Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 94 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 3, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.03.11 აკაკი წერეთელი ამერიკის შესახებ თამარ ახვლედიანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბსტრაქტი მე-19 საუკუნის საქართველოში აღწევს ცნობები ამერიკის შესახებ. ჩვენი მწერლები და ჟურნალისტები წერენ იმ პრობლემებზე, რასაც ამერიკული ცხოვრება შობს. საინტერესოა აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკაში მცირე მასალით წარმოდგენილი ამერიკის ხატი. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც გაუქმებულია წოდებები, არიან მხოლოდ თანაბარი უფლებების მქონე მოქალაქეები. მეორე მხრივ ამერიკა არ არის ბუნების კანონებად მცხოვრები რომანტიკული ქვეყანა. აქ გამდიდრების სურვილი შხამავს ადამიანურ გრძნობებს. საკვანძო სიტყვები: აკაკი წერეთელი, ამერიკა, წოდებები, დემოკრატია, ოქრო, სიყვარული. რუსეთთან შეერთების მერე, მე-19 საუკუნეში საქართველო ისევ ჩაერთო ზოგად ევროპულ ცხოვრებაში. ამერიკაც თავისი ეკონომიკით, კულტურით ევროპული რეგიონის სახელმწიფოთა ნიშნებს ატარებს. იგი ხომ ევროპელების მიერ ახლადაღმოჩენილ კონტინენტზე მიგრაციის შედეგად წარმოიშვა. ახალი ტერიტორიების ამთვისებლებმა ინდიელებთან და აფრიკელებთან ნაწილობრივი შერწყმის შედეგად დააარსეს ახალი პოლიტიკური ერთეულები, რომელთაც კოლონიზატორთა მიერ ევროპიდან მოტანილი მშობლიური ენები მიიღეს თავიანთ სახელმწიფო ენებად. ამდენად, თითქოს ევროპის ტერიტორიული გაფართოება მოხდა, ოღონდ ამერიკის კონტინენტზე. მართლაც, რა ეშველებოდა ევროპას, ასეთი ჭკვიანი ერებით დასახლებულ პატარა კონტინენტს? სად უნდა წაეყვანა თავისი მზარდი მოსახლეობა? მალთუსივით ხომ არ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 95 ინატრებდა პერიოდულ ომებს, რომ აქ მცხოვრები ხალხი შემცირებულიყო, რათა გადარჩენილებს მაინც ყოფნოდათ ტერიტორია და მიწის ნაყოფი. მაგრამ ევროპის მოსახლეობის დედამიწის სხვა კონტინენტზე გადანაცვლებას დასჭირდა იქ მცხოვრები წარმართი, ველური, ჯერაც სასტიკი და მზის და მთვარისადმი ადამიანთა მსხვეპლად შემწირავი ტომების ამოწყვეტა, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო მათი განვითარებისათვის, როგორც კაცობრიობის ევოლუციისათვის თვალის მიდევნება და შესწავლა... და დარჩა მზის და მთვარის ისეთი ტაძრები - მეცნიერთა უცნაური ეჭვებს რომ იწვევს, იქნებ უცხოპლანატელებმა ააშენეს ეგვიპტის პირამიდებთან ერთად, როგორც თავიანთი საპლანეტთაშორისო სადგურები და აეროდრომებიო. ამდენად, როცა საქართველო ბრუნდება ევროპულ რეგიონში, მის ინტერესთა სფეროში ექცევა არა მარტო ევროპელი ხალხების პოლიტიკური ცხოვრება, არამედ ამერიკაც, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო, რომელიც ჯერ ასე დაგვიანებული მონობის სამყაროდ წარმოუდგათ მე-19 საუკუნეში და თუნდ ბიჩერ სტოუს ნაწარმოებებით ბევრი ცრემლი აღვრევინა სენტიმენტალურ ადამიანებს. მერე კი სრულიად ახალი სახის, წოდებათა გარეშე მცხოვრებ მოქალაქეთა დემოკრატიულ პოლიტიკურ ერთეულებად. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებია, მსოფლიოს მრავალი ხალხი იბრძვის ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის. რუსეთში ბატონყმობა უქმდება... ამერიკაშიც მონობის გაუქმებისათვის იბრძვიან... საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ თითქმის მთელი მსოფლიო სამართლიანად თვლის პიროვნული და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლას. ფეოდალიზმი დაირღვა, ადამიანთა კასტებად დაყოფა გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია დამარცხდა და მსოფლიო რეაქციის მიერ მოხდა რესტავრაცია, საფრანგეთში მაინც გრძელდება პერმანენტული რევოლუცია, რომელიც კომუნამდე მიდის. ევროპაშიც და ამერიკაშიც იბრძვიან განმანათლებელთა იდეების განსახორციელებლად. ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით უნდა იწყებდეს ცხოვრებას, ყველა უნდა იყოს მოქალაქე. მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში და პერიოდულ პრესაში ბევრ ცნობას შეხვდებით ამერიკის შესახებ, მეცნიერები სწავლობენ მე-19 საუკუნის გამორჩეულ მოღვაწეთა ნააზრევში როგორაა დახატული ამერიკა და ამერიკასთან დაკავშირებული პრობლემები. ამჯერად ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ როგორ ამერიკას ვხვდებით აკაკი წერეთლის მხატვრულ და პუბლიცისტურ მემკვიდრეობაში. მხატვრულ ნაწარმოებებში ამერიკაზე თითქმის არაფერი წერია, მაგრამ პუბლიცისტურ წერილებში ნამდვილად საინტერესოდ გამოკრთება აკაკის წარმოდგენა ამერიკაზე. მასალა არც ისე დიდი მოცულობისაა. 1868 წელს თავის ერთ პუბლიცისტურ წერილში აკაკი პირველად ახსენებს ამერიკას. ახალგაზრდა კრიტიკოსმა, გვარად ბეთანელმა აკაკის შეუტია იმის გამო, რომ იგი გამოესარჩლა ცნობილ ქართველ მწერალ ქალს ბარბარე ჯორჯაძეს.(5) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 96 საქმე ისაა, რომ 1861 წელს 24 წლის სტუდენტმა ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „ცისკარში“ დაბეჭდა კრიტიკული წერილი „ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავისაგან კოზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედ“, სადაც სვამდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: 1. რა უნდა ვთარგმნოთ და როგორ უნდა ვთარგმნოთ 2. შეიძლება თუ არა ფორმის სრულყოფილებისათვის გავწიროთ შინაარსი? და მხარს შინაარსის ესთეტიკას უჭერდა. 3. ასევე, გამოდიოდა სენტიმენტალიზმის, როგორც მოძველებული მიმართულების წინააღმდეგ და 4. მოითხოვდა ენობრივ რეფორმასაც, (ხმარებიდან იმ ხუთი ასოს ამოღებას, რომელთა შესაბამისის ბგერები აღარ ისმოდა ქართულ ენაში) იმის მსგავსს, როგორიც კარამზინმა ჩაატარა რუსეთში. თუმცა ილია კარამზინის ენობრივ რეფორმასთან კავშირზე არაფერს წერს . მის მთავარ დამსახურებად რუსეთის ისტორიის დაწერას თვლის და როგორც მწერალს მოძველებული მიმართულების არც ისე ნიჭიერ ინდივიდად წარმოუდგენს ქართულ საზოგადობას, მით უფრო მისი სკოლის პოეტს კოზლოვს, მას ძალად მტირალ და ძალად სენტიმენტალურ ავტორს უწოდებს, რომლის თარგმანებშიც დიდ ავტორთა (ბაირონი, ანდრე შენიე) დიდი გრძნობები წვრილმანდება და სენტიმენტალურად ხურდავდება. ილიას უპასუხა „ცისკრის“ რედაქციამ. ძველი თაობის სამმა წარმოადგენელმა დაწერა საპასუხო წერილი. მათ შორის ცნობილმა ქართველმა მწერალმა ქალმა, ასევე ცნობილი ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, დრამატურგის და საზოგადო მოღვაწის რაფიელ ერისთავის დამ - ბარბარე ჯორჯაძემ. ეს პოლემიკა დღესაც შეიწავლება როგორც საინტერესო კამათის ნიმუში. ილია მეტისმეტად მკაცრ, ლამის ულმობელ პოლემისტად გამოიყურება. ერთი შეხედვით მძიმე კონფლიქტი იწყება ახალ და ძველ თაობას შორის. ილიას გვერდით დაუდგნენ სხვა „თერგდალეულებიც“ - რუსეთში განათლებამიღებულები, ჯერაც პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის აკაკი წერეთელიც. საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებულმა ილია ჭავჭავაძემ შექმნა „საქართველოს მოამბე“ და თავისი ესთეტიკით და პრობლემებით დაუპირისპირდა „ცისკარს“. ძველ „ცისკარში“ არა მარტო ილია, აკაკი წერეთელიც იბეჭდებოდა. მისი პოეზია გამორჩეულად შეიყვარა საქართველომ, ძველი თაობის „ცისკრელებმა“, მით უფრო რომ როგორც გურამ ასათიანი წერს, აკაკის „საიდუმლო ბარათი“ და „ლოდინი“ სრულად ახალ ესთეტიკას [რეალისტურს] უდებდა საფუძველს და თითქოს მისი ლექსებით ალაპარაკდა საქართველო. ის ილიაზე უფრო კეთილხმოვნად, ფორმამოწესრიგებულად ჩაითვალა. აკი, აკაკი იმდროინდელ რუსეთში გამართულ „ნიღილისტების“ და „ფორმალისტების“ კამათისას არც ერთის მხარეს არ იჭერდა და ალექსეი ტოლსტოივით1 შინარსის და ფორმის ჰარმონიას მოითხოვდა. მოგვიანებით იმდროინდელი „ცისკრის“ რედაქციაზე აკაკიმ შესანიშნავი მოგონებები დაწერა. 1ალექსეი კონსტანტინეს ძე ტოლსტოი (1817-1875) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 97 „ცისკარმა“ აკაკი და ანტონ ფურცელაძე (მწერალი და უფრო შესანიშნავი ახალგაზრდა კრიტიკოსი) თავის რედაქციაში მიიწვია ჟურნალის ახალ რელსებზე გადასაყვანად. მათ გამო ცოტა ხნის მერე „ცისკარი“ უფრო უკიდურესი შინაარსის ესთეტიკის, ლამის უტილიტარიზმის მქადაგებლად იქცა და დაუპირისპირდა ილიას ზომიერ „საქართველოს მოამბეს“ რაღაც მიზეზის გამო (რაც უფრო პიროვნულ შეუთავსებობას ჰგავს), ილიამ უარი თქვა თავის ჟურნალში აკაკის მიღებაზე. აკაკი ილიაზე არანაკლებ მახვილი და მწარე პოლემისტი იყო, მაგრამ რახან ილიას „უკიდურესობა“ და „შინიდან გამოუსვლელი“ და „შინგაზრდილი “ ბარბარე ჯორჯაძის კრიტიკა მეტისმეტად ჩათვალა, გამოესარჩლა მწერალ ქალს. სხვათა შორის, მერეც თავის პირად წერილებშიც ელისაბედ ჭავჭავაძე-მარჯანიშვილისადმი იცავს როგორც დრამატურგს და იმდროინდელი გაზეთების რეცენზენტების საპირისპიროდ მაღალ შეფასება აძლევს მის პიესა „მშვენიერ კეკელას“ და ამ პიესის თეატრალურ დადგმას თბილისში. რახან ქალია, იმიტომ ამოიჩემეს და დასცინიაო, პიესაც კარგი იყო და სპექტაკლიცო. ტყუიან, მაყურებლები არ მიუტოვებიათ და არც უადგილოდ არ იცინოდნენო. აკაკი ბარბარე ჯორჯაძეს გამოესარჩლა უპირველესად როგორც მოღვაწე ქალს. ის პირველ ღრუბელს შეადარა, რომელსაც სხვა ღრუბლებიც მოყვებიან და წვიმად ქცეულები გაანედლებენ გვალვისაგან გამომშრალ მიწას. მოღვაწე ქალს, რომელიც კეკლუცობის ნაცვლად ნამდვილ ეროვნულ საქმეს უდგას სათავეში, კრიტიკა კი არა, გვერდით დადგომა და სხვებისათვის მაგალითად დასახვა სჭირდებაო. ის ოდნავ ექსცენტრულ, ჩქარა მოლაპარაკე იმპულსურ ქალად მყავდა წარმოდგენილი, განსაკუთრებით ნაწარმოებებზე მუშაობისას, არადა, პირველად „ცისკრის“ რედაქციაში ვნახე, ზომიერი და ოდნავ ფლეგმატური როგორ წერდა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს „არაგვსო“. აკაკი აქებს მის „დედა და შვილს“ . იგივე თემა შემდეგ ილიას მთელს შემოქმედებას მიყვება. დედა უმალ თავისი შვილის ზნეობაზე და სულიერ აღზრდაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის ფიზიკურ გადარჩენაზე, თუნდ კომპრომისების და მაღალი ღირებულებებისადმი ღალატის ხარჯზეო, რისი ბევრი მაგალითიც იყო მათ ირგვლივ (4) (5). აკაკი თვლიდა, რომ ქალები დიდ როლს ასრულებდნენ საქართველოს ისტორიაში. ბარბარე ჯორჯაძეც შეიძლება ჟორჟ სანდი არაა, მაგრამ მაინც კარგი მაგალითია მისი თანამედროვე ქალებისათვის (5). მოგვიანებით დაწერს პუბლიცისტურ წერილს ქალის სოციალურ მდგომარეობაზე ძველ საქართველოში (9) და ხშირად მათ ტრაგიკულ ბედზეც. იგი წერს, რომ მამაკაცები სულ ომში იყვნენ და ოჯახის საქმე და მწიგნობრობა ქალების ხელში დარჩა, ძალიან კარგად იცოდნენ მწერლობა, განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანი“. ბაძავდნენ ნესტან-თინათინებს, მამაკაცები მაჯას იხსნიდნენ, სისხლით წერდნენ სამიჯნურო ბარათებს და ტარიელივით ხელჩამოკიდებული დადიოდნენ. ქალები უფრო განათლებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცებს შორის მაინც მეტი მწერალი იყო. ქალები არ წერდნენ, რადგან გავრცელებული შეხედულებებით ლექსად მარტო სამიჯნური გრძნობების გამოხატვა შეიძლებოდა, მით უფრო სპარსი პოეტებიც ფირდოუსი, საადი, ჰაფიზი, ფეიზელი ითარგმნა. ქალისაგან სირცხვილად ითვლებოდა სიყვარულზე წერა. და თუნდ ეს უშლიდა ხელს ისეთი ნაწარმოებების დაწერას, სადაც სამყაროს ქალური აღქმა იქნებოდა სრულად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 98 გამოხატული. პირველი ცნობილი პოეტი ქალი (იმერეთში) იყო სოლომონ I -ის ასული დარეჯანი. მისმა მრისხანე სატირამ თეოფილაქტეზე (რუსანოვზე) იმერეთში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, გამოჩნდა თეკლა ბატონიშვილი. ამბობდნენ, ივანე ერისთავის ქალები განსაკუთრებულები არიანო, არისტოტელე იციან და ლექსებს წერენო. გრიგოლ წერეთლის შვილმა ალექსანდრემ ითხოვა ეკატერინე, მაგრამ ის ისე მგრძობიარე, თავდაუჭერელი და წრფელი იყო, ქმართან უკმაყოფილება მოუვიდა და ლექსები დაწერა ამის შესახებ. ეს ნაწარმოებები ხალხმა იცოდა, მაგრამ არ უთანაგრძნობდნენ, როგორც ქალს. გიორგი ერისთავი2 ძალიან უჭერდა მხარს, მაგრამ დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა არ დარჩენია. მისი მეორე და მარიამიც ნიჭიერი იყო, მაგრამ ისიც ჩრდილში აღმოჩნდა. პირველი ქალი, რომლის ნაწარმოებები ბეჭდური სახით იხილა ქართულმა საზოგადოებამ, სწორედ ბარბარე ჯორჯაძე იყო. წერილში, სადაც ავტორი ბეთანელი, ჩანს, ილია ჭავჭავაძეს ესარჩლებოდა ბარბარე ჯორჯაძესთან კამათისას, აკაკის უსაყვედურებს - წოდებით ამპარტავნებას თავის საჟურნალო წერილს ხელს აწერს „თავადი აკაკი წერეთელიო“. (5) შეიძლება ამით იმაზეც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ „ცისკრის“ რედაქციაში თავი მოიყარეს მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენლებმა, მეფეთა შთამომავლებმა, თუნდ დედის მხრიდან. ალექსანდრე ორბელიანმა (ერეკლე II-ის შვილიშვილმა) აკაკი წერეთელმა (სოლომონ I-ის შვილთაშვილმა) ბარბარე და რაფიელ ერისთავებმა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ნაწილის ადრინდელმა მმართველებმა) მუხრან ბატონმა, რევაზ ერისთავმა, ბარათაშვილმა და თუ ილიას ესარჩლებოდა, არც ილია იყო სხვებზე ნაკლები თავადი, მერე რა რომ „ლიბერალი იყო, ოღონდ ბურთივით მრგვალი“. აკაკი ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატი და ხალხური მოღვაწე იყო მე-19 საუკუნის საქართველოში, მაგრამ თავისი მოღვაწეობის დასაწყისშიც და 80-იან წლებშიც „ხალხოსნებთან“ კამათისასაც წამოაძახეს თავადობა. აკაკიმ ბეთანელსაც და ხალხოსნებსაც უპასუხა. ჯერ ვნახოთ, როგორ უპასუხა „ხალხოსნებს“, რომლებიც საშუალო სასულიერო წოდების წარმომადგენელთა შთამომავლები იყვნენ. აკაკი თავისი განთქმული ირონიით წერდა „თურმე თავადობა ცოდვა ყოფილა, „დიაკვნიშვილობა“ კი დამსახურებაო. ბევრი ხალხური შედევრია დაწერილი თავადებზე, დიაკვანზე კი მარტო ერთი ლექსი ვიცი: „დიაკვანო ბერასაო, თავი გიგავს ძერასაო, აი, თვალი დაუდგება მაგ შენს კითხვა-წერასაო“ წოდებაა მთავარი თუ პიროვნება თავისი დამოკიდებულებით ეროვნული და სოციალური საკითხისადმიო. და ახლაც, ბეთანელს პასუხობს: მე მგონი ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც წოდებები ჯერაც შენარჩუნებულია (რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმების მიუხედავად, წოდებები არ გაუქმებულა და გლეხები უმიწოდ გათავისუფლდნენ). ჩვენ ამერიკაში არ ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ მოქალაქეები არიანო. (5) ე.ი. 1868 წელს აკაკის თვალით დანახული ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც არ არის წოდებები. ის ამერიკას თვლის ბურჟუაზიულ ქვეყნად, უფრო ბურჟუაზიულად, ვიდრე საფრანგეთს, სადაც რესტავრაციის შემდეგ აღდგა წოდებები და თუნდ ინგლისს, სადაც 2ცნობილი ქართველი დრამატურგი, მე-19 საუკუნეში საქართველოში ევროპული თეატრის აღმდგენი და ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 99 რევოლუციის მერე, რახან კონსტიტუციური მონარქია დამყარდა, წოდებები არ გაუქმებულა და პარლამენტში არის ლორდთა და თემთა პალატა. ამერიკა აკაკისთვის დემოკრატიის სამეფოა, რომელიც არ გავს რუსეთის იმპერიას, ჯერ კიდევ ფეოდალურ ქვეყანას. მე-20 საუკუნეში მომხდარ რევოლუციამდე ფეოდალურ მონარქიად დარჩება მასში განვითარებული პირველი ბურჟაზიული ძვრების მიუხედავად. ქუთაისის ამერიკასთან ირონიული შედარება გვხვდება აკაკის 80-იანი წლების დასაწყისში დაწერილ ერთ პუბლიცისტურ წერილში, რომელსაც ჰქვია „ქუთაისი“ (8). თავადაზნაურთა ყრილობის დროს ყველა ერთმანეთს ეხვევა, თითქმის წოდებები ისე გაქრა, როგორც ამერიკაში... არადა, ქუთაისის ბულვარში ობობასავით ზის ბიბლიური გარეგნობის გრძელწვერა ურია მევახშე, რომლის ქსელშიც გაბმულა ათასი ბუზივით ბზუილა და არაფრის მაქნისი ამომრჩეველი. (8) ასევე, აკაკის აქვს ერთი ნაწარმოები „ეიფელის კოშკზედ“ (ლექსი პროზად), სადაც აღწერს თავის მოგზაურობას პარიზში (1906 წელს) და ეიფელის კოშკზე მყოფი ესაუბრება ამერიკელ ქალს. (10) ამერიკა ამ ნაწარმოებშიც ევროპის ნაწილია. ევროპაშიც, ამერიკაშიც ცივილიზაციას, ხელოვნურ ცხოვრებას გაუმარჯვია, ბუნებაზე მაღლა დამდგარა, ყველაფერი ანგარებით და სარგებლიანობით გამომშრალა, სიყვარული მოგების საგანი გამხდარა. ამერიკელი ქალი, რომელსაც ყველა სიკეთე გააჩნია, მშობლებისაგან დატოვებული დიდი მემკვიდრეობა, სიმდიდრე, ჯანმრთელობაც (აკაკი საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული) ბედნიერების საძებნელად პარიზში ჩამოსულა. მისი აზრით, ბედნიერება მხოლოდ სიყვარულში შეიძლება იპოვოს ადამიანმა, მაგრამ აქაც, ევროპაშიც არ ჩანან წრფელი, ნამდვილ გრძნობას აყოლილი ადამიანები. ვერც ევროპაში იპოვა თავისთვის და ზოგადადაც ნამდვილი სიყვარული, იქნებ ის საერთოდ არც არსებობს ქვეყნად... აკაკი კი ეუბნება, რომ მისი აზრითაც ამ ცივილიზებულ სამყაროში მართლაც გამქრალა სიყვარული, ყველაფერი ბრუნავს, ელავს, მაგრამ სითბოსაგანაა დაცლილი. მის სამშობლოში კი, სადაც ჯერ კიდევ ბუნება მეფობს, ადამიანები სიყვარულით ცხოვრობენ... ძველი საქართველოს ოქროს „ეპოქიდან“ შემორჩენილი გრძნობები ჯერ კიდევ ვერ გაახუნა „მეგობარი“ სახელმწიფოსგან შემოტანილმა ღირებულებებმა. (აკაკი საქართველოს რუსეთთან შეერთებას ისეთივე გარდამტეხ მიჯნად თვლიდა თავისი ქვეყნის ისტორიაში, როგორადაც „სლავოფილები“ პეტრე პირველის რეფორმას) რომ ქართველი ქალები თავიანთი სრულყოფილი შინაგანი სულიერი სიღრმით და გარეგნული მშვენიერებით ნამდვილად იწვევენ ჭეშმარიტ სიყვარულს და რომ ასეთი სიყვარულის ობიექტი მასაც ჰყავს, რომ ეს ქალი არაა მხოლოდ სატრფო, ის დედაცაა, დიასახლისიცაა და სწორედ, ესაა მისი მშვენიერების საფუძველი. მასში ვლინდება არა მარტო ქალი-სატრფო, ქალი, თუნდ სხვისი შვილების, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 100 დედაც,3 ის არაა ფუქსავატი, ტკბობას აყოლილი ქალი. ის მთელი დღე შრომობს და სწორედ, ეს იწვევს მისადმი აკაკის სიყვარულს4. ამ ქალის მშვენიერი სულია მისთვის მთავარი, თუმც მშვენიერ სულს „ხორციც შეჰქათქათებს“ ესაა თვითონ ფიზიკური და სულიერი სრულყოფილების განსახიერება. აკაკის მოსმენის მერე ამერიკელი ქალი ამბობს, რომ მას უკვე ძალიან უნდა ნახოს მისი სამშობლო, საქართველო, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა. გაუგონია, რომ არის კავკასია, სადაც ცხოვრობენ ჩერქეზები, სომხები, მაგრამ არაფერი იცოდა საქართველოზე. და ახლა მას, სიყვარულის და წრფელი გრძნობების, ნამდვილი ადამიანების მძებნელს, ფუჭი ცხოვრებით დაღლილს, უჩნდება სურვილი ჩამოვიდეს ამ უცნაურ, იდეალურ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ნამდვილი გრძნობები, ნამდვილი, ანგარებით შეუბღალავი ადამიანები, სადაც არსებობს ისეთი სიყვარული, რომელზეც აკაკიმ ილაპარაკა და ნახოს ის მშვენიერი ქალიც, აკაკის სატრფო, რომელიც აკაკისგან აღწერილი სიყვარულის სულიდან შობის მიზეზია... აბა, იმ ქალმა რა იცოდა ვის ელაპარაკა, ქართველების შვიდთაგან ყველაზე დიდ მგოსანს, გალაკტიონის თქმით „ნამდვილ ბაირონს მწუხარებაში, ნამდვილი სერვანტესს ხუმრობაში, ნამდვილი ჰეინეს ეროტიკაში“, რომელიც საუბრობდა თავის უკანასკნელ, დიდ სიყვარულზე, გედის გალობად რომ გადმოიღვარა და ქართულ პოეზიას სატრფიალო ლირიკის შესანიშნავი შედევრები შესძინა. სხვათა შორის, აკაკის მეორე მოგზაურობისას საფრანგეთში მწერლის იუბილის მერე 1909 წელს იგი პარიზში შეხვედრია ახალგაზრდა კატო მიქელაძეს. აკაკი მას იცნობდა ბავშვობიდან, ნიკო ნიკოლაძის დების ოჯახიდან, რომელსაც, როგორც ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი ხშირად სტუმრობდა. ეს გოგონა მეგობრობდა მათი გადაცვლილი დის, ოლიკოს და გიორგი წერეთლის ქალიშვილთან ელიკო წერეთელთან, რომელიც დეიდებთან იზრდებოდა. აქაც, პარიზში აკაკი დაბინავებულა ნიკო ნიკოლაძის პირველი ცოლის ოჯახში. 3 აკაკი ტასო ბაგრატიონ-მაჩაბლისას რაფაელის სიქსტეს მადონას ადარებს, თვითონ თხზავს, მაგრამ ხალხურად ასაღებს ლექსს: „ხომალდში ჩავჯექ, ზღვას გაველ, ფრანგის ქვეყნები ვნახეო, სულ დავიარე ქვეყანა, ვერ ვნახე შენი სახეო, ანთებულ სანთელს გამსგავსე, დილის ცისკარზე გნახეო, ხელში მეჭირა ყმაწვილი, ფარსაგ ვერ დაგინახეო“ 4 აკაკი ამბობდა, რომ ბაგრატიონის ქალებს-ნიცას, ტასოს, ბაბოს, როგორც დიასახლისებს და მამულის მმართველებს, სულ ნაპერწკლები ცვიოდათ, ალბათ, დედამისის, ეკატერინე აბაშიძესავით, რომლის გარეშეც, მისი ნიჭიერი, ნათელი გონების, მაგრამ, იმპულსური და ექსცენტრული მამის გამო ყველაფერი არეული იქნებოდა მამულში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 101 კატო მიქელაძე წერს, რომ აკაკიმ გამორჩეული შთაბეჭდილება მოახდინა მადამ დე სენ ვიქტორზე, კომუნის მომსწრე, მრავალი დიდი ადამიანის მნახველ არისტოკრატ ქალზე, რომელიც მას გაუცვნია ლივრში, მარკიზა დე სივინიეს სახელობის პანსიონში, სადაც ყოველი ზაფხულს ჩადიოდა დასასვენებლად და საცხოვრებლად. მადამ დე სენ ვიქტორს აკაკი რომ დაუნახავს, გაოცებულს აღმოხდენია: „რა მშვენიერი მამაკაცია!“ არც მან იცოდა ვის შეხვდა, არ იცოდა, რომ მის წინაშე იდგა „საქართველოს უგვირგვინო მეფე“, რომელმაც თავისი სინათლით სავსე შემოქმედებითი დაიპყრო და მართა საქართველო მთელი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში. მოკლედ, აკაკიმ საქმიანი, ანგარებიანი ამერიკელებით, ცივილიზაციით და ევროპელების გარეგნული, ფუქსავატური ცხოვრებით დაღლილ ამერიკელ ქალს საქართველოს, როგორც სულიერების და ბუნებრივი გრძნობების რომანტიული სამყაროს, „აღთქმული ქვეყნის“ ხატი შეუქმნა. საინტერესოა, რომ ამ მოკლე დიალოგში აკაკისთვის ამერიკა სულაც არაა შატობრიანის „ატალას“ გმირის, შაქტასის ეგზოტიკური ქვეყანა, ბუნებრივი გრძნობების წარმართული სამყარო, ქრისტიანულ ასკეტიზმთან პირველი შეხებით ცოდვად რომ ექცა სიყვარული და მაინც წამლეკავ მადლად რომ იხატება. სხვათა შორის, ამ პერიოდის აკაკი ნამდვილად გავს შაქტასს ან გრეთჰენთან შეხვედრის მერე გაახალგაზრდავებულ ფაუსტს. უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისია, დაახლოებით 1806 წელი... მისთვის მერკანტილიზმით, პრაქტიციზმით სავსე ამერიკელები ოქროს მაძიებელი ავანტიურისტების გენზე ამოსული ტექნოკრატები არიან, რომლებმაც არ იციან რა არის სიყვარული, მათთან „ნიბელუნგების ოქრო“ მუდამ შხამავს და კლავს სიყვარულს და ეს ხატი აკაკის ამერიკელმა ქალმა მიაწოდა... საქართველო კი სიყვარულის ქვეყანააო ვინ იცის რატომ უმტკიცებს ამ ქალს...იქნებ არც ცდებოდა, მაგრამ აკაკიზე იცოდნენ თქმა თვით რიგითმა, უბრალო ადამიანებმა „რა ლამაზად მოიცრუებს ეს დალოცვილიო“, არიან მისი მეგობრები, რომლებიც ამბობენ - არ ტყუოდა, იმ ფაქტს ყვებოდა, რომელსაც თვით შევესწარი, მაგრამ ისეთი მშვენიერი სამოსელით წარმოადგენდა, ტყუილი გეგონებოდაო, ან „აკაკი ისე ტყუოდა თითქოს უნდოდა ესიამოვნებიეო“ (ნატვრის ახდენასავით გაწოდებდა შენთვის სასურველს და მაინც... ამ ეპოქის საქართველოშიც დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება, აკაკისაც უნდოდა ყოფილიყო კრეზი, მიწაში არსებული მადნეულის და სიმდიდრის გამო თითქოს ავანსად იდებოდა ხელშეკრულება უცხოელებთან, ევროპელებთანაც და რუსებთანაც... არგონავტების ლაშქრობად ეჩვენებოდა აკაკის უცხოელი მრეწველების ჩამოსვლა საქართველოში, „ოქროს კოლხეთში“, სადაც მთაში მდინარეებს ალიასკასავით მოყვებოდა ოქროს ქვიშა, ფაცერებით რომ აგროვებდნენ. აკაკიც ოცნებობდა „როტშილდის ქონებაზე“, არადა, ვერასოდეს ვერაფერი იპოვა ჯიბეში „იმერელი აზნაურივით მუდამ თაგვი რომ უხტოდა5 . გერონტი ქიქოძის თქმით ცხოვრობდა როგორც „ფრინველი ზეცისა და შროშანი ველისა“ და მაინც არსებობა და წერა ხერხდებოდა, რადგან ის იყო აკაკი... მისი დაგეგმილი „არგონავტების ლაშქრობები“, ბრძოლა აგრარულ საქართველოში ნაპოვნი წიაღისეული 5 ერთხელ, როცა ქურდმა ჩაუყო ჯიბეში ხელი და აკაკიმ იგრძნო, გაუღიმა და ჰკითხა „ვერაფერი იპოვეო“?.. ვერც მე ვერ ვპოულობო... და მუშაობა დააწყებია წიგნების სამკინძაოში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 102 სიმდიდრეების მოსაძიებლად, მერე მოპოვების დასაგეგმად, მრეწველობის გასავითარებლად მხოლოდ მე-20 საუკუნეში წაადგა უკვე სახელმწიფო ქონებაზე მიმართულ საქართველოს. არადა ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი რაც გვაქვს იქნებოდა მუსინ პუშკინის, პეტრე რომანის ძე ბაგრატიონის, სემიონოვიჩის, აკაკის, ნიკო ნიკოლაძის გარეშე... იმ გონიერი ადამიანების გარეშე ხალიბების და კოლხების მადნეულით სავსე ქვეყანა, ძველი მსოფლიოს ისტორიაშიც რომ დატოვა ანაბეჭდები თვით მე-19 საუკუნის ქართველებისათვისაც აღმოუჩენელი იქნებოდა. მათმა გეოლოგიურმა ძიებებმა ქვანახშირის, მარგანეცის, ნავთობის, ვერცხლის, სპილენძის, ოქროს, იზოკერიტის აღმოსაჩენად აამოძრავა ჯერაც კარჩაკეტილ ნატურალურ მეურნეობაზე მიმართული საქართველო, ააჩქარა ცხოვრების რიტმი, სახედრებით ოკრო ბოკრო გზებზე აზიდია ქვანახშირი, მარგანეცი და წიაღისეული სიმდიდრეები ნატვრისთვალივით აათამაშებია მატარებელს, გვირაბიდან გამომძვრალ ალმასის გველს. ეს სახეც რამდენიმეჯერ გვხვდება აკაკის პუბლიცისტიკაში. 1872 წლის „საახალწლო ნატვრებში“ თებერვალ-არდაუჯერაძის (აკაკის ერთ-ერთი ფსევდონიმია) ერთ-ერთი მთავარი წინასწარი მეტყველებაა, რომ ტყიბუილს მთიდან გამოძვრება გველეშაპი და „კუდაბზიკა“ (იმერელი აზნაური) გააგდებინებს ნატვრისთვალს (წმინდა გიორგის და გველეშაპის პაროდიული ვერსია). მაგრამ ბუნებრივია, რომ გროტესკული სიცილი სდევს ამ ნატვრას - ოცნებობ, მაგრამ ახდება კი?!.. 1875 წელს დაწერილი „სახალწლო ხუმრობებში“ (7) არის ჩართული ოპერეტის მცირე მონახაზი, სადაც რუსეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები და ბანკის „მეკენჭეები“ მღერიან და „ვარსკვლავთმრიცხველის“ რჩევით ასაფლავებენ „დიდფულაძეს“ და სჯერათ, რომ მიწიდან ამოვა ოქროს და ვერცხლის ფოთლებიანი და ოქროს და ვერცხლის ნაყოფით დახუნძლული ხეები... არადა მიწიდან ეკლები ამოდის... კოტრდება თავადური საქართველო... იყიდება მამულები ორბელიანებისა, ერისთავებისა, ჭავჭავაძეებისა... აკაკი, პოეტი „გაჩეჩილაძის“ (ეს უკვე მეორე ფსევდომინია) აზრით ბანკი აჩქარებს ამ პროცესს. მართლა გული გწყდება, რომ აკაკის პუბლიცისტურ წერილებში გროტესკული მონახაზები მოსალოდნელზე მეტი მხატვრულობა რომ ახლავთ, მხოლოდ ესკიზებად დარჩათ... აკაკიმ მაინც სულ წარსულზე, როგორც იდეალზე წერა და მის თანამედროვე ცხოვრებაზე მხოლოდ პუბლიცისტიკაში და ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში შემორჩენილი მხატვრული ელემენტიანი ფრაგმენტები დატოვა, დასაწერი რეალისტური რომანის ფურცლებს რომ ჰგავს. აკაკი ამერიკას ახსენებს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მის პატარა, მაგრამ საინტერესო წერილშიც.(11) ლევ ტოლსტოის თვით ამერიკაშიც იცნობდნენო. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ქართული ლიტერატურის ისტორია (აკადემიის გამოცემა) ტ.4, (მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი) თბ., 1974 წ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 103 2. ს. დანელია, ნარკვევები მე-19 საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1959 წ. 3. მ. ე. ელიზაროვა, ს.პ. ჯიგდაუ, ბ. ი. კოლისნიკოვი, ნ. პ, მიხალსკაია, მე19 საუკუნის საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973 წ. 4. აკ. წერეთელი, რამდენიმე სიტყვა შესახებ ბარბარე ჯორჯაძისა (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.11, თბ., 1960 წ., გვ. 36. 5. აკ. წერეთელი, პირველი და უკანასკნელი სიტყვა „დროებისადმი“ (თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ. 11, თბ., 1960 წ., გვ.43. 6. აკ. წერეთელი, ცხელ-ცხელი ამბები, (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.11, თბ., 1960 წ., გვ. 99. 7. აკ. წერეთლი, საახალწლო ხუმრობა, (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.11, თბ., 1960 წ., გვ. 250. 8. აკ. წერეთელი, ქუთაისი (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.12, თბ., 1960წ., გვ,147. 9. აკ. წერეთელი, გახსენება, (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.13, თბ., 1961 წ., გვ,151. 10. აკ. წერეთელი, ეიფელის კოშკზედ. (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.14, თბ., 1961წ., გვ. 315. 11. აკ. წერეთელი, ლევ ტოლსტოი, (აკ. წერეთელი, თხზ-თა სრული კრებული 15 ტომად) ტ.12, თბ., 1960წ., გვ,147. 12. აკ. წერეთელი, კატო მიქელაძე, მოგონებები აკაკიზე, 1990 წ., გვ. 345. Akaki Tsereteli about America Tamar Akhvlediani Doctor of philological sciences, Associate Professor Akaki Tsereteli State University Abstract Information about America reached Georgia in the 19th century. During this period, our writers and journalists wrote about the problems that American life causes. Of interest is an American icon presented with little material in journalism of Akaki Tsereteli. America is a country where ranks and titles have been abolished, and there are only citizens with equal rights. On the other hand, America is not a romantic country living according to the laws of nature. Here, the desire to get rich easily poisons human senses. Key word: Akaki Tsereteli; America; titles; democracy; gold; love