნიმუშების მოხმობა მრავლად შეიძლება ჩვენი ტექსტებიდან: “ჰსწუხს რომ ფული გამოგზავნეთქო”; “ზაქარია ფალავანდოვი ჰსჯავრობს” და სხვ. ორპირიანი ზმნების მაგალითები: “წერილი განჰსჩხრიკოთ”; “ამისთჳს უკეთ ვერ გადმოჰსწერა”; “პეტრე ქართუჱლისა ცხოვრებასა ჰსწერენ”; “აქეთ არავის მოჰსდის”; “იმედია ვერა ჰსძლიონ.” სამპირიანი ზმნების მაგალითები: “გთხოვთ ესე ყოველნი თქუჱნდავე მოსაჴმარად გარდაჰსცეთ აკადემიაში”; “თჳთ ისიც მოჰსწერს წერილსა”; “ჰსდებს მას ფასსა”; -ჰს პირის ნიშანთა კომბინაციას ხშირად ვერ შლის I სუბიექტური პირის ნიშანიც, რის გამოც მიიღება -ვჰს რთული ბგერათკომპლექსი როგორც ერთპირიან, ისე მრავალპირიან ზმნებში: ერთპირიანი ზმნების ნიმუშები: “მე უკეთუ აღმოვჰსჩნდები მით ღირსი”; “თუ არა ვჰსცდები”; “დიდად ვჰსწუხ რომ დამიგვიანდა პასუხი.” ორპირიანი ზმნების მაგალითები: “იგინი გარდმოვჰსწერე და მოგართმევ”; “ვეღარ ვჰსცან დასასრული ამისი”; “რუსულს თარგმანსა ერთად გამოვჰსცემ.” სამპირიანი ზმნების მაგალითები: “ყოველთავე მოვჰსწერ წერილსა”; “პასუხიც მოვჰსწერე უფ. Fუსსა”; “ფასი არ ვიცი რა დავჰსდუა”; ემპირიული მასალა ცხადყოფს, რომ -ვჰს და -ჰს პირის ნიშანთა კომბინაცია, ძირითადად, დ, თ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ თანხმოვნების წინ დასტურდება. ასეთ პოზიციებში, ცხადია, გვაქვს მხოლოდ -ს პრეფიქსის დართვის შემთხვევებიც: “გამოსჩნდით თქუენ”; “უკეთუ არა გამოსჩნდებოდა ღირსებისა მათისა აღმწონი.” სხვა თანხმოვნების წინ -ჰ პირის ნიშანი შეინიშნება, მაგ., “ესევითარი ძიება არა დაჰშთების”; “დავჰშთები მარად თქუჱნი პატივის-მცემელი”; “ჰგზავნის თუ არა მას.” ამავე ფონეტიკურ პირობებში -ჰ-ს შეიძლება უსწრებდეს I სუბიექტური პირის ნიშანი -ვ და, ამდენად, მივიღოთ -ვჰ პრეფიქსთა კომბინაცია: “ჭ˜ტად ვჰბრკოლდები”; “მძიმესა ფოჩტით გამოვჰგზავნე”; “კარტინები ვერ გამოვჰგზავნე”; “იმედი მაქუს ჰსრულ ვჰყო მალე”. რამდენიმე შემთხვევაში -ჰ პრეფიქსი I ობოექტური პირის -მ პრეფიქსს მოსდევს და ვიღებთ ასეთსავე უჩვეულო -მჰ პირის ნიშანთა კომბინაციას: “მცხეთიდამ ადრევე მჰქონდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 61 გარდმოწერილი ზედა-წარწერა”; “სხუანი დაბეჭდილნი… არ-მჰქონდენ”; “იკითხავთ რაჲ მჰსურს მე”; “თანაშემწე არა მჰყავს”; “არა მჰრცხუჱნის მისი.” იშვიათად უფუნქციო პირის ნიშანი ერთპირიან ფორმებში დიმიტრი ბაქრაძესთანაც შეინიშნება: “როგორც სჩანს სულ აგრილდა”; “რომელნიც თითქმის აქ სცხოვრობენ.” ერთ შემთხვევაში პლატონ იოსელიანთან -ჰ პრეფიქსი ფუძეშია ჩართული: “რ˜ლნიცა არა ემჰსგავსებიან წიგნთა.” ასეთი მაგალითები ადასტურებს, რომ ავტორს -ჰ, -ს და სხვა პრეფიქსთა ფუნქცია გაცნობიერებული არა აქვს და ისინი ფუძის შემადგენელ ელემენტებად მიაჩნია. ამისი შედეგია -ჰ მარკერის გამოჩენა სახელურ თუ საწყისურ ფორმებში: “მჰსგავსი”; “მჰსგავსსა”;“ჰსწავლა”; “საჰსჯელი”; “ჰსრულ”, “ჰსწორე”; “ჰსრულ-ვჰყოფ”; “ჰსჯულის- მდებელი”; “მჰსჯელისა”; “მჰსწრაფლვე”; “მჰსწრაფლ-ნაშრომისა.” როგორც მაგალითებიდან ჩანს, -ჰ გამოყენებულია -ს თანხმოვნის წინ და ისევ ავტორისთვის ჩვეული -ჰს პრეფიქსთა მიმდევრობა მიიღება. ერთ შემთხვევაში -ჰ დაფიქსირდა უჩვეულო პოზიციაშიც: -რ თანხმოვნის წინ: “გთხოვ განუცხადოთ ჩემ-მიერი თაყუანის-ცემა… მეფის-ჰრძალს ელენას.” III სუბიქტური პირისა და რიცხვის ნიშნად უწყვეტელში პლატონ იოსელიანთან გამოყენებულია -ენ სუფიქსი: “ვისა განაკვირვებდენ”; “დამპირდენ.” იშვიათია -ნენ სუფიქსი: “ამა დროჲსა მხატუარნი იყუნენ რუსნი.” დიმიტრი ბაქრაძესთან კი ძირითადია -ნენ მორფემა: “დავთრების გადმოწერას კიდეც შეუდგნენ”; “ამ საქმეს გულ-მხურვალეთ შეუდგნენ”; “ვერ შეძლებდნენ ამ კათოლიკეების ენის გაგებას”, თუმცა აქა-იქ -ენ ნიშანსაც ვხვდებით: “რომელნიც დაზარალდენ.” ერთ შემთხვევაში პლატონ იოსელიანთან -ოდ სავრცობიანი მოქმედებითი გვარის ზმნა უწყვეტელში III სუბიექტური პირისა და რიცხვის ნიშნად გამოივლენს -ნ სუფიქსს, ნაცვლად - ენ სუფიქსისა: “რასა იქმოდინ ქართველნი, ვისა განაკვირვებდენ მწერლობასა თჳსსა.” საზოგადოდ, -ოდ სავრცობიანი ზმნები ძველ ქართულში უწყვეტლის ხოლმეობითსა და I კავშირებითში III სუბიექტური პირისა და რიცხვის -ან ნიშნის პარალელურად გამოივლენდნენ -ნ სუფიქსს, რის გამოც დასახელებულ მწკრივებში ვიღებდით -ოდინ დაბოლოებას -ოდიან დაბოლოების ნაცვლად. როგორც ჩანს, ავტორს მწკრივი შეეშალა. პლატონ იოსელიანის წერილებში დინამიკური ვნებითები აწმყოს მწკრივში III სუბიექტური პირის ნიშნად -ს სუფიქსს დაირთავს, მსგავსად ძველი ქართულისა: “ცხოვრება მუნ აღიწერების”; თუმცა ახლებური ფორმებიც იხმარება: “წიგნი ესე აღწერილი ხუცურად უკეთეს იქმნება.” ინვერსიულ ფორმებთან იშვიათად გამოხატულია III სუბიქტური პირისა და რიცხვის -ან ნიშანი: “მაქუნან მათგანნი”; “სხუანიცა მაქუნან შრომანი.” გვაქვს “აქუნნ” და “მაქუნ” ფორმებიც: “სხუანიცა აქუნნ წიგნები”; “მე თჳთ მაქუნ წიგნები მრავალნი პროზად.” -ან თავს იჩენს I თურმეობითშიც: “ესენი ცალკედ ჩამიწყვიან.” იგივე ავტორი სტატიკური ვნებითების აწმყოს მხოლობით რიცხვსა და საშუალი გვარის ზმნათა I თურმეობითში იყენებს -იეს დაბოლოებას: “არცა უპყრიეს ფერჴითა თავი”; “უპყრიეს ჰსწორე ბალანსი”; “ჰქონიეს სახურავი.” სტატიკური ვნებითები აწმყოში III Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 62 სუბიქტური პირის ნიშნად -ა სუფიქსის ნაცვლად ზოგჯერ -ს სუფიქსს დაირთავენ: “აღარასი მეშინის” (პ. ი.); “რომელთაცა აკლს განმართუაჲ” (იქვე). III ირიბობიექტური პირის მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი “თ” სუფიქსის გაჩენის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის წინ III სუბიქტური პირის -ს ნიშანიც გამოიხატებოდა. ასეთი მაგალითები პლატონ იოსელიანის წერილებშიც გვხვდება: “თქუჱნ ძალგიძსთ ჰპოოთ იგი პეტერბურღშიაც”; “მიეცემისთ;, „გაქუსთღა”; “კნიაზ ბარათაევის ბეჭედი თუ არ გაგეგზავნოსთ”, “მათ მიუღიესთ მყოფობა”, და სხვ. იშვიათად -ავ თემის ნიშანი უწყვეტლის მრავლობით რიცხვში ხმოვნით ელემენტს იცვლის: “რ˜ლნიცა მათ იცევდენ” (პ. ი.), რაც არც ძველი ქართულის ვითარებას ასახავს და არც ახალი ქართულისას. ცხადია, ავტორმა იცოდა, რომ ძველ ქართულში -ავ თემისნიშნიანი ზმნები თემის ნიშნისეულ ხმოვანს იცვლიდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად ვერ ერკვეოდა უღლების წესებში. დიმიტრი ბაქრაძესთან შეინიშნება -ავ თემის ნიშნის -ამ თემის ნიშნით წარმოდგენის მაგალითები: “ვინც შემხვდება იმას შევირთამო”; “კვირას ნინოჩკას ვნახამ”; “მე და მეხტირბაშევს გვიჭირამს.” -ოფ თემისნიშნიანი ზმნა კი -ობ თემის ნიშნით არის მოცემული: “მივყობ ხელს.” იგივე ავტორი ორპირიანი ვნებითი გვარის ზმნის II თურმეობითში იყენებს მეშველზმნიან წარმოებას ორგანულის ნაცვლად: “მინდოდა მე თვითონ გხლებიყავ.” არასწორად მოიხმობს ვნებითი გვარის I თურმეობითის ფორმებს: „აქამომდე ვერ გავთავისუფლებივარ ავათმყოფობისაგან“; „რა შრომასაც თქვენ შესდგენიხართ.“ პირველ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო „განვთავისუფლებულვარ“, ხოლო მეორე შემთხევვაში - „შესდგომიხართ.“ არის შემთხვევები დღევანდელი ე- პრეფიქსიანი ვნებითის -დ სუფიქსური წარმოებით ხმარებისა: „დამზარდა გარდაღება ქართულზედ“ (პ. ი.). არის საპირისპირო მაგალითებიც: ე- პრეფიქსიანი ვნებითი -დ სუფიქსიანის ნაცვლად: „არღა მეჭირება“ (იქვე); -დ სუფიქსიანი ი- პრეფიქსითაც არის წარმოდგენილი: „უეჭუჱლად დავისაჩუქრები მით“ (იქვე). „გაკვირვება“ ზმნა სუბიექტური წყობით არის გამოყენებული: „უთუოდ გაჰკვირდებით რომ ესოდენსა დროსა წერილი ვერ მოგწერეთ“ (იქვე). მსურდა ზმნა ძველ ქართულში -ოდ სავრცობსაც გვიჩვენებდა. ასეთი ნიმუში პლატონ იოსელიანთანაც გვხვდება: „მრავალჯერ მსუროდა აღწერა რა¡მე¡სა“; „რ˜ლთაცა გასყიდუა მსუროდა ფრანციის კონსულისათჳს.“ ზოგჯერ გამოვლინდება პრეფიქსული წარმოების ფორმები: „მე ადრევე მაქუნდა ჰაზრში“; „არა მაქუნდა მარჯუჱ დრო“; „მას ჟამსა ს˜დ არა მაქუნდა“ (ყველა პ. ი.). „თოვა“ ზმნის აწმყოს მწკრივის ფორმა დიმიტრი ბაქრაძესთან ლ თანხმოვანს შეიცავს: „დღესა თოვლს კოსტანტინეპოლში.“ იშვიათად II კავშირებითი მომავალი დროის თხრობითი კილოს შინაარსს გადმოსცემს: „შესაძლებელია სინოდმან თქუჱნ გამოგიგზავნოს, და ნახავთ: ვჰგონებ მოიწონოთ“ (პ. ი.). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 63 ორ შემთხვევაში პლატონ იოსელიანი ნატვრითი კილოს გამოსახატავად აწმყოს კავშირებითის ფორმას იყენებს „არამც“ ნაწილაკთან ერთად: „ჩემის წერილისა პასუხი დიდად დამიგვიანეთ და ამასაც ვჰსწუხვარ არამც ჰსჯავრობდეთ რაზედმე”; “ძალიან დამიგვიანა თქუჱნმან წერილმან, და ვჰსწუხვარ არამც შეუძლოთ ბრძანდებოდეთ.” III კავშირებითი იმავე ავტორთან ზოგჯერ რეზულტატივის მნიშვნელობას გადმოსცემს: “ვჰგონებ ოთხი მომეწეროს წერილი და ვერცა ერთისა მიმეღოს პასუხი”; “მე ვჰგონებ ესრეთ არ მომეწეროს.” პლატონ იოსელიანთან ზმნისწინები ხშირად ძველი ფორმითაა მოცემული: “ესე ყოველნი გარდავეც მწერალსა რ˜ა გარდამიწერონ”; “წარმოიღო აქედამ”; “რლ˜სა ზედაცა დამოეკიდების კანტორა ესე.” იშვიათად იგი ზმნას გამაძლიერებელ -ცა ნაწილაკს ურთავს: “მე თჳთ მრავალჯერ მიხილავს და წამიკითხავსცა”; “შემიბრალეთ და მომითმინეთცა”; “პოროშინი მოგიტანსთცა წერილსა ჩემსა მცირესა.” -ცა ნაწილაკი გამოყენებულია -მან მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის შემდეგაც: “სასულიერო აკადემიამანცა.” დიმიტრი ბაქრაძე საწყისურ ფორმა “მოცლას”, ხოლო პლატონ იოსელიანი “შეცვლას” -ებ თემის ნიშნით წარმოადგენენ: “იმდენი მოცალება არა მქონდა” (დ. ბ.); “გართული ვარ და მოცალება არა მაქვს” (იქვე); “შეცუალება და დაუდევნელობა მხატუართა შ˜ს არარის იშვიათი” (პ. ი.). ასევე -ებ თემის ნიშანს დაირთავს “ლოდ” ძირის შემცველი საწყისური ფორმა და ვიღებთ “მოლოდება” ფორმას “მოლოდინი” ფორმის ნაცვლად: “ვრცელ-ჟამითისა მოლოდებისა მომივიდა”; “ვჰსცან მოლოდებაჲ”; “შ˜დ გრძელითისა მოლოდებისა მივიღე”; შდრ.: “შ˜დ გრძელის მოლოდინისა” (ყველა პ. ი.). ამის საპირისპიროდ, -ებ თემის ნიშანი შეიძლება არ იყოს იქ, სადაც მოსალოდნელია, მაგ., “დიდის სიამოვნით წარვიკითხე” (იქვე). -ავ თემის ნიშანი იშვიათად გამოვლინდება მომავალი დროის ვნებითი გვარის მიმღეობაში: “ლექსიკონებსა ველი: თხოულობენ სასყიდავათ” (იქვე); “მივიდა დუქანში სასყიდავად (იქვე). პლატონ იოსელიანი “შოვ” ძირის შემცველ სახელზმნურ ფორმებს მო- ზმნისწინს დაურთავს: “ქართლისა ცხოვრება თქუჱნთჳს მოშოვნილი”; “წიგნნი რ˜ლნიცა დღეს მე მაქუნან მოშოვნილნი”, “მოშოვნა მათი.” სინტაქსური თავისებურებები: წინადადების სტრუქტურა პლატონ იოსელიანთან ხშირად ძველი ქართულისებურია: “ჴელ-ვჰყავ მეცა აღწერად”; “შ˜დ გრძელითისა მოლოდებისა მივიღე წერილი თქუჱნი”; “დავჰშთები მარად მზა რ˜ა ვიღუწიდე ძალისამებრ ჩემისა მამულისათჳს.” შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი ხშირად წრფელობითშია, მაშინაც, როდესაც ის წინადადებაში ზმნური ნაწილისგან მოშორებით დგას: “დედანი ძალიან ავად იყო დაწერილი და ქაღალდი მისიც ადგილ-ადგილ დახეულ და განრყუნილ”; “რ˜ლისათჳსცა სრულიად ვიყავ განმზადებულ” აქა-იქ ორივე ავტორთან გვხვდება სინტაქსურად გაუმართავი ფრაზები: “გიგზავნი ოთხას მანეთს (400 руб.), რომელიც იმ დღეს დაგპირდი” (პ. ი.). მსაზღვრელ-საზღვრულის ნაწილში პლატონ იოსელიანი ცდილობს, დაიცვას ბრუნვასა და რიცხვში შეთახნმების ძველი ქართული ენის ნორმები, მაგრამ ზოგჯერ შეცდომებისგან ვერ იზღვევს თავს. მაგ., ფრაზაში - “დიდად ვარ მეძიებელი ქართულთა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 64 წიგნთასა” - უკანასკნელი სიტყვა “წიგნთასა”, რომელიც საზღვრულია წინამავალი მსაზღვრელისა “ქართულთა”, მიცემითი ბრუნვაში არასწორად არის შეთანხმებული სახელობით ბრუნვაში მდგომ საზღვრულთან, “მეძიებელთან”, რომლის მიმართაც ის მართული მსაზღვრელია. არის შემთხვევები, როდესაც მსაზღვრელი და საზღვრული მრავლობითი რიცხვის სხვადასხვა წარმოებით არის მოცემული: “თქუჱნგან გამოგზავნილნი წიგნები.” ირიბი დამატების ნაცვლად “გადასცა” შემასმენელთან გამოყენებულია უბრალო დამატება: “გარდაჰსცეს იგი ანუ პატრონისად” (პ. ი.). ლექსიკა: პლატონ იოსელიანის ბარათებში მრავლად მოიპოვება სიტყვები ძველი ქართული ენის ლექსიკიდან: “გარნა”, “კერძო” (მხარის მნიშვნელობით), “სიქადული”, “რეცა”, და სხვა მრავალი. ზმნური ფორმები: “მოვისყიდე”, “მსურის”, “შევლენან”, “ვარი”, “ვიკდიმები” და სხვ. წერილებში, ისევე როგორც მე-19 საუკუნის ანალოგიურ ტექსტებში, ორივე ავტორთან ხშირია რუსიციზმები: “კუხნა”, “ნაგრადა”, “კანიკული”, “ბოჩკა”, “გოსტინიცა”, “დროშკა”, “ზასედანიე”, “ზნაკი”, “ტოჩკა.” ამ მხრივ უფრო დიმიტრი ბაქრაძის წერილები იქცევს ყურადღებას. მისი ბარათები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ იყო გაჯერებული ცოცხალი სასაუბრო ენა ბარბარიზმებით. მაგალითები: “შენ უფრო ვკუსი გაქვს. როდესაც ჩამოხვალ მაშინ გავაკეთებინოთ. აგრეთვე კუხნის ფეჩი. მგონია კუხნის ფეჩზე კიდეც მოგწერე, რისთვისაც შევაყენე. - პრიკაზის ქაღალდი თითქმის მზათ არის.” მე მგონია ამ ერთ კვირაზედ კიდეც შევიტანო. - სახლის პლანს აღარ გიგზავნი უკან; არც სიგძის ზომას. ჩამოხვალ ხომ მალე. - იმ დღეს სალდათს წიგნი გამოვატანე.” დიმიტრი ბაქრაძესთან ხშირია სასაუბრო ფორმები: “საცა”, “რო”, “აქამომდე”, “იქს”, “კაი”; “მაინდამ”, და სხვ. თითოეული საზოგადო მოღვაწის ენის შესწავლა უაღრესად მნიშვნელოვანია ენის ისტორიისათვის. მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის I ნახევრის ტექსტები კი, მითუმეტეს, ცოცხალ სასაუბრო ენაზე აგებული, განსაკუთრებით ფასეულია. სწორედ ასეთი დოკუმენტური მასალა გვაწვდის უტყუარ ცნობებს ენაში მიმდინარე პროცესებზე. პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის წერილები ბევრ ისეთ ენობრივ ფაქტს შეიცავს, რომელიც სამწერლობო ენაში ვერ მოხვდებოდა. ისინი გვიჩვენებენ ჭიდილს ძველ და ახალ ენობრივ ნორმებს შორის და გვიდასტურებენ, რომ ენობრივი მეხსიერება ენას საუკუნეების განმავლობაში მიჰყვება, რის შედეგადაც ძველს უჭირს პოზიციების დათმობა, ახალი შინაარსისთვის ფორმის შეწყობა. წერილთა შესწავლამ გამოავლინა, რომ პლატონ იოსელიანი ენობრივად უფრო ძველ თაობას ეკუთვნის, ხოლო დიმიტრი ბაქრაძე - ახალს, თუმცა გამოვლინდება პირველ ავტორთან ახალი და მეორე ავტორთან ძველი ენობრივი მოდელებიც. პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის პირად წერილებში ასახული ცოცხალი სასაუბრო მეტყველება სალიტერატურო ენის ფორმებთან შედარების საუკეთესო საშუალებას იძლევა სამომავლო კვლევებისთვის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 65 ლიტერატურა გიგაშვილი, ქ. (რედ.) (2019). ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტომი I, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი. გიგაშვილი, ქ. (2011-2019). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტომი I-IX, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი. სარჯველაძე, ზ. (1984). ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი. ჭიჭინაძე, ზ. (1893). პლატონ იოსელიანი (ცხოვრება და მოღვაწეობა), Тифлись. Linguistic Characteristics of Platon Ioseliani's and Dimitri Bakradze's Private letters Mzia Gigashvili Iakob Gogebashvili Telavi State University Abstract: The paper studies the main linguistic characteristics of the epistolary legacy of the representatives of the first generation of 19th century Georgian scientist-historians - Platon Ioseliani and Dimitri Bakradze. The actuality of the research is determined by the invaluable importance of private letters as documentary genre texts for the history of language, taking into account their specificity - the informal style of writing, the abundance of forms characteristic of spoken language, which provides the best opportunity for comparison with the forms of literary language for future research. 48 letters of Platon Iosselin and 36 letters of Dimitri Bakradze have been chosen for analysis. The study of the letters revealed that the language of Plato Ioselian's epistles is heavy and "snarky", often artificial, and the style is official. The linguistic influence of Anton Catholicos is clearly visible. Obviously, the identity of the addressees of the letters, on the one hand, and their purpose, on the other hand, play a certain role in this: Most of the letters are addressed to academician Marie Brose. They are of a scientific nature and serve to provide information to the Imperial Academy of St. Petersburg regarding this or that critical issue, although this style of writing was generally characteristic of Platon Ioselian. Thus, Platon Ioseliani linguistically belongs to the older generation, while Dimitri Bakradze belongs to the new one, although there have been revealed the new linguistic models with the first author and the old ones – with the second one. Key words: Platon Ioseliani, Dimitri Bakradze, Epistolary Legacy, Personal Letters.