Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 165 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 1, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.01.14 ქრისტიანობის გეოპოლიტიკის საკითხები აკაკი აბზიანიძე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი რეზიუმე თემა ეხება ქრისტიანობის გეოპოლიტიკის საკითხებს, სადაც გაანალიზებულია სახარებისეული იგავი ,,მთესველის შესახებ’’ და ამავე იგავის მიმართება ქრისტიანობის გეოგრაფიული განფენილობასა და გეოპოლიტიკურ სიმბოლიზმთან. ამასთან ერთად, ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა სიმფონიის საკითხები და ამავე სიმფონის გეოპოლიტიკური საფუძვლები რუსეთის მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან მიმართებაში. საკვანძო სიტყვები: რელიგია, ქრისტიანობა, გეოპოლიტიკა «ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაი დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაი ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაი, მზე რაი აღმოჰხდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განხმა. და სხუაი იგი დავარდა ეკალთა შორის და აღმოცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რამოდენიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელნიმე ასსა, რომელნიმე სამეოცსა, რომელნიმე ოცდაათსა» (მათე, 13, 3-8) ჩვენ მოვიყვანეთ უფლის იგავი მთესველზე, რომელსაც შემდეგ თავად უფალი განმარტავს. ეს იგავი მეტად მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს რელიგიის, გეოგრაფიისა და ისტორიის ურთიერთმიმართების შესახებ. თუ ამ იგავებში გამოყენებულ სიმბოლოებს დავაჯგუფებთ, ის შემდეგ სახეს მიიღებს: მაგალითად, თესლი და თესვა - ღვთის სიტყვის ქადაგება და გავრცელება - განეკუთვნება რელიგიას; ნიადაგი, გზა, მიწა, ეკლები, კლდე განეკუთვნება გეოგრაფიას, ხოლო ნაყოფის გამოღება-არგამოღება - ისტორიას. თუ ამ იგავის სიმბოლოებს რელიგიის, გეოგრაფიისა და ისტორიის ენაზე გადავიყვანთ, ამ იგავიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ გეოგრაფიულ- ისტორიულად ქრისტიანობის გავრცელების არეალი პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: 1)ნაწილი, სადაც თესლი დავარდა და ფრინველებმა მოიტაცეს, ანუ ის არეალი, სადაც ქრისტიანობა არ გავრცელებულა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 166 და 2)ნაწილი - ეს არის გეოგრაფიულად ქრისტიანობის გავრცელების ადგილი, სადაც მთესველის თესლი დავარდა და აღმოცენდა, ეს იქნებოდა კლდე, ეკალ-ბარდები თუ ნოყიერი ნიადაგი. ჩვენც მხოლოდ მეორე ნაწილი განვიხილოთ. ამ იგავიდან გამომდინარე ქრისტიანობის გავრცელების არეალი შეიძლება სამ ნაწილად გავყოთ: 1) პირველი ნაწილი - ეს არის კლდეზე დავარდნილი თესლი, რომელიც მალე ამოვიდა, მაგრამ უნიადაგობის გამო მალევე გახმა ისე, რომ ნაყოფის გამოღება ვერ მოასწრო. ჩვენი აზრით ეს პირველი ნაწილი გეოგრაფიულად განეკუთვნება სამხრეთ-დასავლეთ ევროპას, ანუ კათოლიციზმს. ალბათ შემთხვევით როდი იყო, რომ ისინი (კათოლიკები) თავიანთ თავს კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას უწოდებენ. მართალია, ისინი ამ შემთხვევაში კლდეში პეტრე მოციქულს გულისხმობენ, მაგრამ ამ ეკლესიის განვლილი ისტორია, ნათლად მეტყველებს, რომ ისინი კლდეზე დათესილ თესლს უფრო განასახიერებენ, ვიდრე კლდეზე დაფუძნებულ ეკლესიას. 2) მეორე ნაწილი - ეს არის ეკალ-ბარდებში ჩავარდნილი თესლი, რომელიც ამოვიდა, მაგრამ ეკლებმა მოაშთო. ეს გეოგრაფიულად განეკუთვნება ჩრდილო-დასავლეთ ევროპას, ანუ პროტესტანტიზმს, სადაც ქრისტიანობა, მართალია გავრცელდა, მაგრამ ამ ქვეყნის საზრუნავმა და სიმდიდრის საცდურმა საშუალება არ მისცა მას ნაყოფი გამოეღო. ალბათ შემთხვევით როდი იყო, რომ სწორედ ჩრდილოეთში განვითარდა ყველაზე მეტად კაპიტალიზმი და ამქვეყნიური კეთილდღეობა. 3) მესამე ნაწილი - ეს არის ქვეყანასა კეთილსა დავარდნილი თესლი, რომელმაც საუკეთესო ნიადაგის გამო, მხოლოდ მან გამოიღო ნაყოფი. ეს გეოგრაფიულად განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპას, ანუ მართლმადიდებლობას. როგორც ამ იგავიდან ჩანს აქ სიმბოლოების გამოყენებით კარგად არის შერწყმული რელიგიის, გეოგრაფიისა და ისტორიის საკითხები. თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიისათვის, ანუ დასათესად გამზადებული თესლისათვის გეოგრაფიის, ანუ მიწის მნიშვნელობა რათა ისტორიაში ნაყოფი გამოიღოს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიისათვის რელიგიისა და გეოგრაფიის მნიშვნელობა, შეიძლება ითქვას, რომ ესენი ერთმანეთს განაპირობებენ. რელიგიისა და ისტორიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ მნიშვნელოვან მოსაზრებას გვაწვდის ჰეგელი თავის ისტორიის ფილოსოფიაში, რომელიც ამ ურთიერთობებს თეოდიცეას უწოდებს და აღნიშნავს: «მსოფლიო ისტორია რომ გონის განვითარების ეს მსვლელობაა და მისი ნამდვილი ქმნადობაა, რომელიც ამ ისტორიის შემადგენელ ისტორიათა ცვალებად დრამას მოსდევს, ეს კი გახლავთ ჭეშმარიტი თეოდიცეა - ღვთის გამართლება ისტორიაში. მსოფლიო ისტორიასთან და სინამდვილესთან გონის შერიგება მხოლოდ ამ განჭვრეტას ძალუძს, რომ ის, რაც მომხდარა და ის რაც ყოველდღე ხდება არათუ უღვთო არაა, არამედ არსობრივად თვით ღვთის საქმეა». (2,265). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 167 ხოლო გეოგრაფიისა და ისტორიის, გეოგრაფიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების შესახებ მთელი მეცნიერებაა შექმნილი გეოპოლიტიკის სახით, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიის როლსა და მნიშვნელობას ისტორიისა და პოლიტიკის განვითარებაში. სანამ რელიგიისა და გეოპოლიტიკის ურთიერთმიმართებაზე ვისაუბრებდეთ მიმოვიხილოთ გეოპოლიტიკური სიმბოლოების მნიშვნელობა. კოსმიური სიმბოლიზმის მიხედვით საკრალურ გეოგრაფიაში აღმოსავლეთი ტრადიციულად ითვლება «სულის სასუფევლად», სამოთხის, სისავსის, სიუხვის მიწად, ყოველივე საკრალურის «სამშობლოდ». დასავლეთს გააჩნია საპირისპირო მნიშვნელობა. ის არის «სიკვდილის ქვეყანა», «მკვდრების სამყარო». დასავლეთი, ეს ანტიაღმოსავლეთია, დაცემის, დეგრადაციის ქვეყანა. (3,334). აღმოსავლეთში ამოვიდა გონის შუქი და, მაშასადამე, მასშივეა დაწყებული მსოფლიო ისტორიაც - აღნიშნავს ჰეგელი. _მსოფლიო ისტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიდის. რადგან ევროპა მსოფლიო ისტორიის დასასრული გახლავთ უეჭველია, აზია კი მისი დასაწყისია. (2,63). გეოპოლიტიკამ აჩვენა უკანასკნელ საუკუნეში აღმოსავლეთისა და დასავლეთის რეგიონების სახელმწიფოებრივ, კულტურულ და ინდუსტრიულ განვითარებას შორის პრინციპული განსხვავება, რომელსაც ასეთი სახე აქვს: დასავლეთი წარმოადგენს «მატერიალური» და «ტექნიკური» განვითარების ცენტრს. კულტურულ-იდეოლოგიურ დონეზე მასში სჭარბობს «ლიბერალ-დემოკრატიული» ტენდენციები, ინდივიდუალური და ჰუმანისტური მსოფლმხედველობა. ეკონომიკურ დონეზე პრიორიტეტი ენიჭება ვაჭრობასა და ტექნიკურ მოდერნიზაციას. გეოპოლიტიკური აღმოსავლეთი გეოპოლიტიკური დასავლეთის საპირისპირო ცნებას წარმოადგენს. ეკონომიკური იძულების მაგივრად სახელმწიფო ყველაზე ხშირად სარგებლობს ზნეობრივი ან უბრალო ძალდატანებით. «დემოკრატიისა» და «ადამიანის უფლებების» ნაცვლად აღმოსავლეთი მიილტვის განსხვავებული სოციალური რეჟიმებისაკენ, რომელსაც აერთიანებს ის, რომ მათ სისტემის ცენტრში დგას არა «ინდივიდუმი», «ადამიანი», არამედ რაღაც ზეინდივიდუალური, ზეადამიანური საზოგადოება, «ერი», «ხალხი», «იდეა», «რელიგია» და ა. შ. ტრადიციის უძველესი და თავდაპირველი ფენა ამყარებს ჩრდილოეთის პრიმატს სამხრეთზე. ჩრდილოეთის სიმბოლიზმი დაკავშირებულია საწყისთან, თავდაპირველ ნორდიულ სამოთხესთან, საიდანაც დასაბამს იღებს მთელი კაცობრიობის ისტორია. (3,337). თანამედროვე გეოპოლიტიკა ცნება ჩრდილოეთს ყველაზე ხშირად იყენებს განსაზღვრებით _«მდიდარი», «მდიდარი ჩრდილოეთი» ან «განვითარებული ჩრდილოეთი». აქ იგულისხმება ერთობლივად მთელი დასავლეთი ცივილიზაცია, რომელიც ძირითადად ყურადღებას უთმობს ცხოვრების მატერიალური და ეკონომიკური მხარის განვითარებას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 168 სინამდვილეში «მდიდარი ჩრდილოეთის» სახელით აღინიშნება ის ქვეყნები, სადაც ტრადიციის სრულიად საპირისპირო რაოდენობის, მატერიალიზმის, ათეიზმის, სულიერი დეგრადაციის ძალებმა გაიმარჯვეს. მოკლედ ასეთია გეოგრაფიული სიმბოლოების - აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, მნიშვნელობა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო ისტორიის განვითარებაში. ასეთია გეოგრაფიული სიმბოლოების ხასიათი, ეს ხასიათი კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ ხალხთა მსოფლიო ისტორიაში გამოსვლის წესი და სახე, მათ მიერ ისტორიაში რაღაც ადგილისა და მდგომარეობის დაკავების რაგვარობა. რამდენადაც თემა უფლის იგავით დავიწყეთ მთესველის შესახებ, სადაც შერწყმულია რელიგიის, გეოგრაფიისა და ისტორიის ელემენტები, საქართველოსთან მიმართებაში შემდეგი სურათი იკვეთება: საქართველოს ამ სივრცეში აღმოსავლური ნაწილის პოზიცია უჭირავს, ადგილისა, სადაც საუკეთესო ნიადაგის გამო თესლმა ნაყოფი გამოიღო. ჩვენ გეოპოლიტიკურად აღმოსავლეთის სივრცის წევრები ვართ. ჩვენი პოლიტიკურ- რელიგიური იდენტიფიკაცია გეოგრაფიასა და ისტორიასთან, ანუ სივრცესა და დროსთან მიმართებაში სწორედ აღმოსავლეთ-მართლმადიდებლობაშია. ქართველ მეცნიერთა შორის ვინც ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა არის პოლიტოლოგი მ. მაცაბერიძე, რომელმაც თავის ნაშრომში “საქართველო და მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკა” რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან მიმართებაში განიხილა ქართული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის საკითხები და ამ საკითხთა განვითარების პერსპექტივები. საქართველოში მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკა ჯერ არ ქცეულა სპეციალური სამეცნიერო კვლევის საგნად - აღნიშნავს მ. მაცაბერიძე, თუმცა მისი პრობლემატიკა საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. ერთი მხრივ გარკვეული ძალები ცდილობენ გაავრცელონ რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის წამყვანი კონცეფცია, რომლის თანახმადაც რუსეთი მოიაზრება მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერად, თავად ეს სამყარო კი დასავლეთთან დაპირისპირებულ ძალად განიხილება. მეორე მხრივ ქართულ სინამდვილეში ამ თვალსაზრისის შემოტანის მცდელობა საპასუხო რეაქციას იწვევს, რაც მართლმადიდებლობისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. (4,6). ჩვენ აქ აქცენტი გავაკეთეთ საქართველოს ადგილზე აღმოსავლურ-მართლმადიდებლურ სივრცეში. თუ მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის, კერძოდ რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის დამოკიდებულებას განვიხილავთ საქართველოს მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან მიმართებაში დავინახავთ, რომ ისინი წინააღმდეგობაში არიან, ანუ ერთ სივრცეში ვერ თავსდებიან. რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკა ემსახურება პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის საქმეს და ამდენად ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვან რუსი გეოპოლიტოლოგის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ალექსანდრე დუგინის მოსაზრებას: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 169 „იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური ერთიანობა, ყველაზე უმტკივნეულო გზა ამისათვის არის კონფედერაციული გაერთიანება რუსეთთან“. (3,6). - აღნიშნავს ცნობილი რუსი გეოპოლიტიკოსი ალექსანდრე დუგინი, რომელიც მსჯელობს რუსეთის იმპერიის აღდგენაზე - “რუსების ბრძოლა მსოფლიო ბატონობისათვის ჯერ არ დამთავრებულა“. (5,213). იგივე აზრია გატარებული სხვა რუს პოლიტოლოგთა, - პანარინის, ილინის, დერგაჩევის, გაჩიევისა და სხვათა ნაშრომებში, საიდანაც იკვეთება თანამედროვე რუსული გეოპოლიტიკის ანტიქართული სახელმწიფოებრივი სულისკვეთება, სულისკვეთება, რომელიც მუდმივად ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რაც თავის მხრივ საქართველოს მხრიდან საწინააღმდეგო რეაქციას იწვევდა, რის გამოც ისევ დუგინის სიტყვებით რომ ვთქვათ: „მართლმადიდებლური საქართველო ყველაზე მეტად იყო ანტირუსულად ორიენტირებული“. (2,213). აქ ჩნდება კითხვები, რუსული მართლმადიდებლობა ნიშნავს თუ არა მთლიანად აღმოსავლური მართლმადიდებლობის სივრცეს. თუ ნიშნავს, მაშინ რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის წინააღმდეგობა ქართული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან ხომ არ ნიშნავდა საერთოდ ამ სივრცესთან დაპირისპირებას და შეუთავსებლობას? „მესამე რომის“ იდეამ რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებში დაამარცხა მართლმადიდებლობის იდეა და იგი თავისი იმპერიული მისწრაფებების განხორციელების ინსტრუმენტად აქცია. ამდენად რუსული მართლმადიდებლობის მთლიან აღმოსავლეთის სივრცესთან გაიგივება, ჩვენი აზრით, სწორი არ უნდა იყოს, იგი მხოლოდ ამ სივრცის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქართული სახელმწიფოს ამ სივრცეში იდენტიფიკაციის თვალსაზრისით მოვიყვან გეოპოლიტიკური სიმბოლიზმის ქართულ მაგალითს, სადაც ნათლად ჩანს ქართული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის თავისებურებანი. როგორც ისტორიიდან ცნობილია, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გელათს უწოდებდა „სხუა ათინას და ახალ იერუსალიმს“. იერუსალიმის სახელი ასევე გაიგივებული იყო მცხეთასთან და საერთოდ საქართველოსთან. რას ნიშნავს ეს საკრალური გეოპოლიტიკის ენაზე? 70 წელს რომაელებმა ვესპანიანეს ვაჟის - ტიტეს მეთაურობით დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი. აღსრულდა უფლის სიტყვები, რომელიც იერუსალიმს საყვედურით ეუბნება: „და დაგარღვიონ შენ და შვილნი შენნი შენს შორის დაეცნენ და არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა შენს შორის ამისათვის, რამეთუ არა გულისხმა ჰყავ მოხედვისა შენისაი” (ლუკა 19,44). მოგვიანებით დაინგრა რომი და რომის იმპერიაც. მაშ ასე, ქრისტეს შობის შემდეგ დაინგრა ძველი წარმართული მსოფლიოს ორი სიმბოლო, იერუსალიმი, როგორც ღვთის ქალაქის და რომი, როგორც ამქვეყნიური დიდების სიმბოლო. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 170 რომზე პრეტენზია მოგვიანებით ჯერ ბიზანტიამ, ხოლო შემდეგ რუსეთმა განაცხადეს, რითაც შეითვისეს რომის იმპერიის ბუნება. გარდა ბიზანტიისა და რუსეთისა რომს სხვა სულიერი მემკვიდრეებიც დარჩა მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოების სახით, ხოლო იერუსალიმზე, რომელიც იყო და არის ღვთის ქალაქის, სულიერების, რწმენის, რელიგიის სიმბოლო არც ერთ სახელმწიფოს არ განუცხადებია პრეტენზია გარდა საქართველოსი, რითაც საქართველომ აიღო ორიენტაცია სულიერებისაკენ და ღმერთისაკენ, და ამით ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება-დაცვას მიჰყო ხელი. პარალელურად, საქართველოს პრეტენზია, რომელიც მას კავკასიის ერთიანობაში ჰეგემონის გამოვლინებაში გააჩნდა, დავით აღმაშენებლის ეპოქაში ხელსაყრელი ვითარებით ისარგებლა და თითქმის მიაღწია საერთო კავკასიური იდეის განვითარებას. გელათის ახალ იერუსალიმად და სხვა ათინად სახელდებით საქართველომ თავის თავში მოახდინა აღმოსავლური რელიგიისა და დასავლური ფილოსოფიის სინთეზი, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებშიც აისახა სიმფონიის სახით, რის შედეგადაც მივიღეთ სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებული, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა ქართული მოდელი. ვინაიდან გეოპოლიტიკურად საქართველო განეკუთვნება იმ ადგილს, სადაც ერთმანეთს ემიჯნება და ესაზღვრება აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მან თავის ბუნებაში ცუდთან ერთად მოახდინა ყველა იმ სიკეთის თავმოყრა, რაც ამ გეოგრაფიული ორიენტაციის სიმბოლოებს ახასიათებდა. ამიტომ შემთხვევითი არ იყო საქართველოს პრეტენზია იერუსალიმზე და ათენზე, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული მოთხოვნილება გახდა. იერუსალიმობის შინაგანმა მოთხოვნილებამ თავისი დაკმაყოფილება თანამედროვე სახელმწიფოს სიმბოლიზმში ჰპოვა, როცა სახელმწიფოს დროშად აღიარებულ იქნა ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც ისტორიულად იერუსალიმის დროშა იყო და მას განასახიერებდა. ამაშია ქართული სახელმწიფოს ბუნების თავისებურება, რამაც განაპირობა მისი შეუთავსებლობა რუსულ ბუნებასთან და აქედან გამომდინარე ქართული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკის წინააღმდეგობა რუსული მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკასთან. ამ შეუთავსებლობაში თავისი როლი ითამაშა გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარეობს ძნელია ცალსახად მისი რომელიმე ცივილიზაციისათვის მიკუთვნება. ვინაიდან საქართველო არც აღმოსავლეთია და არც დასავლეთი მან თავის თავში თავი მოუყარა და გააერთიანა აღმოსავლური - ქრისტიანული რელიგია და დასავლური - ბერძნული ფილოსოფია. ამიტომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა სიმფონიამ ყველაზე მეტად იდეალური სახით, ბიზანტიისა და რუსეთისგან განსხვავებით ასახვა სწორედ საქართველოში ჰპოვა. სწორედ, ამაშია საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობათა გეოპოლიტიკური თავისებურება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 1, 2023 171 გამოყენებული ლიტერატურა : 1) ახალი აღთქმა, თბ. 2001წ. 2) ჰეგელი გ., ლექციები ისტორიის ფილოსოფიაზე, თბ. 2001წ. 3) დუგანი ალ., გეოპოლიტიკის საფუძვლები, თბ. 1999წ. 4) მაცაბერიძე მ., საქართველო და მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკა, თბ. 2003წ. 5) Дугин А., Основы геополитики, М. 1999г. A Geopolitical Understanding of Christianity Akaki Abzianidze Doctor of Political Sciences. Professor, Georrgian National University Summary This study focuses on the geopolitical questions of Christianity, based on an analysis of the Biblical Parable of the Sower, in the context of the geographic space of Christianity and geopolitical symbolism. The work also addresses a symphonic, or harmonious, relationship between the Georgian state and the Church as well as geopolitical foundations of this symphony in regard to the geopolitics of the Russian Orthodoxy. Key words: Religion, Christianity, Geopolitics