Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 104 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 3, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.03.12 ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის გაგება ნეიროფილოსოფიის ჭრილში ლალი ანთიძე1; იმედა იაკოვენკო2 1ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი; 2თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დოქტორანტი აბსტრაქტი მატერიალურისა და იდეალურის, ტვინისა და ცნობიერების, დრო-სივრცული და მის მიღმა არსებული პროცესების ურთიერთდამოკიდებულება არის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, რომელიც იმთავითვე იქცა ფილოსოფოსთა საჯილდაო ქვად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენები და შესაბამისად, ყოველი ახალი პარადიგმა, როგორც წესი, ფილოსოფიაში რყევებს იწვევს. ხდება ძირითადი ფილოსოფიური კონცეფციების ახლებური გადააზრება და მათი სამყაროს ერთიან სამეცნიერო სურათთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ თვალსაზრისით, ტვინის და ნერვულ მოქმედებათა ემპირიული კვლევების საფუძველზე იქმნება ფილოსოფიის ახალი დარგი - ნეიროფილოსოფია. პატრიცია ჩორჩლანდის შეხედულების მიხედვით, ცნობიერება განიხილება როგორც ტვინის სხვადასხვა კერების ფუნქციონირების შედეგი. იგი ცნობიერებას მოიაზრებს უმაღლესი ნერვული მოქმედებების პროდუქტად და სწორედ ნეირონული სისტემაზე რედუქციის გზით მიაჩნია შესაძლებელი ცნობიერების არსის დადგენა. ადამიანი კი არ ფლობს ტვინს, არამედ ტვინი ფლობს ცნობიერებას. გადაწყვეტილების მიღება არის არა ცნობიერების, არამედ ტვინის ნერვული მოქმედების შედეგი, რომელიც დროში წინ უსწრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიერების პროცესს. ვინაიდან, კლასიკური ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით, ,,მე”-ს პოვნა ფიზიკური სხეულის სახით შეუძლებელია, პატრიცია ჩორჩლანდი და მისი თანამოაზრე თომას მეტცინგერი მას არარსებულად მიიჩნევენ. კანტიანური კრიტიციზმის კონფეპტს ნეიროფილოსოფია ემპირიული კვლევებით ამყარებს და კიდევ უფრო შორს მიდის. მეტცინგერისთვის ადამიანი გენური კოპირებით მიღებული ,,ბიორობოტია“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროცესს წარმოადგენს და ამ თვითობის პროცესზე კონცენტრაცია და Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 105 მისი გაცნობიერება არის ის ერთადერთი უნარი, რასაც მისი ნეიროფილოსოფია ადამიანის ფუნქციად მოიაზრებს. ცნობიერების და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის ძიება ახალი არ არის ფილოსოფიისათვის. ამ კავშირზე წერდნენ პლატონი, ლეონარდო და ვინჩი და რენე დეკარტი. დეკარტის მოსაზრებები ცნობიერებისა და ტვინის კავშირის შესახებ შეიძლება ნეიროფილოსოფიის პირველწყაროდაც მივიჩნიოთ. ნეიროფილოსოფიამ, გაერთო რა ემპირიული საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის როგორც რთული სისტემის - თვითცნობიერების მატარებელი ბიო-ფიზიკური არსებიდან მხოლოდ ნეირონების ფუნქციონალური მოდელი მიიღო ისე, რომ თავად ადამიანი ფიქციად გამოაცხადა. უფრო მეტიც, მოშალა ინტერსუბიექტური ურთიერთობების ველიც. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს. საკვანძო სიტყვები: ნეიროფილოსოფია; ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმი; კვალია; ნეირომეცნიერება; ნეირონული ქსელები; ემპირიული კვლევები; შეგრძნებები; ცნობიერება; გაცნობიერება; ტვინი; ბიორობოტი; ინტერაქციონიზმი; ფიქცია; სიმულაცია; განზოგადება; სისტემა; ფუნქციონირება; ინტერპრეტაცია; თვითცნობიერება; საბუნებისმეტყველო აღმოჩენები; ,,მე“; მატერიალურისა და იდეალურის, ტვინისა და ცნობიერების, დრო-სივრცული და მის მიღმა არსებული პროცესების ურთიერთდამოკიდებულება არის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, რომელიც იმთავითვე იქცა ფილოსოფოსთა საჯილდაო ქვად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენები და შესაბამისად, ყოველი ახალი პარადიგმა, როგორც წესი, ფილოსოფიაში რყევებს იწვევს. ხდება ძირითადი ფილოსოფიური კონცეფციების ახლებური გადააზრება და მათი სამყაროს ერთიან სამეცნიერო სურათთან შესაბამისობაში მოყვანა. ფილოსოფიის ისტორიას ახსოვს მსგავსი მოვლენები კოპერნიკის ჰელიოცენტრული მოდელის სახით; მექანიციზმის თეორიის სახით, რომელიც ნიუტონის მექანიკის კანონების აღმოჩენას მოყვა; ასევე, დიდი აფეთქების თეორიის თანამდევი სამყაროს კოსმოგონიური და კოსმოლოგიური მოდელებისა და სხვ. სახით. ნეიროფილოსოფიის, როგორც დარგის დაფუძნება განაპირობა ნეირომეცნიერებაში განხორციელებულმა აღმოჩენებმა. შესაბამისად, ის არის დარგი, რომელიც ფორმირდება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 106 შემეცნების თეორიის, ლინგვისტიკის, ეთიკის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და ნეიროანატომიის გადაკვეთის წერტილში და, თავისი არსით, ამ დარგების ინტეგრირების შედეგს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, ნეიროფილოსოფიის ცნება საკმაოდ ფართო შინაარსის მატარებელია და იმდენად ზოგადი, რომ მის შინაარსში შეიძლება გაერთიანდეს ნებისმიერი მეცნიერება, რომელიც ,,ანთროპოს“-თან შემხებლობაში მოდის. ნეიროფილოსოფიის ცნება პირველად ჩნდება 1986 წელს და ეკუთვნის ამერიკელ მკვლევარს - პატრიცია ჩორჩლანდს, რომელიც ამ თემატიკას ეხება 1989 წელს გამოცემულ ნაშრომში ,,ნეიროფილოსოფია“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომში გადმოცემული მოსაზრებები, ბევრი თეორეტიკოსის აზრით, დღესდღეობით მოძველებულად შეიძლება ჩაითვალოს6, ვფიქრობთ, უპრიანი იქნება მის (როგორც დარგის დამფუძნებლის) შეხედულებებს გარკვეულწილად შევეხოთ. ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის კონტექსტში თუ განვიხილავთ, ნეიროფილოსოფიის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი (მრავალთა შორის) არის ტვინის, როგორც ფიზიკური ორგანოსა და მისი ფუნქციონალური მახასიათებლების კავშირი ცნობიერებასა და მის სტრუქტურასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ნეიროფილოსოფიის ჩორჩლანდისეული გაგება, არსებითად ეფუძნება ნერვული მოქმედებების ემპირიულ კვლევებს. ნეირონული ქსელების ფუნქციონირების მექანიზმი უნდა განთავისუფლებულიყო ფსიქოლოგიზმისა და ინდივიდუალური მახასიათებლებისგან, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი გატანა ინტერსუბიექტურ დონეზე იმ ხარისხით, რომ ფილოსოფიური განზოგადება შესაძლებელი გამხდარიყო. ამ პრობლემატიკას როცა ვეხებით, გათვალისწინებული უნდა იქნას საკითხის ინვარიანტულობაც: თუნდაც ის გარემოება, რომ იდეალურისა და მატერიალურის ურთიერთმიმართება არ შეიძლება ბოლომდე ფსიქო-ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებამდე დავიყვანოთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის კავშირი უდავოდ დიდია. ხოლო ნეიროფილოსოფიური კვლევები, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ფსიქო- ფიზიოლოგიური კავშირის ახსნის მცდელობად შეიძლება წარმოვადგინოთ. პატრიცია ჩორჩლანდის შეხედულების მიხედვით, ცნობიერება განიხილება როგორც ტვინის სხვადასხვა კერების ფუნქციონირების შედეგი. იგი ცნობიერებას მოიაზრებს უმაღლესი ნერვული მოქმედებების პროდუქტად და სწორედ ნეირონული სისტემაზე რედუქციის გზით მიაჩნია შესაძლებელი ცნობიერების არსის დადგენა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს ცნობიერებაში არსებული პროცესები, რომელიც ტვინის მოქმედებით არ არის განსაზღვრული. უფრო მეტიც, ადამიანი კი არ ფლობს ტვინს, არამედ ტვინი ფლობს ცნობიერებას. გადაწყვეტილების მიღება არის არა ცნობიერების, არამედ ტვინის ნერვული მოქმედების შედეგი, რომელიც დროში წინ უსწრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების 6 სავარაუდოდ, ეს სკეპსისი შეიძლება ეხებოდეს წიგნის პირველ ნაწილს, რომელიც ფუნქციონალურ ნეიროანატომიას და ტვინის შესწავლის სხვადასხვა ტექნიკას შეიცავს. თუმცა, ამ მონაცემებზე დაფუძნებული განზოგადებები და ბოლოვადი დასკვნები, რომელსაც ავტორი აკეთებს, დღესაც აქტუალურია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 107 გაცნობიერების პროცესს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დებულება, რომელსაც პ. ჩორჩლანდი პოსტულატების სახით იღებს, ნეიროფილოსოფიურ კვლევებს ეფუძნება და ემპირიული მონაცემებით არის გამყარებული. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობიერების (ან სულის) და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის ძიება ახალი არ არის ფილოსოფიისათვის. ამ კავშირზე წერდნენ პლატონი, ლეონარდო და ვინჩი და რენე დეკარტი. დეკარტის მოსაზრებები ცნობიერებისა და ტვინის კავშირის შესახებ შეიძლება ნეიროფილოსოფიის პირველწყაროდაც მივიჩნიოთ. ეს მით უფრო ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ დეკარტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეპიფიზის ჯირკვალის ფუნქციონირებას და მის გავლენას ცნობიერებაზე.7 დეკარტი დუალისტად რჩება, ვინაიდან ამ კავშირების აღსაწერად ინტერაქციონიზმს (ცნობიერება და ტვინი ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებს) მიმართავს, მაშინ, როცა ნეიროფილოსოფია ტვინის (ნეირონული ქსელების) ფუნქციონირების პირველადობას აღიარებს. ბუნებრივია, საკითხის ამგვარ დაყენებას მოსდევს ეთიკური კითხვების მთელი კასკადი: მთელ ამ მოცემულობაში სად არის ,,მე“-ს ადგილი? სად არის ,,მე“-ს საზღვრები? აქვს თუ არა ადამიანს თავისუფალი ნება? შემეცნება არის თუ არა ცნობიერი და მიზანმიმართული პროცესი? როგორია კავშირი ადამიანსა და მის გარესამყაროს შორის? როგორც ვხედავთ, კითხვები ტრადიციულია. ვინაიდან, კლასიკური ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით, ,,მე”-ს პოვნა ფიზიკური სხეულის სახით შეუძლებელია, პატრიცია ჩორჩლანდი და მისი თანამოაზრე თომას მეტცინგერი მას არარსებულად მიიჩნევენ. ეს სრულიად ლოგიკურად გამომდინარეობს პ. ჩორჩლანდის მატერიალისტური შეხედულებებიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,მე”-ს არ გააჩნია ონტოლოგიური სტატუსი. მათ თანახმად, ,,მე” არ არსებობს, რადგან ნეირომეცნიერების დარგში ,,მე”-ს ფილოსოფიური კონცეფცია სუბსტანციის სახით არ მოიძებნება, ამდენად მისი ონტოლოგიური სტატუსი შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს.8 ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ,,მე”-ს სრულიად ახალი კონცეფციის შექმნა, რედუქციული ნეიროფილოსოფია უპირატესად ეფუძნება ფაქტობრივ მონაცემებს. ამდენად, ,,მე“-ს ნიველირების კონცეფცია სრულად ეყრდნობა ნეირომეცნიერულ ალბათობას ბუნებრივი კონდიციის ფარგლებში, ხოლო კონცეპტუალური ალბათობა, რომელიც ლოგიკურ გამომდინარეობებს ეხება, ან უგულებელყოფილია, ან სრულიად უარყოფილი (კლარი; 2021:12-14). თ. მეტცინგერი, რომელიც განავრცობს ნეიროფილოსოფიის დებულებებს, მიიჩნევს, რომ ,,არ არსებულა ადამიანი, რომელიც იყო ან რომელსაც გააჩნდა “მე”. ყველაფერი, რაც სინამდვილეში არსებობს, ეს არის ცნობიერი თვითმოდელები, რომელთა მოდელებად აღქმა ვერ ხერხდება. სუბიექტური განცდა იმისა, რომ ხარ ვიღაც, წარმოიშვება მაშინ, როცა ინფორმაციის გადამამუშავებელი ცნობიერი სისტემა ოპერირებს ტრანსფარენტული თვითმოდელის თანახმად” (მეტცინგერი; 2004:1). 7 ეპიფიზი მონაწილეობს ისეთი ნეიროტრანსმიტერული ჰორმონის (ნეირონებს შორის ელექტროქიმიური იმპულსების გადამტანი ნივთიერებები) წარმოებაში, როგორიცაა სეროტონინი და მელატონინი. ნეიროტრანსმიტერის მაქსიმალურ ოდენობას ეპიფიზი დაბადების და გარდაცვალების დროს გამოყოფს. 8 ამ ნაწილშიც ემიჯნება ნეიროფილოსოფია რენე დეკარტის შეხედულებებს, რომლის მიხედვითაც ,,მე»-ს სუბსტანციური არსებობა გააჩნია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 108 ჩორჩლანდის მსგავსად, ეფუძნება რა უამრავ ინოვაციურ ექსპერიმენტს ნეირომეცნიერებაში, ვირტუალურ რეალობაში, რობოტექნიკის სფეროში, ასევე საკუთარ პიონერულ კვლევას ,,სხეულის გარეთ" გამოცდილების ფენომენზე9, მეტცინგერი უფრო შორს მიდის და იძლევა სურათს, თუ როგორ აშენებს ტვინი რეალობას - საკუთარ სინამდვილეს. ის, რასაც ვხედავთ და გვესმის, ან რასაც ვგრძნობთ - სუნს, ფერს თუ გემოს, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რეალურად არსებობს იქ - ,,გარეთ“. ადამიანისთვის ცნობილია, რომ სინამდვილე ისეთი არ არის, როგორსაც თითქოს ,,ობიექტურად“ ხედავს. შემაშფოთებელი ხდება იმის აღმოჩენა, რომ სამყაროში ფერები არ არის. აქ მხოლოდ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ოკეანეა, სხვადასხვა ტალღის სიგრძის ველური და მძვინვარე ნაზავი. მათი უმეტესობა უხილავია და ვერასოდეს გახდება რეალობის ცნობიერი მოდელის ნაწილი. კვალიის დაშვებას კი მივყავართ იქამდე, რომ ინფორმაცია, რომელიც თითქოს ობიექტურად მიიღება გარესამყაროდან შეგრძნებების საშუალებით, სინამდვილეში ფიზიოლოგიური და კოგნიტიური პროცესების მიერ იფილტრება. საბოლოოდ გამოდის, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ უნიკალურ სამყაროს აღიქვამს და ამჯერადაც იკარგება ობიეტური და მყარი რეალობა. კანტიანური კრიტიციზმის კონფეპტს ნეიროფილოსოფია ემპირიული კვლევებით ამყარებს და კიდევ უფრო შორს მიდის იმის დაშვებით, რომ არა მხოლოდ სამყაროს არსებობა, არამედ ,,მე“-ს არსებობაც კითხვის ქვეშ დადგა. მეტცინგერისთვის ადამიანი გენური კოპირებით მიღებული ,,ბიორობოტია“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროცესს წარმოადგენს და ამ თვითობის პროცესზე კონცენტრაცია და მისი გაცნობიერება არის ის ერთადერთი უნარი, რასაც მისი ნეიროფილოსოფია ადამიანის ფუნქციად მოიაზრებს. ეს კონცეფცია, რომელიც მან თავის ფუნდამენტურ ნაშრომში ,,იყო არავინ“ (,,Being no one”) ჩამოაყალიბა, კაცობრიობის ნარცისიზმზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს და მორიგ ,,კოსმოლოგიურ შეურაცხყოფად“ შეიძლება მოინათლოს. ადამიანს არსებობა უხდება ორმხრივ სიმულაციაში: პირველი ისაა, რომ ტვინი ქმნის სამყაროს სიმულაციას, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ არ ვცნობთ მას, როგორც მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებულ მოცემულობას და ობიექტურობის სტატუსს ვანიჭებთ. მეორე სიმულაცია კი ისაა, რომ წარმოიქმნება საკუთარი თავის, როგორც მთლიანობის შინაგანი სურათი. ეს სურათი მოიცავს არა მხოლოდ სხეულს და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არამედ ურთიერთობს როგორც დროში არსებულ მოვლენებთან - წარსულთან და მომავალთან, ასევე სხვა ცნობიერ არსებებთანაც. ნეიროფილოსოფიამ, გაერთო რა ემპირიული საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის როგორც რთული სისტემის - თვითცნობიერების მატარებელი ბიო-ფიზიკური არსებიდან მხოლოდ ნეირონების ფუნქციონალური მოდელი მიიღო ისე, რომ თავად ადამიანი ფიქციად გამოაცხადა. უფრო მეტიც, მოშალა ინტერსუბიექტური ურთიერთობების ველიც. 9თ.მეტცინგერი იკვლევს და მტკიცებულებების სახით მოყავს მაგალითი, რომ ხელებისა და ფეხების გარეშე დაბადებულ ადამიანებს შეუძლიათ განიცადონ, რომ მათ აქვთ კიდურები. ასევე, იგი მოიხმობს ცნობილ ექსპერიმენტს, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი რეზინის ხელზე დარტყმის დროს, როცა იცის, რომ ის მისი სხეულის ნაწილი არ არის, თუმცა სივრცეში იმგვარად არის განთავსებული, რომ ვიზუალურად საკუთარი სხეულის ნაწილად აღიქმება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 109 ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ იმ გარემოების გაუთვალისწინებლობა, რომ ცნობიერების შინაარსებს არ ქმნის მხოლოდ ემპირიული აღქმები და შეგრძნებები. ცნობიერება თავის თავში მოიცავს როგორც დენოტატებს, ასევე აბსტრაქტულ ცნებებსა და სურათ-ხატებს, რთულ ლოგიკურ ოპერაციებს, ნებელობას, ფანტაზიასა და სხვ. ის არის ყველაზე რთული სტრუქტურის მქონე მოცემულობა, რომლის ყველა გამოვლინება ემპირიული კვლევებისათვის მოუხელთებელი შეიძლება დარჩეს. ,,სუბიექტური რეალობის მოვლენათა აღწერასა (შინაარსის, საზრისის, ღირებულების, მიზნის, ნების, ინტენციონალობის ცნებებს) და ფიზიკურ მოვლენათა აღწერას (მასის, ენერგიის და სხვ. ცნებებს) შორის არ არსებობს პირდაპირი ლოგიკური კავშირები. იმისთვის, რომ ეს კავშირები დამყარდეს, კონცეპტუალური ხიდის გადებაა საჭირო. როგორ უნდა აიგოს ის?“ (დუბროვსკი; 2015:12) - ეს არის შეკითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ნეიროფილოსოფიის თეორიულმა ნაწილმა, თუ მას ლოგიკური სისტემის დაფუძნების პრეტენზია გააჩნია. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს. გამოყენებული ლიტერატურა: 1. დეკარტი რ., მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, თბილისი, 2001 2. დეკარტი რ., სულის ვნებანი, თბილისი, 2015 3. მაჭარაშვილი ი., დუალიზმი რენე დეკარტის ფილოსოფიაში, https://www.academia.edu/43775540/დუალიზმი_რენე_დეკარტის_ფილოსოფიაში 4. Churchland P. S., Neurophilosophy: Toward a Unified Science of the Mind-Brain, A Bradford Book, 1989 5. Klar P., What is neurophilosophy: Do we need a non-reductive form?. Synthese 199, 2701– 2725, 2021 6. Metzinger, T., The ego tunnel, The science of the mind and the myth of the self, New York: Basic Books, 2009 7. Metzinger, T., Being no one. The self-model theory of subjectivity. Cambridge, MA: MIT Press., 2004 8. Дубровский Д.И. ,,Нейрофилософия и проблема сознания“, Философские науки, 2015 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 110 Understanding of Psycho-physical Parallelism in Neurophilosophy Lali Antidze1; Imeda Iakovenko2 1Batumi State University Associate professor 2Tbilisi State University PHD student Abstract The relationship between the material and the ideal, the brain and the mind, time-space and the processes beyond, has always been a pivotal problem in philosophy, sparking multiple discussions among philosophers. Revolutionary discoveries in science and, consequently, new paradigms are causing some unrest in the field of philosophy. Widely approved philosophical concepts are being reexamined and readjusted to fit the entire scientific picture of the universe. As a result, a new field of Neurophilosophy has emerged, based on empirical research about the brain and nervous processes. According to Patricia Churchland, consciousness is the result of the functioning of various parts of the human brain. She considers consciousness to be the product of the highest nervous actions and uses the reduction method to investigate the essence of consciousness. It is not the individual that holds power over the brain, but rather the human brain that holds power over consciousness. Therefore, the decision-making process is not the result of consciousness, but rather the result of the nervous activity of the human brain, preceding the realization of the decision that had already been made. Since according to classical philosophy it is impossible to find the "self" as a physical substance, Patricia Churchland and Thomas Metzinger consider it non-existent. The concept of Kantian criticism is justified by Neurophilosophy through empirical research and goes even further. According to Metzinger, a human being is a "biorobot" resulting from genetic replication, and this is nothing but the process and concentration on selflessness, with realization being the only skill that could be seen as the primary function of a human being, as argued by his Neurophilosophy. The inquiry into the relationship between consciousness and the brain is not a novelty in the field of philosophy. Much has been written about it by philosophers such as Plato, Leonardo da Vinci, and René Descartes. The thoughts of Descartes about the relationship between consciousness and the brain could be considered the foundation or source for Neurophilosophy. Neurophilosophy, in its fascination with the discoveries in the field of science, has proclaimed human beings as fiction, instead of acknowledging them as a complex form of existence with a sophisticated system of self-consciousness. Furthermore, it has erased the entire field of intersubjective relationships. The controversies within the field of Neurophilosophy, along with the challenges that the scientific world is facing at the moment, can be explained by the fact that physiological research on the human brain is developing so rapidly that any attempt at extrapolation or making generalized Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 111 assumptions is falling behind the scope of empirical data. Additionally, the results of empirical research on brain activity and neural networks are the subjects of infinite interpretation, which objectively hinders the process of establishing non-controversial theoretical concepts. Keywords: Neurophilosophy; psycho-physical parallelism; neuroscience; neural network; empirical research; tensor network; consciousness; realization; brain; biorobot; interactionism; fiction; simulation; generalization; system; functionality; interpretation; self-consciousness; scientific discoveries; self; materialism; material