Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 447 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 4, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.04.45 ოკუპირებული ტერიტორიების „დეიზოლაცია“ ირაკლი გოგიბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი სტატიაში განხილულია რუსეთის მიერ გამოყენებული დისკურსი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დეიზოლაციის შესახებ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მისი გამოყენების მცდელობა. საძიებო სიტყვები: ოკუპირებული ტერიტორიები, დეიზოლაცია, რუსეთი, საქართველო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/ე.წ. სამხრეთ ოსეთი, დისკურსი ძირითადი ნაწილი რუსეთის მიერ წლების განმავლობაში აქტიურად ხდებოდა მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დეიზოლაცის” საკითხის წინ წამოწევა. თავის მხრივ, ქართული მხარე ამ „იდეის“ საპირწონედ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპის განუხრელი დაცვისაკენ მოუწოდებდა საერთაშორისო თანამეგობრობას და თავის მხრივაც სწორედ რომ დეიზოლაციის საჭიროებაზე მიუთითებდა, თუმცა არა იმ ინტერპრეტაციით, როგორადაც რუსეთი ამას „წარმოადგენდა“. დღესდღეობით არსებულ რეალობამდე სულ სხვა ტენდენციები შეინიშნებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ერიდებოდა მკვეთრ განცხადებებს და სიტუაციის დაძაბვას რუსეთთან და ფაქტიურად ხდებოდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემების დაკონსერვება. ჟენევის მოლაპარაკებებიც მოცემულ ფორმატში იყო გადასული, ანუ მოლაპარაკება მოლაპარაკებისათვის და რეალურად რაიმე პრობლემის გადაწყვეტის გზებიც ნაკლებად ჩანდა. მეტიც, რუსული მხარე ინტენსიურადაც კი იყენებდა ფორმატს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. სწორედ ამ პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ტერმინი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 448 „დეიზოლაცია“. მოცემულ ტერმინს გაცილებით მეტი და მრავალმხრივი შინაარსი ენიჭებოდა რუსული (და შესაბამისად აფხაზური/ოსური) მხრიდანაც. იქამდე, რომ არაღიარების პრინციპსაც კი საფრთხეს უქმნიდა იმდენად გაზრდილი იყო მოთხოვნები. მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისა (ნეიტრალური პასპორტები, ჯანდაცვის სფეროში და განათლების საკითხებში გარკვეული პოზიტიური წინადადებები თუ სხვ.), მეორე მხრიდან ეს ყოველივე არ აღიქმებოდა დეიზოლაციის ნაწილად და მოთხოვნებიც სულ უფრო იზრდებოდა. აქ რუსეთის მხარე და, შესაბამისად, მის მიერ დასმული მარიონეტული რეჟიმები ხაზს უსვამდნენ ე.წ. ჰუმანიტარულ „პრობლემატიკას“, თითქოსდა, ქართული მხარე იყო „დამნაშავე“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ჰუმანიტარულ „კატასტროფაში“, თითქოსდა, არ ეძლეოდათ „ქვეყნის“ გარეთ გასვლის, „განათლების თავისუფლად მიღების“ შესაძლებლობა თუ სხვა. თანაც, რასაკვირველია, აღნიშნული არ ვრცელდებოდა იმავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველების მიმართ. პირიქით, წლების განმავლობაში კარგად ვიცით, თუ რა შევიწროებასა და დევნას განიცდიან იქ დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები: იქნება ეს თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ბავშვთა თუ თვით უმთავრესი სიცოცხლის უფლების ხელყოფაც. ყოველივე ამის გარდა, ადგილი ჰქონდა და ახლაც გრძელდება „რუსიფიკაციის“ პოლიტიკა, ამასთანავე მიმდინარეობს ქართული ისტორიული მემკვიდრეობის განადგურება და შესაბამისად, ქართული კვალის წაშლა. უძველესი ხელოვნების ნიმუშები მიზანმიმართულად ნადგურდება და/ან ეცვლება პირვანდელი სახე და წარმომავლობა და შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლების ვითარება დღითიდღე მძიმდება. ამას ემატება ძირძველი ქართული ტოპონიმიკის შეცვლა თუ აღმოფხვრა. თვით აფხაზები ქართული მხარის მიერ შეთავაზებულ „დეიზოლაციის“ პროცესს განიხილავდნენ საქართველოს მხრიდან არა პრობლემის გადაწყვეტის მცდელობად და სტრატეგიის ცვლილებად, არამედ გარკვეულ ტაქტიკურ გადანაცვლებად ქართულ პოლიტიკაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. კერძოდ, მათი აზრით, „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში“, წარმოადგენს იმ სახის დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეიზოლაციას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან უშუალო კონტაქტით და შესაბამისად, დანარჩენ სამყაროსთან მათი დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის გავლით, რაც მათივე აზრით განიხილება როგორც აფხაზეთის „ოფიციალური ხელმძღვანელობის“ დელეგიტიმიზაციის მცდელობად და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს აფხაზეთის მოსახლეობის „ლეგალური“ მდგომარეობიდან ქართულ იურისდიქციაში გადასვლა, რასაც შედეგად მოჰყვება რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანა. გამომდინარე აქედან, აფხაზური მხარე ყოველნაირად ცდილობს დეიზოლაციის იმგვარად ინტერპრეტირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, ფაქტიურად სრულად გამოვიდნენ ქართული იურისდიქციიდან. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 449 „დეიზოლაცია“, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიურ განსაზღვრებას და წმინდა პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღნიშნული მოწოდება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პოზიციის შერბილებას და „არაღიარების“ პრინციპთან წინააღმდეგობაში არ მოდის და მიმართულია კონფლიქტის დარეგულირებისკენ. თუმცა, უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა კონტექსტში მოხდება დეიზოლაციის განხილვა და რას მოვიაზრებთ აღნიშნულ ტერმინში (ინტერპრეტაციის დონეზე). დღემდე არსებული ტენდენციები „დეიზოლაციასთან“ მიმართებაში ძირითადად აქცენტს ქართულ მხარეზე აკეთებდა, ანუ გარკვეული მოთხოვნები წამოყენებული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ახლა კი, ისევდაისევ, გამომდინარე შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან, უკვე არსებობს შესაძლებლობა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნების მთლიანად გადამისამართება რუსულ მხარეზე და „დეიზოლაციის“ იმგვარად წარმოჩენა, რომ ხაზი გაესვას „თვითიზოლაციას,“ რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. კერძოდ, დღესდღეობით შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და 2022 წლიდან დანარჩენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სამხედრო ძალის გამოყენებით ქვეყნის სრული ანექსიის დღეს მიმდინარე მცდელობის გათვალისწინებით და ასევე, შემდგომში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების „ჩატარების“ ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის უკვე აღარ დგას კითხვა რუსეთის როლზე არამარტო უკრაინის, არამედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რუსეთის მიერ აქამდე აქტიურად გამოყენებული და მის მიერვე წინწამოწეული დისკუსი დეიზოლაციასა და არაღიარებას შორის სულ სხვა კუთხით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ. მანამდე არსებული ტენდენციები, კერძოდ, „ჩართულობა აღიარების გარეშე“ და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეიზოლაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და დეიზოლაციის პროცესიც, ტერმინოლოგიურ დონეზეც კი მნიშვნელოვან კორექტირებას მოითხოვს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთის „ამბიციების“ განხორციელებას ასრულება არ უწერია და პირიქით, თავად შიდა უსაფრთხოების მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგეს სულ ახლო მომავალში, ქართული მხარე უკვე დღეს უნდა ახორციელებდეს მთელ რიგ ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან გაწეული სამუშაოს კუთხით, რათა მომზადებული დავხვდეთ იმ მომენტს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ცხელი ფაზა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებიც წინ წამოიწევს. შესაბამისად, ადეკვატურად უნდა მოხდეს სიტუაციის გადაფასება და ყოველნაირად ვეცადოთ, დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნას ე.წ. დეიზოლაციით მანიპულირება და მთლიანად მოხდეს დეოკუპაციის საკითხებზე გადართვა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 3, 2022 450 დასკვნა ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს დღეს არსებული პოლიტიკის ინტენსიფიკაცია, ქართული მხარის მოთხოვნების კიდევ უფრო მკვეთრად დაყენება და რასაკვირველია, „დეიზოლაციასთან“ დაკავშირებული დისკურსის მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო რელსებზე გადმოყვანა, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისათვის ფართო თავისუფლების მინიჭება ეკონომიკურ- სავაჭრო თუ მიმოსვლის სფეროში და აღნიშნული მიმართულებებით თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები სრულად ქართული მხარის კონტროლს დაექვემდებაროს. “Deisolation” of Occupied Territories Irakli Gogiberidze Georgian Technical University Abstact In this article is discussed the so-called term of “deisolation” of the occupied territories of Georgia – Abkhazia and Tskhinvali region/South Ossetia, used by the Russian Federation in order to use it for achieving the main goal of final disintegration of those parts from the rest of Georgia. Keywords: Occupied Territories, Deisolation, Russia, Georgia, Abkhazia, Tskhinvali region/so-called South Ossetia, Discourse.