Microsoft Word - fullpdf05022023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 206 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 3, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.03.21 სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ედგარ ალან პოს შემოქმედებაში ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი წინამდებარე სტატია ეხება ცნობილი ამერიკელი მწერლისა და პოეტის, ედგარ პოს დამოკიდებულებას სიკვდილთან, საიქიოსთან − სამოთხისა და ჯოჯოხეთის თემატიკას მის შემოქმედებაში. წარმოჩენილია, თუ რა როლი ითამაშა პოს ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, მისმა პირადმა ტრაგედიებმა აღნიშნული ცნებების მისეული აღქმის ჩამოყალიბებაში; ცალკე ყურადღება ეთმობა რომანტიზმისა და გოთური ჟანრის, მეტადრე ორივე მათგანის თვისებების მატარებელი ე.წ. „ბნელი რომანტიზმის“ თავისებურებებს, როგორიცაა იდუმალი და შიშისმომგვრელი ატმოსფეროს შექმნა, სიკვდილისა და საიქიოს თემები, დაკარგულ სიყვარულზე გლოვა. სტატიაში წარმოდგენილია ედგარ პოს პიროვნება თავისი გენიალობითა და ტრაგიზმით, მოცემულია ბიოგრაფიული ცნობები, რაც მკითხველს წარმოდგენას უქმნის მის აღზრდასა და განათლებაზე, რელიგიასთან დამოკიდებულებასა და რწმენაზე. შესასწავლად არჩეული საკითხის განხილვა ხდება პოს შემოქმედებაზე დაყრდნობით − სტატიაში გამოთქმული აზრების საილუსტრაციოდ მოყვანილია მაგალითები მისი ნაწარმოებებიდან. უმთავრესად ამ მაგალითების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, კერძოდ, განსაზღვრულია მთელი რიგი ფაქტორები − პირადი ტკივილი, აღზრდა, ბუნება, რომანტიკული და გოთური ლიტერატურული ჟანრების თავისებურებები, რელიგიური რწმენა − რაც ხელს უწყობს ხელოვნის რეალური სახის წარმოჩენას. საკვანძო სიტყვები: სამოთხე, ჯოჯოხეთი, რომანტიზმი, გოთური ჟანრი, რელიგია შესავალი ხშირად ხელოვანი, მით უფრო გენიოსი, საზოგადოებისაგან გაუცხოებისა და მარტოსულობისათვის არის განწირული − მთელი სიცოცხლე თან სდევს ბრიყვთა და მოშურნეთა მტრობით გამოწვეული ტკივილი და ბევრი სხვა განსაცდელი. თუმცა, თვით Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 207 ყველაზე ტრაგიკული ბედის მქონეთა შორისაც კი გამოირჩევა ედგარ ალან პო, ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, არაერთი ლიტერატურული (დეტექტიური, სათავგადასავლო, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკური) ჟანრის ფუძელდებელი, ფრანგ სიმბოლისტთა მიერ მათ წინამორბედად და მასწავლებლად აღიარებული, რომლის ცხოვრებაც მის ნაწარმოებებზე არანაკლებ პირქუში და გაუხარელი გახლდათ. მწერალი ადრეულ ასაკში დაობლდა და მამობილთანაც ვერასოდეს გამონახა საერთო ენა. ჭაბუკს ჭლექმა წაართვა საყვარელი დედობილი, ისევე როგორც მშობელი დედა, სამი წლისამ რომ დაკარგა. ამ დაავადებამ შეიწირა პოს ნორჩი ცოლი ვირჯინიაც, რომლის სიკვდილით გამოწვეული სევდა ასე ძალუმად იგრძნობა მის შემოქმედებაში. პოეტს ორი ქორწინება ჩაეშალა, მთელი სიცოცხლე მატერიალურ სიდუხჭირეში გაატარა და სასოწარკვეთილი, გენიალური ნაწარმოებების შექმნის პარალელურად, შვებასა და გამოსავალს ზოგჯერ ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშშიც კი ეძებდა, რასაც, რა თქმა უნდა, მისთვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდა. ერთი მხრივ, განსაკუთრებულმა ხიბლმა და მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა შორის პოპულარობამ, მეორე მხრივ კი უკომპრომისო ბუნებამ და ლიტერატურულმა კრიტიკამ პოს ისეთი საშიში მტრები შესძინა, როგორიც გახლდათ, მაგალითად, მისი ავადსახსენებელი ნეკროლოგის ავტორი, უნიჭო პოეტი, კრიტიკოსი და რედაქტორი რუფუს უილმოტ გრისვოლდი. სწორედ მან და მისთანებმა ძალისხმევა არ დაიშურეს პოს სახელისათვის ჩირქის მოსაცხებად და ექსცენტრიული პოეტი გიჟად, ლოთად და სკანდალისტად მონათლეს. ყოველივე ამის ფონზე, ედგარ პოს ბევრი ავტომატურად ათეისტად თვლიდა. სხვები ფიქრობდნენ, რომ ერთადერთი ღმერთი, რომელსაც იგი ეთაყვანეობდა, ხელოვნება იყო. არადა, მეცხრამეტე საუკუნეში, განსაკუთრებით, დარვინის თეორიის შემუშავებამდე და სამოქალაქო ომამდე, ქრისტიანული რელიგია იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამერიკაში, რომ მისგან განზე გადგომა, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო. პომ იმხანად ტიპური რელიგიური აღზრდა და განათლება მიიღო: იგი 1812 წელს, სამი წლის ასაკში ეპისკოპალურ ეკლესიაში მოინათლა. მისი მამობილი, თამბაქოთი მოვაჭრე ჯონ ალანი პრესვიტარიანელი იყო, მისთვის ქრისტიანული ცხოვრება შრომას, პატიოსნებასა და ხელმომჭირნეობას ნიშნავდა. დედობილი ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა და მუდამ ესწრებოდა ეკლესიაში წირვა-ლოცვას, სადაც პატარა ედგარიც დაჰყავდა. 1836 წელს, ედგარს და ვირჯინიას ჯვარი პრესვიტარიანელმა მღვდელმა დასწერა. [https://www.eapoe.org/geninfo/poerelig.htm] პოს კატეხიზმოს ჯერ კიდევ ლონდონის სასწავლებელში ასწავლიდნენ; ასევე რელიგიის გაკვეთილებს უტარებდნენ ღირსი ჯონ ბრენსბის სასწავლებელშიც. მოზრდილ ასაკში პოეტს დიდი ღვთისმოსაობა არ გამოუვლენია და ხშირად გარშემომყოფთათვის შოკის მომგვრელი, მხოლოდ ეფექტის მოსახდენად გათვლილი გამონათქვამებითაც შეჰყავდა საზოგადოება შეცდომაში. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუკი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 208 მისი რწმენისა და ზოგადად, რელიგიასთან დამოკიდებულების ამსახველ მასალას მის შემოქმედებაში მოვიძიებთ. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვნად ლექსი “Hymn [to the Virgin Mary]” („საგალობელი“) მიგვაჩნია. პოს „საგალობელი“ ლექსი Hymn პირველად 1835 წელს გამოქვეყნდა, ოღონდ არა როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები. იგი ავტორს შეტანილი ჰქონდა გოთურ მოთხრობაში Morella, სადაც საგალობელს მთავარი გმირი მღერის. 1845 წელს ლექსი Broadway Journal-მა დაბეჭდა სათაურით A Catholic Hymn და სწორედ ამ სათაურით შევიდა იგი კრებულში Raven and Other Poems. აღნიშული ნაწარმოების კითხვისას შეუძლებელია არ იგრძნო ავტორის სიწრფელე და სასოება. ლექსის დასაწყისში პოეტი ამბობს, რომ მუდამ, ჭირშიც და ლხინშიც, ღვთისმშობელს შესთხოვდა თანადგომას: At morn - at noon - at twilight dim - Maria! thou hast heard my hymn! In joy and woe - in good and ill - Mother of God, be with me still! [https://www.eapoe.org/works/info/chlpoems.htm] ყოველ ცისმარე, დღისით თუ ღამით, მე აღვავლენდი ლოცვას შენდამი! ჭირშიც და ლხინშიც, მე გიგალობდი, დედაო ღვთისავ, ო, ჩემთან მოდი! [ებრალიძე, 2023:23] მეორე სტროფში პოეტი ღვთისმშობელს მადლიერებას უცხადებს მფარველობისა და მეგზურობისათვის წარსულში, როდესაც მას არაფერი უჭირდა; ლექსის ბოლოს კი, უკვე განსაცდელში ჩავარდნილი, უფლის დედას კვლავ შეწევნას ევედრება: Now, when storms of Fate o'ercast Darkly my Present and my Past, Let my Future radiant shine With sweet hopes of thee and thine! [ibid.] ახლა, ღრუბლები მამცნობენ ავდარს, და ლხენა ძველი ქცეულა დარდად, გვედრებ, განათდეს ცა ჩემთვის ისევ, კვლავ მექმენ შემწედ, დედაო ღვთისავ! [ებრალიძე, 2023:23. ე.] ცნობილია, რომ პო კათოლიკე არ ყოფილა და არც ეკლესიურობით გამოირჩეოდა, ამიტომ, ცოტა არ იყოს, უცნაურად მოჩანს მის მიერ „კათოლიკური საგალობლის“ დაწერა. ამ ლექსის შექმნის ისტორია ასეთია: ერთხელ, შუადღისას, ედგარ პოს კათოლიკურ ეკლესიასთან ჩაუვლია და ზარების რეკვა რომ შემოესმა, ტაძარში შესულა, სადაც შეუტყვია, რომ ეკლესია Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 209 დილის ექვს, დღის თორმეტსა და საღამოს ექვს საათზე ზარების რეკვით მოუწოდებდა მორწმუნეებს აღევლინათ ლოცვა “Angelus” [https://www.ncregister.com/blog/poe-hymn]. ეს ლოცვა ეხება ღვთისმშობლისათვის მთავარანგელოზი გაბრიელის მიერ უწყებას იმისა, რომ იგი შობდა ღვთის ძეს, იესო ქრისტეს. ბევრი კათოლიკური ლოცვის მსგავსად, მის სახელწოდებად ტექსტის პირველი სიტყვაა აღებული - “Angelus” (“Angelus Domini nuntiavit Mariæ” - ლათ., „უფლის ანგელოზმა მარიამს ახარა“, ლ.ე.). როგორც საგალობელს შეჰფერის, ლექსი ამაღლებულად ჟღერს და დიდ ემოციურ-ესთეტიკურ ეფექტს ახდენს მკითხველზე, რასაც პო მისთვის დამახასიათებელი ხატოვანებით (“hours flew brightly by,” “not a cloud obscured the sky,” “storms of Fate o'ercast / Darkly my Present and my Past,” “Let my Future radiant shine”), არქაიზმების (“thou”, “thine,” “thee”), ანტითეზისის (“In joy and woe - in good and ill”) და სხვა მხატვულ ხერხთა გამოყენებით აღწევს. პოს დამოკიდებულება სიკვდილთან და მისი წარმოდგენა საიქიოზე უჩვეულოდ მოჩანს ისიც, რომ პოს ლექსში Tamerlane, რომელშიც აშკარად იგრძნობა ბაირონის გავლენა [https://yes-pdf.com/electronic-book/185], მაჰმადიანი ტამერლანი (იგივე „თემურ-ლენგი“) აღსარებას კათოლიკე მღვდელს აბარებს. ხსენებული ლექსი წარმოადგენს ვრცელ დრამატულ მონოლოგს, რომლის დროსაც ლირიკული გმირი უსაზღვრო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ სიჭაბუკეში სიყვარულზე მაღლა ძალაუფლება დააყენა [Wang, Chazelle, 2009]. მას ჯოჯოხეთის არ ეშინია, რადგან ვერ წარმოუდგენია იმ სინანულზე დიდი ტანჯვა, თავად რომ განიცდის. სიყვარული მისთვის დაკარგული სამოთხეა, სიცოცხლის ბოლოს ხვდება, რომ ერთადერთი ბედნიერება, რაც კი სიცოცხლეში განუცდია, სიყვარულში იყო, რომ სამოთხე და ნეტარება მხოლოდ სატრფოს თვალებში აღმოუჩენია (I saw no Heav’n, but in her eyes) [https://www.eapoe.org/works/poems/tamerlna.htm]. იმავე (1827) წელს დაწერილ ლექსში The Lake − To – პოს მარტოსულ ლირიკულ გმირს სიკვდილი შვებად ეჩვენება: მისთვის სიკვდილის მომტანი, საზარელი ტბა ედემის ბაღთან ასოცირდება. ზოგადად, სევდა, მარტოსულობა, ბუნების სურათები, რომლებიც მშვენიერების შეგრძნებასთან ერთად იდუმალებისა და შიშის განცდასაც იწვევს, დამახასიათებელია რომანტიკული, მეტადრე რომანტიკული და გოთური ელემენტების შერწყმის შედეგად წარმოშობილი ე. წ. „ბნელი რომანტიზმის“ ჟანრისათვის, რომელსაც პოს შემოქმედება უნდა მივაკუთვნოთ [https://www.llceranglais.fr/edgar-allan-poe-dark-romanticism.html]. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პოს ნაწარმოებები უმეტეს შემთხვევაში მის პირად ტრაგედიებს ასახავს. სიკვდილზე უფრო ხშირად პოს შვებად სიყვარული მიაჩნდა. მართლაც, არაერთი ლექსიდან ჩანს, რომ ხელოვნების გარდა, რომელსაც გენიოსმა შემოქმედმა საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა, სიყვარული იყო ერთადერთი ნუგეში მისი ცხოვრების „ბედით დაწყევლილ, უდაბურ გზაზე“... „სად ერთმა ვარდმაც ვერ გაიხარა“ [ებრალიძე, 2023:23] (“Beloved! amid the earnest woes /That crowd around my earthly path” … “where grows / Not even one lonely rose”). ეს ფრაზები მოყვანილია პოს ლექსიდან To F–– , რომელიც მე-19 საუკუნის პოპულარულ ამერიკელ მწერალ და პოეტ ქალს, ფრენსის სარგენტ ოსგუდს მიუძღვნა. ლექსში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 210 ნათქვამია, რომ ქალზე ოცნება ბედის უკუღმართობით დატანჯულ პოეტს მიწიერ სამოთხედ (An Eden of bland repose), აზვირთებული ტალღებით გარემოცულ ნეტარ კუნძულად ესახება, სადაც იგი ქარიშხალში თავს აფარებს (Like some enchanted far-off isle / In some tumultuous sea ). ედემის ბაღთან არის შედარებული აწ უკვე დაკარგული სიყვარული ლექსში To One in Paradise, სადაც პო ბიბლიურ ხატებს მოიხმობს, როგორიცაა “A green isle in the sea” („მწვანე კუნძული ზღვაში“), რასაც აძლიერებს სიწმინდისა და მშვენიერების სიმბოლოები “A fountain and a shrine/All wreathed with fairy fruits and flowers” („წყარო და უცხო ხილითა და ყვავილწნულებით მორთული სავანე“): Thou wast that all to me, love, For which my soul did pine - A green isle in the sea, love, - A fountain and a shrine All wreathed with fairy fruits and flowers And all the flowers were mine. [https://www.eapoe.org/works/info/chlpoems.htm] ამქვეყნად, კარგო, შენ მაზიარე, სიკეთეს ყველას, რაც მწადდა გულით: შენ იყავ ზღვაში კუნძული მწვანე, ანკარა წყარო და მისგან რწყული მომნიჭებელი შვების სავანე, ხილით, ყვავილით ჩემთვის მორთული. [ებრალიძე, 2023:23] როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ედგარ პოს სიკვდილმა ბევრი საყვარელი ადამიანი წაართვა, მათ შორის მეუღლე ვირჯინია, რომლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი მთელი სიცოცხლის მანძილზე თან სდევდა და მის უამრავ ლექსშია ჩაქსოვილი. ნუგეშის პოვნა ძნელი იყო, თუმცა პოეტს ალბათ ცოტათი მაინც ამხნევებდა საკუთარ ლექსებში იმის დაბეჯითებით გამეორება, რომ მისი დაკარგული სიყვარული ზეცაში ანგელოზებთან იმყოფებოდა და, შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ კვლავ შეხვედროდა მას. ლექსში Lenore ლირიკული გმირი მიმართავს საკუთარ თავს და საზოგადოებას, რომელსაც კიცხავს და პასუხს სთხოვს საყვარელი ქალის სიკვდილის გამო. პოეტი საკუთარ თავს და სხვებსაც მოუწოდებს, რომ გარდაცვლილი არ იგლოვონ, რადგან მისმა უმანკო სულმა თავი დააღწია მტრულ სამყაროს, თავად პო ჯოჯოხეთად რომ მოიხსენიებს, და ზეცაში უფალს და ანგელოზებს მიაშურა, სადაც მას მხოლოდ ნეტარება ელის. აღსანიშნავია ლექსში გამოყენებული მითოლოგიური და ბიბლიური ალუზიები, მაგალითად, ნაწარმოების პირველივე წინადადება − broken is the golden bowl − „ეკლესიასტეს“ უკავშირდება („ვიდრე გაწყდებოდეს ვერცხლის საბელი და გატყდებოდეს ოქროს ჭურჭელი, დაიმსხვრეოდეს დოქი წყაროსთან, ჩაეშვებოდეს ოწინარის ბორბალი ჭაში“ [ეკლ., 12:6]; აგრეთვე ნახსენებია: requiem Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 211 - მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი მესა (წირვა) კათოლიკურ რელიგიაში; Peccavimus − (ლათ) ნიშნავს „ჩვენ შევცოდეთ“; Sabbath song – ღვთისმსახურებისას შესასრულებელი საგალობელი. საყვარელი ქალის სიკვდილით არის შთაგონებული ასევე ლექსი Annabel Lee. იგი ბოლო ლექსი გახლავთ, რომლის დასრულებაც პომ მოასწრო. ამ დროს ვირჯინია უკვე ცოცხალი აღარ იყო, თავად პოეტი კი მის გამოქვეყნებამდე (1849) ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. ლექსში აღწერილია, თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი ლირიკულ გმირსა და მშვენიერ ანაბელ ლის და როგორ შურდათ მათი ბედნიერება ცაში ანგელოზებს, ციდან მონაბერმა სუსხიანმა ქარმა კი გოგონა გააცივა და სიცოცხლეს გამოასალმა. The angels, not half so happy in Heaven, Went envying her and me— Yes!—that was the reason (as all men know, In this kingdom by the sea) That the wind came out of the cloud by night, Chilling and killing my Annabel Lee. [ibid.] ანგელოზთ შეშურდათ სიამე, ვტკბებოდით რომლითაც ჩვენ – მე და ის: – ეს იყო მიზეზი, ეს იცის ყოველმა, ვინც ცხოვრობს მახლობლად ზღვის, გათოშეს ქარებმა ღრუბლიდან ნაბერმა, მომიკლეს ანაბელ ლი. [ებრალიძე, 2023:23] პოს არაერთი ლექსის ლირიკულ გმირს სწამს სამოთხის არსებობა და სწორედ იქ ეგულება დაკარგული სატრფო, მაგრამ, მეორე მხრივ, სავარაუდოა, რომ ამგვარად ცდილობდა თავად პოეტი მწუხარებასთან გამკლავებას. იგი მუდამ ხაზს უსვამდა, რომ საყვარელი ქალის ფიზიკურად დაკარგვის მიუხედავად, მას ვერაფერი დაავიწყებდა და დააშორებდა. ლექსში „ანაბელ ლი“ ეს აზრი შთამბეჭდავად არის გამოხატული ოსტატურად მომარჯვებული ჰიპერბოლების მეშვეობით: And neither the angels in Heaven above Nor the demons down under the sea Can ever dissever my soul from the soul Of the beautiful Annabel Lee; [ibid.] რაც უნდა ეცადონ, ზეცაში ანგელოზთ, დემონებს კი ფსკერზე ზღვის, არ შესწევთ უნარი ეს სული გაჰყარონ სულს ტურფა ანაბელ ლის: – [ებრალიძე, 2023:23] პოს ერთ-ერთ ლექსში, რომელსაც Spirits of the Dead, ანუ „გარდაცვლილთა სულები“ ეწოდება და სიკვდილის იდუმალების თემას ეხება, ნათქვამია, რომ გარდაცვლილთა სულები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 212 მარტონი არ არიან, რადგან საიქიოში ისინი ხვდებიან მათ, ვინც უფრო ადრე გარდაიცვალა. აქვე გვინდა გავიხსენოთ ლექსი For Annie. იგი ნენსი რიჩმონდს ეძღვნება, რომელთანაც პოს პლატონური სიყვარული აკავშირებდა. ეს ლექსი აღსანიშნავია იმით, რომ მასში სიკვდილი და სიცოცხლე გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდაა წარმოდგენილი, ანუ სიცოცხლე − როგორც ავადმყოფობა, სიკვდილი კი − როგორც განკურნება. ნაწარმოებში ენი (ჩარლზ ბრედფორდ რიჩმონდის ქვრივი) გამოყვანილია როგორც საყვარელი ადამიანის დამკარგავი, მგლოვიარე ქალი, რომელსაც მეუღლე ანუგეშებს და არწმუნებს, რომ იგი უკეთეს ადგილას მიდის და გარდაცვალების შემდეგაც ენის სიყვარულში განაგრძობს არსებობას. აღნიშნული ლექსი არის ერთგვარი ნუგეში მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, თავად პოს ჩათვლით. სიკვდილისა და საიქიოს თემას ეძღვნება მოთხრობები The Colloquy of Monos and Una („მონოსისა და უნას საუბარი“) და Mesmeric Revelation („მისტიკური გამოცხადება“). პირველ მათგანში მამაკაცი, მონოსი, გარდაიცვლება და სიკვდილის შემდეგ ბედნიერია, სულიერად იგი კვლავ თავის სატრფოსთან, უნასთან არის. როდესაც უნაც მას უერთდება იმ ადგილას, რომელიც განსაწმენდელის მსგავსია და კონკრეტულად არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, შეყვარებულთა სულები ნეტარებენ და ტკბებიან, ვინაიდან სამუდამოდ ერთად იქნებიან. მოთხრობაში Mesmeric Revelation პო განიხილავს ღმერთს როგორც მუდმივ მატერიას, რომელსაც ყოველივე მოძრაობაში მოჰყავს, და ასევე როგორც ღვთაებრივ გონს, რომელიც მთელ კაცობრიობას მოიცავს. სიცოცხლე და სიკვდილი შედარებულია აბრეშუმის ჭიასა და პეპელასთან, ანუ გატარებულია აზრი, რომ სიკვდილი ჩანასახოვან, განუვითარებელ არსებას სრულყოფილად აქცევს [Sanchez, Richardson, 2012]. ზემოთ ხსენებულ სატატიაში, რომელსაც Edgar Allan Poe’s Beliefs about the Afterlife („საიქიოს შესახებ ედგარ პოს შეხედულებანი“) ეწოდება, გამოთქმულია აზრი, რომ ედგარ პოს რწმენა სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისა ძირითადად თავის დამშვიდების მცდელობას წარმოადგენდა − მწერალს სურდა დაეჯერებინა, რომ გარდაცვლილთა სულები კვლავ აგრძელებდნენ არსებობას და იგი სიკვდილის შემდეგ საიქიოში შეხვდებოდა საყვარელ ადამიანებს; პო საიქიოს სამოთხედ და ჯოჯოხეთად არ ჰყოფდა, არამედ განიხილავდა როგორც განსაწმენდელის მსგავს ადგილს, სადაც სატრფოთა სულები მარად ერთად იქნებოდნენ. ეს უკანასკნელი აზრი პოს ბევრ ნაწარმებშია გატარებული. პოეტის თავად ყველაზე პოპულარულ ლექსში The Raven („ყორანი“) სასოწარკვეთილი ლირიკული გმირი ყორანს ღმერთს აფიცებს და ეკითხება: By that Heaven that bends above us – by that God we both adore – Tell this soul with sorrow laden if, within the distant Aidenn, It shall clasp a sainted maiden whom the angels name Lenore – Clasp a rare and radiant maiden whom the angels name Lenore.” ცას გფიცებ და ღმერთ მაღალს, ორივენი რომ ვცემთ თაყვანს, უთხარ ჩემს სულს, სულ რომ ხვნეშის: იქ, შორეულ სამოთხეში, თუ შეხვდება ის ასული, ო, ეს სული ვისზეც გოდებს, - Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 213 წმინდას, სათნოს, თვით ანგელოსთ მას ლენორი რომ უწოდეს“. [ებრალიძე, 2006:58] თუმცა, აღნიშნული შეხედულება, ცოტა არ იყოს, ზერელედ გვეჩვენება იმ ბიბლიური ალუზიების გათვალისწინებით, რომელთაც პოს არაერთ ნაწარმოებში ვხვდებით. ავიღოთ თუნდაც ლექსი The City in the Sea („ქალაქი ზღვაში“), ცოდვის, სიკვდილისა და დაღუპვის თემას რომ ეხება. მასში მოთხრობილია, თუ როგორ ინთქმება განწირული ქალაქი ზღვაში, რომლის ფსკერზეც მას ჯოჯოხეთი ელოდება. ჩვენი აზრით, ქალაქი სიმბოლურად ადამიანის სულს უნდა განასახიერებდეს, ზღვა კი − სასტიკ ბედისწერას. ლექსი შეიცავს არაერთ მინიშნებას იმაზე, რომ ქალაქის მკვიდრთ დიდძალი სიმდიდრე ჰქონიათ დაგროვილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაივიწყეს ჭეშმარიტი ფასეულობები, რის გამოც მათი ქალაქი ისევე დაისაჯა, როგორც ბიბლიური სოდომი და გომორა, რომლებიც ამ ნაწარმოების კითხვისას გვახსენდება. აქვე დავასახელებთ პოს სიცოცხლის ბოლოს დაწერილ კიდევ ერთ ცნობილ ლექსს Eldorado, რომელიც, ლაკონიურობისა და სისადავის მიუხედავად, მეტად ღრმა აზრის მატარებელია. ლექსში მეტაფორად გამოყენებულია რაინდი, რომელიც ფუჭად ეძებს საოცნებო ოქროს ქალაქ „ელდორადოს“. მკვლევარები ხშირად ავლებენ პარალელს ლექსში აღწერილ რაინდსა და თავად პოეტს შორის: პირველმა მათგანმა ელდორადოს პოვნა ვერ მოახერხა ამქვეყნად, მეორემ კი − ბედნიერებისა. ლექსის დასასრულს, ელდორადოს ძებნით დაღლილი და დაბერებული რაინდი ხვდება პილიგრიმის აჩრდილს (რომელიც მეტაფორულად სიკვდილს აღნიშნავს) და ელდორდოსკენ გზას ეკითხება, აჩრდილი კი მიუგებს, რომ ელდორადომდე მისაღწევად მან მთვარის მთები და „წყვდიადით მოცული ხევი“, იგივე „შავეთის ველი“ (“Valley of Shadow“) უნდა გაიაროს. ეს უკანასკნელი ბიბლიური ალუზიაა (ფსალმუნი 22:4). მოცემულ ფსალმუნში ნათქვამია: „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან − ამათ ნუგეშინის-მცეს მე“ [ფსალმუნნი, ლოცვანი, 2005]. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამგვარი ალუზია პოს ერთ-ერთ ბოლო ნაწარმოებში შემთხვევითია. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვირწმუნებთ მწერლის ათეიზმს. დასკვნა საბოლოოდ, თუ ზემოთ მოცემულ მსჯელობას შევაჯამებთ, ედგარ პოს დამოკიდებულება სიკვდილთან და საიქიო ცხოვრებასთან შემდეგნაირად უნდა დავახასიათოთ: იგი განპირობებულია ხელოვანის ცხოვრებისეული ტრაგედიებით, საყვარელი ადამიანების, განსაკუთრებით მეუღლის დაკარგვითა და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილით; სიკვდილი შვებად ესახება პოს როგორც მრავალტანჯვაგამოვლილ ადამიანს; სიკვდილის, საიქიოს, გლოვისა და მწუხარების თემები დამახასიათებელია რომანტიკული და მეტადრე გოთური ჟანრებისათვის, რომლებთანაც პოს შემოქმედება ასოცირდება; პოეტს გააჩნდა ქრისტიანული რწმენა, რისი დასტურიცაა მის ნაწარმოებებში მიმობნეული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 214 ბიბლიური ალუზიები, უფლისადმი დამკიდებულების არაერთი გამოხატულება (თუნდაც “by that God we both adore”), ღვთისმშობლისადმი საგალობელი და ა.შ. ყოველივე ეს კი პოს პორტრეტს იმისაგან სრულიად განსხვავებულად გვიხატავს, ვიდრე იგი ზოგ არაკეთილმოსურნეს სურდა წარმოეჩინა. გამოყენებული ლიტერატურა  ბიბლია. საქართველოს საპატრიარქო. თბილისი, 1989  ებრალიძე ლ., − ლირიკული მოზაიკა. ბრიტანელი და ამერიკელი პოეტები. თბილისი 2006  ებრალიძე ლ., − რჩეული ლექსები. ედგარ ალან პო. გამომცემლობა „ტალანტარე“, თბილისი 2023  იაშვილი პ., − ედგარ ალან პო, ლექსები. თბილისი 2002.  ფსალმუნნი, ლოცვანი. გამომცემლობა „ნათლისმცემელი“, 2005.  Poe E. A. Prose and Poetry. Избранное. Сборник. На англ. Яз. Сост. Е. К. Нестерова. М.: Радуга, 1983.  Heidy, The speakers' optimistic attitude towards death in Edgar Allan Poe's poems, "sonnet to my mother." "Annabel Lee," and "for Annie", January 2001 https://www.researchgate.net/publication/39737608_The_speakers'_optimistic_attitude_towards_ death_in_Edgar_Allan_Poe's_poems_sonnet_to_my_mother_Annabel_Lee_and_for_Annie  Sanchez, Richardson. Edgar Allan Poe’s Beliefs about the Afterlife, April 2012 https://www.studymode.com/essays/Edgar-Allan-Poe's-Beliefs-About-The-1174073.html  Wang, Bella. Chazelle, Damien ed. "Poe’s Poetry “Tamerlane” Summary and Analysis". GradeSaver, 17 August 2009 Web. 14 March 2023.  https://www.ncregister.com/blog/poe-hymn  https://www.eapoe.org/works/info/chlpoems.htm  https://www.gradesaver.com/poes-poetry/study-guide/summary-tamerlane#  https://yes-pdf.com/electronic-book/185  https://www.eapoe.org/geninfo/poerelig.htm  https://www.eapoe.org/works/poems/tamerlna.htm  https://www.llceranglais.fr/edgar-allan-poe-dark-romanticism.html https://gradesfixer.com/free- essay-examples/literary-analysis-of-edgar-allan-poes-poem-to-anne/  https://pressbooks.pub/poetrypoetics/chapter/spirits-of-the-dead-by-edgar-allen-poe/  https://www.eapoe.org/works/mabbott/tom1p105.htm  https://interestingliterature.com/2020/04/edgar-allan-poe-eldorado-analysis/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 2, 2023 215 The Theme of Afterlife in Edgar Allan Poe's Works Lela Ebralidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Assistant Professor, Doctor of Philology https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Abstract The present paper deals with the attitude of Edgar Poe, a famous American writer and poet, to death and afterlife – the themes of heaven and hell in his works. It shows the role of Poe’s life experience and his personal tragedies in the formation of his understanding of the mentioned concepts; special attention is dedicated to the peculiarities of romantic and gothic genres, especially the “dark romanticism,” combining the features of the both, e.g. creation of a mysterious atmosphere, themes of death and afterlife, mourning over the lost love. The paper presents Edgar Poe’s personality, his genius and tragic fate, provides the biographical information, which gives the reader some idea about Poe’s upbringing and education, his attitude to religion and his faith. While discussing its subject the paper relies on Poe’s works – examples are brought from them in order to illustrate the viewpoints offered in the paper. Based on the examples, conclusions are made, i.e., a number of factors like personal suffering, upbringing, temper, peculiarities of the romantic and gothic literary genres, religious faith, are identified, which makes it possible to create a truthful portrait of the artists. Key words: heaven, hell, romanticism, gothic genre, religion