Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 120 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.14 თეთრი და წითელი ვარდების სიმბოლიკა ოსკარ უაილდის ზღაპრებში ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი სტატიაში საუბარია თეთრი და წითელი ფერების, უფრო კონკრეტულად კი თეთრი და წითელი ვარდების სიმბოლურ დატვირთვაზე ოსკარ უაილდის ზღაპრებში. ხსენებულ ფერებთან დაკავშირებული ასოციაციების საილუსტრაციო მაგალითებში შეგვხვდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო ნახსენები თეთრი და წითელი ვარდები. შესაბამისად, გავეცანით კვლევებს არა მხოლოდ თეთრი და წითელი ფერების, არამედ ვარდის ზოგადი სიმბოლიკის შესახებ. ამის ფონზე განვიხილეთ, თუ რა კონოტატიურ მნიშვნელობათა მატარებელია თეთრი და წითელი ფერები, თეთრი და წითელი ვარდები ოსკარ უაილდის ნაწამორმოებებში. გამოიკვეთა მთელი რიგი მნიშვნელობები, როგორიცაა, უმანკო თუ ვნებიანი სიყვარული, ცოდვის სისხლით გამოსყიდვა და სულიერი განწმენდა, ხელოვნება. ყოველივე ეს თავად ავტორის პიროვნებას და ცხოვრებას ასახავს და ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ამ გენიალური შემოქმედის პარადოქსულ ბუნებაზე. საკვანძო სიტყვები: ოსკარ უაილდის ზღაპრები, თეთრი და წითელი ფერები, ვარდის სიმბოლიკა, კონოტატიური მნიშვნელობები შესავალი ჩვენი კვლევის ობიექტად არჩეული მასალა ძირითადად ლიტერატურული ზღაპრის ჟანრს მიუკუთვნება და მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალიზმით გამორჩეული https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 121 გენიალური ავტორის ქმნილებებს წარმოადგენს, მაინც გააჩნია საერთო თვისებები ხალხურ ზღაპართან. სახელდობრ, ნებისმიერი ზღაპარი „მხატვრულ გამონაგონსა და ფანტასტიკურ ამბავზეა დაფუძნებული“ [ჭილაია, 1984:107], ანუ, როგორც სულხან-საბა ორბელიანი აღნიშნავდა, ეს არის „მოგონებული ტყუილი ამბავად შემჭერვებული და არა ქმნილი მყოფობით“ [ორბელიანი, 1991:291]. ზღაპრები ფანტასტიკურ სამყაროში გვამოგზაურებენ, მათთვის დამახასიათებელია ალეგორია, ხშირად ადამიანის თვისებები ცხოველებსა და ფრინვლებს მიეწერებათ, გამოკვეთილია კონფლიქტი სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელიც ხალხურ ზღაპრებში ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით მთავრდება, ხოლო რაც შეეხება ლიტერატურულ ზღაპარს, იგი ყოველთვის არ იზიარებს ხალხური ზღაპრისათვის დამახასიათებელ სწორხაზოვნებას, თხრობის სისადავეს, თავისებურ რიტმსა და ინტონაციას, მხატვრული სახეების სიმარტივეს, დასაწყისისა და დასასრულის მზა ფორმულებს და სხვა ნიშნებს. ლიტერატურული ზღაპარი მხატვრული სახეების სიმრავლითა და ოდნავ ზეაწეული ელფერით ხასიათდება. ზეაწეულობა იქმნება მარკირებული ლექსიკით, რომელიც ხან პერსონაჟის გუნება-განწყობილების გამოხატვას ემსახურება, ხან კი ბუნების სურათების აღწერისთვისაა მოწოდებული. თავის მხრივ, პერსონაჟის სულიერი სამყაროთი დაინტერესება და მისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა არის ის ერთ-ერთი ძირითადი სტილისმიერი ნიშანი, რაც ლიტერატურულ ზღაპარს განასხვავებს ხალხური ზღაპრისაგან [ფანჯიკიძე, 1988:175- 176]. ყოველივე ეს, ანუ ზეაწეული სტილი, ხატოვანება, პერსონაჟების განცდებისა და ბუნების სურათების ოსტატური აღწერა, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელია ოსკარ უაილდის ზღაპრებისათვის. როდესაც საუბარია აღწერაზე, ცხადია, აქ აუცილებლად მოიაზრება ატრიბუტული მსაზღვრელები, რომელთა შორის ჩვენთვის საინტერესოა ფერის გამომხატველი ზედსართავები. ფერები ამა თუ იმ თვისების სიმბოლურად გამოსახატავად და მკითხველზე ემოციური ზემოქმედების საშუალებად ხალხურ ზღაპრებშიც არის გამოყენებული, თუმცა გაცილებით უხვად იყენებს ფერთა აღმნიშვნელ სიტყვებს ოსკარ უაილდი, რადგან მათი მეშვეობით უფრო გამომსახველად, ნათლად და შთამბეჭდავად აღწერს საგნებს, ბუნებას თუ ადამიანებს, მეორე მხრივ კი ფერების დახმარებით ფაქიზად მანიპულირებს მკითხველის აღქმასა და ემოციებზე. ამგვარ მანიპულაციას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად კულტურული და პიროვნული განსხვავებებისა, ადამიანთა უმეტესობისთვის კონკრეტული ფერები კონკრეტულ ასოციაციებს უკავშირდება. ეს იმით აიხსნება, რომ საზოგადოდ, განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში, არსებობს, შეიძლება ითქვას, საყოველთაოდ მიღებული დამოკიდებულება ფერების მიმართ, რომლის მიხედვითაც თითოეული ფერი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს. მაგალითად, თეთრი სიწმინდესთან, უმანკოებასთან, ნეიტრალობასთან, ახალ წამოწყებასთან, უარყოფითი მნიშვნელობით სტერილურობასთან, სიცარიელესთან, გამოფიტვასთან, ზოგ კულტურაში კი გლოვასთან ასოცირდება; შავი დადებითი მნიშვნლობით - ელეგანტურობასა და ძალაუფლებასთან, თუმცა უფრო ხშირად უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 122 სიკვდილს, ბოროტებას, იდუმალებას გამოხატავს. წითელი სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა, ამასთან, სისხლის ასოციაციასაც იწვევს; ნარინჯისფერი და ყვითელი მხიარული, ოპტიმისტური ფერებია; მწვანე ბუნების, ჰარმონიის, სიმყუდროვის, ნაყოფიერების აღმნიშვნელ ფერად მიიჩნევა; ლურჯი სიმშვიდესა და ინტელექტთან ასოცირდება, მეწამული სამეფო ფერია, ვარდისფერი - ქალურობისა და სინაზის სიმბოლო და ა.შ. [https://medium.com/@Render__Forest/psychology-of-colors-b5c9fe5ffd3b] ფერების სიმბოლური დატვირთვა ოსკარ უაილდის ზღაპრებში ფერებს საკმაოდ მნიშვნელოვნი სიმბოლური დატვირთვა აქვს ოსკარ უაილდის ნაწარმოებებში, თუმცა ჩვენი კვლევის სფერო ძირითადად ზღაპრებს მოიცავს და ფერებს შორისაც ყველაზე მეტად თეთრი და წითელი გვაინტერესებს. ამიტომაც, მაგალითებს უაილდის ზღაპრების ორი კრებულიდან - “The Happy Prince and Other Tales” (ბედნიერი უფლისწული და სხვა ზღაპრები“) და “A House of Pomegranates” („ბროწეულის სახლი“) - მოვიყვანთ. განვიხილოთ რამდენიმე ფერის სიმბოლიკა: ბედნიერ უფლისწულის ქანდაკება ოქროსფრად ბრწყინავს. ინგლისურში ოქრო და ოქროსფერი ერთი და იმავე სიტყვებით - gold, golden – აღინიშნება. თავდაპირველად ქანდაკება მთლიანად ოქროს ფირფიტებით არის დაფარული, თვალები ლურჯი საფირონის აქვს, ხმლის ვადაში კი წითელი ლალი უელავს. იგი ლამაზი და ძვირფასია. ტექსტში არაერთხელ კეთდება აქცენტი მის მდიდრულ შესახედაობაზე: ბედნიერი უფლისწულის კვარცხლბეკზე ღამის გასათევად ჩამომჯდარი მერცხალი აღმოაჩენს, რომ მას ოქროს საძინებელი ჰქონია, ასევე აღწერილია, როგორ ჩამოუგორდება უფლისწულს ცრემლი ოქროს ლოყაზე. მით უფრო დიდია კონტრასტი, როდესაც, ოქროს ფირფიტების აცლის შემდეგ უფლისწული ნაცრისფერი და უსახური ხდება, იგი კარგავს დიდებულ იერს და ბრწყინვალებას. ქალაქის მერი მის დანახვაზე წამოიძახებს: “Dear me! how shabby the Happy Prince looks!” („ღმერთო ჩემო! რა საცოდავად გამოიყურება ბედნიერი უფლისწული!“, შემდეგ კი ამატებს:“Little better than a beggar” [Wilde, 1979:37-38] („მთლად მათხოვარს დამსგავსების!“) [უაილდი, 1960:31]. ვერცხლისფერთან დაკავშირებული ასოციაციებია სიგრილე, სიკამკამე, სიცივე, გამჭვირვალობა. როდესაც მერცხალი თავის სატრფო ლერწამს ეარშიყება, მისი ფრთების შეხებისგან წყალზე ვერცხლისფერი ჭავლი ჩნდება. ზამთარი რომ დგება, ქუჩები ვერცხლისას ემსგავსება: „Then the snow came, and after the snow came the frost. The streets looked as if they were made of silver, they were so bright and glistening“ [Wilde, 1979:36-37] („ამასობაშიც თოვლიც მოვიდა, თოვლს ყინვა მოჰყვა. ქუჩები ისე ააბრჭყვიალა ყინვამ, თითქოს ვერცხლით მოუჭედიათი“) [უაილდი, 1960:30]. ძალიან საინტერესოა თეთრი ფერის დატვირთვა. თეთრ წინსაფრებში არიან გამოწყობილი საქველმოქმედო სკოლის ბავშვები, რომელნიც ბედნიერ უფლისწულს ანგელოზს ადარებენ, თეთრი მარმარილოს ანგელოზები ამშვენებს საკათედრო ტაძრის კოშკს, ეგვიპტეში ვარდისფერი და თეთრი მტრედები ერთმანეთს შეჰღუღუნებენ, თუმცა სიწმინდისა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 123 და სიმშვიდის ასოციაციების საპირისპიროდ, ნაწარმოებში ჩნდება დამშეული ბავშვების თეთრი სახეების ხატი, რომლის კონოტატიური მნიშვნელობებია უძლურება და გამოფიტულობა. ზღაპარში ‘The Selfish Giant” („თავკერძა გოლიათი“) ვერცხლისფერი, თეთრი და ნაცრისფერი სუსხსა და სიმკაცრესთან ასოცირდება: “The Snow covered up the grass with her great white cloak, and the Frost painted all the trees silver. ... So the Hail came. …He was dressed in grey, and his breath was like ice” [Wilde, 1979:48-49] („თოვლმა თავისი თეთრი წამოსასხამით დაფარა ბალახი და ყინვამ კი ვერცხლისფრად მოხატა ხეები. ...ასე მოვიდა სეტყვაც. ... მას ნაცრისფერი სამოსი ეცვა და ყინულივით ცივი სუნთქვა ჰქონდა“) [უაილდი, 1960:48-49]. ზღაპრის ბოლოს თეთრი დადებით ელფერს იძენს. გოლიათს თვალწინ საოცარი სურათი გადაეშლება: ბაღის შორეულ კუთხეში მშვენიერი, თეთრი ყვავილებით დაფარული ხე დგას, რომელსაც ოქროსფერი ტოტები აქვს და ვერხლის ხილი ასხია. მეორე დილით ბავშვები გოლიათს მკვდარს ნახავენ, თეთრი ყვავილებით დაფარულს. იგი პატარა ბიჭმა, რომელიც ქრისტეს განასახიერებს, თავის ბაღში, სამოთხეში წაიყვანა. ცხადია, თეთრი უკვე სიწმინდის და სიკეთის სიმბოლოდ გვევლინება. ზღაპარში “The Star-Child” („ვარსკვლავ-ბიჭუნა“) თეთრი ფერი ცამეტჯერ არის ნახსენები. ზღაპრის დასაწყისში ბზეწვიები ჟღურტულბენ: “the old Earth is dead, and they have laid her out in her white shroud” [Wilde, 1979:178] („ბებერი დედამიწა მომკვდარა და მისთვის თეთრი სუდრა გადაუფარებიათ“) [უაილდი, 1960:225], გვრიტები კი ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ: “The Earth is going to be married, and this is her bridal dress,” [Wilde, 1979:179] („დედამიწა ჯვარს იწერს და ეს მისი საპატარძლო ტანსაცმელია“) [უაილდი, 1960:225]. შემდგომ გვხვდება გამოთქმები :“white as millers” [Wilde, 1979:178] (ფქვილში ამოგანგლულ მეწისქვილეებსა ჰგავდნენ “) [უაილდი, 1960:226], “on the white snow” [Wilde, 1979:181] („თეთრ თოვლზე“) [უაილდი, 1960:228], “white and delicate a sawn ivory” [Wilde, 1979:183] („სპილოს ძვალივით თეთრი და ნაზი“) [უაილდი, 1960: 231]. თეთრი აქ სხვადასხვა სიტყვათშეთანხმებებში გვხვდება, რაც მის კონოტაციას განაპირობებს. საინტერესოა კონტრასტი ოქროსფერსა და თეთრს შორის: შეშისმჭრელები ხომ თოვლში რაღაც ოქროსფერად მოელვარე საგანს დაინახავენ. თეთრი თოვლის ფონზე ოქროქსოვილის მოსასხამის მოთავსებით უაილდი კონტრასტს ქმნის სითბოსა და სიცივეს შორის, მოსასხამის ელფერს ესადაგება ბავშვის ყელზე შებმული ქარვის მძივიც. თეთრ ფერთან ასოცირდება თავად ვარსკვლავი, პროტაგონისტი გმირის სახელი. ასევე, როდესაც ვარსკვლავ-ბიჭუნა ბოროტ გრძნეულს ჩაუვარდება ხელში, იგი მას სამი ოქროს ფულის მოტანას სთხოვს, რომელთაგან ერთი თეთრი ოქროსია, ერთი ყვითელი და ერთიც - წითელი. ამ სამ ფერს, განსაკუთრებით, თეთრსა და ყვითელს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ზღაპარში. თეთრ ფერს არაერთგვაროვნად წარმოგვიჩენს უაილდი ზღაპარში “The Young King” („ახალგაზრდა მეფე“), სადაც მეტად შთამბეჭდავ ხატებს ვხვდებით: მთავარი გმირის დედა მოხსენიებულია როგორც “white girl” („თეთრი გოგონა“). იქმნება სილამაზის, სიწმინდისა და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 124 სიყმაწვილის შთაბეჭდილება, რასაც ტრაგიზმს ანიჭებს გოგონას სიკვდილი. ტრაგიზმი იგრძნობა მეტაფორაშიც “the white hands of Pain” („ტკივილის/ტანჯვის თეთრი ხელები“). მეფედ კურთხევის წინ, ყმაწვილი უარს ამბობს ოქროქსოვილის მანტიის მოსხმაზე, რანდან იგი ტანჯვის თეთრი ხელებით არის მოქსოვილი სევდის დაზგაზე. ცისკრის ვარსკვლავზე უფრო თეთრია მარგალიტი, რომლის ზღვიდან ამოტანასაც მყვინთავი მონის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ვინაიდან ამ მარგალიტის „გულში სიკვდილს დაუსადგურებია“, მომავალი მეფე არ დათანხმდება მისით შემკული კვერთხის ტარებაზე. უამრავი სიცოცხლე ეწირება მეფის გვირგვინისათვის ლალების მოპოვებასაც, ამიტომ მეფედ კურთხევის წინ ყმაწვილი არც მათ მიიღებს, რადგან „ლალის გულში სისხლი კიაფობს“ [უაილდი, 1960:118]. ამრიგად, ახალგაზრდა მეფე ძვირფას მანტიას მწყემსობისდროინდელ ცხვრის ქურქს ამჯობინებს, მარგალიტით შემკულ კვერთხს - მწყემსის კომბალს, ხოლო გვირგვინად მორკალულ ასკილის ტოტს გამოიყენებს. მოცემულ ზღაპარს მეტად ამაღლებული დასასრული აქვს: მწყემსურად გამოწყობილ ჭაბუკს, რომელსაც აბუჩად იგდებენ და მოკვლასაც კი უპირებენ, ქრისტეს ხატის წინაშე ლოცვისას ეკლესიის სარკმლიდან თავზე მზის შუქი გადმოეღვრება და მხრებზე მოსასხამად დაეფინება, გამხმარი კომბალი აყვავდება და მარგალიტზე თეთრ ვერცხლისღეროიან შროშანებს მოისხამს, ხოლო ასკილის დამჭკნარი შტო - ლალზე უფრო წითელ, ოქროსფოთლიან ვარდებს. აქ ოქროსფერი, თეთრი და წითელი უკვე სრულიად განსხვავებული ელფერის მატარებლებად წარმოგვიდგება. სხვათა შორის, აღსანიშნავია ალუზია შუა საუკუნეების რაინდ ტანჰოიზერზე, რომლის ღვთისაგან შეწყალების ნიშნად რომის პაპის გამხმარმა კვერთხმა ყვავილები გამოისხა. „ახალგაზრდა მეფე“ არ არის ერთადერთი ზღაპარი, სადაც მსგავსი ალუზია გვხვდება. ზღაპარში “The Fisherman and His Soul” („მებადური და მისი სული“) განკიცხულთა ველზე დამარხული ეკლესიისაგან შერისხული მებადურისა და მისი სატრფო ქალთევზას საფლავებზე უმშვენიერესი, საოცრად სურნელოვანი ყვავილები ამოდის. ეს ზღაპარი საგულისხმოა თეთრ ფერთან დაკავშირებული მხატვრული შედარებებისა და მეტაფორების თვალსაზრისითაც. გავიხსენოთ შემდეგი ადგილი, სადაც თეთრი შავთან ერთად სასოწარკვეთას და გლოვას გამოხატავს: “The black sea came nearer, and the white foam moned like a leper. With white claws of foam the sea grabbed at the shore.” [Wilde, 1979:174] („კუპრივით შავი ზღვა ახლოს მოგორდა და კეთროვანივით მოსთქვამდა თეთრი ქაფი. ქაფის თეთრი კლანჭებით ჩასჭიდებოდა ზღვა ნაპირს“ [უაილდი, 1960:219]. ან კიდევ: “And the black waves came hurrying to the shore, bearing with them a burden that was whiter than silver. White as the surf it was, and like a flower it tossed on the waves.” [Wilde, 1979:173] („ნაპირისკენ შავი ტალღები მოგორავდნენ, თან რაღაც ტვირთი მოჰქონდათ. ვერცხლზე უფრო თეთრი, ქაფივით თეთრი იყო იგი და ტალღებზე ტივტივებდა, როგორც ყვავილი“.) [უაილდი, 1960:218]. ულამაზესი ხატია, სიწმინდის, მშვენიერების და მწუხრების გამომხატველი. აქ დასაშვებად მიგვაჩნია მოკლედ შევეხოთ ტანჰოიზერზე ალუზიისა და თეთრი ფერის სიმბოლიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაწარმოებს, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ ჟანრს არ მიეკუთვნება. ეს გახლავთ ოსკარ უაილდის პოემა “The Ballad of Reading Gaol” Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 125 („რედინგის ციხის ბალადა“), სადაც ავტორი პროტესტს გამოთქვამს ერთ-ერთი ტუსაღის სიკვდილით დასჯის გამო და სჯერა, რომ უფალი მას შეიწყალებდა ისევე, როგორც პილგრიმი რაინდი შეიწყალა. ლეგენდის თანახმად, რომის პაპის კვერთხი, რომელზეც პაპს ნათქვამი ჰქონდა, რომ როგორც ის არ აყვავდებოდა, ისევე არ მიეტევებოდა ტანჰოიზერს ცოდვები, აყვავდა. უაილდის ბალადაში ნათქვამია, რომ სიკდილით დასჯილი გვარდიელის საფლავზე წითელი და თეთრი ვარდები ამოვიდოდა: It is not true! God's kindly earth Is kindlier than men know, And the red rose would but glow more red, The white rose whiter blow. Out of his mouth a red, red rose! Out of his heart a white! For who can say by what strange way, Christ brings His will to light, Since the barren staff the pilgrim bore Bloomed in the great Pope's sight? [უაილდი, 2017:43-44] მათ არ იციან, რომ მიწაზე მადლი უფლისა ამოხეთქავდა ორ ტურფა ვარდად: თვალს მოგვტაცებდა სიკაშკაშით ერთის ალმური, ხოლო მეორის – ფერი ქათქათა. ვარდი წითელი ბაგეთაგან, და ვარდი თეთრი – გულიდან კაცის, ვინც აქ წევს მარად. ვინ გამოიცნობს, რა გზით გვამცნობს თვის ნებას ღმერთი, რა უცნაურად და იდუმალად, როცა პილიგრიმს მიეტევა, ხმელ კვერთხზე პაპის განა ყვავილი არ გაიშალა? [უაილდი, 2017:45-46] რადგან წითელი და თეთრი ვარდი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ზღაპარი “Nightingale and the Rose” („ბულბული და ვარდი“), სადაც უაილდი წითელი და თეთრი ფერების ურთიერთშეპირისპირებით ძლიერ მხატვრულ ეფექტს ქმნის. წითელი ფერი ვნების, მსხვერპლშეწირვის, მგზნებარე სიყვარულის სიმბოლოა, „რომელსაც სიკვდილი სრულყოფას ანიჭებს, ...რომელიც საფლავში არ ჰპოვებს ბოლოს“ [უაილდი, 1960:41], მაშინ როდესაც თეთრი ვარდი პირველ უმანკო სიყვარულს განასახიერებს, ყმაწვილისა და გოგონას გულში რომ იბადება. ზოგადად, ეს ზღაპარი გვთავაზობს კონტრასტს გრძნობასა და გონებას, ჭეშმარიტ სიყვარულსა და ფარისევლობას, თავგანწირვასა და უმადურობას შორის. მასში ბულბულის გზნება უფრო მკაფიოდ წარმოჩინდება ცივი მთვარის ფონზე: “All night long she sang, with her breast against the thorn, and the cold crystal Moon leaned down and listened.” [Wilde, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 126 1979:44] („მთელი ღამე გალობდა ბულბული ეკალზე მკერდმიბჯენილი და ბროლივით ცივი მთვარე თავდახრილი უსმენდა მას“.) [უაილდი, 1960:41]. შემდეგ ნახსენებია „თეთრი მთვარე“, რომელიც თუმცა გულცივია, მაგრამ ბულბული იმდენად ტკბილად გალობს, რომ ისიც კი შეყოვნდება ცაში და განთიადის მოახლოება დაავიწყდება. მთვარის სითეთრესა და სიცივესთან კონტრასტს ჰქმნის წითელი ვარდი, რომელმაც „აღტყინებისაგან ათრთოლებულმა დილის ნიავს გული გადაუშალა“ [უაილდი, 1960:43] (დედანში ასე ჟღერს : “..it trembled all over with ecstasy, and opened its petals to the cold morning air”) [Wilde, 1979:45]. აღსანიშნავია, თუ რა ოსტატობით აღწერს მწერალი თეთრსა და წითელ ფერებს მხატვრული შედარების მეშვეობით. ასეთი შედარებისას უაილდი პარალელიზმს მიმართავს და ერთი შეხედვით არც ისე ორიგინალური ხატების გამოყენებით საოცარ ესთეტიკურ ეფექტს აღწევს: “My roses are white,” …”as white as the foam of the sea, and whiter than the snow upon the mountain.” [Wilde, 1979:41] („მე თეთრი ვარდები მაქვს“,... „თეთრი, როგორც ზღვის ქაფი და უფრო თეთრი, ვიდრე მთის თოვლი“ [უაილდი, 1960:37]. “My roses are red,” .. “as red as the feet of the dove, and redder than the great fans of coral that wave in the ocean-cavern.” [Wilde, 1979:42] („მე წითელი ვარდები მაქვს!“... „წითელი, როგორც მტრედის ტერფი და უფრო წითელი, ვიდრე მარჯნის მარაოები, ერთთავად რომ ირხევიან ზღვის წიაღში“ [უაილდი, 1960:38]. თეთრი და წითელი ფერებით თამაშობს უაილდი ზღაპარში “The Remarkable Rocket” („ღირსშესანიშნავი შუშხუნა”). ამ ზღაპარში რუსეთიდან ჩამოსულ პრინცესას, რომელზეც მეფის ვაჟი ქორწინდება, ყარყუმის თეთრი ბეწვის მოსასხამი აქვს წამოსხმული და თავზე ვერცხლისფერი ქსოვილის პატარა ქუდი ახურავს. ქალი ისეთი ფერმკრთალია, როგორც თოვლის სასახლე, სადაც იგი იქამდე ცხოვრობდა და მისი სინაზით მოხიბლული ხალხი მას თეთრ ვარდს ადარებს და აივნებიდან ყვავილებს ესვრის. უფლისწულის კომპლიმენტის მოსმენაზე პრინცესას ლოყები შეეფაკლება და ამის შემხედვარე პატარა პაჟი გვერდით მდგომს გადაულაპარაკებს, რომ მეფის ასული იქამდე თეთრი ვარდი იყო, ახლა კი წითელ ვარდს დაემსგავსა. ამ მახვილგონივრულ შედარებას მთელი სამეფო კარი აიტაცებს და მომდევნო სამი დღის განმავლობაში ყველას პირზე „თეთრი ვარდი“ და „წითელი ვარდი“ აკერია. როგორც „ბულბულსა და ვარდში“, თეთრი ფერი აქაც უმანკოების, სინატიფის, ქალწულებრივი სინაზის სიმბოლოდ გვევლინება. შემთხვევითი არ არის არც ის, რომ ზღაპარში “The Birthday of Infanta” („ინფანტას დაბადების დღე“) ნორჩი ინფანტა ჯუჯას სწორედ თეთრ ვარდს ჩუქნის. აქვე გასათვალისწინებელია ვარდის სიმბოლური დატვირთვაც, რადგან ოსკარ უაილდის როგორც მწერლის უდიდესი ოსტატობა და ესთეტიზმი გამორიცხავს იმას, რომ მის ნაწარმოებებში რომელიმე ელემენტი შემთხვევით იყოს გამოყენებული. ვარდი როგორც სიმბოლო ვარდი ნახსენებია ძველი აღთქმის წიგნების („ქებათა-ქება სოლომონისა“, „ესაია წინასწარმეტყველი“) ინგლისურ ვერსიაში: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 127 “I am the rose of Sharon, and the lily of the valleys.” [Song of Solomon 2:1, https://www.biblegateway.com/passage/?search=Song%20of%20Solomon%202%3A1&version=KJV] “The wilderness and the solitary place shall be glad for them; and the desert shall rejoice, and blossom as the rose.” [Isaiah 35:1-2, https://www.biblegateway.com/passage/?search=Isaiah%2035&version=NIV] ძველი ებრაული სიტყვა, რომელიც ინგლისურად გადმოტანილია როგორც „ვარდი“, გახლავთ “Chabatsteleth”. ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს: „წითელი“ და „ბოლქვი“. ვარდის არჩევა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ შარონის ველის ტერიტორიაზე ვარდი უხვად ხარობს, თანაც იგი ქრისტესთან ასოცირდება თავისი მეფურობის, გვირგვინესებური მოყვანილობის, მშვენიერებისა და სურნელის გამო. ესაიას წინასწარმეტყველება, რომ უდაბნო ვარდივით აყვავდება, ასევე ქრისტეზე მინიშნების შემცველია, რადგან ეს მხოლოდ ქრისტეს ძალუძს. მკვლევარები კიდევ ბევრ პარალელს ავლებენ ვარდსა და ქრისტეს შორის, რის გამოც ხსენებულ ყვავილს ქრისტეს სიმბოლოდ მიიჩნევენ [https://bibleversesforyou.com/bible-verses- about-flowers/]. საინტერესოა, რომ ძველი აღთქმნის ქართულ ვერსიაში სხვა ყვავილები ფიგურირებს: „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი“. [ქებათა-ქება სოლომონისა, თავი მეორე, https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-2.htm] „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება“. [ესაია წინასწარმეტყველი, თავი 35, https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-2.htm] უნდა აღინიშნოს, რომ საფუძველს მოკლებული არც ამგვარი ინტერპრეტაციაა, რადგან ვარდის მსგავსად გვირგვინოსანი, სილამაზით და სურნელით გამორჩეულია ნარგიზიც, რომელიც ასევე ხარობს სირიასა და პალესტინაში. ბიბლიური მცენარეა უმშვენიერესი შროშანიც. დავუბრუნდეთ ვარდს და მის სიმბოლურ მნიშვნელობებს: აი, რას წერს ვარდის შესახებ ნ. სულავა სტატიაში „ვარდის სახისმეტყველება ვეფხისტყაოსანში“: „სიმბოლოების ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში ვარდს ურთიერთსაპირისპირო მნიშვნელობის სიმბოლოდ განმარტავენ. იგი გამოხატავს სილამაზეს, სრულყოფილებას, სისრულეს, დიდებულებას, მომხიბვლელობას, მშვენიერებას, სიხარულს, სიყვარულს, კმაყოფილებას, დიდებას, ხოტბა-ქებას, ღვთაებრიობას, ჰაეროვნებას, სურნელებას, სიამაყეს, ლოცვას, სიბრძნეს, მედიტაციას, საიდუმლოს, იდუმალებას, https://www.kingjamesbibleonline.org/Song-of-Solomon-2-1/ https://www.biblegateway.com/passage/?search=Song%20of%20Solomon%202%3A1&version=KJV https://www.biblegateway.com/passage/?search=Isaiah+35%3A1-2&version=KJV Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 128 სიმშვიდეს, სიწყნარეს, უმწიკვლოებას, უმანკოებას, სიწმინდეს, მისწრაფებას, ვნებას, დაღვრილ სისხლს, წამებას, სიკვდილს, აღორძინებას, წარმავლობას, ცვალებადობას“ [https://www.facebook.com/1028455497192343/posts/1029218263782733/]. იმავე ნაშრომში ნათქვამია, რომ მხატვრულ აზროვნებაში ვარდი ძირითადად სატრფოს, მის გარეგნობას და განცდებს - სიმორცხვესა თუ თავმომწონეობას, ვნებას თუ მიუკარებლობას გამოხატავს. „მნიშვნელობა ენიჭება ვარდის ფერს, ფურცლებს და მისი რიგის რაოდენობას, ფორმას - კოკორია თუ გაშლილი; სიმბოლური მნიშვნელობისაა ოქროსა და ვერცხლის ვარდები“ [ibid.]. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ადრექრისტიანულ ლიტერატურაში ვარდი ამქვეყნიურ მშვენიერებასა და მიჯნურობასთან ასოცირდებოდა, ქრისტიანულ ლიტერატურაში იგი სიწმინდის, უმანკოების, ღვთაებრივი სიყვარულის, მაცხოვრის, ღვთისმშობლის სიმბოლოდ გვევლინება. წითელი ვარდი ქრისტეს ჯვარცმისას დაღვირლი სისხლის, წამებით ცოდვათაგან განწმენდის აღმნიშვნელად არის მიჩნეული. მეორე მხრივ, „აპოკრიფების მიხედვით, ვარდის სიწითლე აიხსნება ედემში მოსეირნე ევას მიერ ვარდის კოცნით, რის შედეგადაც ვარდი სიამოვნებისაგან აელვარდა და გაწითლდა“ [ibid.]. მონოგრაფიაში „გალაკტიონის Meri. პროტოტიპის ძიება“ ი. მერაბიშვილი საუბრობს იმ მნიშვნელობებზე, რომლითაც გალაკტიონი ვარდს იყენებს. ამ მნიშვნელობებიდან ყველაზე თვალსაჩინოა სამი: „პირველი, გახლავთ ვარდი, როგორც უმშვენიერესი ყვავილი. მეორე, არის ვარდი, როგორც მშვენიერების სიმბოლო. დაბოლოს, ვარდი, როგორც არტისტული შემოქმედების უმშვენიერესი ნაყოფი“ [მერაბიშვილი, 2012:125]. პირველი ორი მნიშვნელობა ისედაც ცხადია, საინტერესოა მესამე მნიშვნელობა, რომელიც წიგნის ავტორის აზრით დანარჩენ ორზე დომინირებს. ამის საილუსტრაციოდ ნაშრომში მოყვანილია არაერთი ციტატა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია გალაკტიონის ლექსი „ვარდები“, სადაც პოეტი სარა ბერნარის შემოქმედებასთან დაკავშირებით ამბობს: „ქალის თვალებში იშლება ვარდი“. აქ სიტყვა „ვარდი“ უნიჭიერესი მსახიობი ქალის შემოქმედების ნაყოფს განასახიერებს [მერაბიშვილი, 2012:126]. ი. მერაბიშვილი განიხილავს სხვა შემთვევებსაც, სადაც „ვარდები“ გმირულ ბრძოლასა და თავგანწირვას გამოხატავს, მაგ.: „ომში მინახავს ცეცხლის ვარდები“ [მერაბიშვილი, 2012:128]. განსაკუთრებით საყურადღებოა წიგნში მოცემული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება შემდეგ სტრიქონებში ნახსენებ „ვარდებში“: დემონს აშინებს ვარდების ძალა: ერთ უკვდავ წიგნზე მოსჩანს ფიალა და ამის გვერდით არტისტული ვარდით მორთული სდგას თავის ქალა. მეტად დამაჯერებლად ჟღერს ი. მერაბიშვილის მოსაზრება, რომ დემონს როგორც სატანურ საწყისს აშინებს ვარდი არა როგორც ხელოვმების მშვენიერი ნაწარმოები, არამედ როგორც ღვთისმშობლის სიმბოლო. „როგორც ცნობილია, საუკუნეების მანძილზე ვარდი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა და იგი ასოცირებულია ღვთისმშობელთან. ამიტომაც ფერწერაში ხშირად შეხვდებით მადონას, რომელიც ვარდით ხელშია გამოსახული, ან თავზე ვარდების გვირგვინი ადგას. ღვთისმშობლის გზით ვარდი ქრისტიანულ სიწმინდეს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 129 უკავშიდება“ [მერაბიშვილი, 2012:132]. ლექსში „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ პოეტი საკუთარი ცხოვრებს გზას ვარდს ადარებს, ვარდს, რომელიც რწმენას, შემოქმედებასა და ღვთისმშობლის სიწმინდეს ერთდროულად განასახიერებს: როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. [მერაბიშვილი, 2012:133]. ვარდები ოსკარ უაილდთან: ვიქტორიანულ ეპოქაში მიღებული იყო სხვადსხვა ყვავილებისთვის კონკრეტული მნიშვნელობების მიკუთვნება და გრძნობების „ყვავილების ენაზე“ გამოხატვა. ამიტომაც ბევრი მეცნიერი ოსკარ უაილდის რომანში “The Picture of Dorian Grey” („დორიან გრეის პორტრეტი“) ნახსენები თითოეული ყვავილის სიმბოლურ დატვირთვაზე საუბრობს. გავრცელებული შეხედულებით, ამ ნაწარმოებში ვარდი, უპირველეს ყოვლისა, სიყვარლის, ვნების, სურვილის სიმბოლოა. ლორდ ჰენრი არაერთხელ ახსენებს ვარდებს დორიან გრეისთან მიმართებაში. ლორდ ჰენრი ჭაბუკს სპილოს ძვლისა და ვარდის ფურცლებისაგან შექმნილ ყმაწვილ ადონისს ადარებს, სადაც სპილოს ძვალს სიწმინდის, დახვეწილობის, ვარდის ფურცლებს კი სიყვარულის უნარის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ვარდების სურნელით არის გაჟღნთილი ბეზილ ჰოლოურდის სტუდია. ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვარდების მკვეთრ სურნელში სამი მამაკაცის სურვილი იგულისხმება: ლორდ ჰენრის სურვილი დორიანით მანიპულირებისა, დორიანის სურვილი ახალგაზრდობისა და სილამაზის მარად შენარჩუნებისა და ბეზილ ჰოლუორდის სურვილი დორიანისგან საპასუხო სიყვარულის მიღებისა.[https://chlodesign.medium.com/what-do-the-flowers-symbolize-in-the-novel-the- picture-of-dorian-gary- d5e5d1e804c0#:~:text=A%20rose%20is%20a%20symbol,Henry%20most%20of%20the%20time]. დორიანთან საუბრისას ლორდ ჰენრის მიერ გამოყენებული მეტაფორებიდან - “your rose-red youth and your rose-white boyhood”, “red and white roses of the painting, his rose-red lips” („თქვენი წითელი ვარდის მსგავსი სიჭაბუკე და თეთრი ვარდის მსგავსი ბიჭობა“, „პორტრეტის თეთრი და წითელი ვარდები“, „მისი ვარდივით წითელი ტუჩები“, ლ.ე.) - აშკარად ჩანს, რომ თეთრი ვარდები უმანკოებას, წითელი ვარდები კი სიყვარულსა და ვნებას უნდა ნიშნავდეს. Time is jealous of you, and wars against your lilies and your roses,” („დროს თქვენი შურს, იგი ებრძვის თქვენს ვარდებს და შროშანებს“, ლ.ე.) - აფრთხილებას ლორდ ჰენრი დორიანს. აქაც, თეთრი შროშანები სიწმინდის სიმბოლოა, ვარდები კი - სიყვარულისა და სილამაზის. [https://multoghost.wordpress.com/2018/02/16/the-flowers-of-dorian-gray-part-one/]. გვინდა პარალელი გავავლოთ ზღაპართან "The Nightingale and the Rose" („ბულბული და ვარდი“), სადაც თეთრი ვარდი უმანკო, წითელი ვარდი კი ვნებიანი, მგზნებარე სიყვარულის გამომხატველია. თუმცა, ამ ზღაპარში ვარდი არაერთმნიშვნელოვან სიმბოლოდ გვევლინება. https://www.coursehero.com/lit/The-Nightingale-and-the-Rose/character-analysis/#Nightingale Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 130 უპირველეს ყოვლისა, იგი წარმოადგენს ხელოვნებას, რადგან ბულბულის მშვენიერი სიმღერისა და თავგანწირვის ნაყოფია. ბულბული როგორც ხელოვანი საკუთარი სიმღერით ამოიყვანს მას და საკუთარი გულის სისხლით შეღებავს წითლად, ვარდი არის ხელოვნება, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს ჭეშმარიტი ხელოვანისგან და ისიც სიცოცხლეს დაუფიქრებლად სწირავს, თუმცა დაუფასებელი რჩება. აქ იხატება თავად უაილდის პიროვნება, რომელიც ხელოვნებას ყველაფერზე მაღლა აყენებდა და სწორედ ხელოვნებასა და სილამაზეში ეძიებდა თავშესაფარს რეალური სამყაროს ფარისევლობისა და ვერცხლისმოყვარეობისაგან. მეტად საგულისხმოა ის შემთხვევები, როდესაც უაილდი ვარდებს და ზოგადად ყვავილებს ცოდვებისაგან განწმენდისა და ღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლოდ იყენებს. გარდაცვლილი თავკერძა გოლიათის ცხედარს საკუთარ ბაღში თეთრი ყვავილებით დაფარულს პოულობენ მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭი, ქრიტეს რომ განასხიერებს, მას გამოეცხადება და სამოთხეში წაიყვანს; ზღაპარში “The Fisherman and his Soul” სიყვარულისათვის დაღუპული პატარა ქალთევზა ტალღებზე ტივტივებს როგორც ვერცხლზე უფრო თეთრი, ქაფივით თეთრი ყვავილი; თეთრი და წითელი ვარდები ერთად გვხვდება ზღაპარში “The Young King,” რომლის მთავარი გმირი ჭეშმარიტებას ეზიარება და სულიერად ამაღლებული უფლისაგან კურთხევას მიიღებს. ოსკარ უაილდი იზარებს ქრისტიანულ ლიტერატურაში დამკვიდრებულ სიმბოლიკას, რომლის მიხედვითაც წითელი ვარდი წამებას, ჯვარცმას, ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს განასახიერებს, თეთრი ვარდს კი ამ გზით განწმენდის, მიტევების სიმბოლოდ წარმოგვიდგენს. ცოდვის სინანულით, სისხლით გამოსყიდვის თემა ყველაზე მეტად არის წინ წამოწეული პოემაში “The Ballad of Reading Gaol,” მწერლის უკანასკნელ მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც ციხეში, უკვე სულიერად განადგურებულმა შექმნა: For only blood can wipe out blood, And only tears can heal: And the crimson stain that was of Cain Became Christ's snow-white seal. [უაილდი, 2017:54] მხოლოდ სისხლს ძალუძს ჩამორეცხოს სისხლი მოყვასის, და ცრემლებს ცხარეს, დადენილს ღვარად: შემდეგ, ღვთის მადლით, ალისფერი ლაქა კაენის გამოქათქათდა კვლავ თოვლის დარად. [უაილდი, 2017:55] ამ პოემაში არაერთხელ არის ნახსენები წითელი და თეთრი ვარდები აღნიშნულ კონტექსტში: But neither milk-white rose nor red Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 131 May bloom in prison air; [უაილდი, 2017:46] მაგრამ ვერც რძისფერ, ვერც მეწამულ ვარდს აქ ვერ ნახავთ, ციხის კედლებში ვარდი არ ხარობს; [უაილდი, 2017:47] So never will wine-red rose or white, Petal by petal, fall [უაილდი, 2017:46] ასეთ ადგილას არასოდეს ვარდის ფურცლები თეთრად, ღვინისფრად არ დაიბნევა, [უაილდი, 2017:47] მიკრო და მაკროკონტექსტიდან ნათლად ჩანს, თუ რას გულისხმობს ავტორი თეთრსა და წითელ ვარდებში: ეს არის სულიერი განწმენდა და მიტევება, ქრისტესმიერი სიყვარული, რომლის ადგილიც ციხის კედლებში არ არის. დასკვნა სტატიაში განვიხილეთ ფერების, განსაკუთრებით თეთრი და წითელი ფერების სიმბოლური დატვირთვა ოსკარ უაილდის ზღაპრებში. იმაზე დაკვირვებისას, თუ როგორ იყენებს მწერალი ხსენებულ ფერებს, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც ერთმანეთის გვერდიგვერდ გვხვდება წითელი და თეთრი ვარდების ხატები. სხვადასხვა წყაროებიდან შევისწავლეთ ვარდის სიმბოლიკა რელიგიასა თუ ლიტერატურაში და ასევე უაილდის შემოქმედებაში. მეტი თვალსაჩინოებისათვის კვლევის სფერო ცოტათი გავაფართოვეთ, გავცდით ზღაპრებს და პარალელები გავავლეთ მწერლის სხვა ნაწარმოებებთანაც, კერძოდ, მოვიშველიეთ რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“ და პოემა „რედიგის ციხის ბალადა“. ამგვარი კვლევისა და დაკვირვების საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ თეთრი და წითელი ფერებისა და ვარდის სიმბოლურ მნიშვნელობათაგან უაილდთან გვხვდება სიწმინდის, უმანკო სიყვარულის, სიქალწულის, ვნებიანი, მგზნებარე სიყვარულის, ხელოვნების, ასევე ცოდვის სისხლით გამოსყიდვისა და ღვთიური სიყვარულის, მიტევების მნიშვნელობები. თეთრი ვარდი პირველ, უმანკო გატაცებას აღნიშნავს, წითელი ვარდი კი მგზნებარე, თავგანწირულ სიყვარულს. მეორე მხრივ, ვარდი როგორც სიმბოლო ხელოვნებას, შემოქმედებას განასახიერებს, რომელსაც ავტორი ისევე უძღვნის საკუთარ სიცოცხლეს, როგორც ბულბული - წითელი ვარდის შექმნას. იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელობა - უაილდი იზიარებს რელიგიაში დამკვიდრებულ სიმბოლიკას, რომლის მიხედვითაც წითელი ვარდი ქრისტეს ჯვარცმისას დაღვრილ სისხლზე, ცოდვების სისხლით გამოსყიდვაზე მიგვანიშნებს. შესაბამისად, თეთრ ვარდს იგი სულიერად განწმენდის სიმბოლოდ იყენებს. იხატება თავად ოსკარ უაილდის პორტრეტი, შემოქმედისა, რომელიც ხელოვნების დანიშნულებას მშვენიერების შექმნაში, სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში ხედავდა და მთელი არსებით ასეთ ხელოვნებას ემსახურებოდა. უნიჭიერესი პარადოქსების ავტორი თავად გახლდათ პარადოქსული პიროვნება - ერთდროულად ამორალური და ღვთისნიერი, მიწიერი, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 132 ცოდვიანი სიყვარულისთვის დასჯილი, სინანულით, უფლის სიყვარულით გამსჭვალული ხელოვანი, რომლის რთული პიროვნება და ცხოვრებაც მის გენიალურ შემოქმედებაში აისახა. გამოყენებული ლიტერატურა:  გაჩეჩილაძე გ., „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“, „განათლება“, თბილისი, 1959.  კიკნაძე ზ., „ქართული ფოლკლორი“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2007.  მერაბიშვილი ი., „გალაკტიონის Meri. პროტოტიპის ძიება“, თბ., 2012  ორბელიანი სულხან-საბა, „ლექსიკონი ქართული“, „მერანი“, თბილისი, 1991.  უაილდი ო., „ბროწეულის სახლი“, თარგმნეს ინგლისურიდან ქეთევან კანდელაკმა და ნათელა ჩიგოგიძემ. საბჭოთა მწერალი, თბილისი 1960.  უაილდი ო., „რედინგის ციხის ბალადა“, ინგლისურიდან თარგმნა ლელა ებრალიძემ. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017.  ფანჯიკიძე დ., „თარგმანის თეორია და პრაქტიკა“, „განათლება“, თბილისი, 1988.  ჭილაია რ., „ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები“, თბილისი, 1984.  Wilde, O., Fairy Tales by Oscar Wilde, Moscow, Progress Publishers 1979.  სულავა ნ., ვარდის სახისმეტყველება „ვეფხისტყაოსანში“ https://www.facebook.com/1028455497192343/posts/1029218263782733/  [https://medium.com/@Render__Forest/psychology-of-colors-b5c9fe5ffd3b]  [Song of Solomon 2:1, https://www.biblegateway.com/passage/?search=Song%20of%20Solomon%202%3A1&version=KJ V]  [Isaiah 35:1-2, https://www.biblegateway.com/passage/?search=Isaiah%2035&version=NIV]  [https://bibleversesforyou.com/bible-verses-about-flowers/].  [ქებათა-ქება სოლომონისა, თავი მეორე, https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-2.htm]  [ესაია წინასწარმეტყველი, თავი 35, https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-2.htm]  [https://chlodesign.medium.com/what-do-the-flowers-symbolize-in-the-novel-the-picture-of- dorian-gary- d5e5d1e804c0#:~:text=A%20rose%20is%20a%20symbol,Henry%20most%20of%20the%20time].  [https://multoghost.wordpress.com/2018/02/16/the-flowers-of-dorian-gray-part-one/] https://www.facebook.com/1028455497192343/posts/1029218263782733/ https://www.kingjamesbibleonline.org/Song-of-Solomon-2-1/ https://www.biblegateway.com/passage/?search=Song%20of%20Solomon%202%3A1&version=KJV https://www.biblegateway.com/passage/?search=Song%20of%20Solomon%202%3A1&version=KJV https://www.biblegateway.com/passage/?search=Isaiah+35%3A1-2&version=KJV https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-2.htm Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 133 Symbolism of white and red roses in Oscar Wilde's fairy tales Lela Ebralidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University Assistant Professor, Doctor of Philology https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Abstract The present article deals with the symbolic meaning of white and red colors, particularly white and red roses in Oscar Wilde’s fairy tales. Analysis of the examples illustrating the associations connected with the mentioned colors, revealed many cases where white and red roses were presented together. Respectively, we got familiar with the studies concerning the symbolism of white and red colors as well as the generally recognized symbolic meanings of the rose. In this light, we identified the connotative meanings of white and red colors and white and red roses in Oscar Wilde’s works. The research enabled us to discover a number of meanings like innocent love, passionate love, atonement for sins and purification, as well as art. All that reflects the personality and life of Wilde himself and provides us with some insight into the paradoxical nature of the great author. Key words: Oscar Wilde’s fairy tales, white and red colors, symbolic meaning of a rose, connotative meanings https://orcid.org/0000-0003-0802-4085