Microsoft Word - fullpdf05042023 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 392 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 5 Issue 4, 2023 https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.36 ჯენი ჯოზეფის ლექსი “Warning” და მისი ქართული თარგმანი ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი სტატიაში განხილულია ბრიტანელი პოეტის, ჯენი ჯოზეფის ლექსი “Warning” და მისი ქართული თარგმანი. აღნიშნული ნაწარმოებისადმი ჩვენი ინტერესი განპირობებულია მისი განსაკუთრებული პოპულარობით გაერთიანებულ სამეფოში და მის გარეთ. ეს არცთუ დიდი, სახუმარო ლექსი აღსანიშნავია იმით, რომ იგი აშშ-სა და კიდევ 30 სხვა ქვეყანაში შთაგონების წყაროდ გადაიქცა უამრავი ქალისათვის და საფუძველი ჩაუყარა ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. სტატიაში წარმოჩენილია ლექსისათვის დამახასიათებელი დახვეწილი იუმორი, ის მხატვრული ხერხები, რომელთა მეშვეობითაც პოეტი მკითხველზე ესთეტიკურ და ემოციურ ეფექტს ახდენს, ასევე მათი ქართულ თარგმანში გადმოტანის შესაძლებლობები და საშუალებები. ქართული თარგმანი გაანალიზებულია დედანთან შეპირისპირებით და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები. საკვანძო სიტყვები: ლექსი “Warning,” იუმორი, მხატვრული ხერხები, ქართული თარგმანი შესავალი ზოგჯერ ხელოვნის ერთ-ერთი ქმნილება მთელს მის შემოქმედებას გადასწონის და ავტორიც სამუდამოდ მასთან ასოცირდება. ამის მაგალითია, თუნდაც, ბრიტანელი პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი ჯენი ჯოზეფი (1932-2018), ბევრი შესანიშნავი ნაწარმოების, მათ შორის არაერთი პოეტური კრებულისა და ექვსი საბავშვო წიგნის ავტორი, სხვადასხვა (ერიკ გრეგორის, ჩამლის, ჯეიმზ ტეიტ ბლეკის მემორიალური და სხვა) პრემიების ლაურეატი, სამეფო ლიტერატურული საზოგადოების წევრი, ავტორთა საზოგადოების სტიპენდიანტი, რომელიც ინგლისურენოვანი მკითხველისათვის ყველაზე კარგად ცნობილია ლექსით “Warning” („გაფრთხილება“). Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 393 ეს საკულტო ლექსი, რომელსაც ნონკომფორმიზმისადმი მიძღვნილ ოდასაც უწოდებენ, 1961 დაიწერა, როდესაც მისი ავტორი 29 წლის იყო. იგი პირველად, 1962 წელს, ჟურნალ “The Listener”-ში დაიბეჭდა, მოგვიანებით, 1974 წელს − თავად ჯოზეფის კრებულში, სახელწოდებით “Rose In the Afternoon” და ცნობილი ინგლისელი პოეტის, რომანისტისა და კრიტიკოსის, ფილიპ ლარკინის რედაქტორობით გამოსულ ანთოლოგიაში “The Oxford Book of Twentieth Century English Verse”, უფრო მეტიც, ლექსი “Warning” სასკოლო ანთოლოგიაშიც შეიტანეს და რადიოთიც გადმოსცემდნენ [Joseph, 1999, Suppl., Vol. 354, SIII30-SIII32]. 1992 წელს ჯენი ჯოზეფმა კვლავ გამოსცა რჩეული ლექსების კრებული (Selected Poems), სადაც ხსენებული ლექსიც შეიტანა. 1996 წელს კი, BBC-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, “Warning” გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე პოპულარულ ომისშემდგომ ლექსად დასახელდა. ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხსენებულმა ლექსმა საფუძველი ჩაუყარა 1998 წელს ამერიკაში „წითელი ქუდების საზოგადოებად“ (The Red Hat Society) წოდებული ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას. 1997 წელს, კალიფორნიელმა მხატვრმა სიუ ელენ კუპერმა მეგობარ ქალს 55 წლის იუბილეზე ჯენი ჯოზეფის “Warning” და ანტიკვარულ მაღაზიაში ნაყიდი წითელი შლაპა აჩუქა, რადგან ლექსის დასაწყისში ნათქვამია, რომ მისი ლირიკული გმირი რომ დაბერდება, წითელ ქუდს დაიხურავს. ამის შემდეგ, კუპერს სხვა მეგობრებმაც სთხოვეს იგივე საჩუქარი, ზოგმა თავად შეიძინა იისფერი კაბა და წითელი ქუდი და ასე გამოწყობილები 1998 წლის 25 აპრილს ჩაიზე შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა წითელი ქუდების საზოგადოება, სადაც თავდაპირველად 50 წელს გადაცილებული ქალები შედიოდნენ, ამჟამად კი და აშშ-სა და 30 სხვა ქვეყანაში ყველა ასაკის დაახლოებით 750 000 ქალს აერთიანებს. მაინც რამ მოუპოვა აღნიშნულ ლექსს ასეთი დიდი წარმატება და პოპულარობა? მის განხილვას ქვემოთ შემოგთავაზებთ, ჯერ კი ზოგად დახასიათებას დავჯერდებით. “Warning” ურითმო ლექსია, მაგრამ რიტმისა და გამეორების წყალობით პოეტი ახერხებს მის ერთ მთლიანობად შეკვრას და თემის შესაფერისად აჟღერებას. მისი მთავარი ღირსებაა საოცარი იუმორი, უშუალობა და ოპტიმიზმი, რითაც ასე ხიბლავდა და დღესაც ხიბლავს მკითხველს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადი ხდება, რომ, მიუხედავად ლექსის სისადავისა, მისი ადეკვატურად თარგმნა თარგმანმცოდნეობაში დღესდღეობით აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, დედნის ერთგულების პრინციპის დაცვით, იოლ ამოცანას არ წარმოადგენს. ხსენებულ კრიტერიუმებში ვგულისხმობთ რეალობასთან და ლირიკულ გმირთან ავტორის დამოკიდებულების თარგმანში გადმოტანას, დედნისეული ფორმისა და შინაარსის ერთიანობის შენარჩუნებას, მკითხველის წინაშე თარგმანის ეპოქისა და კულტურის წარმოჩენას და მის კულტურასთან უცხო კულტურის სინთეზის მიღწევას, ფუნქციური კომპენსაციის გზით ავტორის სტილის რეპროდუქციას [ფანჯიკიძე, 1988:20, 31], ლექსში მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციასთან ერთად კონოტატიური, ქვეტექსტური და ხატობრივი ინფორმაციის სწორად გადმოცემას [მერაბიშვილი, 2005:312], რის შედეგადაც, მკითხველზე ემოციური და ესთეტური შთაბეჭდილების მოხდენის თვალსაზრისით, თარგმანი დედანს გაუტოლდება. ეს წარმოადგენს მხატვრული თარგმანის მთავარ მიზანს, რომლის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 394 განხორციელებაც ადრე ბევრ ცნობილ თეორეტიკოსსა თუ შემოქმედს შეუძლებლად მიაჩნდა. ამას მოწმობს თუნდაც აუგუსტ შლეგელის მოსაზრება, რომ „ყოველგვარი თარგმანი „განუხორციელებელი პრობლემის გადაჭრის მცდელობაა“, ან თუნდაც სერვანტესის მიერ თარგმანის უკუღმა ამოტრიალებულ ფლამანდრიულ ხალიჩასთან შედარება [მერაბიშვილი, 2005:13]. თარგმანისადმი უნდობლობის გამოსახატად სხვა მეტაფორებიც მოუმარჯვებიათ, მაგალითად, პირზე ცხვირსახოცაფარებული კოცნა [House, 2013:3]. საბედნიეროდ, თარგმანის თეორიის მიერ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მოპოვებული ისეთი მიღწევების წყალობით, როგორიცაა იუჯინ ნაიდას დინამიკური ეკვივალენტობის პრინციპი [Nida, 1993:24], დღეს მსგავსი სკეპტიციზმის საფუძველი აღარ არსებობს, გაზრდილია ნდობაც და მოთხოვნებიც ლიტერატურული, მეტადრე პოეტური თარგმანის მიმართ. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თუ საკუთარი ნაშრომის მკითხველის სამსჯავროზე გამოტანისას მთარგმნელი მას საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებს და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გაართვა თავი იმ სირთულეებს, თარგმნის პროცესში რომ შეხვდა და რამ განაპირობა მისი ესა თუ ის არჩევანი. ასე რომ, წინამდებარე სტატიაში გთავაზობთ ჯენი ჯოზეფის ლექსის “Warning” საკუთარი თარგმანის დედანთან შეპირისპირებით ანალიზს. ლექსის განხილვა ჯოზეფის იუმორით აღსავსე, ხალას სტრიქონებში იკითხება პროტესტი მის თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ ქცევის წესებსა და მოთხოვნებზე. როგორც ლექსის სათაურიდანვე ჩანს, მისი ლირიკული გმირი მკითხველს აფრთხილებს. იგი ხმამაღლა აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს სიბერეში მაინც გათავისუფლდეს იმ შეზღუდვებისაგან, რომელთაც მთელი ცხოვრება იცავდა და მოიქცეს ისე, როგორც თავად მოესურვება. აზრობრივად და სტრუქტურულად ლექსი ოთხ (11, 4, 4 და 3-სტრიქონიან) ნაწილად არის გაყოფილი. დასაწყისში ავტორი პირველ პირში საუბრობს: იქადნება, რომ დავბერდები, იისფერ კაბას ჩავიცვამ და წითელ ქუდს დავიხურავ, რომელიც არც კაბას შეეფერება და არც მე მომიხდებაო. When I am an old woman I shall wear purple With a red hat which doesn't go, and doesn't suit me. შემდეგ ამატებს, რომ მთელ პენსიას ბრენდიზე, ზაფხულის ხელთათმანებსა და ატლასის სანდლებზე, ანუ ფუფუნების საგნებზე დახარჯავს, კარაქისთვის კი ფულს აღარ დაიტოვებს. And I shall spend my pension on brandy and summer gloves And satin sandals, and say we've no money for butter. ამასთან, ჯოზეფის გმირი მრავალი უცნაურობისა და პატარ-პატარა ხულიგნობების ჩადენასაც აპირებს, მაგალითად, მაღაზიებში გასასინჯად გამოფენილ პროდუქტებს ხარბად გადასანსლავს, ცრუ განგაშს ატეხს, მოაჯირებს თავის ხელჯოხს გააყოლებს, წვიმაში სახლის ჩუსტებით გავა, სხვების ბაღებში ყვავილებს დაკრეფს და ფურთხებასაც კი ისწავლის, ყოველივე ამას კი იმით ამართლებს, რომ სურს ახალგაზრდობისას გამოჩენილი თანდაჭერილობა აინაზღაუროს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 395 I shall sit down on the pavement when I'm tired And gobble up samples in shops and press alarm bells And run my stick along the public railings And make up for the sobriety of my youth. I shall go out in my slippers in the rain And pick flowers in other people's gardens And learn to spit. მკითხველს ღიმილს მოჰგვრის მოხუცი ქალბატონის წარმოდგენა, რომელიც ასე იქცევა. ლექსის მეორე ნაწილში ქალი ქმარს მიმართავს, რომლისგანაც მოელის, რომ სიბერეში, შესაძლოა, საშინელი პერანგები ჩაიცვას, გასუქდეს, ხან უამრავი სოსისი და ხანაც მხოლოდ მწნილი და პური ჭამოს, ნივთები შეაგროვოს და ყუთებში ჩაყაროს. You can wear terrible shirts and grow more fat And eat three pounds of sausages at a go Or only bread and pickle for a week And hoard pens and pencils and beermats and things in boxes. დიდი იუმორია ჩაქსოვილი შემდეგ ნაწილში მოცემულ მოწოდებაში, რომ იქამდე, ანუ დაბერებამდე, ისეთი ტანისამოსი უნდა ატარონ, რომელიც წვიმისგან დაიცავს, ბინის ქირა გადაიხადონ და ქუჩაში გინებისგანაც თავი შეიკაონ, რომ ბავშვებს კარგი მაგალითი მისცენ, სტუმრებიც მოიწვიონ სადილად და გაზეთებიც იკითხონ. But now we must have clothes that keep us dry And pay our rent and not swear in the street And set a good example for the children. We must have friends to dinner and read the papers. მთავარი ინტრიგის შემცველია ლექსის ბოლო ნაწილი, რომელსაც მოულოდნელობის ეფექტი აქვს მკითხველზე. ლირიკული გმირი ერთბაშად ეჭვქვეშ აყენებს იმას, რასაც ახლახან ამბობდა და საკუთარ თავს ეკითხება, უკვე ხომ არ წამევარჯიშა ამ ყველაფერში, რომ ნაცნობები მთლად შოკში არ ჩავარდნენ, როდესაც დავბერდები და იისფერში გამოვეწყობიო. But maybe I ought to practice a little now? So people who know me are not too shocked and surprised When suddenly I am old, and start to wear purple. თარგმანის ანალიზი როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლექსი “Warning” 1960-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, სანამ ფემინიზმის მეორე ტალღა, სიყვარულის ზაფხული და კულტურული რევოლუცია საზოგადოების დამოკიდებულებას ქალებისადმი და თავად ქალების მიერ საკუთარი თავის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 396 აღქმას ბრიტანეთშიც და სხვა ქვეყნებშიც რადიკალურად შეცვლიდა. ჯენი ჯოზეფის ახალგაზრდობაში ქალისაგან ჯერ კიდევ ოჯახის შექმნასა და მასზე ზრუნვას უფრო მოელოდნენ, ვიდრე მუშაობას. ამასთან, აღსანიშნავია საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმები, ასევე ჩაცმის კულტურა, რისი გათვალისწინებაც მისი ყოველი წევრისათვის აუცილებელია. ყოველივე ეს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს ადამიანს, მეტადრე ქალს და სწორედ ამ ჩარჩოდან გამოსვლას და სტერეოტიპების დამსხვრევას აპირებს ჯოზეფის ლექსის ლირიკული გმირი მაშინ, როდესაც მოხუცდება და მისთვის საკუთარი სურვილები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე კეთილგონიერება. თუმცა, როგორც ლექსის ბოლოს ირკვევა, იგი მთლად სიბერემდე მოცდას არ აპირებს და უკვე სურს საზოგადოებრივ აზრს გამოწვევა ესროლოს. აღსანიშნავია ჯოზეფის ოპტიმისტური დამოკიდებულება სიბერისადმი, რაც, თუ მის დროში დიდი სითამამე იყო, ახლა უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია დასავლურ სამყაროში, სადაც სიბერე შვილიშვილების მოვლასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან კი არ ასოცირდება, არამედ, პირველ ყოვლისა, თავისუფლებასთან, მოგზაურობასა და ცხოვრებით ტკბობასთან, რადგან პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანებს დროც ბევრი აქვთ და დანაზოგიც. იუმორთან ერთად, ალბათ, სწორედ ოპტიმიზმმა მოხიბლა ასე „გაფრთხილების“ მკითხველი და ჩვენი არჩევანიც, გარკვეულწილად, ამან განაპირობა, რადგან სიცილი, სიხალისე და ბედნიერება გადამდებია და ქართველ მკითხველსაც ნამდვილად არ აწყენდა. გადავიდეთ თარგმანის ანალიზზე. ლექსი სადაა, ადვილად გასაგები, ურითმო და, ერთი შეხედვით, მისი თარგმნა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა მისეული იუმორის, უშუალობისა და ჟღერადობის თარგმანში გადმოტანა. ჩვენს ამოცანას შეადგენდა ისეთი თარგმანის შექმნა, რომელიც ქართველ მკითხველსაც ესთეტურ სიამოვნების მიანიჭებდა, დედნის ხიბლს შეაგრძნობინებდა და ღიმილს მოჰგვრიდა, და თუ რამდენად შევძელით ეს, თავად მკითხველმა უნდა განსაჯოს. ქვემოთ ნაწილ-ნაწილ გავაანალიზებთ საკუთარ თარგმანს და ყურადღებას გავამახვილებთ იმ მომენტებზე, რაც ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა. ლექსის დასაწყისშივე ნახსენებია ფერი “purple”. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვა იისფრის უამრავ ტონს აღნიშნავს, ღია იასამნისფრიდან დაწყებული და მელნისფრით დამთავრებული. მის მნიშვნელობათა შორისაა ასევე „მუქი წითელი“ და „სისხლისფერი“ [https://dictionary.ge/ka/]. ლექსის მიხედვით, მისმა ლირიკულმა გმირმა სიბერეში კაშკაშა კაბა უნდა ჩაიცვას, რომელიც მას არ მოუხდება და წითელ ქუდთან შეუსაბამო იქნება. სავარაუდოდ, მყვირალა ფერი იგულისხმება, მუქ ვარდისფერთან მიახლოებული29. იმდროინდელი სტანდარტებით, როდესაც ეს ლექსი დაიწერა, შეგვიძლია წითელი და იისფერი ერთმანეთთან შეუსაბამოდ ჩავთვალოთ. ამ ტონებიდან იასამნისფერიც გამოვრიცხეთ და მელნისფერიც, რადგან იასამნისფერი ბაცი და ნაზია, მელნისფერი კი, პირიქით, მეტისმეტად მუქია საიმისოდ, რომ თვალშისაცემი იყოს; 29 ამის გამო ადრინდელ თარგმანში „ვარდისფერს“ მივანიჭეთ უპირატესობა წითელთან მისი შეუსაბამობის გამო, მაგრამ ახლა შევცვალეთ. ძველი თარგმანი დაბეჭდილია 2006 წელს გამოცემულ ანთოლოგიაში სახელწოდებით „ლირიკული მოზაიკა. ბრიტანელი და ამერიკელი პოეტები“. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 397 მუქი წითელი და სისხლისფერი თავადაც წითელია და ქუდთან კონტრასტს ვერ შექმნის; სიტყვა „მეწამული“, ვფიქრობთ, ლექსში რომანტიკულ განწყობას შემოიტანდა, რადგან იგი დიდებულებასთან, ბუნების სურათებთან ასოცირდება (მეწამული სამოსი, მეწამული ცა, ღრუბლები, ზღვა, მთვარე), ამიტომ ავირჩიეთ „იისფერი“. საინტერესოა, რომ „წითელი ქუდების საზოგადოების“ 50 წლამდე ასაკის წევრები ვარდისფერ ქუდებსა და უფრო ღია ფერის კაბებს ატარებენ, რითაც განსხვავდებოდნენ უკვე 50 წელს გადაშორებული, იისფერ კაბებში გამოწყობილი და წითელი ქუდებით მორთული ქალებისაგან. ჩვენს თარგმანში ლექსის პირველი სტრიქონები ასე ჟღერს: რომ დავბერდები, ტანთ ჩავიცვამ იისფერ კაბას, თავზეც წითელ ქუდს უგემოვნოდ ჩამოვიფხატავ. იმ აზრის გადმოსაცემად, რომ ქუდი არც კაბას უხდება და არც ლირიკულ გმირს (“With a red hat which doesn't go, and doesn't suit me”), მოვიშველიეთ სიტყვა „უგემოვნოდ“. შეუსაბამობის ხაზგასასმელად და მოხდენილობის გამოსარიცხად გამოვიყენეთ ასევე „ჩამოვიფხატავ“ როგორც უარყოფითი ელფერის მქონე სიტყვა. ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ სიბერეში ქალი მთელ პენსიას ფუფუნების საგნებზე დახარჯავს, კარაქისთვის კი ფულს არ გაიმეტებს, ასე გადმოვიტანეთ: ბრენდის, ზაფხულის ხელთათმანებს, ატლასის სანდლებს სულ მივახარჯავ ჩემს პენსიას და კარაქისთვის აღარ დამრჩება არც ერთი პენი. გამოვიყენეთ ინგლისური ხურდა ფულის სახელწოდება, რაც ქართველ მკითხველს უფრო ნათლად მიანიშნებს, რომ ლექსის ლირიკული გმირი ბრიტანელია. ბრიტანული საზოგადოება ხომ ცნობილია თავდაჭერილობითა და თავაზიანობით. სწორედ ეს თავშეკავება და რესპექტაბელურობა აქვს მობეზრებული ჯენი ჯოზეფის გმირს და სურს სიბერეში მაინც დაარღვიოს ქცევის ის ნორმები, მთელი ახალგაზრდობა რომ იძულებით იცავდა. აკი ამბობს კიდევაც, “ … And make up for the sobriety of my youth” („და ჩემი ახალგაზრდობის ზომიერებას ავინაზღაურებ“ -სიტყვასიტყვითი თარგმანი). ხსენებული ფრაზა ჩვენს თარგმანში ასე გადმოვიდა: „ახალგაზრდობას სიდინჯესაც თან გავაყოლებ“. ამ აზრის გასაძიერებლად, იმ ადგილას, სადაც გმირი ამბობს, რომ წვიმაშიც კი სახლის ჩუსტებით გავა, დავამატეთ სიტყვა „ავცეტდები“ („ავცეტდები და წვიმაშიაც ჩუსტებით გავალ“). აქ გვინდა ცალკე გამოვყოთ ფრაზა “gobble up samples in shops”. საქმე ისაა, რომ ბრიტანეთში გასული საუკუნის 60-იანი წლებისთვის, როდესაც ლექსი “Warning” შეიქმნა, უკვე არსებობდა სურსათის მაღაზიებში გასასინჯად პროდუქტების ე.წ. „ნიმუშების“ (“samples”) მყიდველისთვის შეთავაზების პრაქტიკა. ახლა ეს პრაქტიკა აღარც ჩვენთვისაა უცხო, მაგრამ მაინც უხერხულობა შეგვიქმნა სიტყვამ “samples” − გაგვიჭირდა მისი ქართული შესატყვისის პოვნა, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა აღნიშნული ცნების მნიშვნელობას და ხელოვნური არ იქნებოდა, როგორც, მაგალითად, „ნიმუშები“. საბოლოოდ, არჩევანი შევაჩრეთ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 398 „სასუსნავებზე“ („მაღაზიებში სასუსნავებს შევახრამუნებ“) და შენიშვნაში მივუთითეთ, რომ ლექსში საუბარია მაღაზიაში მომხმარებლისთვის პროდუქტის გასასინჯად შეთავაზებაზე მისთვის ახალი პროდუქტის გაცნობის მიზნით. თუმცა, მათთვის, ვინც უკვე იცნობს გამოფენილ პროდუქტებს ან მათ ყიდვას არ აპირებს, უფასოდ „სასუსნავების შეხრამუნება“, რასაც ლექსის გმირი აპირებს, ცუდ ტონად ითვლება. ლექსის პირველ ნაწილში ყურადღებას იქცევს ანაფორა, ანუ ტაეპების დასაწყისში სიტყვის (კავშირი “And”) გამეორება, რაც რიტმის შექმნას და ჩამოთვლილი ქმედებების ერთმანეთთან დაკავშირებას ემსახურება. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ანაფორის თარგმანში წარმატებით გადმოტანის მაგალითები. უპირველეს ყოვლისა, გვახსენდება შექსპირის 66-ე სონეტის ქართული თარგმანები, რომელთაგან დავასახელებთ ყველაზე ცნობილთ: გ. გაჩეჩილაძისა და რ. თაბუკაშვილის ბრწყინვალე თარგმანებს, სადაც ანაფორული სიტყვა “And” გადმოტანილია როგორც „და“ (გაჩეჩილაძესთან „და“) და „რადგან“ (თაბუკაშვილთან). იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თარგმანში დედნისეული მხატვრული ხერხების შენარჩუნება, ჩვენს თარგმანში ანაფორად „და“-ს გამოყენება ვცადეთ, თუმცა ამან ლექსის ქართულ, ჩვენეულ ვარიანტს, ცოტა არ იყოს, დაძაბული, დრამატული ჟღერადობა შესძინა და სიმსუბუქე დაუკარგა, ვერ ჩაჯდა რიტმში, რომელიც, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვესადაგებინა დედნის განწყობისთვის. აქ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ინგლისური მონოსილაბური ენაა, ქართული სიტყვები კი გაცილებით გრძელია და მარცვლების რაოდენობა თარგმანში ყოველთვის მეტი გამოდის, ჩვენი სტრიქონებიც, შესაბამისად, დედანთან შედარებით უფრო გრძელია, ამიტომ, უბრალოდ ვერ ჩავატიეთ თუნდაც მოკლე „და“. არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მთარგმენლს თავის ვარიანტში ეს მოეხერხებინა, მაგრამ ჩვენს ტექსტს არ მოუხდა და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს დანაკარგად. ჯოზეფის ლექსის პირველი ნაწილი ჩვენს თარგმანში ასე ჟღერს: გაფრთხილება რომ დავბერდები, ტანთ ჩავიცვამ იისფერ კაბას, თავზეც წითელ ქუდს უგემოვნოდ ჩამოვიფხატავ. ბრენდის, ზაფხულის ხელთათმანებს, ატლასის სანდლებს სულ მივახარჯავ ჩემს პენსიას და კარაქისთვის აღარ დამრჩება არც ერთი პენი. თუ დავიღალე, დავსკუპდები იქვე ასფალტზე, მაღაზიებში სასუსნავებს30 შევახრამუნებ და თითს დავაჭერ განგაშის ღილაკს, ავახმიანებ მოაჯირებს ჩემი ხელჯოხით, ახალგაზრდობას სიდინჯესაც თან გავაყოლებ, ავცეტდები და წვიმაშიაც ჩუსტებით გავალ, მერე ყვავილებს დავკრეფ სხვის ბაღში, 30 ინგლისურად samples („ნიმუშები“), მიუთითებს პროდუქტების ნიმუშებზე, რომელთაც მაღაზიებში მომხმარებლებს გასასინჯად სთავაზობენ, რათა, მოწონების შემთხვევაში, მათ ეს პროდუქტები შეიძინონ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 399 და ფურთხებაშიც გავიწაფები. ლექსის მეორე ნაწილში, იმის ხაზგასასმელად და მკვეთრად წარმოსაჩენად, რომ ლირიკული გმირი ქმარს მიმართავს, ასევე უშუალობის და სახუმარო ეფექტის შესაქმენლად, გამოვიყენეთ სიტყვა „ვაჟბატონო“: შენც, ვაჟბატონო, თუ მოგინდა, უშნო პერანგებს ამოიჩემებ, თან გასუქდები. დედანში ნათქვამია, რომ ქალის მეუღლეს სიბერეში შეუძლია საშინელი პერანგები ატაროს (“You can wear terrible shirts”). ჩვენი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა სიტყვის „ამოიჩემებ“ გამოყენება, რადგან ეს სიტყვა ადამიანის ახირებაზე მიანიშნებს, საშინელი პერანგების ტარება კი სხვა არაფერია, თუ არა ახირება. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ინგლისური სიტყვები ქართულზე ბევრად მოკლეა. მაგალითად, განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სიტყვა “beermats”, რომელიც ქართულში გადმოვიდა როგორც „ლუდის კათხების დასადგამები“. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქართულ თარგმანში სტრიქონების სიგრძე, კერძოდ ტაეპში მარცვალთა რაოდენობა ბევრად სჭარბობს დედნისას. ამ შემთხვევაში ერთნახევარი ტაეპი დაგვჭირდა. And hoard pens and pencils and beermats and things in boxes ლუდის კათხების დასადგამებს, კალმებს თუ ფანქრებს შეაგროვებ და ყუთებში ჩაყრი. ლექსის მეორე ნაწილი ქართულად ასე გადმოვიტანეთ: შენც, ვაჟბატონო, თუ მოგინდა, უშნო პერანგებს ამოიჩემებ, თან გასუქდები. ხანდახან ჯერზე სამ გირვანქა სოსისს მიირთმევ, მერე მთელ კვირას ხოლოდ პურს და მწნილს დასჯერდები. ლუდის კათხების დასადგამებს, კალმებს თუ ფანქრებს შეაგროვებ და ყუთებში ჩაყრი. მაგრამ ჯერ ისე უნდა გვეცვას, რომ არ დავსველდეთ, გადავიხადოთ ბინის ქირა და ქუჩაშიაც ნუ შევიგინებთ, ცუდ მაგალითს ნუ მივცემთ ბავშვებს. მოვიპატიჟოთ მეგობრები ზოგჯერ სადილად და გაზეთებიც ვიკითხოთ ხოლმე. რაც შეეხება ნაწარმოების ბოლო, მესამე ნაწილს, სადაც ამ ლექსისთვის დამახასიათებელი იუმორი კულმინაციას აღწევს - ლირიკული გმირი „ეშმაკურად“ გვაპარებს, ერთბაშად შოკში რომ არ ჩავაგდო საზოგადოება, იქნებ ცოტ-ცოტა უკვე Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 400 მევარჯიშაო - მთავარ ამოცანას სწორედ იუმორის, სახუმარო ტონის გადმოტანა წარმოადგენს. ჩვენ ამ ამოცანას ასე გავართვით თავი: იმასაც ვფიქრობ, უკვე ვარჯიშს ხომ არ შევუდგე, რომ ჩემს ნაცნობებს უცბად გული არ შეუღონდეთ, როცა იისფერ კაბას ჩავიცვამ. დასკვნა წინამდებარე სტატიაში მოთხრობილია ჯენი ჯოზეფის ყველაზე პოპულარული ლექსის ისტორია, მოცემულია აღნიშნული ლექსის განხილვა და ქართული თარგმანის დედანთან შეპირისპირებითი ანალიზი. ყურადღება გამახვილებულია იმ ელემენტებზე, რომელთა თარგმნამაც ჩვენგან განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა და წარმოდგენილია საბოლოო შედეგი, თუ როგორ გადმოვიდა ისინი თარგმანში. ასეთი ელემენტებია, მაგალითად, კულტურული რეალიები, რამაც კომენტარის დართვის საჭიროებაც კი შექმნა; ასევე ცნებები, რომლებიც ინგლისურად მოკლე სიტყვებით გამოიხატება, ქართულად კი გაცილებით ვრცლად გადმოიცემა; მეტად მნიშვნელოვანი იყო ლექსის უშუალო, ლაღი განწყობისა და მსუბუქი იუმორის შენარჩუნება და ქართული თარგმანის სახუმარო ტონით მიწოდება მკითხველისათვის, რაც, მეტწილად ლექსიკური საშუალებების მეშვეობით მოხდა. ასევე გადმოსატანი იყო დედნისეული რიტმი და ჟღერადობა, რაც, ვფიქრობთ, მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ ქართული ლექსის ტაეპები დედანთან შედარებით გრძელია. ვფიქრობთ, მთარგმნელის მიერ თარგმანზე მუშაობის პროცესის აღწერა და კონკრეტული არჩევნის ახსნა-დასაბუთება, ასევე საკუთარი გამოცდლების გაზიარება მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს, ისევე როგორც თავად განხილული ლექსი, მისი ისტორია და ქართული თარგმანი. მსგავს პრაქტიკას არაერთი, თუმცა არც ისე ბევრი ცნობილი ქართველი მთარგმნელი და თარგმანის თეორეტიკოსი მიმართავდა და იგი ჩვენც სასარგებლოდ და ღირებულად მიგვაჩნია, რამაც გადაგვაწყვეტინა მკითხველისათვის არა მხოლოდ საკუთარი თარგმანის, არამედ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც. გამოყენებული ლიტერატურა  ებრალიძე ლ., − ლირიკული მოზაიკა. ბრიტანელი და ამერიკელი პოეტები. თბილისი 2006  მერაბიშვილი ი. პოეტური თარგმანის ლინგვისტიკა, თბილისი, 2005. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 5 N 4, 2023 401  ფანჯიკიძე დ. თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 1988  House, J., “Translation”, Oxford, 2013  Joseph J. Jenny Joseph on the popularity of her poem "Warning". Lancet. 1999 Nov;354 Suppl 3:SIII30-2. doi: 10.1016/s0140-6736(99)90272-6. PMID: 10560651  Nida, Eugene A. Language, Cultuire and Translating. Shanghai: Shanghai Foreign Languages Education Press. 1993.  https://poetryarchive.org/poet/jenny-joseph/  https://dictionary.ge/ka/  Nadejda Menshina’s author blog Silver Academy, https://academikstar.blogspot.com/2021/05/vot- stanu-starukhoy-kuplyu-sebe-staret-neskuchno-vmeste-s-Jenny-Joseph-i-obshchestvom- krasnykh-shlyap.html Warning by Jenny Joseph and Its Georgian Translation Lela Ebralidze Abstract The present paper deals with Warning, a poem by the British poet Jenny Joseph, and its Georgian translation. The interest in this poem is conditioned by its exceptional popularity in and outside the UK. This small, humorous poem is noteworthy for being a source of inspiration for many women in the US and 30 other countries and prompting the establishment of an international social organization of women. The paper lays stress on the subtle humor characteristic of the poem and the literary devices used by the author to produce aesthetic and emotional effects on readers as well as the possibility and means of their transformation in the Georgian translation. This article provides a comparative analysis between the translation and its original and respective conclusions. Key words: poem, Warning, humor, literary devices, the Georgian translation