Microsoft Word - fullpdf06012024 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 278 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 6 Issue 1, 2024 https://doi.org/10.52340/gs.2024.06.01.34 გოდერძის უღელტეხილის (აჭარა, საქართველო) მიმდებარე იალაღებზე ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები დარჩიძე მაია1, ხარაზიშვილი დავით2, ვარშანიძე ნათელა1, ხუროშვილი ნინი3, კაზანჯი ჯერან4 1დოქტორანტი, ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, 2ბიოლოგიის დოქტორი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1ბიოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, 3მკვლევარი, ორგანიზაცია Reimagine 4, პროექტების კოორდინატორი, თბილისი, 4ეთნობოტანიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკოლოგიის ინსტიტუტი, აბსტრაქტი სტატიაში განხილულია მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული ბეშუმის, უჩხოს, ვერხნარის, ალმეს, ბოძაურის, დიდაჭარის იალაღებზე, 2022-23 წწ., ზ.დ. 1800-2200 მ სიმაღლეზე განხორციელებული ეთნობოტანიკური კვლევის შედეგები. აღნიშნული იალაღების მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა, რომელიც მოწყვლადია და დროთა განმავლობაში იკარგება. კვლევისათვის გამოყენებული იყო ეთნობოტანიკური გამოკითხვის და ინტერვიუს ჩაწერის მეთოდი წინასწარ შედგენილი კითხვარით. გამოიკითხა 35 მოიალაღე ქალი. მონაწილეთა უმრავლესობა 45 წელზე უხნესი იყო. კვლევის შედეგად ჩაიწერა ინფორმაცია 21 ოჯახის, 37 გვარის, 37 ველურ სახეობაზე. საკვლევ ტერიტორიებზე მოიალაღეების მიერ სამკურნალოდ გამოიყენება - 29, საკვებად - 10, ტექნიკური მიზნით 12 სახეობა. შესწავლილ მცენარეებს შორის კავკასიის ენდემია - 4, საქართველოს - 1 სახეობა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულია - 1, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საერთაშორისო (IUCN) ნუსხით დაცულია 7 სახეობა. თითოეულ სამკურნალო სახეობაზე ჩაწერილია გამოყენების ხალხური რეცეპტი. საკვანძო სიტყვები: ეთნობოტანიკა, სამკურნალო სახეობა, მცენარეთა გამოყენება - ხალხური რეცეპტი მასალა და მეთოდები საველე სამუშაოები განხორციელდა გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებულ ბეშუმის, უჩხოს, ვერხნარის, ალმეს, ბოძაურის, დიდაჭარის იალაღზე 2022-23 წლის ივნის- აგვისტოში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 279 კვლევისათვის გამოვიყენეთ მარშრუტული ექსპედიციის, წინასწარ შედგენილი კითხვარით ეთნობოტანიკური გამოკითხვის და ინტერვიუს ჩაწერის მეთოდი. სახეობების რკვევა-იდენტიფიკაციისათვის გამოვიყენეთ საქართველოს ფლორა (1971-2011) და აჭარის მცენარეების სარკვევი (Дмитриева, 1990). მცენარეების ლათინური დასახელებები მოყვანილია https://europlusmed.org მიხედვით, ქართული სახელწოდებები მოყვანილია მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით (1991). შინაარსი აჭარა მცენარეთა სახეობრივი სიმრავლით გამორჩეული რეგიონია მთელ კავკასიაში, სადაც აღრიცხულია ველურად მოზარდი 159 ოჯახის, 742 გვარის 1837 სახეობა (Manvelidze, et all., 2008). ასეთი დიდი მრავალფეროვნება აჭარის გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატით არის განპირობებული. მცენარეთა გამოყენება საუკუნეების მანძილზე იყო აქტუალური. მაღალმთიან აჭარაში ჯერ კიდევ შემონახულია ტრადიციული ეთნობოტანიკური ცოდნა, რომელიც მოწყვლადია და მოსახლეობის მცირე ნაწილშია შემორჩენილი (ბიძინაშვილი 2011, 2021, სალუქვაძე, 1987). მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში არსებული ეთნობოტანიკური ცოდნის შესწავლის მიზნით გოდერძის უღელტეხილზე და მიმდებარე ტერიტორიებზე (ბეშუმი, უჩხოს, ვერხნარის, ალმეს, ბოძაურის, დიდაჭარის იალაღებზე) ზ.დ. 1800-2200 მ. სიმაღლის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა წინასწარ შედგენილი კითხვარით. ასევე გამოვიყენეთ ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი 80 სახეობის ჰერბარიუმის ნიმუში მოიალაღეებისთვის საჩვენებლად. ჩავიწერეთ გამოყენებული სახეობების შესახებ ინფორმაცია (Bussmann, et all., 2020). გამოიკითხა 35 მოიალაღე ქალი, წინასწარი ვერბალური ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ. მონაწილეთა უმრავლესობა 45 წელზე უხნესია, რადგან მოიალაღეებს შორის ახალგაზრდები ცოტაა. ჩავწერეთ გამოყენებული ველური მცენარეების ადგილობრივი სახელწოდებები. მოიალაღე ქალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით საკვლევ რეგიონებში ჩაწერილია 21 ოჯახის, 37 გვარის, 37 სახეობა, მათ შორის ხე - 2, ბუჩქი - 5, ბალახი - 30. აქედან, ფოთოლმცვენი ხე - 1, მარადმწვანეა ხე - 1, მარამწვანე ბუჩქი - 2, ფოთოლმცვენი ბუჩქი - 3, მრავალწლოვანი ბალახი - 28, ერთწლოვანი ბალახი - 2 სახეობა (დიაგრამა 1.). 3% 3% 5% 8% 76% 5% ფოთოლმცვენი ხე წიწვოვანი ხე მარადმწვანე ბუჩქი ფოთოლმცვენი ბუჩქი მრავალწლოვანი ბალახი ერთწლოვანი ბალახი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 280 დიაგრამა 1. გამოყენებული სახეობების სასიცოცხლო ფორმები სახეობათა შორის სამკურნალოა - 29, საკვები - 10, ტექნიკური - 12, რელიგიური - 2, შხამიანი - 1 სახეობა (დიაგრამა 2.). დიაგრამა 2. მცენარეთა განაწილება გამოყენების მიხედვით 37 სახეობიდან ენდემურია 5, მათ შორის: კავკასიის ენდემი - 4 სახეობა, საქართველოს - 1 სახეობა (Memiadze, et all. 2004). საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულია - 1, საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საერთაშორისო (IUCN) ნუსხით დაცულია 7 სახეობა (https://www.iucnredlist.org/). თითოეულ მცენარეზე ჩაწერილია ხალხური რეცეპტი, რომელიც მოყვანილია ნაშრომში. აბზინდა (Artemisia absinthium L.) - მრავალწლოვანი, 40-100 სმ, ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. გამოიყენება უჟმურის (ავი სული) საწინააღმდეგოდ. ნაკვერჩხალზე ყრიან მცენარის ტოტებს და მის კვამლზე ბავშვებს გადაატარებენ. ალბოვის მაჯაღვერი/ჭანჭყაპურა (Daphne pontica subsp. haematocarpa Woronow) - ნახევრად მარადმწვანე ბუჩქია, 0,5-1 მ, მაჯაღვერისებრთა (Thymelaceae) ოჯახიდან. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, კავკასიის ენდემია. გამოიყენება ორგანიზმში ჭარბი მარილების დაგროვების, მუხლის ტკივილის და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მთლიან მცენარეს რეცხავენ, ჭრიან წვრილად, ნაყავენ და ასხამენ ცხელ წყალს. აჩერებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მზა ნაყენს ისმევენ მტკივნეულ ადგილას. ცისტიტის სამკურნალოდ სასურველია მაჯაღვერის თბილი აბაზანის მიღება. ნედლად მიღება მომწამვლელია. ამიერკავკასიური სამწიბოიანთესლურა გვირილა (Tripleurospermum transcaucasicum (Manden.) Pobed.) - მრავალწლოვანი ბალახია, 40-60 სმ, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. 29 10 12 2 1 სამკურნალ ო საკვები ტექნიკური რელიგიურ ი შხამიანი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 281 გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ საკვერცხეების, პირის ღრუს და ღრძილების ანთების, ყელის ტკივილის, მუცლის ტკივილის დროს. ხოლო ფაღარათისას ბავშვებს ნაყენით გამორეცხვას უკეთებენ. ახმობენ, ასხამენ ცხელ წყალს, შეფუთავენ და ამ ნაყენს სვამენ ან ივლებენ პირის ღრუში. გვირილას აბაზანების მიღება კარგია ფეხის ტკივილის და ბავშვებში საყმაწვილოს დროს. იგი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ანწლი (Sambucus ebulus L.) – 1,5 მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, ადოქსასებრთა (Viburnaceae) ოჯახიდან. ანწლისგან ამზადებენ ნაყენს, ე.წ. „ვიშნოვკას“. ანწლის მწიფე ნაყოფს კრეფენ, შაქარს უმატებენ და ბნელში აჩერებენ რამდენიმე დღე. თითო სუფრის კოვზს მიიღებენ მუცლის ტკივილის დროს. ანწლისგან ასევე ამზადებენ ძმარს. დაჭყლეტენ ანწლის ნაყოფს, ამატებენ შაქარს (მცირე რაოდენობით), ხორბალს, ასევე ახალ ლურსმანს (მალე დადუღებისთვის). მზეზე დგამენ ბოთლებით. დადუღების შემდეგ ინახავენ. მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვებს ძმარში დასველებულ წინდებს აცმევენ. აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Link) - პირამიდული ვარჯის ხეა, 50 მ-მდე, ფიჭვისებრთა (Pinaceae) ოჯახიდან. კავკასიის ენდემია. ნაძვის ფისით ამზადებენ მალამოს (მეჰლემი). კარგია დამწვრობისთვის, ასევე სხვადასხვა ჭრილობისთვის. დღეში ერთი ნატეხი ფისის მიღება კუჭის წყლულს კურნავს. ნაძვის ნორჩ გირჩს ჭამენ ტუბერკულიოზის სამკურნალოდ. ნაძვის ღეროს ფისიანი ნაწილი, ე.წ. კვარი რომელსაც აქვს მკვეთრი სუნი, ბრონხების და ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება. ნაძვის მერქანს იყენებენ სამშნებლო მასალად და საშეშედ. ბლაგვფოთოლა ღოლო/ღვალო (Rumex obtusifolius L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 60-100 სმ, მატიტელასებრთა (Polygonaceae) ოჯახიდან. ღოლოს ფოთოლს იყენებენ ნაღრძობი ფეხისთვის. ნორჩ ფოთოლს კრეფენ, სრესენ, მარილს აყრიან და მტკივან ადგილას იდებენ. თავის ტკივილის დროს გარეცხილ ფოთოლს შუბლზე იფენენ. ფოთოლს ასევე იყენებენ კულინარიაში მჭადის ძირში ჩასაფენად. ღოლო ბუნებრივი საღებავია, მისი ნახარში ყავისფერი საღებავია. ბუერა/ბარამბო (Petasites albus (L.) Gaertn.) - მრავალწლოვანი ბალახია, 50-80 სმ, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ბუერას ფოთლებში ახვევდნენ ადამიანს ფაღარათის დროს. ფოთლების ნახარშით ბავშვებს აბაზანას უკეთებენ. ფოთოლს მჭადის კეცზე ფენდნენ. დვალურა/დვარულა (Bistorta officinalis Delarbre) - მრავალწლოვანი ბალახია, 30-80 სმ, მატიტელასებრთა (Polygonaceae) ოჯახიდან. დვალურას ნორჩი ფოთლებისგან ამზადებენ კერძს: ჭრიან წვრილად და ხარშავენ. მჭადის ფქვილს ხსნიან რძეში და ურევენ დაჭრილ დვალურას, როცა წამოდუღდება, უმატებენ მარილს და სხვადასხვა სანელებლებს. დვალურას ამზადებენ კაკლით, ნაღებით და ბრინჯითაც. თეთრ სუპსაც ეძახიან. კერძი გარდა იმისა რომ გემრიელი საკვებია, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. კარგია თირკმლის და კუჭნაწლავის ტკივილის დროს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 282 ეწრის გვიმრა/ეწერი (Pteridium aquilinum (L.) Kuhn) - მრავალწლოვანი გვიმრა, 80-200 სმ, ნამდვილი გვიმრების (Polypodiaceae) ოჯახიდან. ეწრის ნაყენს უშვილობის სამკურნალოდ იყენებენ. ცხელ წყალს ასხამენ ერთ დიდ კონას და დოლბანდს აფარებენ (მოაჟრობენ). ასევე იკეთებენ აბაზანებსაც, აბაზანის მიღება უნდა მოხდეს დღეში 3-4 - ჯერ, სამი დღის განმავლობაში. ეწრის გვიმრა ნიადაგს ანოყიერებს. ზამთარში კი სითბოს და სიმშრალის შესანარჩუნებლად უფენენ საქონელს. ვარდკაჭაჭა/ხიშტა (Cichorium intybus L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 60-100 სმ, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. იყენებენ დიაბეტის, ძვლების, სახსრების და თირკმლის ტკივილის დროს. აშრობენ, ცხელ წყალს ასხამენ და ყავის ჭიქით სვამენ დღეში სამჯერ, ვარდკაჭაჭას ციცინათელა ბალახსაც ეძახიან. ვირისტერფა/პირბამბა (Tussilago farfara L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 10-25 სმ, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. გამოიყენება ხველების საწინააღმდეგოდ. ფოთლებს ასხამენ ცხელ წყალს და ნაყენს ამზადებენ. სუფთა ფოთოლს იდებენ ჩირქოვან ადგილზე. თავშავა (Origanum vulgare L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 40-80 სმ, ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. თავშავას ნაყენს სვამენ ბრონქების გაღიზიანების, ხველების და ფილტვების ანთების დროს. მისი ჩაი კარგია სახსრებში დაგროვილი მარილების დასაშლელად. კრაზანა (Hypericum perforatum L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 30-100 სმ, კრაზანასებრთა (Hypericaceae) ოჯახიდან. კრაზანას მიწისზედა ორგანოების ნაყენი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა თირკმლებიდან მარილების გამოსადევნად. ნაყენს მუხლების და სახსრების ტკივილის დროს ისვამენ მტკივნეულ ადგილას. ასევე ინექციის გაღიზიანებისას. კრაზანა გვირილასთან ერთად, გამოიყენება ხველების სამკურნალოდ. მრავალძარღვასთან ერთად კუჭნაწლავის გასაწმენდად, როგორც ანტიბიოტიკი. ყვავილს კრეფენ, ათავსებენ ჭურჭელში, ასხამენ არაყს და თხუთმეტი დღე-ღამე აჩერებენ. ჩაის სახით ძალიან კარგია მთელი ორგანიზმისთვის. მსუქანა/კაკნის საკნატუნა (Sedum hispanicum L.) - მრავალწლოვანი ბალახია, 10-15 სმ, მსუქანასებრთა (Crassulaceae) ოჯახიდან. მსუქანას ფოთოლს იყენებენ ჭრილობების შესახორცებლად. ფოთოლს ჭრიან, ჭყლეტენ და ჭრილობაზე ადებენ. მცენარეს იღებენ ყვავილობის პერიოდში ფესვის გარეშე. ალერგიის დროს დაჭყლეტილ მსუქანას ყლორტებს ასხამენ მოუდუღებელ რძეს და ისვამენ დაზიანებულ კანზე. მთის პიტნა/კაპლის ბალახი (Clinopodium grandiflorum (L.) Kuntze) - მრავალწლოვანი ბალახია, 50 სმ-მდე, ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. პიტნას ნაყენს სვამენ სპაზმური ტკივილების, მაღალი არტერიული წნევის და თავის ტკივილის დროს. დაბალი წნევის დროს მცენარის ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული. მთის პიტნის ჩაის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ასევე იყენებენ სახლიდან მწერების გასადევნად. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 283 მატიტელა (Polygonum aviculare L.) - 15-40 სმ სიმაღლის ერთწლოვანი ბალახია მატიტელასებრთა (Polygonaceae) ოჯახიდან. მატიტელას ნაყენს სვამენ თირკმლების ანთების და ცისტიტის დროს. მუხლის ტკივილისას ერთ მუჭა მატიტელას ბალახს ასხამენ ერთ ლიტრ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 3 საათით და იღებენ აბაზანებს. ასევე, გამოიყენება სახსრების ტკივილისთვის და მარილების საწინააღმდეგოდ. მაყვალი (Rubus caucasicus Focke) - ფოთოლმცვენი ბუჩქია, ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახიდან. მაყვლის როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ორგანოები, გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ. მაყვლის და მარწყვის ბალახის ნარევს ასხამენ ცხელ წყალს, აჩერებენ და ღებულობენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. გულის დაავადებების სამკურნალოდ მაყვლის ნაყოფს ახმობენ, ფქვავენ, აყრიან შაქარს ფარდებით 1:1, აჩერებენ რამდენიმე დღე-ღამე და სვამენ. მაყვლით მზადდება ნაყენი, ე.წ. „ვიშნოვკა“, რომელსაც კუჭის ტკივილის დროს იღებენ. მაყვლის ნაყოფისგან ამზადებენ ჩაის, ჯემს და კომპოტს. მდელოს სამყურა (Trifolium pratense L.) - 15-80 სმ სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია პარკოსანთა (Fabaceae) ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“(LC- საჭიროებს ზრუნვას). სამყურას იყენებენ თავის ტკივილის გასაყუჩებლად, ხარშავენ და ცხვირში იწვეთებენ. თირკმლების ანთების საწინააღმდეგოდ და სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ როგორც სამყურას აბაზანებს, ასევე სვამენ მის ნაყენს. ადუღებულ წყალს ასხამენ, შეფუთავენ და შემდეგ გრილს იღებენ ათი დღის განმავლობაში. სამყურას აბაზანები ასევე კარგია ჩვილი ბავშვებისთვისაც. წარსულში სამყურას მოსახლეობა კრეფდა და აბარებდა დამამზადებლებს. მდელოს სამყურა კარგი თაფლოვანი მცენარეა. მთის მოცხარი/მერცხალა (Ribes alpinum L.) - 1-1,5 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი ბუჩქია, ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახიდან. მისი ნაყოფისგან მზადდება კომპოტები, რომელიც კარგია გულის ტკივილის დროს. ასევე ჰემოგლობინის ასამაღლებლად და წნევის რეგულირებისათვის. ამზადებენ ჯემს და ძმარს. ძმარს მაღალი ტემპერატურის დროს ასმევენ ბავშვებს, თითო ჩაის კოვზს. ძმარი მზადდება შემდეგნაირად: ქილაში ჩაყრილ მოცხარის ნაყოფს, აყრიან მარილს და შაქარს, აჩერებენ რამოდენიმე დღის განმავლობაში, თან ურევენ და ძმარდება. წურავენ, 3-4 დღე მზეზე დებენ, ასხამენ მინის ბოთლებში და ინახავენ. გამოიყენება როგორც სიცხის, ასევე ხველების დროს. მოცხარის ძმარს იყენებენ ნამცხვრების მოსამზადებლად და მწნილებში. მისი ჯემი გამოიყენება ფაღარათის სამკურნალოდ. მინდვრის შვიტა/ნაძვბალახა (Equisetum arvense L.) - 50 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, შვიტასებრთა (Equisetaceae )ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). შვიტას აბაზანებს იკეთებენ მარილების საწინააღმდეგოდ. ნეგოს, კამას და შვიტას ნაყენი გამოიყენება თირკმელში ქვების დასაშლელად. მისი ნაყენი ეხმარება სისხლის უჯრედებს აღდგენაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 284 მოცვი (Vaccinium myrtillus L.) -1-3 მ სიმაღლის ფოთოლმცვენი ბუჩქია, მანანასებრთა (Ericaceae) ოჯახიდან. იყენებენ როგორც ნაყოფს, ასევე ფოთოლს (Jakeli, 2018). მოცვის ჯემს გამოიყენებენ ფაღარათის დროს. ნაყოფისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენება თირკმლებში არსებული კენჭების დასაშლელად. ასევე სვამენ მხედველობისთვის. ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: ნაყოფს ყრიან მინის ჭურჭელში, უმატებენ შაქარს 1:1-ზე და დგამენ მზეზე რამოდენიმე დღის განმავლობაში დასადუღებლად. მოცვის ნაყოფს ახმობენ და ჩაის ამზადებენ, რომელიც გამოიყენება დიაბეტის საწინააღმდეგოდ. ნაყოფისგან ასევე ამზადებენ კომპოტს, რომელიც უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მოცვის ჩაის ფოთლისგანაც ამზადებენ. კრეფენ ნორჩ ფოთლებს, აშრობენ ჩრდილში, მოსრესენ ფოთოლს, წვენი როცა გამოუვა, შემდეგ გაფენენ, გააშრობენ და ინახავენ ზამთრისთვის. მრავალძარღვა (Plantago major L.) - 50 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, მრავალძარღვასებრთა (Plantaginaceae) ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). მრავალძარღვას ნაყენს ტკივილგამაყუჩებლად იყენებენ. გასუფთავებულ მთლიან მცენარეს, ასხამენ ცხელ წყალს, შეფუთავენ და ერთი დღე-ღამე აჩერებენ. სვამენ ერთი ყავის ჭიქით დღეში ერთჯერ. მრავალძარღვას თესლს ბავშვებში ფაღარათის დროს იყენებენ. ადუღებულ ერთ ჭიქა წყალში ყრიან ერთ ჩაის კოვზ თესლს. როცა ფერი შეეცვლება, ჭამის შემდეგ თითო კოვზით ასმევენ ბავშვებს. მრავალძარღვას ფოთოლს წყლულისთვის იყენებენ. ფოთოლს აქვს ჩირქის გამოსადევნი თვისებები. ნედლ ფოთოლს იდებენ დაჩირქებულ ადგილას, ან ძირმაგარაზე. დაჭეჭყილ ფოთოლს უმატებენ თაფლს და ჭრილობაზე იდებენ შესახორებლად. ნარი/ნარა (Cirsium imereticum Boiss.) - 80 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. საქართველოს ენდემია. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). ნარს იყენებენ ავი თვალისგან დასაცავად. ჰკიდებენ სახლებზე, ბოსელზე. თესლს ბალიშებისთვის იყენებდენ ბამბის ნაცვლად. ნაცარქათამა/ქათამნაცარა (Chenopodium album L.) -20-100 სმ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი ბალახია, ნაცარქათამასებრთა (Chenopodiaceae) ოჯახიდან. ძირითადად საკვებად იყენებენ, მისგან ამზადებენ კერძს ე.წ. „წოს“ კაკლით, ასევე ამზადებენ სალათებს. აგროვებდნენ ადრე გაზაფხულზე. ეხლა უკვე ნაკლებად გამოიყენება. შეიცავს ბევრ ვიტამინს და სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ნეგო/უკვდავა (Helichrysum graveolens (Bieb.) Sweet) - მრავალწლოვანი ბალახია, 10-35 სმ, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ნაყენი გამოიყენება ბოტკინის სამკურნალოდ, ასევე ღვიძლის ფუნქციის მოშლის დროს. ნეგოს ყვავილებს ასხამენ ცხელ წყალს და აჩერებენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მთლიანი მცენარის ნაყენი თირკმლის ანთების დროს გამოიყენება, დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი. ბოლო წლებში მოსახლეობა მას აგროვებს ფარმაცევტული კომპანიებისთვის. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 285 ორსახლიანი ჯინჭარი (Urtica dioica L.) - 100 სმ. მდე სიმაღლის მრავალწლოვანი, ორსახლიანი ბალახია, სმ-მდე, ჯინჭრისებრთა (Urticaceae) ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). ჯინჭარს უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. მას საკვებადაც გამოიყენებენ. მისი ნაყენი გამოიყენება გულის და რევმატიული დაავადებების დროს. ჯინჭრის აბაზანებსაც იღებენ, ასხამენ სპირტს, 5 დღით აჩერებენ სიბნელეში და ისმევენ კანზე გამონაყრისას. ჯინჭრით ამზადებენ კერძს „წოს“, ხარშავენ, ნაყავენ ჯამში, ურევენ ტყემალს, ნიორს, ქინძს, მჭადის ფქვილს, მარილს, რომელიც ასევე ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავისთვის. აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, ნორჩობისას. სამკურნალო ბურბუშელა/ბაბუაწვერა (Taraxacum F. H. Wigg. sect. Taraxacum) - მრავალწლოვანი ბალახია, 35 სმ-მდე, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ბაბუაწვერას ყვავილებს იყენებენ მუხლის ტკივილის დროს. კრეფენ, ასხამენ ცხელ წყალს და თხუთმეტი დღე-ღამეს სიბნელეში აჩერებენ, ნაყენს ისვამენ მტკივან მუხლზე. მის ფესვებს იყენებენ დიაბეტის სამკურნალოდ. კარგად რეცხავენ, აშრობენ, ადუღებულ წყალს ასხამენ და სვამენ დღეში ერთჯერ 100 გრ - ს. 10 ცალ ფესვს - ერთი ლიტრა წყალს აასხამენ და იღებენ ათი დღის განმავლობაში. ბაბუაწვერას და ოხრახუშის ფესვებს აშრობენ, ცხელ წყალს ასხამენ, დოლბანდს აფარებენ და ხველებისთვის იყენებენ. მისი ფესვები სიმსივნურ მეტასტაზებს აჩერებს. ბაბუაწვერას ლომისკბილასაც ეძახიან. სამტატა (Tanacetum macrophyllum (Waldst. & Kit.) Sch. Bip.) - 80-120 სმ-მდე სიმაღილის მრავალწლოვანი ბალახია რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ახალგაზრდა ყლორტებს იყენებენ საკვებად. სამტატას თბილ ფოთლებში ახვევდნენ ავადმყოფს. მცენარე ასევე კარგი საკვებია შინაური ფრინველისათვის. სოსნოვსკის დიყი/დილყა/თელაღაჟი (Heracleum pubescens (Hoffm.) M. Bieb.) - მრავალწლოვანი ბალახია, 100-150 სმ სიმაღლის, ქოლგოსანთა (Apiaceae) ოჯახიდან. კავკასიის ენდემია (Memiadze 2004). შხამიანი მცენარეა, მისი ერთი შეხებაც კი კანზე დამწვრობას იწვევს, რომელიც მორჩენის შემდგომაც ნაჭდევს ტოვებს. ხმელ მცენარეს ან მოხარშულს მომწამვლელი თვისებები ეკარგება და საქონელის საკვებად, ნაწველის მოსამატებლად გამოიყენებენ. ტყის პიტნა/ტენცო (Mentha longifolia (L.) huds.) - მრავალწლოვანი ბალახია, 100 სმ-მდე სიმაღლის, ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). მიწისზედა ნაწილის ამზადებენ და ჩაის სახით სვამენ. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. დიათეზიან ჩვილ ბავშვებს პიტნის აბაზანებს უკეთებენ. მას თეთრ პიტნასაც ეძახიან. ფარსმანდუკი/ყვავიკუდა (Achillea setacea Waldst. & Kit.) - 40-80 სმ. სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის დროს, გულძმარვის და შებერილობის საწინააღმდეგოდ. მიწისზედა მასას ასხამენ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 4 სთ-ის განმავლობაში და იღებენ დილით ჭამამდე 100 გრ-ის ოდენობით. ნედლეულს აგროვებენ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 286 აგვისტოში, უხვი ყვავილობის ფაზაში. შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ ფარსმანდუკს ხარშავენ 10-15 წუთის განმავლობაში. ფესვმაგარა/გვეჯო (Sibbaldia parviflora Willd.) - 10 სმ მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახიდან. თესლებს ბავშვები კრეფენ და ჭამენ. მოიალაღეები გაბძღვნილ ბალახს ეძახიან. შვიდნაკვთიანი ნაღველა/ასისთავა (Gentiana septemfida Pall.) -15-40 სმ. სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, ნაღველასებრთა (Gentianaceae) ოჯახიდან. ნაღველას ფესვებს იყენებენ ყაზბობის დროს. ასხამენ ადუღებულ წყალს, აჩერებენ და შემდეგ სვამენ. ძალიან მწარე გემო აქვს. მცენარეს აბაზანების სახით ბუასილის სამკურნალოდ იყენებენ. შქერი (Rhododendron ponticum L.) - მარადმწვანე ბუჩქია 3-4 მ სიმაღლის, მანანასებრთა (Ericaceae) ოჯახიდან. დეკორატიული მცენარეა. წარსულში შქერის ფოთოლი შიბაქის მაგივრად გამოიყენებოდა აკვანში. ფოთლებს ასევე კეცს უფენდნენ მჭადის გამოცხობისას. წიფელი (Fagus orientalis Lipsky) - ფოთოლმცვენი, 34-40 მ სიმაღლის ხეა, წიფლისებრთა (Fagaceae) ოჯახიდან. დაცულია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ (LC - საჭიროებს ზრუნვას). წიფლის მერქანს იყენებენ ძირითადად საშეშედ. წარსულში მის ქერქს ფქვავდენენ სიმინდთან ერთად და პურს აცხობდნენ. წიფლის თესლი, „წიწიბო“, გამოიყენება საკვებად. ჭილი/ჭილოფი (Juncus efusus L.) -1 მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, ჭილისებრთა (Juncaceae) ოჯახიდან. მოიალაღეები გველის მძივებს ეძახიან. ჭილისგან ქსოვენ ქუდებს, კალათებს და საყვავილეებს. ხარიშუბლა/ხბოშუბლა (Caucasalia pontica (K. Koch) Greuter) - 80-150 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახია, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. კავკასიის ენდემია. მოიალაღეების ინფორმაციით ხარიშუბლასგან წინათ დუსტს ამზადებდნენ, რომელსაც იყენებდნენ საქონლის ტილების საწინააღმდეგოდ. ამჟამად მცენარეს აგროვებენ და აბარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს. დასკვნები 1. გოდერძის უღელტეხილსა და მიმდებარე იალაღებზე: ბეშუმის, უჩხოს, ვერხნარის, ალმეს, ბოძაურის, დიდაჭარის, მოიალაღეების გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ გამოიყენება ადგილობრივი ფლორის 21 ოჯახის, 37 გვარის, 37 სახეობა. 2. მოსახლეობაში გამოყენებული მცენარეებიდან: სამკურანალოა - 29, საკვებია 10, ტექნიკური მიზნით (სამშენებლო, საშეშე, საწნავი, საღებავი) გამოიყენება - 12, რელიგიური მიზნით - 2, შხამიანია - 1 სახეობა. 3. კავკასიის ენდემია - 4 (Daphne pontica subsp. haematocarpa, Picea orientalis, Heracleum pubescens, Caucasalia pontica ), საქართველოს ენდემია - 1 (Cirsium imereticum) სახეობა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 287 4. საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულია 1 სახეობა (Daphne pontica subsp. haematocarpa), ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ,,წითელი ნუსხით“ დაცულია 7 სახეობა (Trifolium pratense, Equisetum arvense, Plantago major, Cirsium imereticum, Urtica dioica, Mentha longifolia, Fagus orientalis ). გამოყენებული ლიტერატურა: 1. ბიძინაშვილი რ., ერაძე ნ. „სამკურნალო მცენარეების კულტურა“, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი. 2021. 2. ბიძინაშვილი რ., ,,სამკურნალო მცენარეები”, (წარსული, აწმყო და მომავალი) გამომცემლობა ,,ბასიანი ”, თბილისი. 2011 3. ვარშანიძე ნ. „აჭარაში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების სახეობრივი მრავალფეროვნება“, გამომცემლობა „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი. 2013. 4. საქართველოს მცენარეების სარკვევი. გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1969, ტომი - II, 508 გვ. 5. სალუქვაძე ს., წამალთმცოდნეობა ძველ საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების გზები უძველესი დროიდან XX საუკუნემდე. გამომცემლობა ხელოვნება, თბილისი, 1987. 6. პაპუნიძე ვ., ხიდაშელი შ. „საქართველოს სამკურნალო მცენარეები“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტამბა, 2014. 7. მაყაშვილი ა. „ბოტანიკური ლექსიკონი“, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი 1991. 8. Дмитриева А. А. Определитель растений аджарии, Т. I, II, „Мецниереба” Тбилиси. 1990. Т I. II. 9. Bussmann RW., Paniagua Zambrana NY., Sikharulidze S., Kikvidze Z., Darchidze M., Manvelidze Z., Ekhvaia DJ., Kikodze D., Tchelidze D., khutsishvili M., Batsatsasvili K, Hart RE. From the sea to the mountains – plant use in Ajara, Samegrelo and kvemo Svaneti, Sakartvelo (Republic of Georgia), Caucasus, Journal of Ethnobotany Research & application, (20:50) 2020. Doi:10.32859/era.20.09.1-34. 10. Jakeli E., Varshanidze N, Zarnadze N., Diasamidze I, Dolidze K. ,,Medical plants from the flora of ajara (south colchis) used against chronic diseases” International Health Sciences Conference (IHSC 2018), Nov. 2018 IHSC 2018. Proceeding Book.Copyright©2018. ISBN.International Engineering, Science & Education Group,. Diyarbakır,Turkey 11. Jakeli E, Varshanidze N, Diasamidze I, Zarnadze N, Dolidze, K. BOIDIVERSITY OF MEDICINAL PLANTS OF WILD FLORA IN AJARA–SOUTH COLCHIS AND THEIR USAGE IN FOLK MEDICINE. Conference Procesing Books : ISS2018 3rd International Science Symposium “New Horizons in Science”, At Pristina, Cosovo. 2018. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 6 N 1, 2024 288 12. Manvelidze Z.K., Memiadze N.M., Charazishvili D.Sh., Varshanidze N.I., Diversity of a floral area of Adjara (List of wild grown plant species), Annals of agrarian science, Vol. 6, No. 2, 93. 2008. http:agrscience.gol.ge. 13. Memiadze N. Geographical and botanical Survey Colchian endemic species distributed in Adjara. Bulletin of the Georgian Academy of sciences. 170, N 1, 2004. P. 119-121. 14. www.europlusmed.org. (n.d.). Euro+Med PlantBase - Preview of the new data portal | Euro+Med-Plantbase. [online] Available at: https://www.europlusmed.org/ 15. IUCN (2023). The IUCN Red List of Threatened Species. [online] IUCN Red List of Threatened Species. Available at: https://www.iucnredlist.org. Results of ethnobotanical research on the areas surrounding the Goderdzi Pass (Adjara, Georgia) Darchidze Maia1, Kharazishvili Davit2, Varshanidze Natela1, Khuroshvili Nino3, Kazanci Ceren4 1Doctoral student of Batumi Shota Rustaveli State University, BSU, 2Doctor of Biology, Batumi Botanical Garden, BBG, 1Doctor of Biology, Batumi Shota Rustaveli State University, BSU, 3Researcher, Coordinator of projects, Tbilisi, 4Ethnobotanist, Ilia State University, ISU, Institute of Ecology, Tbilisi Abstract The article discusses the results of ethnobotanical research conducted in 2022-23 in high mountain Adjara at an altitude of 1800-2200 m above sea level, near the Goderdzi Pass, Beshumi, Uchkho, Verkhnari, Alme, Bodzauri, Didachara summer camps. The population of the mentioned villages summer camps still retains traditional ethnobotanical knowledge that has been lost over time. For the study, the method of ethnobotanical survey and recording of interviews using a precompiled questionnaire was used. 35 women were interviewed. Most participants are over 45 years old. As a result of the research, information was recorded on 37 wild species, which belong of 21 families and 37 genera. In the study areas, 29 species are used for medicinal purposes, 10 species for food and 12 species for technical purposes. Among the studied plants, 4 species are endemic of the Caucasus, 1 species is endemic of Georgia, 1 species is protected by the Red List of Georgia, 7 species are protected by the IUCN. For each medicinal species, a folk recipe for use is written down. Keywords: Ethnobotany, Medicinal species, Folk recipe - use of plants