Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 378 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.35 წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიური ასპექტები სოსანა გრიგალაშვილი ა(ა)იპ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი ; ჯიპას ფსიქოლოგიის მაგისტრი; პოლიტიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების - ISPP-ის წევრი აბსტრაქტი „წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიური ასპექტების“ შესასწავლისას ვეყრდნობი პოლიტიკური ქცევის ფსიქოლოგიური ფაქტორების თეორიულ საფუძვლებს, თავად წინასაარჩევნო კოალიციებისა და კოალიციის ფუნდამენტური თავისებურებების სიღმისეულ მეცნიერულ ცოდნას. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისა და წარსულში არაერთხელ შექმნილი კოალიციების (ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად) გამო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნაშრომი მიზნად ისახავს იკვლიოს საქართველოს ამჟამინდელ რეალობაში არსებული პოლიტიკური პარტიების შესაძლო გაერთიანების შინაგანი და გარეგანი მოტივები, რა განაპირობებს პოლიტიკოსთა ქცევას საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში და რა საერთო ინტერესები არსებობს კოალიციის ფორმირებისას. კვლევისთვის გამოვიყენე სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი, სიღრმისეული ინტერვიუ ჩავატარა ექვსი პარტიის წარმომადგენელთან. რესპოდენტები შევარჩიე მიზნობრივი შერჩევის მეთოდით. პოლიტიკოსთა ინტერვიუების შინაარსობრივი ანალიზისას გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარეგანი მოტივები. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ღირებულია, როგორც თეორიული (პოლიტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ამ მიმართულებით არ არსებობს ქართული კვლევა), ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებში წარმატებით მონაწილეობისთვის პარტიათა უმრავლესობა კოალიციის ფორმირების საჭიროების წინაშე დგას. საძიებო სიტყვები: კოალიცია; წინასაარჩევნო კოალიცია; პოლიტიკური ქცევა, მოტივაცია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 379 შესავალი ნაშრომი „წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიური ასპექტები“ მიზნად ისახავს წინასაარჩევნო კოალიციების ფორმირებაში ჩართული ფსიქოლოგიური მექანიზმების იდენტიფიცირებასა და შესწავლას. აგრეთვე, ვინაიდან, „ძალზედ ცოტა რამ არის ცნობილი წინასაარჩევნო კოალიციების შესახებ“ (GOLDER, 2006, გვ.193), სტატია აღნიშნულთან დაკავშირებით წვლილს შეიტანს აკადემიურ დისკურსში საქართველოს მაგალითზე ემპირიული მტკიცებულებების შეთავაზებით. კვლევების თანახმად, ახალ დემოკრატიულ ქვეყნებში სხვა შემთხვევებთან შედარებით ალბათობა იმისა, რომ წინასაარჩევნო კოალიცია ფორმირდეს უფრო მაღალია (GOLDER, 2006). მეცნიერთა დასკვნების სისწორე, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში უფრო მეტად ყალიბდება საარჩევნო კოალიციები, (Gandhi & Reuter, 2013) საქართველოს ბოლო 30_წლიან ისტორიაში არაერთხელ გამართლებულა (1999 წლის 31 ოქტომბრის, 2008 წლის 21 მაისის, 2012 წლის 1 ოქტომბრის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები). თუმცა, რატომ ქმნიან წინასაარჩევნო კოალიციებს და პოლიტიკოსთა ქცევაზე რა კოგნიტური ფაქტორები ახდენს გავლენას ჯერ კიდევ ნაკლებადაა გაანალიზებული. მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავ, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე 2024 წელს პარლამენტი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა და ბარიერი განისაზღვრა 5%- ით, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია მიიღებს. პარტიებს შეეძლებათ მხოლოდ ერთიანი სიით მონაწილეობის მიღება და ბლოკებად გაერთიანების უფლება არ აქვთ. თუმცა, იურიდიულად რა სახელი დაერქმევა პარტიათა რესურსების კონსოლიდირებასა და საერთო კამპანიის წარმოებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს წინასაარჩევნო გაერთიანების/კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიურ კონტექსტში განხილვის თვალსაზრისით. წინასაარჩევნო კოალიციიების ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ ნაკლები ინფორმაციისა და საქართველოში მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებიდან გამომდინარე შექმნილი საჭიროების თანაკვეთა თავად კოალიციის, როგორც პოლიტიკური ფსიქოლოგიის ფენომენთან, ნაშრომს პრაქტიკული თვალსაზრისითაც უაღრესად აქტუალურს ხდის. ლიტერატურის მიმოხილვა კოალიცია კოალიციების შესწავლა სოციალური მეცნიერების მულტიდისციპლინურ სფეროს მიეკუთვნება. თუმცა, ნაშრომის მიზნებიდან გამომდინარე ვკონცენტრირდები პოლიტიკურ და სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებულ განმარტებებზე. ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის ლექსიკონში ვკითხულობთ - „კოალიცია არის ორი ან მეტი ინდივიდის ან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 380 ჯგუფის ალიანსი, რომელიც ხშირად უკეთესი შედეგის მისაღწევად იქმნება (მაგ. ძალაუფლება და გავლენა), ვიდრე თითოეული წევრი ამას დამოუკიდებლად შესძლებდა“ ("APA dictionary of psychology"). გამსონის მიხედვით კოალიციური სიტუაცია განისაზღვრება „შერეული მოტივით“ N-სუბიექტების მონაწილეობით. ასეთ ურთიერთოებებში არის კონფლიქტის ელემენტი, რადგან ყოველთვის არ არის ცნობილი შედეგი, რომელიც თითოეული წევრის ჯილდოს (ანაზღაურებას) მაქსიმალურად გაზრდის. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს დაშვება იმისა, რომ მათ ერთობლივი რესურსების კოორდინირებით შეუძლიათ უკეთეს შედეგს მიაღწიონ, ვიდრე მარტო მოქმედებით (Inderrieden, 1987), რა დროსაც ურთიერთთანამშრომლობის ტენდენციებიც იკვეთება. ეს არის ალიანსი, რომლის დროსაც კონკურენტული მხარეები ურთიერთთანამშრომლობენ საერთო მიზნისთვის, რომლის მისაღწევად გარკვეულ კომპრომისებზეც მიდიან და ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექსიკონის თანახმად, კოალიციის ფორმირების ყველაზე გავრცელებული მიზანია საერთო საფრთხესთან ბრძოლა ან კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენება. აქედან გამომდინარე, კოალიციებს ხშირად დროებითი ბუნება აქვთ. კოალიციის ფორმირების, შენარჩუნებისა და ფუნქციონირებისთვის საჭიროა: 1) გამაერთიანებელი საკითხი, საერთო ინტერესი; 2) ნდობა - თანამშრომლობისთვის გადამწყვეტია, რომ წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ საკითხის და/ან მიზანთან (საკითების და/ან მიზნებთან) მიმართებაში; 3) მექანიზმი (მექანიზმები), რითაც კოალიციაში იმართება ჩართული ინდივიდების ან ჯგუფების განსხვავებები; 4) მონაწილეობის საერთო სტიმული, სარგებელი ("Coalition formation,"). რომ შევაჯამოთ, კოალიცია ერთი მხრივ აღიარებს ჩართული მხარეების ინდივიდუალურ თავისებურებებს, მეორე მხრივ კი წამოწევს გამაერთიანებელ მოტივაციას, მიზნებსა და სარგებელს, რაც შეიძლება იყოს ფული, სტატუსი, ძალაუფლება და სხვა. მთლიანობაში, კოალიციის ფორმირება არის რთული პოლიტიკური ქცევა, რომელიც განპირობებულია ძალაუფლების საჭიროებით, პოლიტიკის კომპრომისით, საარჩევნო მოსაზრებებითა და იდეოლოგიური თავსებადობით. მას აქვს როგორც უპირატესობები, ასევე გამოწვევები, რაც აყალიბებს მმართველობის დინამიკას მრავალპარტიულ სისტემებში. განარჩევენ ელექტორალურს, სამთავრობო და საპარლამენტო კოალიციებს, რომელთა სტრუქტურა, სიდიდე, სტაბილურობა, სამუშაო სტილი, პოლიტიკური აქტივობა, მენეჯმენტი, დამოკიდებულია მასში შემავალი პარტიების სტრატეგისა და ბუნებაზე, აგრეთვე, ქვეყნაში პოლიტიკის განვითარების ისტორიასა და ბევრ სხვა ფაქტორზე. (Shenhav et al., 2013). წინასაარჩევნო კოალიცია წინასაარჩევნო კოალიცია არის კოალიციის სახეობა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ქმნიან არჩევნებამდე, რათა გაზარდონ პარლამენტში მანდატების მოგების ან მთავრობის ფორმირების შანსები. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საარჩევნო კოალიციური ვაჭრობა არჩევნებამდე იწყება. წინასაარჩევნო კოალცია ფორმირდება მაშინ, როდესაც რამდენიმე პარტია ირჩევს მათი საარჩევნო სტრატეგიების კოორდინაციას და არა მარტო კენჭისყრას. ამ კოორდინაციას შეიძლება ჰქონდეს მრავალი ფორმა. მაგალითად, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 381 პარტიის ლიდერებმა შეიძლება განაცხადონ, რომ აპირებენ ერთად ჩამოაყალიბონ მთავრობა, თუ არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს, ან უბრალოდ დათანხმდნენ ერთი სახელით მონაწილეობაზე ერთობლივი სიებით ან ნომინაციის შეთანხმებით. თუმცა, საერთო კავშრი ამ სიტუაციებში არის ის, რომ პარტიები არჩევნებში არ მონაწილეობენ, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სუბიექტები და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ (Golder,2006). აღსანიშნავია, რომ პოტენციური კოალიციების წინაშე არსებული იდეოლოგიური თავსებადობის შეზღუდვა უფრო ძლიერია არჩევნებამდე, ვიდრე შემდგომ. ეს იმიტომ ხდება,რომ ამომრჩეველს შესაძლოა არ სურდეს ხმა მისცეს საარჩევნო კოალიციებს, რომლებიც მათი ფავორიტი პარტიის პოლიტიკასთან შეუთავსებელია. “არჩევნების შემდეგ პარტიებს აქვთ მეტი თავისუფლება ამ ტიპის სამთავრობო კოალიციებში შესვლისთვის, რადგან ამომრჩევლები აღარ წარმოადგენენ პოლიტიკოსების ქმედებებზე მყისიერ შეზღუდვას” (Stykow,2020, გვ. 158). შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხილოა და ღრმა ანალიზს მოითხოვს პარტიათა მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები, ვინაიდან ეს აისახება ამომრჩეველთა ქცევაზე. კოალიციებში პოლიტიკის კომპრომისების საარჩევნო შედეგების ნიუანსურ გაგებაზე ყურადღება გაამახვილა მკვლევარმა დევიდ ფორტუნატომ, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიათა ურთიერთთანამშრომლობა სავარაუდოა ამომრჩეველმა ღალატად აღიქვას, ვინაიდან ყოველივე გაცხადებული პრინციპებიდან გადახრად ჩათვალონ და შეიცვალოს მათი მხარდამჭერის დონეც. სწორედ ამიტომ, არსებითად გასათვალისწინებელია, რომ წინასაარჩევნო კოალიციაში ჩართულმა პარტიებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბონ მიზანი, მოტივი და მჭიდრო, თანმიმდევრული კამპანია აწარმოონ, რა დროსაც მრავალი ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება მართებთ (D. Fortunato, 2017). შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ნებისმიერი კოალიციისთვის განხილული მახასიათებლების გარდა, საარჩევნო კოალიციისთვის ამომრჩევლის აღქმა დამატებით ფუნდამენტურ ფაქტორად გვევლინება, რაც ცალკე კვლევის საგანია. ფსიქოლოგიური ასპექტები ქცევის შესწავლა ფსიქოლოგიის ფუნდამენტური საკითხია. იგი მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, მათ შორის, ფიზიკურ მოქმედებებს, სიტყვიერ გამონათქვამებს და შინაგან შემეცნებით პროცესებსაც კი. ფსიქლოგიაში განარჩევენ იმპულსურ და ნებელობით/ნებისმიერ ქცევას, რასაც ადამიანის მიზნები, ინტერესები, დამოკიდებულებები, ღირებულებები, მსოფლმხედველობა, იდეალები და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს, რომლებიც ერთიან მოტივაციურ სისტემას ქმნიან. შესაბამისად, თუ არ ვიცით მოტივები რთულია ადამიანის მოქმედების გაგება. „მეტიც ფსიქიკა და მისი უმაღლესი ფორმა - ცნობიერება მოქმედების პროცესში ყალიბდება და მოქმედების პროცესში ვლინდება“ (სვანიძე, 2016, გვ.257). ნებისმიერი ქცევის მსგავსად პოლიტიკური ქცევა გულისხმობს ინდივიდების მიერ პოლიტიკურ კონტექსტში გამოვლენილ შემეცნებით, ემოციურ და ქცევით პროცესებს, რომლებიც გამოხატავს მათ აზრებს, დამოკიდებულებებს, მოტივებსა და მოქმედებებს, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ საკითხებთან, ინსტიტუტებთან და გადაწყვეტილების მიღებასთან. იგი მოიცავს ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 382 აყალიბებენ პოლიტიკურ შეხედულებებს, ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ურთიერთობენ პოლიტიკურ სისტემებთან და აქტორებთან. პოლიტიკური ქცევა გულისხმობს აქტივობების ფართო სპექტრს, როგორიცაა ხმის მიცემა, კამპანია, ლობირება, საპროტესტო ან დემონსტრაციებში მონაწილეობა, პოლიტიკურ დისკუსიებში ჩართვა, თანამდებობაზე კენჭისყრა, პოლიტიკური კამპანიებისთვის შემოწირულობა, პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება და ალიანსების შექმნა. ცხადია, ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა პოლიტიკური ქცევა იყოს რეაქტიული (არ იყოს წინასწარ განზრახული), ჩვეული იგივე რუტინული ან თუნდაც არაცნობიერი. თუმცა, ბევრი პოლიტიკური ქმედება არის მიზანმიმართული, რომელიც ეფუძნება გადაწყვეტილების აქტს, სტრატეგიულად დაგეგმილია და ემსახურება კონკრეტული მიზნის მიღწევას. სწორედ ამ კატეგორიის პოლიტიკური ქცევაა კოალიციის შექმნაც (Weiner, 1986). კოალიციის, როგორც „შერეული მოტივის“ გაერთიანების, ფუნდამენტია პარტიათა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორმაგმომგებიანი მოქმედების საკეთილდღეოდ. ეს არის შემეცნებითი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიზანმიმართული ქცევის ჩამოყალიბებაში. იგი აერთიანებს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც განპირობებულია ცნობიერი ზრახვებითა და მიზნებით. გადაწყვეტილების მიღებას განახორციელოს ნებისმიერი ქცევა განსაზღვრავს მოტივი, ვინაიდან იგი გადაწყვეტილების მიღების აქტს წინ უსწრებს. “ამრიგად, „მე მინდა “-ს განცდის არ არსებობის შემთხვევაში არც ნებელობაზე შეიძლება საუაბრი. აქედან გამომდიანრე, მისი გამორკვევა ქცევის მიზეზის გაგებასაც კი ნიშნავს. მეტიც, როგორც დიმიტრი უზნაძე მიიჩნევს, ობიექტურ ღირებულებას აქტუალურ ღირებულებად სუბიექტისთვის მოტივი აქცევს: იგი იმ მომქმედებას, რომელიც სუბიექტისთვის ამჟამად არაფერს მიმზდიველს არ შეიცავს, ფსიქოლოგიურად ისეთ მოქმედებად გარდაქმნის, რომელიც მისთვის აქტუალური ღირებულების მატარებლად იქცევა. მოკლედ, მოთხოვნილებას, რომელიც ნებისმიერი ქცევის საფუძველზე მდებარე განწყობის აღმოსაცენებლადაა საჭირო, მოტივი იძლევა“ (უზნაძე, 2006, გვ.212). ხოლო მოტივაცია განპირობებულია იმით, რომ კონკრეტული ქცევა სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. როგორც ყოველთვის კოალიციის ფორმირების განხილვისასაც უნდა გავმიჯნოთ გარეგანი (ამომრჩევლის ტიპი; საარჩევნო კოდექსი; რესურსები; ჯილდო (მანდატები, მინისტრთა კაბინეტები); ქვეყნის საგარეო პულიტიკური კურსი და მდგომარეობა პიროვნული ურთიერთობები) და შინაგანი - იდეოლოგია; აღქმა; მოლოდინი; ღირებულება; იდეა; ისტორიული მეხსიერება; გამოცდილება; პიროვნული თვისებები; ემოცია (ნდობა, შიში); ლიდერი) მოტივაციური ფაქტორები. მოტივაციის დონეზე კი გავლენას ახდენს სასურველი შედეგების მიღწევის ალბათობის აღქმა. ინდივიდები აფასებენ პოტენციურ შედეგებს და ჯილდოებს, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა გადაწყვეტილების არჩევანის გაკეთებაზე. (Guest, 1965). სწორედად, რომ კოალიციის ქცევაზე ზემოქმედებაში ფსიქიკური პროცესი, აღქმაც გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან ის გულისხმობს, თუ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პოლიტიკოსები და აცნობიერებენ გარემოში არსებულ ინფორმაციას და მასში საკუთარ პოზიციონიერებას. სხვადასხვა ფსიქოლოგიურმა თეორიამ და ავტორმა წვლილი შეიტანა აღქმისა და ქცევაზე მისი გავლენის გაგებაში. მეცნიერთა დასკვნების მიხედვით, ინდივიდები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 383 უფრო მეტად ქმნიან კოალიციას მათთან, ვისაც აღიქვამენ, როგორც საკუთარ თავს, ან მსგავსი დამოკიდებულებების, ღირებულებების თვალსაზრისით. ეს ემსახურება ნდობის, საერთო მიზნების ჩამოყალიბებას და კოალიციებში თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც გააძლიერებს პრობლემის გადაჭრის უნარს (De Dreu & Gelfand, 2007). ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს მაიკლ ჰოგი სოციალური იდენტობიის კონტექსტში, რომელიც თვითკატეგორიზაციის ცნებით განმარტავს, თუ როგორ აღიქვამენ ინდივიდები საკუთარ თავს და სხვებს მათი საერთო სოციალური იდენტობების მიხედვით, რაც გავლენას ახდენს ჯგუფთაშორის ქცევაზე, მათ შორის, კოალიციის ფორმირებაზე (Hogg, 2008 ). კოალიციის ქცევასა და ამავდროულად მის ფარგლებში ინდივიდების დამოკიდებულებებზე, გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე ემოციებიც უდიდეს გავლენას ახდენენ. მათი მართვა კოალიციებში მართლაც მნიშვნელოვანია ჰარმონიული ურთიერთობებისა და ეფექტური თანამშრომლობის შესანარჩუნებლად. პოზიტიური ემოციები, როგორიცაა ნდობა და იმედი, ხელს უწყობს თანამშრომლობას და სოლიდარობას, ხოლო ნეგატიურმა ემოციებმა, როგორიცაა შიში და უკმაყოფილება, შეიძლება ძირი გამოუთხაროს კოალიციის სტაბილურობას. განსაკუთრებით ნდობა სასიცოცხლო როლს თამაშობს კოალიციის ფორმირებაში, შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში. ნდობა არის ფუნდამენტური ემოცია, ის არის რწმენა სხვების საიმედოობის, მთლიანობისა და კეთილგანწყობის მიმართ. კოალიციებში ნდობა ხელს უწყობს ურთიერთშეთანხმებას, ინფორმაციის გაზიარებას და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას. როდესაც კოალიციის პარტნიორები ენდობიან ერთმანეთს, ისინი უფრო ეფექტურად მოქმედებენ, იზიარებენ რესურსებს და მუშაობენ საერთო მიზნების მისაღწევად. ნდობა ქმნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოების ატმოსფეროს, რაც საშუალებას აძლევს ინდივიდებს გამოხატონ თავიანთი აზრი და წვლილი შეიტანონ განსჯის ან ღალატის შიშის გარეშე. კოალიციის ქცევის, როგორც პოლიტიკური ქცევის, ანალიზისთვის არსებითია იდეოლოგიის, როგორც სოციალური კოგნიციის, როლის განხილვაც. კონსერვატიულ და ლიბერალურ იდეოლოგიებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სოციალურ ქცევაზე და ჯგუფთაშორის ურთიერთობებზე. კონსერვატორები ავლენენ ქცევებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფში ერთიანობას, შესაბამისობას და ლოიალობას. ისინი შეიძლება უფრო მდგრადი იყვნენ გარე ჯგუფის წევრებთან ან ინდივიდებთან ურთიერთობისას, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მათ რწმენას. თავის მხრივ, ლიბერალებს შეუძლიათ აჩვენონ ქცევები, რომლებიც ხელს უწყობენ ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებას და თანამშრომლობას სხვადასხვა ჯგუფებში. ისინი შეიძლება უფრო ღია იყვნენ ჯგუფის გარე წევრებთან ურთიერთობისთვის და განსხვავებული პერსპექტივების მისაღებად. პოლიტიკური იდეოლოგიები ასევე განაპირობებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. კონსერვატორებს შეუძლიათ გამოიჩინონ უპირატესობა სტატუს კვოს შესანარჩუნებლად რისკის ან ცვლილების თავიდან აცილების მიზნით, რაც იწვევს გადაწყვეტილების მიღებისას უფრო ფრთხილ ქცევას. ლიბერალები, თავის მხრივ, შეიძლება უფრო გახსნილები იყვნენ რისკისა და ცვლილებების მიმართ, რის გამოც გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტად ცდილობენ ადაპაციური ქცევების მოძიებას (Jost et al., 2003). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 384 დასკვნისთვის, რომ ვთქვათ ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად ფსიქოლოგიური ასპექტებიდან როგორც მიზანმიმართულ ქცევას, ისევე კოალიციის ფორმირებასაც განაპირობებს შინაგანი და გარეგანი მოტივაციური ფაქტორები, მიზნები, ემოციები, იდეოლოგიურიური თავისებურებები, აღქმის საფუძველზე საკუთარი თავის და კონკურენტის შეფასება არსებულ გარემოში. კვლევის მეთოდოლოგია კვლევის კითხვა და ჰიპოთეზა პოლიტიკური ფსიქოლოგია იკვლევს ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს პოლიტიკურ დამოკიდებულებებს, მოტივაციასა და ქცევას, ცდილობს გაიგოს, თუ როგორ აყალიბებს ინდივიდუალური და ჯგუფური მახასიათებლები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებასა და მონაწილეობას. სწორედ ამ ფუნდამენტური მოცემულობიდან გამომდინარე, ჩემი კვლევის მიზანია დადგინოს: 1) რა მოტივით ერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები? 2) რა განაპირობებს პოლიტიკოსთა ქცევას საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში? 3) რა საერთო მთავარი მიზნები იკვეთება პარტიებს შორის და რომელ პარტიებს შორის? ჰიპოთეზა: ვვარაუდობ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კოალიციების ფორმირება დადებით მიმართებაშია პარტიათა გარეგან მოტვივაციაზე. კვლევის ინსტრუმენტი საკითხის ფუნდამენტური ანალისა და სანდო შედეგების მისაღებად კვლევის მეთოდად შევარჩიე სიღრმისეული ინტერვიუ. ეს არის თვისებრივი კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს დეტალურ, ვრცელ და ღია საუბრებს ინდივიდებთან ან მცირე ჯგუფებთან. ინტერვიუ, როგორც წესი, სტრუქტურირებულია ღია კითხვების ნაკრების გარშემო, მაგრამ ის ასევე იძლევა მოქნილობისა და შემდგომი კითხვების საშუალებას, რათა უფრო ღრმად შეისწავლოს მონაწილის პასუხები. მთავარი მიზანია მივიღოთ ყოვლისმომცველი გაგება მონაწილის დამოკიდებულებების, მოტივაციებისა და კონკრეტულ თემაზე დაკავშირებული სუბიექტური გამოცდილების შესახებ. სიღრმისეული ინტერვიუ მკვლევარებს საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ მდიდარი და დეტალური თვისებრივი მონაცემები უშუალოდ კოალიციის ფორმირების პროცესში ჩართული პოლიტიკური აქტორებისგან. ის გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა, პარტიული იდეოლოგია, მოტივაციები, ძალაუფლების დინამიკა და პირადი ურთიერთობები კოალიციის არჩევანზე. სიღრმისეული ინტერვიუს განხილვის მიზნით მოვახდინე მათი შინაარსობრივი ანალიზი. გამოვიყენე დამუშავების თემატური მეთოდი. ინტერვიუ დავყავი ექვს ბლოკად. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 385 თავდაპირველად საკვლევი სტრუქტურირებული კითხვების შესაბამისად პასუხები დავაგენირირე საწყისი კოდებით ისე, რომ ინტერვიუს შინაარსის სხვადასხვა ასპექტებს ასახავდნენ. არაერთგზის გადახედვის შედეგად საბოლოო თემების განსაზღვრის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ანალიზზე გადავედი, რა დროსაც მოვძებნე შაბლონები, ვარიაციები და კავშირები. კვლევის აღწერა ჩავატარე სიღრმისეული ინტერვიუები საპარლამენტო პარტიების წარმოამდგენლებთან 2023 წლის 5 - 11 ივნისის შუალედში. შევარჩიე 6 საპარლამენტო პარტია. აღსანიშნავია, რომ ყველა რესპოდენტი მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევიან, რაც კვლევის სანდოობას ზრდის. სიღრმისეული ინტერვიუები წარიმართა ფიზიკურ და ონლაინ რეჟიმში, გამოვიყენე Zoom-ის, Google Meet-სა და Messenger პლათფორმები. კვლევის მონაწილეები პარტიათა დახასიათებას წარმოგიდგენთ ინტერვიუსას თავის წარდგენის მონაკვეთების საშუალებით. 1) „ნაციონალური მოძრაობა“ - რესპოდენტი აღნიშნავს, რომ პარტიას დაფუძნებისასაც 1999 წელსაც და 2012 წლის შემდეგაც ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებთ და ეს არის რუსული ხელისუფლების ცვლილება. იდეოლოგიურად მემარჯვენე ცენტრისტები არიან, თუმცა პოლიტიკოსი ადასტურებს, რომ „უწევთ ცოტა მემარცხენეობაც“, რაც სკოლებში უფასო კვების, საბანკო სისტემის, კუმუნალურების რეფორმის სახით ვლინდება. 2) „ლელო საქართველოსთვის“ - პოლიტიკოსი ამბობს, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ჯერ 2019 წლის დეკემბერში, როგორც მოძრაობა ისე დაარსდა და ამის შემდეგ რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა, როგორც პარტია. დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქვეყნის საჭიროებისა და მოცემულობიდან გამომდინარე უწევთ რაღაც დოზით მემარცხენული იდეოლოგიის გათვალისწინებაც, ისეთ დროს, როდესაც გარდაუვლად საჭიროა. იდეოლოგიის კლასიკური გაგებით კი მემარჯვენე ცენტრისტები არიან. 3) „გირჩი“- პარტიის წარმომადგენელი თვლის, რომ 2015 წლიდანაა პოლიტიკაში, ვინაიდან მაშინ დაიწყო „გირჩის“ დაარსებაზე მუშაობა, ხოლო 2016 წელს კი ოფიციალურად გაფორმდა. საკუთარ თავს კლასიკურ ლიბერალად მიიჩნევს, რაც ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევას და მოქალაქისთვის ყველაფრის უფლების მიცემას გულისხმობს (გარდა იმისა, რომ სხვა არ დააზარალოს). „ჩვენ იდეოლოგიური პარტია ვართ და არა მხოლოდ საარჩევნოდ, მუდმივად ჩვენი იდეოლოგიიდან გამოვდივართ“. 4) „სტრატეგია აღმაშენებელი“ – „დაფუძნდა 2020 წლის ზაფხულში, ივნისის დასაწყისში. ძირითადი იდეოლოგია არის ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები, შესაბამისად ვართ ლიბერალური პარტია. ვართ ევროპული ლიბერალების და დემოკრატების ალდეს წევრი“ - განაცხადა პოლიტიკოსმა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 386 5) „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - პარტია დაასრსდა 2016 წელს. მთავრი მიზანი იყო განსახვევბული და პოლიტიკური ველიდან ამოვარდნილი ძალა გამოჩენილიყო, რომელსაც ექნებოდა კონკრეტული იდეა. რესპოდენტი აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ხელისუფლების ცვლილება არასდროს ყოფილა, რადგან ხელისუფლებაში ყოფნას უფრო მეტად უყურებენ, როგორც საშუალებას იმისთვის, რომ მიაღწიონ მთავარ ამოცანას, რაც არის „სისტემის დაშლა. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ იდეოლოგიაა კლასიკური ლიბერალიზი, გადახრილი ლიბერტარიალიზმისკენ, რომელიც ინდივიდზე მორგებულობას გულისხმობს. 6) „საქართველოსთვის“ - რესპოდენტი თქმით, პარტიის დაფუძნების მთავარი მიზანი ადგილობრივი პოლიტიკური გარემოს დაკორექტირება და შეცვლა იყო უზომოდ პოლარიზებულ გარემოში, ამასთან, ამომრჩევლისთვის არჩევანის გაზრდა. იდეოლოგიურად მემარჯვენე ცენტრისტად მიიჩნევენ თავს. კვლევის ძირითადი მიგნებები პარტიათა წარმომადგენლებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ქცევის ფუნდამენტური განმაპირობებელი ფაქტორი, იდეოლოგია, თითქმის ყველასთვის, გარდა „გირჩისა“ არ არის გადამწყვეტი კოალიციის შექმნისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში მონაწილე 4 პარტია მიიჩნევს, რომ აქვთ მემარჯვენე ცენტრისტული იდეოლოგია, ხოლო „გირჩი“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ კლასიკური ლიბერალები (მემარჯვენე) არიან. ერთი შეხედვით წარმოდგენილი ექვსივე პარტიის გაერთიანების მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, „იდეოლოგიურად მერყევობა“ და დეკლარირებული იდოლოგიიდან აცდენა ნაკლებ სანდოობასა და თანმიმდევრულობაზე მიგვანიშნებს. გამოიკვეთა, რომ „ერთპარტიული აზროვნების“ ფონზე იდეოლოგიის გავრცელების პოტენციალი არც მამოტივირებელია და არც შემაფერხებელი პარტიათა გაერთიანებისთვის. პოლიტიკოსებმა ცხადია დამიდასტურეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შემდეგი შინაარსის განცხადებების სიუხვე: „ოპოზიცია საპასუხისმგებლო ეტაპზე გადადის“; „ოპოზიციას ბევრად მეტი აერთიანებს, ვიდრე ყოფს“; „[გაერთიანების გარეშე] შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა“ (Civil.ge, 2020). მიუხედავად ამისა, ინტერვიუსას ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი პარტიის პერსონალური ინტერესების მიღწევის აუცილებლობა. მაგალითად: პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის არჩევნებისას ერთ-ერთ ყველა მნიშნელოვან ამოცანად თავის ცნობადობის ზრდას და ბრენდის შექმნაზე მუშაობას მიიჩნევს. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ზოგიერთ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, არ შედის კოალიციაში არცერთ პარტიასთან. ამასთან საჯაროდ აცხადებდა, რომ ის იქნება „ყველას გამაერთიანებელი ძალა“. ინტერვიუს დროს მისმა წარმომადგენელმა ისაუბრა პარტიის იმდროინდელ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, რამაც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ უბიძგათ. „გირჩი“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ მთავარ პრობლემად იდეის ნაკლებობას და გაფორმებული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 387 შეთანხმებების შეუსრულებლობას ასახელებენ, რის გამოც მათ შეწყვიტეს ოპოზიცურ პარტიებთან თანამშრომლობა. გამოკვეთეს თავიანთ მთავარ მოტივაციად იდეისადმი ერთგულება და ამომრჩეველთან სანდოობის შენარჩუნება. რაც შეეხება „ნაციონალ მოძრაობას“, რომელმაც შექმნა 4 სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი, რასაც ხსნიან ე.წ. 1 პროცენტიანი პარტიების მხარდაჭერითა და „ყველა მინუს 1-ს“ პრინციპის დაცვის მოტივით, იკვეთება მათი რეალური სურვილი ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეპოვებინათ „სხვებზე კონტროლი“. კოალიცია, რომელიც თავისთავად გულისხმობს სხვადასხვა მოტივების მქონე პარტიების გაერთიანებას, სჭირდება რაიმე ტიპის საერთო მიზანი. როგორც ხედავთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ასეთი გადაკვეთის წერტილის მოძებნა რთული აღმოჩნდა. „პოლიტიკური ეგოიზმის“ წამოწევა შესაძლოა მივაწეროთ მოწინააღმდეგის უკიდურესად ძლიერად აღქმასაც, რამაც განაპირობა საერთოს სავარაუდო მიზნის უგულებელყოფა და ცალსახად პირად ინტერესებზე ზრუნვა. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე კოალიციის ფორმირების მთავარ საყრდენად პოლიტიკური პრაგმატიზმი დაასახელა პარტიამ „საქართველოსთვის“. ასევე, დააზუსტა, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ფაქტობრივად, ყველასთან ითანამშრომლებენ. „ლელო საქართველოსთვის“ კოალიციის შექმნის მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორად სხვა პარტიების ლიდერებზე, დამფინანსებლებსა და წარსული ურთიერთობის გავლენებზე საუბრობს. „სტრატეგია აღმაშენებლი“ თვლის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ფაქტობრივად, არავინ ეგულება ვისაც მათგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება ექნება, თუმცა, მათვის გასათვალისწინებელია პარტიების ლიდერებს შორის კომუნიკაციაც. „გირჩისა“ და „გირჩი- მეტი თავისუსფლების“ მთავარი ღერძი კი იდეოლოგიური, შინაარსე საუბრით გარკვეული ურთიერთთანამშრომლობაა. ამასთან, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ პარტიათა პროგრამულ დაწვრილმანებას არ თვლის საჭიროდ თუ ძირითად საკითხებზე ერთიანდებიან, რაც ნაწილობრივ თავის სხვა პასუხებს ეწინააღმდეგება. „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელმა მსჯელობაში შემოიტანა კომპრომისების ფენომენი. მიუხდავად ამისა, რომ განაცხადა „ახლა ჩვენ არ გვჭირდება ვინმესთან გაერთიანება, ჩვენ მხოლოდ ვზარალდებით ვიღაცების ჩვენი სიით პარლამენტში შეყვანით, გამოცდილებას კი ყველას გავუზიარებთ და დავეხმარებით“. საბოლოოდ კი „პიროვნული აუტანლობის“ საკითხი აბსოლუტურად ყველა პარტიისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთო მიზნის იდენტიფიცირებისთვის ვთხოვეთ 3-3 მთავარი ზეპარტიული ამოცანის დასახელება, რის გამოც კოალიციაში შევიდოდნენ სხვა პარტიასთან. გადაკვეთის წერილების მოძებნით გამოვლინდა, რომ „გირჩისთვის“, „გირჩი-მეტი თავისუფლებასა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე პრიორიტეტული საკითხი მართლმსაჯულების რეფორმააა. ხოლო, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „საქართველოსთვისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად მიზანს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი წარმოადგენს. ჩემი აზრით, აღნიშნული მიგნება საჭიროებისამებრ ძლიერი მოტივატორი იქნება ამ პარტიებისთვის კოალიციის შესაქმნელად. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 388 საარჩვენო კოდექსი ითვალისწინებს 5 პროცენტიან ბარიერსა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ ფაქტს „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დიდ გამოწვევად მიიჩნევს, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ ეს მოცემულობა იდეურად განსხვავებულ პარტიასთან კოალიციის შექმნის მთავარი მოტივაცია იქნება. ამგვარ დამოკიდებულებას ავლენს პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“ ასე აშკარად არ გამოხატავენ 5%-იანი ბარიერის ფაქტორის პრიორიტეტულობას, თუმცა, საზოგადოდ ამბობენ, რომ ასეთ პირობებში პარტიები იძულებულები იქნებიან რაიმე ახლის მოფიქრებისთვის, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებთან შედარებით შეცვლილი და გამძაფრებული მდგომარეობაა. ამის მიუხედავად პარტია “გირჩი“ ღირებულებებისა და იდეის თანხვედრის გარეშე არ აპირებს რაიმე ტიპის ერთობის განხილვას. ჯილდოს გადანაწილებას ყველა საკუთარი და სხვისი „წონის“ შესაბამისობით უყურებს. აგრეთვე, 2-3 დამატებითი მანდატის არ არსებობის გამო „მოლაპარაკების შეწყვეტა“ არასწორად მიაჩნიათ. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტისა და სადეპუტატო მანდატების გადანაწილებას, ამაზეც მეტწილად მსგავსი და თავისი პარტიის გამოცდილების შესაბამისი პასუხები აქვთ. რომ შევაჯამოთ, გამოიკვეთა წინასაარჩევნო კოალიციის შექმნისას განსაკუთრებული შემაკავებელი ან პირიქით ბიძგის მიმცემად პოლიტიკოსთა პიროვნული ურთიერთობები. ერთი მხირივ, უმეტესად ცენტრისტული იდეოლოგიური მიდგომები პარტიებს არ ბოჭავს აქტიურ ურთიერთანამშრომლობაში, პლუს ამას თავიანთი იდეოლოგია კოგნიტურ დონეზე მათ ადაპტაციური ქცევისკენ მიმართავს, მეორე მხრივ, კი აღნიშნული აშკარა არასანდო და მერყევ ბუნებას უყალიბებთ. კვლევისას თვალსაჩინო გახდა აღქმის აქტუალური როლიც, რის საფუძველზეც პარტიები აფასებენ თავიანთ და მოწინაარმდეგეთა ძალას. რაც შეეხება მოტივაციას წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირებაში, რაც აგრეთვე ნებელობითი ქცევის განმაპირობებელი ასპექტია, დიდ როლს ასრულებს პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებაზე. მეტი კონკრეტულობისთვის აღვნიშნავ, რომ პარტიები მეტწილად არჩევანს გარეგან მოტივებზე აკეთებენ. კვლევის შეზღუდვები წინასაარჩვენო კოალიციის შესაწავლა ძალზედ მრავლამხრივია, რასაც სჭირდება არაერთი მეცნიერული ცოდნის საფუძვლად სიღრმისეული ანალიზი. თუმცა, ჩემი მთავარი ამოცანა იყო ყველა საკითხი შემესწავლა მაქსიმალურად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ მიმართულებით პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში და პარალელურად ქართულ რეალობაში ძალზედ მცირე ინფორმაცია არსებობს, რაც კვლევის ერთგვარი შეზღუდვა იყო. მასთან, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ექვსი პარტიის წარმომადგენელმა, რაც პოლიტიკური ლანდშაფტის სრულ სურათს ვერ გვაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ შერჩეული პარტიები აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში და მათვისაც თემაც მნიშვნელოვანია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 389 დასკვნა წარმოდგენილი ნაშრომი პასუხობს საკვლევად დასმულ კითხვებს: 1) რა მოტივით ერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები? უმთავრესი მოტივი საარჩევნო კოალიციის შექმნისთვის არის საარჩევნო ბარიერის გადალახვა, მანდატების მოპოვება და სხვაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. აღნიშნული გარე მოტივები უმეტეს შემთხვეაში გადაწონის იდეოლოგიურ და ღირებულებით მოტივაციურ ფაქტორებსაც. (მხოლოდ „გირჩი“ ერთგულობს ცალსახად იდეოლოგიურ პრინციპებს.) 2) რა განაპირობებს პოლიტიკოსთა ქცევას საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში? პოლიტიკოსთა ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენს პიროვნული ურთიერთობები, რესურსების სიმცირე, პროცესების პრაგმატულად აღქმა, წარსული გამოცდილება, იდენტობის ნაკლებობა და ემოციური ფონი. 3) რა საერთო მთავარი მიზნები იკვეთება პარტიებს შორის და რომელ პარტიებს შორის? ქვეყნის საგარეო კურსი და სასამართლო რეფორმა აღმოჩნდა პარტიების ინტერესთა გადაკვეთის წერტილი, კერძოდ, როგორც ზემოთ მჯელობისასაც აღვნიშნე, „გირჩის“, „გირჩი- მეტი თავისუფლებასა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე პრიორიტეტული საკითხი მართლმსაჯულების რეფორმააა, ხოლო, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „საქართველოსთვისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად მიზანს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი წარმოადგენს. კვლევის საფუძველზე დადასტურდა ჰიპოთეზა, რომელიც გამოხატავდა ვარაუდს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კოალიციების ფორმირება დადებით მიმართებაშია პარტიათა გარეგან მოტვივაციაზე. ბიბლიოგრაფია APA dictionary of psychology. (n.d.). APA Dictionary of Psychology. https://dictionary.apa.org/coalitions Civil.ge. (2020). 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. Civil Georgia. https://civil.ge/ka/archives/363475 Coalition formation. Psychology Wiki. Retrieved July 10, 2023, from https://psychology.fandom.com/wiki/Coalition_formation Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 390 De Dreu, C. K., & Gelfand, M. J. (2007). The psychology of conflict and conflict management in organizations. https://doi.org/10.4324/9780203810125 Fortunato, D. (2017). The electoral implications of coalition policy making. British Journal of Political Science, 49(1), 59-80. https://doi.org/10.1017/s0007123416000430 Gandhi, J., & Reuter, O. J. (2013). The incentives for pre-electoral coalitions in non-democratic elections. Democratization, 20(1), 137-159. https://doi.org/10.1080/13510347.2013.738865 GOLDER, S. N. (2006). Pre-electoral coalition formation in parliamentary democracies. British Journal of Political Science, 36(2), 193-212. https://doi.org/10.1017/s0007123406000123 Guest, R. H. (1965). Book Review:Work and motivation. Victor H. Vroom. The Journal of Business, 38(2), 213. https://doi.org/10.1086/294767 Hogg, M. A. (2008). Social categorization, depersonalization, and group behavior. Blackwell Handbook of Social Psychology: Group Processes, 56-85. https://doi.org/10.1002/9780470998458.ch3 Inderrieden, E. J. (1987). An exploratory investigation of the relationship between leaders' characteristics and dimensions of work groups. Psychological Reports, 61(3), 839-846. https://doi.org/10.2466/pr0.1987.61.3.839 Jost, R. G. (2003). Introduction to paper by R. G. Jost, M.D., et al? PACS experience as a motivation for a campus-wide picture network? Journal of Digital Imaging, 16(1), 84-84. https://doi.org/10.1007/s10278-002-6016-7 Shenhav, S. R., Oshri, O., Ofek, D., & Sheafer, T. (2013). Story coalitions: Applying narrative theory to the study of coalition formation. Political Psychology, 35(5), 661-678. https://doi.org/10.1111/pops.12072 Stykow, P. (2020). Bergman, Torbjörn, Gabrielle Ilonski, Wolfgang C. Muller, Hrsg. 2019. Coalition governance in central Eastern Europe. Zeitschrift für Vergleichende Politikwissenschaft, 14(2), 157-160. https://doi.org/10.1007/s12286-020-00453-6 Weiner, B. (1986). An Attributional theory of achievement motivation and emotion. An Attributional Theory of Motivation and Emotion, 159-190. https://doi.org/10.1007/978-1- 4612-4948-1_6 სვანიძე ლ.. (2016). ლექციები ეკონომიკურ ფსიქოლოგიაში. გამომცემლობა "ცოტნე". გ.მალაშხია უზნაძე დ.. (2006). ზოგადი ფსიქოლოგია. გამომცემლობა"საქართველოს მაცნე". რ.ნათაძე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 391 Psychological aspects of pre-election coalition formation as political behavior Sosana Grigalashvili The Saint Andrew The First-Called Georgian University, invited lector; Master of Psychology at GIPA; Member of the International Society of Political Psychology Abstract When studying the "psychological aspects of pre-election coalition formation as political behavior", I rely on the theoretical foundations of psychological factors of political behavior, the deep scientific knowledge of the pre-election coalitions themselves and the fundamental features of the coalition. The issue is particularly relevant due to the approach of the 2024 parliamentary elections in Georgia and the coalitions created many times in the past (sometimes successfully, sometimes unsuccessfully). Considering all this, the paper aims to investigate the internal and external motives for the possible unification of political parties in the current reality of Georgia, what determines the behavior of politicians in relation to the parliamentary elections and what common interests exist when forming a coalition. For the research, I used the in-depth interview method, I conducted in-depth interviews with representatives of six parties. I selected the respondents using the purposeful sampling method. During the content analysis of politicians' interviews, it was revealed that external motives have the greatest influence on the formation of the pre-election coalition. I believe that the paper presented by me is valuable both theoretically (in terms of political psychology, there is no Georgian research in this direction) and practically, since the majority of parties are faced with the need to form a coalition in order to successfully participate in the 2024 parliamentary elections. Keywords: coalition; pre-election coalition; political behavior, motivation.