Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 310 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 5, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.34 ინგლისურენოვან მხატვრულ ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნასთან დაკავშირებული სირთულეები ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი წინადებარე სტატია ეძღვნება ინგლისურენოვან მხატვრულ ნაწარმოებთა სათაურების ქართულ ენაზე გადმოტანის პრობლემას. მასში მიმოხილულია სათაურის მნიშვნელობა და ფუნქციები, მისი თარგმნის სხვადასხვა მეთოდები, თარგმანში სათაურის დამახინჯების შემთხვევები და სათაურის თარგმანთან დაკავშირებული სირთულეები. ამა თუ იმ მეთოდის, მიდგომისა თუ პრობლემის საილუსტრაციოდ მრავლად არის მოხმობილი მაგალითები მხატვრულ ლიტერატურის თარგმანებიდან. განსაზღვრულია მიზეზები, რომლებიც ყველაზე მეტ სიძნელეს წარმოშობს სათურების თარგმნისას და უზუსტობისა თუ დანაკარგის გამომწვევად გვევლინება. ასეთი მიზეზია, უპირველეს ყოვლისა, არასწორი, სუბიექტური ინტერპრეტაცია, ასევე სამიზნე ენის სპეციფიკის, პოლისემიისა და კონტექსტის გაუთვალისწინებლობა, როდესაც მთარგმნელი აზრს იმდენად არ ამახინჯებს, მაგრამ ვერ ახერხებს სამიზნე ენაზე სათანადო შესატყვისების მოძიებას, ისეთი ეკვივალეტების პოვნას, რომლებიც ბუნებრივი და გასაგები იქნება თარგმანის მკითხველისათვის. განხილული მაგალითებიდან ირკვევა, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება თარგმანში ალიტერაციის შენარჩუნება, ხოლო სიტყვების თამაშის გადმოტანა ფაქტობრივად შეუძლებელია. საკვანძო სიტყვები: სათაურების თარგმანი, ინტერპრეტაცია, პოლისემია, კონტექსტი, ალიტერაცია, სიტყვების თამაში შესავალი როგორც ცნობილია, სათაური ნაწარმების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. სწორედ მისი მეშვეობით ხდება ნაწარმოების იდენტიფიკაცია, იგი გვიქმნის წარმოდგენას და https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 311 მოლოდინს იმაზე, თუ რას შეეხება ტექსტი, გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას და ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს მისი ქმნილებისადმი. გასაკვირი არ არის, რომ სათურის შესწავლას არაერთმა გამოჩენილმა მეცნიერმა მიუძღვნა საგულისხმო ნაშრომები. ასეთ ავტორებს შორისაა სათაურის ანალიზის ფუძემდებელი (ნაშრომის „სათაურის პოეტიკა“ ავტორი) ს. კრჟიჟანოვსკი, ასევე ი. გალპერინი, ი. ლოტმანი, ი. არნოლდი, ჰ. ლევინი, ქართველი მეცნიერები, ლ. ჯოხაძე, ნ. მარტაშვილი და სხვები. ჩვენთვის საინტერესო გამოდგა ქართველი მეცნიერის, მ. გაბადაძის სადისერტაციო ნაშრომი „მხატვრული ტექსტის სათაური როგორც ენობრივ–კულტურული ფენომენი და მისი ტიპოლოგიური დინამიკა ინგლისური პროზის კონტექსტში“, სადაც ამომწურავად არის შესწავლილი სათაური როგორც ფენომენი და მასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა სათაურის ინტერპრეტაცია, მისი ფუნქციები და ტიპოლოგია. მ. გაბადაძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ „სათაურს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მხატვრული ტექსტის აღქმის პროცესში. მას ტექსტთან გარკვეული აზრობრივი, შინაგანი კავშირი გააჩნია, რომელიც უზრუნველყოფს ნაწარმოების ქვეტექსტის, მთავარი იდეის სწორად გაგებას. სათაური არის მკითხველის ერთგვარი გზამკვლევი მხატვრული ნაწარმოების კითხვის პროცესში. სათაური მხატვრული ტექსტის შინაარსის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს“... „სათაურში ჩატეულია მთელი მხატვრული სამყარო, ავტორის გზავნილი და ნაწარმოების დედააზრი, რომლის გაშიფვრაც იწყება იმ წუთიდან, როდესაც მკითხველი ეცნობა სათაურს და მიმდინარეობს უწყვეტად მთელი კითხვის პროცესში“. იგი ასევე დასძენს, რომ „სწორედ სათაური არის ტექსტის ის ნაწილი, რომელიც უპირველესად იქცევს მკითხველის ყურადღებას და არწმუნებს მას ნაწარმოების წაკითხვის აუცილებლობაში“ [გაბადაძე, 2015. https://atsu.edu.ge/images/pdf/disertaciebi/disertacia _gabadadze.pdf]. საყურადღებოა აღნიშნულ ნაშრომში მოცემული მხატვრული სათაურების კლასიფიკაცია მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ეს ფუნქციებია: 1. ნომინაციური, რომელიც ტექსტის იდენტიფიკაციაში გვეხმარება; 2. ინფორმატული ბირთვის, ანუ ნაწარმოების შინაარსზე და მის ძირითად კონცეპტზე ინფორმაციის შემცველი ფუნქცია; 3. ავტორის მხატვრული აზროვნების და ესთეტურ-კომუნიკაციური სტრატეგიის გამოხატვის ფინქცია, როდესაც ავტორი ცდილობს აზრი რაც შეიძლება შთამბეჭდავად გამოხატოს; 4. რეპრეზენტაციული ფუნქცია, როდესაც სათაური გვვლინება ტექსტის წარმომადგენლად და მკითხველის ნაწარმოებთან დამაკავშირებლად; 5. ტექსტის წარმომქმნელი, ანუ ტექსტის კოჰეზია–კოჰერენტულობის რეალიზაციის ფუნქცია; 6. მაპროგნოზირებელი ფუნქცია, როდესაც სათაური მკითხველს ეხმარება წინასწარ განსაზღვროს თუ რა შინაარსის იქნება ნაწარმოები და როგორ განვითარდება სიუჟეტი; 7. განმაცალკევებელი ფუნქცია, ანუ ტექსტის გამიჯვნა მის გარშემო არსებული სივრცისაგან; 8. სარეკლამო ფუნქცია, რომელიც მკითხველის მოზიდვას გულისხმობს; 9. ექსპრესიულ–აპელატიური ფუნქცია, რომლის არსიც მკითხველზე ემოციური ზემოქმედების მოხდენაში მდგომარეობს; 10. „ტექსტის ინტერპრეტაციის „გასაღების“ ფუნქცია, რაც დაკავშირებულია სათაურის სპეციფიურ სემანტიკურ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 312 პოტენციალთან საკუთარ თავში მოიცვას მთლიანი ტექსტის აზრობრივი ბირთვი საკვანძო სიტყვის ან სიტყვათა ერთობლიობის გამოყენებით“ [გაბადაძე, 2015]. და 11. მკითხველის აღქმის მაორგანიზებელი ფუნქცია, ანუ ნაწარმოების კითხვის პროცესში მკითხველის ყურადღების წარმართვის როლი. აქვე ჩამოვთვლით იმ ექვს ფუნქციასაც, რომლებიც ქრისტიან ნორდმა იაკონბსონის მიერ განსაზღვრული კომუნიკაციის ფუნქციების საფუძველზე შეიმუშავა და რომელთაც სათაურის თარგმანი უნდა აკმაყოფილებდეს. ეს ფუნაქციებია: 1. დისტინქციური ანუ განმასხვავებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ თარგმნილი სათაური უნიკალური უნდა იყოს და იძლეოდეს ნაწარმოების უშეცდომოდ იდენტიფიკაციის საშუალებას; 2. ფატიკური, რაც კონკრეტული კულტურის მატარებელი მკითხველის ყურადღების მიპყრობას გულისხმობს, რისთვისაც მას სათაური მაქსიმალურად გასაგებად უნდა მიეწოდოს (მაგალითად, სამიზნე მკითხველისთვის უცხო იდიომა შეიძლება ჩანაცვლდეს მისთვის გასაგებით); 3. მეტატექსტური, ანუ წყარო კულტურაში არსებულ ჟანრობრივ თავისებურებებს უნდა ითვალისწინებდეს, 4. დესკრიფციული ანუ რეფერენციული, ანუ თარგმნილი სათაური გასაგები უნდა იყოს (არ უნდა დაიკარგოს კონოტატიური მნიშვნელობა) კონკრეტული კულტურით განპირობებული მსოფლმხედველობის მქონე მკითხველისათვის; 5. ექსპრესიული, ანუ იმავე ემოციებს უნდა იწვევდეს უცხო კულტურის მკითხველშიც; 6. აპელატიური ანუ ოპერატიული, რაც გულისხმობს განსხვავებული კულტურის და ამ კულტურიდან გამომდინარე მოლოდინის მქონე მკითხველის დაინტერესებას და მიზიდვას [Bobadilla-Pérez,2007.http://academica- e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance. pdf?sequence=1&isAllowed=y] მხატვრული სათაურის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა და მისი თარგმანის მიმართ არსებული მოთხოვნების გაცნობა ნათლად წარმოგვიჩენს, რომ ნაწარმოების სათაურის თარგმნა უმნიშვნელოვანესი ნაწილია იმ რთული და საპასუხისმგებლო საქმისა, მხატვრული ტექსტის მთარგმნელი რომ ეჭიდება. სათაურის თარგმნის სხვადასხვა მეთოდები ნინო ქავთარაძის სტატიაში „მხატვრულ-ლიტერატურული ტექტების სათაურების თარგმნის სირთულები“ ვკითხულობთ: „მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტების სათაურების თარგმანი ურთულესი შემოქმედებითი პროცესია, რადგან ერთი მხრივ, იგი თავად ავტორის იდეებს, შეხედულებებს წარმოაჩენს, მეორე მხრივ – მთარგმნელისას. ხშირად, სათაური თარგმანის პროცესის დასრულების შემდეგ შეირჩევა. სათაურში შეიძლება ნაწარმოების ძირითადი თემა, მთავარი ან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყოს მოხსენიებული; იგი მეტაფორული ხასიათის შეიძლება იყოს ან იუმორისტული. სათარგმნ ენაზე გადატანისას, ტექსტის და სათაურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთარგმნელი სათარგმნი ტექსტის სათაურის ერთგული რჩება ან სათაურის ნაწილობრივ, ხან კი სრულად შეცვლა უწევს“. [ქავთარაძე, 2021. https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/581]. http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.%20pdf?sequence=1&isAllowed=y http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.%20pdf?sequence=1&isAllowed=y http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.%20pdf?sequence=1&isAllowed=y Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 313 თარგმანში სათაურის უცვლელად გადმოტანა გაცილებით ხშირია, ვიდრე მისი შეცვლა. ბუნებრივია, დედნის ერთგულების პრინციპი საუკეთესო გამოსავალია და როდესაც მთარგმნელი სათაურს ცვლის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არჩევანი ნაკარნახევია დედნის სათაურის განსხვავებული კონოტაციით სამიზნე ენაზე, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ლინგვისტური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ფაქტორებით [Martí, Zapter, 1993:81]. სათაურის შეცვლისას გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ადაპტაცია, ტრანსპოზიცია, ჩანაცვლება, ექსპლიკაცია, პერიფრაზი და ტრანსლიტერაცია [Darwish, Sayaheen, 2019]. მაიკლ დოილი სათაურის თარგმნის სამ მეთოდს გამოყოფს: 1. სიტყვასიტყვითს, 2. სიტყვასიტყვით თარგმანთან მიახლოებულ და 3. თავისუფალ თარგმანს [დოილი, 1989:41-46]. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვასიტყვითი თარგმანი, ზოგადად, პირობითი ცნებაა, ვინაიდან ორ ენას შორის ზუსტი ლინგვისტური შესაბამისობა გამორიცხულია ამ ენებს შორის არსებული ფონოლოგიური, სინტაქსური და ლექსიკური განსხვავებების გამო. ეგრეთ წოდებული სიტყვასიტყვითი თარგმანი გვაქვს იმ შემთხვევებში, როდესაც ნაწარმოების სათაური საკუთარი სახელია, მაგალითად ჯეინ ოსტინის „ემა“, დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“, შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეირი“. ზოგჯერ მთარგმნელი ინარჩუნებს უცხო სიტყვებსა და ფრაზებს, რადგან თვლის, რომ ასე უფრო ადვილად მიაღწევს დედნისეულ ეფექტს ან მათი სამიზნე ენაზე თარგმნით შეიცვლება კონოტაცია, ან ვერ მოხერხდება პოლისემიის შენარჩუნება. როდესაც ნაწარმოებს უცხო ენოვანი სათაური აქვს, მაშინ იგი პირდაპირ გადმოდის. მაქს ფრიშის Homo Faber გერმანულ ენაზეა დაწერილი, მაგრამ მისი ლათინური სათაური მთარგმნელმა დალი ფანჯიკიძემ უცვლელად შეინარჩუნა. მეორე კატეგორია ყველაზე გავრცელებულია − ამ მეთოდს ექვემდებარება მხატვრული სათაურების უმეტესობა, ანუ ის შემთხვევები, როდესაც სათაური ლინგვისტურად გამჭვირვალეა და შესაძლებელია მისი მეორე ენაზე ზუსტად, მინიმალური ცვლილებებით გადატანა. თუმცა ზოგჯერ, სამიზნე ენაზე ბუნებრივად აჟღერების აუცილებლობიდან თუ ამ ენის მატარებელთა კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასევე, სათაურის კონოტატიური მნიშვნელობის გადმოცემის, ალიტერაციის, სიტყვების თამაშის შენარჩუნების მიზნით მთარგმნელი მეტად თუ ნაკლებად ცვლის სათაურს. ზოგ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა დედნის მეტ ერთგულებადაც ჩაითვალოს, ვიდრე სამიზნე ენაზე სათაურის ზუსტად თარგმნა. ამით უნდა ავხსნათ თავისუფალი მიდგომა სათაურების თარგმნისადმი, მაგრამ, ასეთ დროს მთარგმნელს დიდი სიფრთხილე მართებს, რომ სუბიექტური ინტერპრეტაციის მიზეზით ავტორისეული აზრი არ დაამახინჯოს. მცირე ცვლილებებს ზოგჯერ სამიზნე ენის სპეციფიკა მოითხოვს. ცნობილია, რომ თარგმანის შეფასების კრიტერიუმთა შორის, დედნის ერთგულებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ იგი ბუნებრივად ჟღერდეს სამიზნე ენაზე და გასაგები იყოს მკითხველისათვის. შესაბამისად, მთარგმნელი ხშირად ხელმძღვანელობს პრინციპით − როგორ დაწერდა ამ ტექსტს სამიზნე ენის მატარებელი [House, 2013:6], რის გამოც საჭირო ხდება სათაურის ცოტათი შეცვლა, მაგალითად ისეთი სიტყვების დამატება, რაც დედანში არ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 314 გვხვდება. ჯონ სტეინბეკის ნაწარმოების სათაური “Of Mice and Men” სიტყვასიტყვით ნიშნავს „თაგვებზე და ადამიანებზე“. ეს სათაური მწერალს აღებული აქვს რობერტ ბერნსის ლექსიდან “To a Mouse”, სადაც ნათქვამია, რომ თაგვთა და კაცთა გეგმები ინგრევა და საბოლოოდ, მათ სიხარულის ნაცვლად ტკივილი ხვდებათ წილად. ქართველმა მთარგმნელმა ვეკა გეგეჭკორმა [სტეინბეკი, 2017] შემოგვთავაზა „ამბავი თაგვთა და კაცთა“, რაც ქართულად საკმაოდ შთამბეჭდავად ჟღერს და დედნის სულისკვეთებასაც ესადაგება, ასევე ინარჩუნებს დედნისეულ ალიტერაციას. აქვე გავიხსენებთ ჰარპერ ლის რომანს “To Kill a Mockingbird” („ჯაფარას მოკვლა“, ლ.ე.) და მის ქართულ თარგმანს − „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელიც ლელა დუმბაძეს ეკუთვნის [ლი, 2015]. ნამდვილად კარგი ვარიანტია, რადგან ნაწარმოების დედააზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის, ვინც არაფერს გიშავებს, არ უნდა გაიმეტო. ქართული სათაური ადეკვატურია ფრანგულისაგან განსხვავებით, რომელიც თარგმნილია როგორც „ნუ ესვრი ჯაფარას“ [https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels- strangely-translated-titles], რაც, ამგვარი კონკრეტიზაციით, ცვლის დედნისეულ კონოტაციას. სიტყვა აქვს დამატებული ქართულ სათაურს „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ [გრემი, 2016] − კენეტ გრემის საბავშვო წიგნის სათაურია “The Wind in the Willows”. გვინდა მოვიწონოთ მთარგმნელ ციცო ხოცუაშვილის ვერსია, რადგა „იგი უკეთ ჟღერს, ვიდრე „ქარი ტირიფებში“ (ლ.ე.) და, თანაც, ბგერა „შ“-ს გამეორებით გადმოტანილია დედნისეული ალიტერაცია. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს სელინჯერის რომანის “The Catcher in the Rye” თარგმანთან დაკავშირებით. პირველად იგი ვახტანგ ჭელიძემ, 1960-იან წლებში თარგმნა სათაურით „თამაში ჭვავის ყანაში“. მეორედ სელინჯერის ნაწარმოები ქართულად გია ჭუმბურიძემ გადათარგმნა სათაურით — „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“. ინტერპრეტაცია „კლდის პირზე“ მეტად ახლოს დგას რომანის პირველ რუსულ თარგმანთან (“Над пропастью во ржи”) რომელიც რიტა რაიტ-კოვალევამ საბჭოთა პერიოდში შეასრულა, როდესაც აქტუალური იყო იმის ხაზგასმა, რომ ამერიკულ რეალობაში ახალგაზრდები ხელის შეშველების და სწორ გზაზე დაყენების გარეშე ადვილად გადაიჩეხებოდნენ უფსკრულში. მას შემდეგ, ეს ნაწარმოები არაერთხელ სხვადასხვა სათაურებით ითარგმნა რუსულადაც. არის შემთხვევები, როდესაც თარგმანში ნაწარმოების სათაური, გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, განზრახ არის შეცვლილი. ეს ის შემთხვევებია, რომელთაც დოილი თვისუფალ თარგმანს უწოდებს. მაგალითად, თამარ დიასამიძემ და ვახტანგ ჭელიძემ არჩიეს კიპლინგის საბავშვო წიგნისათვის “The Jungle Book” („ჯუნგლების წიგნი“, ლ.ე.) „მაუგლი“ [კიპლინგი, 2020] დაერქმიათ. პაატა ჩხეიძის თარგმნილი მიკ ჰერონის „ხელმოცარულთა ბუნაგი“ [ჰერონი, 2022] დედანში დასათაურებულია როგორ “Slow Horses” ანუ „ჯაგლაგი ცხენები“. სავარაუდოდ, მთარგმნელის მიზანი იყო მკითხველისათვის რაც შეიძლება გასაგებად მიეწოდებინა ნაწარმოების სათაურში გატარებული აზრი. „სლაუ ჰაუზი“ (“Slough House”, ინგლისურად “slough” ჭაობსაც ნიშნავს და როგორც ზმნა, თვიდან მოშორებასაც. ლ.ე.) ის ადგილია, სადაც ბრიტანეთის ხელმოცარულ აგენტებს აგზავნიან. იქაურებს, მათ, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩაფლავდა ან თავი შეირცხვინა,“Slow Horses” ანუ „ჯაგლაგ ცხენებს“ ეძახიან. მთარგმნელის გადაწყვეტილება https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 315 გასაგებია, მაგრამ საკამათო: დედნისეული მეტაფორა გაშიფრულია და, შესაბამისად, დაკარგული. დაკარგულია ხატოვანებაც. სათაურის დამახინჯების შემთხვევები ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს ნამდვილად მოეძებნება ლოგიკური გამართლება, მაშინაც კი, როდესაც სახეზეა დანკარგი. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხდება ნაწარმოების სათაურის, და, შესაბამისად, ტექსტის შეცვლა თუ დამახინჯება. გთავაზობთ ასეთ მაგალითებს. უნდა ითქვას, რომ ბევრი მაგალითი მოგვეპოვება, როდესაც ინგლისურენოვანი ნაწარმოებების სათაურებს სხვადასხვა ენაზე მთარგმნელები თვითნებურად ცვლიან. მართალია, მოცემულ სტატიაში ჩვენ, უპირველესად, ინგლისური სათაურების ქართულ თარგმანებს განვიხილავთ, მაგრამ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება სხვა მაგალითებიც. ასეთი მაგალითია, თუნდაც, ჯორჯ ორუელის რომანის “Animal Farm” („ცხოველების ფერმა“, ასეა დ. აკრიანის ქართულ თარგმანში, რომელიც 2006 წელს დაიბეჭდა) ფრანგული სახელწოდება "Les Animaux Partout!" („ყველგან ცხოველები“, ლ.ე.), რომელიც მთარგმნელმა ივონ დავემ აირჩია მიუხედავად იმისა, რომ თავად ორუელი სთავაზობდა სათაურს „ცხოველთა სოციალისტურ რესპუბლიკთა კავშირი“. წიგნის ავტორი მომხრე იყო ამ სახელწოდების აბრივიატურისა - URSA (“Union des Republiques Socialistes Animales”), რაც ლათინურად „დათვს“ ნიშნავს, https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels- strangely-translated-titles და, სავარაუდოდ, რუსეთთან ასოცირდება. ზოგჯერ მთარგმნელები ძალიან შორს მიდიან საკუთარი სუბიექტური ინტერპრეტაციით ხელმძღვანელობისას. ასეთი შემთხვევაა სკოტ ფიცჯერალდის რომანის “The Great Gatsby” შვედური თარგმანი “En Man Utan Skrupler”, რომლის ინგლისური შესატყვისია “A Man Without Scruples”, ანუ „უპრინციპო, ამორალური კაცი“ [https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles]. გაკვირვებას იწვევს ჯონ სტეინბეკის რომანის “The Grapes of Wrath” (2019 წელს გამოცემულ ლალი ყუშიტაშვილის თარგმანში გვაქვს „მრისხანების მტევნები“) იაპონურად თარგმნა როგორც „გაბრაზებული ქიშმიშისა“ [https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english- novels-strangely-translated-titles]. ასევე გაუგებარია, რისთვის დასჭირდა გერმანელ მთარგმნელს ოლივერ ლორენის რომანის სათაურის “Before I Fall” („სანამ დავეცემი“, ლ.ე.) ისე გავრცობილად თარგმნა, როგორიცაა “Wenn du stirbst, zieht dein ganzes Leben an dir vorbei, sagen sie”(„როდესაც კვდები, მთელი შენი სიცოცხლე თვალწინ ჩაგივლის, ასე ამბობებენ“, ლ.ე.) [https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles]. ჩვენი ყურადღება მიიქცია მეგი სტივოთერის რომანის “The Raven Boys” (2012) 2018 წელს გამოცემულმა თარგმანმა. მთარგმნელს, არჩილს რაჭველს, ნაწარმოების სათაური თარგმნილი აქვს როგორც „ვის უხმობს ყორანი“ [სტივოთერი, 2018]. აღნიშნული წიგნი ოთხი ტომისგან შემდგარი ნეო-გოთური თრილერის პირველი ნაწილია. იგი ზებუნებრივი ძალების მაძიებელ მოზარდთა მისტიკურ თავგადასავლებზეა და მისი სათაური რომანის პერსონაჟების https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 316 სასწავლებლის, აგლიონბის აკადემიის ლოგოდან მომდინარეობს, რომელზეც ყორანია გამოსახული. შესაბამისად, ამ სასწავებლის სტუდენტებს მოიხსენიებენ როგორც“Raven Boys” („ყორნის“ ბიჭები, ლ.ე.). მთარგმნელი, სავარაუდოდ, კონტექსტით ხელმძღვანელობდა, მაგრამ „ვის უხმობს ყორანი“ სუბიექტური ინტერპრეტაციაა და თავისუფალ თარგმანს წარმოადგენს, რომლის კონოტატიური თვალსაზრისით თანხვედრა დედნის სათაურთან საკამათოა. აქვე გვახსენდება მსგავსი სათაური, კერძოდ „ვის უხმობს ზარი“, რომელიც ჰემინგუეის ცნობილი რომანის “For Whom the Bell Tolls” (1940) სათაურის ქართულ ვარიანტს წარმოადგენს. სტატიაში „ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნის ხელოვნება“ მანანა დუმბაძე წერს: „ადამიანი კვდება და ეკლესიაში ზარებს რეკენ. ზარი კათოლიკური ეკლესიის გლოვის ტრადიციული რიტუალია, ამიტომ ბუნებრივად ჟღერს გამოთქმა: მიცვალებულისათვის რეკს ზარი“... „ზარი დატირების სინონიმია და საქართველოში ასეთ ქმედებას თან ახლავს საეკლესიო ზარების რეკვა“. ქართველი მკვლევარი სამართლიანად მიიჩნევს არასწორად ზმნის „უხმობს“ გამოყენებას, „რადგან ეკლესიის ზარის ხმის გაგონებაზე, ბუნებრივია, რომ ადამიანმა ადამიანს ჰკითხოს − ვისთვის რეკს ზარი? და არა ვის უხმობს ზარიო?“ იგი ხაზს უსვამ იმას, რომ „უბრალო, ერთმნიშვნელოვანი, აზრის ლაკონიურად გამომხატველი ზმნა “to toll”, ... „სწორედ ზარის რეკვას ნიშნავს“. სტატიის ავტორი ამ უზუსტობას იმით ხსნის, რომ თარგმანის ავტორი შესანიშნავი ქართველი პოეტი და მომღერალი ინოლა გურგულია გახლდათ, რომლის არჩევანიც, სავარაუდოდ, აღნიშნული სიტყვის ამაღლებულმა ჟღერადობამ და მხატვრულობამ განაპირობა, თუმცა მაინც საქმე გვაქვს დედნის აზრის შეცვლასთან. მანანა დუმბაძე, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სტატიაში ამომწურავად განიხილავს და დამაჯერებელი არგუმენტების მოხმობით აფასებს ჰემინგუეის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების სათაურების ადეკვატუობას, არც ცნობილი მთარგმნელის ვახტანგ ჭელიძის კრიტიკას ერიდება სათაურისთვის „განუყრელი დღესასწაული“, რომელშიც რუსული თარგმანის − “Праздник, который всегда с тобой” − გავლენა იგრძნობა. დუმბაძე განმარტავს, რომ “Movable Feast” ნიშნავს მოძრავ დღესასწაულს, ანუ დღესასწაულს, „რომლის აღნიშვნის თარიღი ყოველ წელს სხვადასხვაა. მაგალითად: ისე როგორც აღდგომის, ბზობის და სხვა. გამოთქმა “Movable Feast” საეკლესიოა, დაკანონებული და, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი ქართული, რუსული და ა. შ. შესატყვისი. მაგრამ რუსი მთარგმნელები არ დაემორჩილნენ ავტორის მარტივ, უპრეტენზიო სტილს და შინაარსიდან გამომდინარე სათაური, ასე ვთქვათ, გააპატიოსნეს, მეტი ემოციური და სტილისტური დატვირთვა დააკისრეს“. ამის გამო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ირაკლი კენჭოშვილის ვარიანტს „მოძრავი დღესასწაული“ [https://scroll.ge/21894/manana-dumbadze-ernest-h/]. რა იწვევს სირთულეებს სათაურების თარგმნისას ზემოთ განხილული შემთხვევები, სავარაუდოდ, მთარგმნელის მხრიდან დედნის სათაურის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. თარგმანზე საუბრისას, ცხადია, დედნის ტექსტის სწორად გაგება, მასში ჩაწვდომა, ადეკვატური თარგმანის შესრულების ერთ-ერთი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 317 უმთავრესი პირობაა. მთარგმნელის მხრიდან გასათვალისწინებელია ნაწარმოების კონტექსტი, პოლისემია, ალუზიები და სხვა ფაქტორები. უნდა ითქვას, რომ ალუზიებს საკმაოდ ხშირად იყენებენ სათაურებში სიტყვის დიდოსტატები. კარგია, თუ მთარგმნელი ამოიცნობს ალუზიას და თუ შესაბამისი ტექსტი სამიზნე ენაზე ხელმისაწვდომია ადეკვატური თარგმანის სახით, მას გამოიყენებს. აქ შეიძლება ბიბლიური ალუზიები გავიხსენოთ, რაც საკმაოდ ხშირია. მაგალითს მოვიყვანთ ზემოთ ნახენები მანანა დუმბაძის სტატიიდან, სადაც განხილულია ჰემინგუეის ნაწარმოების “The Sun Also Rises” ორი ქართული თარგმანის სათაურები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჰემინგუეის რომანის სათაური ბიბლიურ ალუზიას წარმოადგენს. ნაწარმოებს ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს ამონარიდი ეკლესიასტედან, რომელიც ვახტანგ ჭელიძემ ბიბლიის ქართული თარგმანიდან უცვლელად გადმოიტანა. სწორედ ამ ამონარიდის ნაწილია ფრაზა „აღმოხდების მზე“. სწორი თარგმანი შემოგვთავაზა ი. კენჭოშვილმაც, თუმცა დასაწყისში სიტყვა „და“ დაუმატა. მისი თარგმანი ასეთია: „და აღმოხდების მზე“. დედანში ამ „და“-ს არარსებობის გამო, მ. დუმბაძე ჭელიძის ვარიანტს უფრო ზუსტად მიიჩნევს. [https://scroll.ge/21894/manana-dumbadze-ernest-h/]. ოლდოს ჰაქსლის დისტოპიური რომანის “Brave New World” (1931) სათაური სიტყვასიტყვით ნიშნავს „ლამაზი/მშვენიერი ახალი სამყარო“, რადგან სიტყვა “brave” აქ სწორედ ამ მნიშვნელობით არის გამოყენებული. რატომღაც, ფრანგმა მთრგმნელმა შემოგვთავაზა ვარიანტი “Le Meilleur des Mondes”, რაც „ყველაზე კარგ სამყაროს“ ნიშნავს [https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles]. მან გამოტოვა სიახლის მომენტიც. საქმე ისაა, რომ დედნის სათაური გახლავთ ალუზია შექსპირის „ქარიშხლიდან“, სადაც უდაბურ კუნძულზე გაზრდილი მირანდა, ადამიანების პირველად ხილვისას აღტაცებული წამოიძახებს: “Oh wonder! How many goodly creatures are there here! How beauteous mankind is! Oh brave new world, That has such people in’t.” https://nosweatshakespeare.com/quotes/famous/brave-new-world/ ვ. ჭელიძის თარგმანში გვაქვს: „ო, საოცრებავ, ერად ვხედავ ამდენ ლამაზ არსს! რა მომხიბლავი არის თურმე ადამიანი! ან ის ქვეყანა რა იქნება, სადაც ამდენი ადამიანი ცხოვრობს ერთად“ [შექსპირი, 1948:74]. მ. ანთაძის თარგმანში კი ვკითხულობთ: „საოცარია! რამდენ ლამაზ ქმნილებას ვხედავ! კარგი ყოფილა https://scroll.ge/21894/manana-dumbadze-ernest-h/ https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 318 კაცთა მოდგმა! ალბათ ქვეყანაც დიდებულია, სადაც ეს ხალხი უნდა ცხოვრობდეს“ [შექსპირი, 2020:193]. ქართველმა მთარგმნელმა თათო შანიძემ ეს სათაური თარგმნა როგორც „საოცარი ახალი სამყარო“ [ჰაქსლი, 2013], რაც სავსებით ადეკვატურია, რადგან „საოცარი“ ამ შემთხვევაში „გასაოცრად მშვენიერს“ გულისხმობს. ალუზიას წარმოადგენს უილიამ ფოლკნერის რომანის “As I Lay Dying” სათაურიც. გავიხსენოთ ჰომეროსის „ოდისეას“ მეთერთმეტე თავი, სადაც მიცვალებილთა სამყაროში მოხვედრილ ოდისევსს აგამემნონის სული გამოეცხადება და მოუთხრობს, თუ როგორ მუხანათურად მოაკვლევინა საკუთარმა ცოლმა ისიც და მისი მხლებლებიც. მომაკვდავს, თვალებიც კი არ დამიხუჭაო, ჩივის მოღალატე ცოლზე. ეს ადგილი პანტელეიმონ ბერაძის პოეტურ თარგმანში ასე ჟღერს: „ის ძაღლთაპირი არც ფიქრობდა, რომ დაეხუჭა ჩემთვის თვალები და შეეკრა ბაგენი ჩემი“ [ჰომეროსი, 1979:238] ხოლო ზურაბ კიკნაძისა და თამაზ ჩხენკელის ვარიანტია: ... „გამექცა ის ძაღლთაპირი დიაცი, სულამომდინარეს არც პირი დამიმუწა და არც თვალები დამიხუჭა“ [ჰომეროსი, 2011:123]. ქართულად გვაქვს ორი ვარიანტი: ეთერ მოისწრაფიშვილის „მომაკვდავი რომ ვესვენე“ [ფოლკნერი, 2003] და მედეა ზაალიშვილის „სული რომ ამომდიოდა“ [ფოლკნერი, 2016]. ჩვენი აზრით, ექსპრესიულობისა და ემოციურობის თვალსაზრისით, მეორე ვარიანტი უფრო ახლოს დგას დედანთან. იგი ახლოსაა კიკნაძისა და ჩხენკელის თარგმანში გამოყენებული საოცრად ეფექტურ „სულამომდინარესთანაც“. ზოგჯერ პრობლემას სათაურის ინტერპრეტაცია კი არა, კონკრეტული სიტყვის შესატყვისის პოვნა და სამიზნე ენაზე აზრის ბუნებრივად გამოხატვა წარმოადგენს. მაგალითად, თორნთონ უაილდერის ნაწარმოები “Heaven's My Destination” ნ. ბალანჩივაძის დისერტაციაში „თორნთონ უაილდერის დრამატურგიის მითოპოეტიკური ელემენტები“ [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream /1234/142918/1/ Disertacia.pdf] მოხსენიუებულია როგორც „ზეცა ჩემი მიზანია“. რომანის მთავარი გმირი, ევანგელისტი ჯორჯ მარვინ ბრუში გულუბრყვილო, იუმორს მოკლებული იდეალისტი და მორალისტია, რომელიც ცდილობს თავისი მხურვალე რწმენითა და პრინციპებით იცხოვრობს და სრულყოფილებას მიაღწიოს. რაღა თქმა უნდა, მორწმუნის საბოლოო ჯილდო ცათა სასუფეველია, რის დამსახურებასაც უაილდერის გმირი ცდილობს, მაგრამ „ზეცა ჩემი მიზანია“ ქართულად მაინც ვერ ჟღერს კარგად. რუსულ თარგმანებში გვაქვს “К небу мой путь” [Уайлдер, 1996, მთარგმნელი ა. გობუზოვი] და “Небо - моя обитель” [Уайлдер, 2010, მთარგმნელი ი, ზდოროვოვი]. ამ თარგმანების და იმის გათვალისწინებით, რომ სიტყვა “destination”-ის ქართული შესატყვისი „დანიშნულების ადგილია“, [ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, IV რვეული, D, 1996], ვფიქრობთ, უკეთესი იქნებოდა „ჩემი ადგილი ზეცაშია“, ან „ჩემი გზა ზეცისკენ მიდის“. აქვე შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ტომას ჰარდის რომანის “Jude the Obscure” ქართული სათაური http://dspace.nplg.gov.ge/bitstream%20/1234/142918/1/%20Disertacia.pdf Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 319 - „უჩინარი ჯუდი“ [http://literatura.mcvane.ge/main/literatura/page/471/]. მართალია, „უჩინარი“ მნიშვნელობით ახლოსაა „შეუმჩნეველთან“, რაც სიტყვა “obscure”-ის ერთ-ერთი მნიშვნელობაა, მაგრამ ეს სიტყვა მაინც განსხვავებულ ასოციაციებს აღძრავს. ნაწარმოების კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, უფრო ზუსტი შესატყვისი იქნებოდა „უმნიშვნელო“. ზემოთ ვსაუბრობდით ისეთ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრა მთარგმნელის ოსტატობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს გარდაუვალი დანაკარგები, მაგალითად უთარგმნელ ელემენტად ითვლება სიტყვების თამაში, ასევე ყოველთვის ვერ ხერხდება თარგმანში ალიტერაციის შენარჩუნება. ალიტერაციის სათაურებში გამოყენება მეტად გავრცელებული მოვლენაა და ამის მრავალი მაგალითი არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც ჯეინ ოსტინის რომანის “Pride and Prejudice” სათაური, რომელშიც ალიტერაციასთან ერთად სირთულეს წარმოადგენს ქართულ ენაზე სიტყვის “prejudice” ზუსტი შესატყვისის მოძებნა. გვაქვს სამი სხვადასხვა ვარიანტი: ,,სიამაყე და მცდარი აზრი“ [ოსტინი, 2011, მთარგმნელი ანა მაყაშვილი]; ,,სიამაყე და ცრურწმენა“ [ოსტინი, 2014, მთარგმნელი ნინო რამიშვილი] და ,,ამპარტავნება და ამოჩემება“ [ოსტინი, 2019, მთარგმნელი ხათუნა ბასილაშვილი]. ალიტერაციის გადმოტანას ყველაზე მეტად ცდილა მესამე მთარგმნელი, რომელსაც ამისთვის შინაარსის მხრივ კომპრომისზე წასვლაც მოუწია. ეს ჩვენი პირადი შეხედულებაა. ამ ვარიანტს იწონებს ლ. ბერძენიშვილი თარგმანისადმი თანდართულ ანოტაციაში, სადაც იგი აღნიშნავს: ,,წიგნი სათაური ნახევარი საქმეა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი კარგი წიგნი გაუფუჭებია სათაურს“ [,,ამპარტავნება და ამოჩემება“, ანოტაცია, 2019]. ალიტერაციაზე ზემოთაც გვქონდა საუბარი, როდესაც ქართველმა მთარგმნელმა სათანადო ეფექტის მისაღწევად სათაურში სიტყვა ჩაამატა და მივიღეთ ტირიფებში მოშრიალე ქარი“ (დედნის სათაურია “The Wind in the Willows”). ეს ძალიან კარგი მიგნებაა. დავასახელოთ რამდენიმე ალიტერაციული სათაური: უილიამ შექსპირის “Love's Labour's Lost”, ჯონ სტეინბეკის “Of Mice and Men”, ჩარლზ დიკენსის “A Tale of Two Cities”, ასევე “The Pickwick Papers”, სკოტ ფიცჯერალდის “The Great Gatsby”, ჰანს ქრისტიან ანდერსენის “The Princess and the Pea”. ქართველი მთარგმნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ალიტერაციის შენარჩუნება ბევრმა მათგანმა მოახერხა. ამის მაგლითებია: გივი გაჩეჩილაძის „აურზაური არაფრის გამო“ [შექსპირი, 1987], ვეკა გეგეჭკორის „ამბავი თაგვთა და კაცთა“, მერი იანქოშვილის და ნათელა კეშელავას „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“ [დიკენსი, 2014], მერი ტიტვინიძის „პრინცესა ცერცვის მარცვალზე“ [ანდერსენი, 2013]. კიდევ უფრო რთულია სიტყვების თამაშის გადმოტანა, რადგან თუკი ალიტერაციის შემთხვევაში მთარგმენლის ამოცანა აზრობრივი შესატყვისის პოვნასთან ერთად სათანადო ჟღერადობის შექმნაში მდგომარეობს, სიტყვების თამაში სიტყვის ორმაგ მნიშვნელობას წარმოაჩენს და მხოლოდ ბედნიერი დამთხვევის წყალობით არის შესაძლებელი, რომ სამიზნე ენაზე მოცემული სიტყვის ეკვივალენტსაც ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდეს. სიტყვების თამაშის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაგალითია ოსკარ უაილდის “The Importance of being Earnest”. აქ სირთულეს ქმნის სიტყვის “Earnest” ორმაგი მნიშვნელობა - „სერიოზული“, http://literatura.mcvane.ge/main/literatura/page/471/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 320 „გულწრფელი“ [ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, V რვეული, E, 1997] და საკუთარი სახელი „ერნესტი“. ქართულ თარგმანში დანაკარგი გარდაუვალია. თუმცა, ვნახოთ, როგორ ცდილა ქართველი მთარგმნელი ამ დანაკარგის კოპენსაციას: ჟურნალ „ხელოვნების“ 1993 წლის 3-4 ნომერში დაბეჭდილია ხსენებული პიესის როლანდ კალანდაძისეული თარგმანი სათაურით „დაარქვით ერნესტი ანუ სერიოზულობის მადლი“. სიტყვების თამაში ვერ გადმოვიდა, მაგრამ ეს ოდნავ გავრცობილი სათაური მიგვანიშნებს ნაწარმოების მსუბუქ, იუმორისტულ განწყობაზე, რაც, ჩვენი აზრით, ბევრად უკეთესია, ვიდრე პირდაპირ გადმოტანილი „სერიოზულობის/გულწრფელობის მნიშვნელობა“ ან „რა მნიშვნელოვანია იყო სერიოზული/გულწრფელი“. სიტყვების თამაშზე აგებული სათაურების სხვა მაგალითებია: ტერი პრეჩეტის “Equal Rites” (rites – rights, ლ.ე.) ქეს ჰანტერის “The After Wife” (wife – life, ლ.ე.) პირს ენტონის Night Mare (night mare – nightmare, ლ.ე.), ბრიჯიტ ესექსის A Knight to Remember (knight – night, ლ. ე.) და სხვანი https://www.goodreads.com/list/show/ 3315.Titlemania_I_Puns_in_Titles დასკვნა სათაურის თარგმანი, სახელდობრ, ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის თარგმანი არაერთ მეცნიერს აურჩევია კვლევის ობიექტად და მათი სოლიდური შრომები ნათლად წარმოგვიჩენს სათაურის მნიშვნელობას, გვთავაზობს სათაურის ფუნქციათა ვრცელ ჩამონათვალს, გვაცნობს სათაურთა თარგმნის სხვადასხვა მეთოდებს. ჩვენი განხილვის საგანს ინგლისურ ლიტერატურულ ნაწარმოებთა სათაურების სხვა ენაზე, კერძოდ (უმეტეს შემთხვევებში) ქართულად თარგმნასთან დაკავშირებული სირთულეები შეადგენს. როგორც ირკვევა, მხატვრული ნაწარმოების სათაურის ერთი ენიდან მეორეზე გადატანისას, მთარგმნელის ამოცანა, უპირველეს ყოვლისა, მის სწორად ინტერპრეტაციაში მდგომარეობს. სწორედ ეს ხდება ყველაზე ხშირად აზრის დამახინჯების მიზეზი, რისი მაგალითებიც განხილული გვაქვს ჩვენს სტატიაში. ინტერპრეტაციის პრობლემაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ალუზიებზე გავამხვილეთ. განხილული მაგალითებიდან ჩანს, თუ რა მნიშვნელოვანია ალუზიის თარგმანში ასახვა და რა როლი აკისრია მის ჩაწვდომას სათაურის ინტერპრეტაციაში. არის შემთხვევები, როდესაც მთავარი პრობლემა სათაურის ინტერპრეტაციაში კი არა, არამედ მისი ან მასში შემავალი კონკრეტული სიტყვის ისეთი შესატყვისის მოძიებაში მდგომარეობს, დედნისეულ აზრს რომ სწორად გადმოსცემდეს და სამიზნე ენაზეც ბუნებრივად ჟღერდეს. ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია პოლისემია და ორივე ენის სპეციფიკა. საბოლოოდ, სათაურის თარგმნისას ყველაზე დიდ პრობლემას ალიტერაცია და სიტყვების თამაში ჰქმნის. მათგან პირველი კიდევ ექვემდებარება მეორე ენაზე გადატანას, მაშინ როდესაც მეორე პრაქტიკულად უთარგმნელ ელემენტს წარმოადგენს და საძიებელია ამ დანაკარგის მეტ-ნაკლებად კომპენსირების გზები. https://www.goodreads.com/list/show/%203315.Titlemania_I_Puns_in_Titles Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 321 ჩვენ მიერ განხილული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სტატიაში მოცემული ანალიზი და დასკვნები ინტერესმოკლებული არ იქნება მისი მკითხველისათვის. გამოყენებული ლიტერატურის სია:  ანდერსენი ჰ., „პრინცესა ცერცვის მარცვალზე“ თბ., პალიტრა L, 2013.  ბალანჩივაზე ნ., „თორნთონ უაილდერის დრამატურგიის მითოპოეტიკური ელემენტები“, დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2006. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/142918/1/Disertacia.pdf, Last visit: 11/23/22  გაბადაძე მ., „მხატვრული ტექსტის სათაური როგორც ენობრივ–კულტურული ფენომენი და მისი ტიპოლოგიური დინამიკა ინგლისური პროზის კონტექსტში“, დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი, 2015. [https://atsu.edu.ge/images/pdf/disertaciebi/disertacia _gabadadze.pdf] Last visit: 11/27/22  გრემი კ., „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016  დიკენსი ჩ., „პიკვიკის კლუბის ჩანაწერები“ თბილისი : „პალიტრა L“, 2014  დუმბაძე მ., „ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნის ხელოვნება“, https://scroll.ge/21894/manana-dumbadze-ernest-h/Last visit: 12/3/22  კიპლინგი რ., „მაუგლი“, „პალიტრა L“, 2020  ლი, ჰ., „ნუ მოკლავ ჯაფარას“, გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2015  ორუელი ჯ., „ცხოველების ფერმა“ თბ. „სიესტა“, 2006  ოსტინი ჯ., „სიამაყე და მცდარი აზრი“, თბ., „არეტე“, 2011  ოსტინი ჯ., „სიამაყე და ცრურწმენა“, თბ., „პალიტრა L“, 2014  ოსტინი ჯ., „ამპარტავნობა და ამოჩემება“, თბ., „პალიტრა L“, 2019  სელინჯერი ჯ., „თამაში ჭვავის ყანაში“, „ნაკადული“, 1963  სელინჯერი ჯ., „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ „დიოგენე“, 2006.  სტეინბეკი ჯ., „ამბავი თაგვთა და კაცთა“, “iBooks”, 2017  სტივოთერი მ., „ვის უხმობს ყორანი“, „პალიტრა L“, 2018  უაილდი ო., „დაარქვით ერნესტი ანუ სერიოზულობის მადლი“, „ჟურნალი „ხელოვნება“, 3-4. გამომცემლობა „სამშობლო“, თბილისი, 1993, გვ 145  ფოლკნერი უ., „მოთხრობები“, „ეთერ მოისწრაფიშვილის წიგნები“, 2003  ფოლკნერი უ., „სული რომ ამომდიოდა“, „არტანუჯი“, 2016  ქავთარაძე ნ., „მხატვრულ-ლიტერატურული ტექტების სათაურების თარგმნის სირთულები“ https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/581, 2021, Last visit: 11/23/22  შექსპირი უ., „უილიამ შექსპირი. პიესები“ „სახელგამი“, თბილისი. 1948. გვ 74. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/142918/1/Disertacia.pdf https://www.lit.ge/books/3-10567-bakur-sulakauris-gamomcemloba/ https://opac.sciencelib.ge/cgi-bin/koha/opac-search.pl?q=Provider:%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%20L%2C https://veli.store/category/?q=%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%20L https://ibooks.ge/books?search=iBooks&q=3 https://saba.com.ge/books/shop#author:6288 https://saba.com.ge/books/shop#publisher:31306 https://saba.com.ge/books/shop#publisher:11658 https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/581 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 322  შექსპირი უ., „თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად“, რედ: ნიკო ყიასიშვილი, ტ. 3, გვ. 458-459 — „ხელოვნება“, თბილისი, 1987  ჰაქსლი, ო., „საოცარი ახალი სამყარო“, „სიესტა“, 2013  ჰერონი მ., „ხელმოცარულთა ბუნაგი“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2022  ჰომეროსი, „ოდისეა“, „საბჭოთა საქართველო“, 1979, გვ. 238  ჰომეროსი, „ოდისეა“, თბილისი: პალიტრა L, 2011.https://www.scribd.com/document/469893844/%E1%83%B0%E1%83%9D%E1% You visited this page on 12/3/22  Bobadilla-Pérez, Relevance and complexities of translating titles of literary and filmic works, 2007 http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_ Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.pdf?sequence=1&isAllowed=y Last visit: 11/27/22.  Darwish, Sayaheen, “Manipulating Titles in Translation”, 2019 [https://www.researchgate.net/publication/335842036_Manipulating_Titles_in_Translation] Last visit: 11/20/22.  Doyle, Michael S. (1989): “Contemporary Spanish and Spanish American Fiction in English: “Tropes of Fidelity in the Creation of Translation Titles”, Translation Review, 31, 41-46.  House, J., “Translation”, Oxford, 2013  Martí, R. & Zapter, M. (1993). Translation of titles of films: A critical approach. Sintagma, 5, 81-87.  Seiner J., “9 English Novels with Strangely Translated Titles”, 2015 https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles Last visit: 12/3/22  Shakespeare W., “The Tempest”, „კენტავრი“, 2020 გვ. 193  Сэлинджер Дж., “Над пропастью во ржи” “Эксмо”, 2021 г.  Уайлдер Т., “К небу мой путь”, 1996  Уайлдер Т., «Небо — моя обитель», “АСТ”, 2010 г.  ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, IV რვეული, D, 1996  ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, V რვეული, E, 1997  http://literatura.mcvane.ge/main/literatura/page/471/  https://nosweatshakespeare.com/quotes/famous/brave-new-world/ https://saba.com.ge/books/shop#publisher:1207 https://www.scribd.com/document/469893844/%E1%83%B0%E1%83%9D%E1%25 http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_%20Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.pdf?sequence=1&isAllowed=y http://academica-e.unavarra.es/bitstream/handle/2454/9323/HSJ_%20Filolog%C3%ADa_09_2007_Relevance.pdf?sequence=1&isAllowed=y https://www.mentalfloss.com/authors/jake-seiner https://www.mentalfloss.com/article/62088/9-english-novels-strangely-translated-titles https://www.labirint.ru/authors/12898/ https://www.labirint.ru/pubhouse/438/ https://www.labirint.ru/pubhouse/19/ http://literatura.mcvane.ge/main/literatura/page/471/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 5, 2022 323 The Problems Connected with Translating Titles of English Literary Works into Georgian Lela Ebralidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University Assistant Professor, Doctor of Philology https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Abstract The present paper deals with the problem of translating titles of English literary works into Georgian. It demonstrates the significance of titles and offers classification of their functions, translation methods, and examples of distorting titles by translators; also determines the difficulties connected with translating titles. Different methods, approaches and problems are illustrated by a number of examples from literary translations. Based on the analysis, the factors causing the most difficulties in translation, which are responsible for the most errors and losses, are identified. Such factors include misinterpretation, as well as oversight of specific features of the target language, polysemy and context, when a translator does not really distort the meaning, but fails to find such equivalents in the target language, which would sound natural and understandable for target readers. Significant problems revealed by analysis of examples are alliteration, which is not always possible to maintain in translation, and puns, which are considered practically untranslatable. Key words: translation of titles, interpretation, polysemy, context, alliteration, puns https://orcid.org/0000-0003-0802-4085