Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 104 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 2, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.13 საქართველოში ნაბდის დამზადების ტრადიციული მეთოდები ოლღა რუხაძე დოქტორანტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბსტრაქტი ნაშრომში განხილულია ძველ საქართველოში ნაბდის დამზადების და გამოყენების ისტორია და ნაბდის სახეები. საქართველო ოდითგანვე იყო სამშობლო მენაბდეობის განვითარებაში, რომელსაც მატყლისაგან დამზადებულ მხატვრულ ნაწარმთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ნაშრომში მოცემულია ნაბდის დასამზადებლად საჭირო მატყლის სახეობები, დამზადების ტექნიკა, ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური დამუშავების თანმიმდევრობა, გამოყენების სფეროები და სახეობები ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. საკვანძო სიტყვები: თექა, მოთელვა, ჭავლიანი და უჭავლო ნაბადი, ეთნოგრაფია, ტექნოლოგია, მატყლი. ძირითადი ნაწილი უქსოვადი მასალების დამზადება ისტორიულად სხვადასხვა ერის კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს. არსებობს მრავალი ლეგენდა თექის დამზადების შესახებ. თექის დამზადების ტექნოლოგია ძაფის დართვისა და ქსოვის წინამორბედად მოიაზრება. თექა, თავისი ჰიგიენური თვისებებიდან გამომდინარე, როგორიცაა - ეკოლოგიურობა, თბოგამტარობა, ანტიბაქტერიულობა, სიმსუბუქე, ცვეთამედეგობა, თანამედროვე პირობებშიც არ კარგავს აქტუალობას და გაცილებით მეტად დასაფასებელი და ღირებული ხდება. არაერთი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას, როგორც ძველი ქართული თექის, ისე სხვა კულტურათა თექის განვითარების შესახებ. არსებულ წყაროთა დახმარებით ვიგებთ თექის დამზადების ტექნოლოგიური პროცესების შესახებ. მოთელილი მასალისაგან შექმნილი ნაწარმი წარმოადგენდა არა მარტო სხეულის საფარველს, მისი თბური რეგულაციისა და მექანიკური დაზიანებისაგან დაცვის საშუალებას, არამედ ფუფუნებისა და ერთგვარი ესთეტიკური გემოვნების საგნებადაც ითვლებოდა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 105 ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულთა მიჯნითაა დათარიღებული ბედენის აკლდამა, რომელშიც სხვა ნივთებსა და ქსოვილების ნაშთებთან ერთად, მოთელილი ნაწარმის ფრაგმენტებიცაა წარმოდგენილი. გ. გობეჯიშვილის ვარაუდით, „ქეჩა , ალბათ, ქვეშ ეფინათ მიცვალებულებს“ - აქვე ნაპოვნია ნაბადგამოკრული ფარიც. თელვის საქმიანობა იმდენად იყო განვითარებული , რომ წერილობითი წყაროების მიხედვით, შუა საუკუნეებში, ქსოვილებთან ერთად, ნაბდები გაჰქონდათ საქართველოდან. საქართველოში მატყლს თელავდნენ სამეგრელოში, ზემო რაჭაში, იმერეთში, სვანეთში, ჯავახეთში, ხევში, ფშავში, თუშეთში, ქართლსა და კახეთში. მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა მატყლის თელვით მიღებულ მასალას თავსაბურსა და შესამოსელში, სახლის შიგა სივრცის გასალამაზებლად და დასათბუნებლად; იყენებდნენ აგრეთვე დროებითი საცხოვრებლის სახურავად, კარვებად, სასაპალნე და ტვირთმზიდავი პირუტყვის აღკაზმულობაში, გაშლილ ველზე საჩრდილობლად და მოსაქრებადაც. გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინასა და სხვადასხვა საწესჩვეულებო რიტუალში. სახიან ნაბდებს ქალებს მზითვშიც ატანდნენ. საქართველოში ითელებოდა ჭავლიანი, ანუ „ბოჭკო-მაღალი“ და უჭავლო ნაბდები. ნაბადი მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამია. ზურგი და კალთები მთლიანადაჭრილია, აქვს ღრმად ამოღებული ყელი და განიერი მხრები დამუშავებულია სარჩულზე, კისრის ნაპირი ტყავის დაწნული თასმითაა გაფორმებული, რომელიც ამავდროულად შესაკრავად არის გამოყენებული; ორივე კალთის ნაპირი შიგა მხრიდან გაფორმებულია ყვითელი აბრეშუმის ძაფის გრეხილი ორნამენტული ნაქარგობით, რომლებზეც გამოსახულია ვარსკვლავები, ნახევარმთვარე, ხელის მტევანი – გაშლილი თითებით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ნაქარგობა (ხელის გამოსახულებით) კალთის შიგა მხარეს, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და მიეწერება დაცვითი ხასიათის დატვირთვა (ხელი იფარავს). დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალ ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბდის წარმოებით ამიერკავკასიაში განთქმული იყო საქართველო. ნაბადი მზადდებოდა თუშეთში, სვანეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. ნაბადი თავისი უნიკალური თვისებების – სითბოდამცავობისა და წყალგაუმტარობის გამო, კავკასიელი ხალხის გასაოცარი გამოგონებაა. ნაბადი ღღესაც კი იდეალურ, შეუცვლელ სამოსად ითვლება მთიელი მწყემსებისათვის, ნისლიან და უხვთოვლიან პირობებში. მოხმარების მოხერხებულობის, სისადავისა და პრაქტიკულობის წყალობით ნაბადი ძველთაგანვე იყო ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის – მწყემსისა თუ თავადის, მდიდრისა თუ ღარიბის საყვარელი და პრესტიჟული სამოსი. ნაბადს მოიხმარდნენ ქართველი მეფეებიც და რუსი იმპერატორებიც. XIX საუკუნეში ნაბადი ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა, როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი. თითოეული ნაბადი მზადდება ინდივიდუალურად, ხელით – რაიმე მექანიზაციის გარეშე. ნაბდის დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნედლეულის ხარისხს. უპირატესობა ენიჭება მთის სამატყლე ჯიშის ცხვრის ბეწვს – შემოდგომაზე გაკრეჭილს, ამ დროს ბეწვი ყველაზე გრძელი და ხარისხიანია. კრეჭვის პროცესში მიმდინარეობს მატყლის დახარისხება დანიშნულების მიხედვით – სხვადასხვა სახის ქეჩის ნაწარმისათვის. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 106 ნაბდისათვის შეარჩევენ ყველაზე საუკეთესოს. მატყლს თავდაპირველად რეცხავან, აშრობენ და ჩეჩავენ საჩეჩელზე ახარისხებენ მოკლე და გრძელ ბეწვად – შესაბამისად ნაბდის შიგა და გარე ზედაპირების დასამზადებლად. მატყლს პენტავენ. გააფენენ საფენზე რამოდენიმე ფენად, გარეთა ზედაპირისათვის გრძელი ბეწვს, შიგასთვის მოკლეს, ასველებენ, მილისებურად დაახვევენ და თელავენ (მილისებურად დახვეულს აგორებენ) გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ გახსნიან, ისევ, დაასველებენ და იმეორებენ დახვევისა და მოთელვის ოპერაციებს. რაც უფრო ბევრჯერ განმეორდება ეს პროცედურა, მით უფრო ხარისხიანი (რბილი, მოქნილი, მტკიცე, თხელი) იქნება მოთელილი ქეჩა. მოთელვის დროს ქეჩას პერიოდულად ვარცხნიან სპეციალური ჯაგრისით, იმისათვის, რომ გრძელბეწვიანი იყოს და წვიმის წვეთებისაგან იოლად დაიწრიტოს. რამოდენიმე დღის განმავლობაში ამ ოპერაციებს მრავალჯერ იმეორებენ. ნაბდის დამზადების ყველა ოპერაციას თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. ნაბადმა წყალი რომ არ გაატააროს, მას ნახევარი დღის განმავლობაში სპეციალურ ქვაბში დაბალ ცეცხლზე ადუღებენ, წყალში ამატებენ რკინის აჯასპს, შემდეგ ამუშავებენ კაზეინის წებოთი. წებო მატყლზე წარმოქმნის „ლოლუებს, რომელიც წვიმის დროს წყლის ჩამოწრეტას შეუწყობს ხელს. წებოთი დასველებისას ქეჩას რამოდენიმე ადამიანი დაიჭერს თავქვე. რის შემდეგაც ასე დამუშავებულ ქეჩას აშრობენ. ბოლოს ამოჭრიან ყელის ნაპირს, მხრებს გამოკერავენ, და დაამუშავებენ სარჩულით (სწრაფად გაცვეთისაგან დასაცავად). მხრებზე დამაგრების მიზნით ნაბადს ყელთან გაუკეთებენ შესაკრავს – ტყავის თასმების, მარყუჟის და დამჭერის ან ტყავის ღილკილოსა და ღილის სახით. არსებობს მკვლევართა მოსაზრება, რომ ტყვიაგაუმტარებლობის მინიჭებისათვის ნაბდებს ჟღენთავდნენ რაღაც გარკვეული შემადგენლობით, ან თელავდნენ განსაკუთრებული წესით. ასეთი ნაბადი მხედარსაც და ცხენსაც საიმედოდ იცავდა. იშვიათ შემთხვევაში ნაბადი იღებებოდა ბუნებრივი საღებარებით. ჩვეულებრივ, ეს ხდებოდა დაბალხარისხიანი მატყლის შემთხვევაში, რის გამოც, ნაკლებადპრესტიჟული იყო და ძვირადაც არ ფასობდა. უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივად შავი მატყლის ნაბადს. თეთრი ფერის ნაბადი გამოსასვლელად ითვლებოდა და მხოლოდ სადღესასწაულო და საზეიმო შემთხვევებში გამოიყენებოდა. განსაკუთრებით ძვირფას ნაბდებს გულისპირზე ზეზით და ჩაფარიშებით რთავდნენ, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგავდნენ. ნაბადი რაც შეიძლებოდა მსუბუქი უნდა ყოფილიყო, რათა მხოლოდ მხედარს კი არა ფეხითმოსიარულესაც არ გასჭირვებოდა მისი ტარება. კარგი ხარისხის ნაბადი, ჩვეულებრივ, არ უნდა აჭარბებდეს 2-3 კილოგრამს. მაღალხარისხოვანი ნაბადი, იატაკზე დაყენებული, არ უნდა წაიქცეს, ვერტიკალურად (ფეხზე) უნდა დადგეს. ნაბდის დამზადებაზე, მისი ხარისხისა და ტიპის მიხედვით საჭირო იყო 10-დან 30 დღემდე. მატყლის დამუშავება, ქეჩისა და ნაბდის დამზადება ქალის საქმეს წარმოადგენდა და ისინი ამ საქმით მთელი წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებული. ნაბდის დამზადების პროცესი მოთელილი ქეჩების დამზადებას შორის ყველაზე შრომატევადი, რთული, ხანგრძლივი და მძიმე სამუშაოა. მოთელვისას საჭიროა დახვეულ ქეჩაზე ხელების განუწყვეტელი ცემა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 107 ეთნოგრაფიაში დამოწმებულია ორი სახის ნაბდის არსებობა: პირველი – ქვევით გაფართოებული, ზარისებური (კლოში) ფორმის, ვიწრო მხრებით, ბეწვის გარეშე, სიგრძით მუხლს ქვემოთ და მეორე – ტრაპეციული ფორმის, სიგრძით კოჭამდე, განიერი (დაახლოებით 1მ. სიგანის) მხრებით, რაც ნაბადს ტუნიკისებრ ფორმას ანიჭებდა. პირველი ტიპის – ზარის ფორმის, ვიწრომხრებიან ნაბადს ძირითადად მწყემსები და მონადირეები მოიხმარდნენ. ის მოძრაობას არ ზღუდავდა და მსუბუქიც იყო. ასეთი ფორმის ნაბდის დამზადებისას მატყლს აფენდნენ წრის 3/4 ფართზე და კისრისათვის მრგვალ ამონაჭერს უკეთებდნენ. ტრაპეციული ფორმის, გრძელი ნაბდების საზოგადო პოპულარობა და ფართო გავრცელება პირველ მსოფლიო და სამოქალაქო ომებს უკავშირდება. ასეთი ნაბადი ძალზე მოსახერხებელი იყო ცხენოსანი მეომრისათვის, რადგანაც საიმედოდ იცავდა მხედარსა და ცხენს ხმლის, ხანჯლისა და თვით ტყვიებისგანაც. მიწაში ჩარჭობილ სარებზე გადაფარებული ნაბადი ბრძოლის ველზე საფარის როლს ასრულებდა, ხოლო ბრძოლებს შორის შესვენების დროს – კარვისას. ნაბადში ნიღბავდა მხედარი იარაღს და ამით ნესტისგანაც იფარავდა, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პისტოლეტებისა და კაჟის თოფებისათვის. სწორედ ამ ღირსებებმა განაპირობა ნაბდის არამარტო მრავალსაუკუნოვანი არსებობა, არამედ მისი გავრცელებაც კავკასიის ფარგლებს გარეთ და პირველ რიგში თერგის, ყუბანისა და დონის კაზაკებს შორის. ნაბდის დამზადების წესი და თანმიმდევრობა ათასწლეულების მანძილზე უცვლელია. ეთნოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნაბდის ასაკის განსაზღვრა ძალზე რთულია, მისი ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის. შავი ქეჩის ლაბადით შემოსილი კავკასიელ მეომართა რაზმები მოხსენიებულია ანტიკური ავტორების მიერ. მისი წინამორბედია შეუკერავი მოსასხამი, რომელიც მხრებზე შესაკრავით მაგრდებოდა. გამოყენებული ლიტერატურა 1. მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობისთვის, ტ .II, ნაწ. II,თბ.., 1981; 2. ცაგარელი ნ., ქართული თექა, თბ, 1982; 3. ჯალაბაძე გ., თექა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. თბ., 1979; 4. ჩაჩაშვილი გ., ქართული ნაბადი, ძეგლის მეგობარი, N 48, 1978; 5. აზიკური ნ., თუშური ნაბადი, თბილისი 1999წ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 108 Traditional methods of fabric making in Georgia O. Rukhadze Doctoral student, Technical University of Georgia The history of making and using nabdi in ancient Georgia and the types of nabdi are discussed in the paper. From time immemorial, Georgia has been the motherland in the development of menabdeobi, which occupies one of the most important places among artistic products made of wool. The article presents the types of wool needed for the production of yarn, production techniques, technologies, sequence of technological processing, areas of use and types according to functional purpose. Key words: felting, spinning, inkjet and non-inked fabric, ethnography, technology, wool.