Microsoft Word - fullpdf07012025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 384 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 1, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.01.35 სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მასმედიის, კერძოდ ტელევიზიის, ინტერესი განათლების საკითხებისადმი (სამეცნიერო სტატიების მიმოხილვა) მარიამ ქარჩავა-შარტავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა; mariam.karchava-shartava@ciu.edu.ge; +995 579 02 4848 რეზიუმე ვინაიდან მასმედია მიიჩნევა იმ ძალად, რომელსაც საზოგადოებრივ აზრზე შეუძლია მოახდინოს ზეგავლენა, საინტერესოა, არასათანადო დროის გამოყოფა საეთერო ბადეში განათლების საკითხებისადმი და მწირი რაოდენობის საგანმანათლებლო გადაცემები რა ტიპის მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზოგადოების ცნობადობასა და მსოფლმხედვლობასთან. ქვემოთ მოცემული ცხრა აკადემიური ნაშრომი შეეხება განათლების საკითხებისადმი ინტერესის დონეს, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე მეცნიერებისა თუ მკვლევრების მხრიდან. კვლევის ფოკუსში მოქცეულია ურთიერთკავშირი განათლების, მასმედიისა და ინტერნეტის (როგორც ინფორმაციის მოძიების ახალი ინსტრუმენტის) ურთიერთკავშირზე. ავტორები თავიანთ ნაშრომებში განიხილავენ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ურთიერთზეგავლენას, აღნიშნავენ იმ განმაპირობებელ ფაქტორებს, რომელთა გამოც არ/ვერ ხდება ფართო საზოგადოებისთვის ახალი ცოდნის შეთავაზება ხარისხიანი მედიაპროდუქტის სახით. უკვე ჩატარებულ კვლევებში მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები, კერძოდ -ტელევიზია, განიხილება იმ მძლავრ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც შეიძლება სწავლა-სწავლების პროცესში პროგრესირებადი პროცესების მიღება. აგრეთვე დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო პროცესში ახალი მედიის ჩართვას, თუმცა არა მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში, არამედ მკვლევრებისთვის საინტერესოა ის უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც თან ახლავს ახალი მედიის ჭარბად გამოყენებას. განხილული კვლევების ანალიზის ნაწილში გამოკვეთილია ახალი მედიისა და ტელევიზიის შედარება, დასახელებულია თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები და მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა შემთხვევებში შეუძლია ამ მედიუმებს და ზოგადად-მასმედიას, მომხმარებლისთვის გახდეს დამხმარე ძალა და ცოდნის მიღების წყარო. ცხრავე სამეცნიერო სტატიაში ფიგურირებს შემდეგი მოცემულობა: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 385 ა) აუდიტორიისთვის შემეცნებითი/საგანმანათლებლო ინფორმაციის არასაკმარისი მოცულობით მიწოდების პრობლემა; ბ) ინტერნეტისა და ტელევიზიის არასათანადოდ, ჭარბად გამოყენების პრობლემა; გ) მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მიერ შემეცნებითი მედია-პროდუქტის არასათანადო პოპულარიზაციის პრობლემა. ეს ყოველივე მკვლევრების აზრით, იწვევს საზოგადოების გონებრივი შესაძლებლობების განვითარების შეფერხებას, ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩახშობასა და ზოგადი განათლების შემცირებას. საკვანძო სიტყვები: სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, მასმედია, ინტერნეტი, ტელევიზია, საქართველოს ტელევიზიები, სომხეთის ტელევიზიები, აზერბაიჯანის ტელევიზიები, განათლება, განათლების საკითხები, განათლების პოლიტიკა, საგანმანათებლო გადაცემები. თემის მიზანი და ამოცანები: ნაშრომის მიზანია შეისწავლოს, გაანალიზოს და განაზოგადოს წინამდებარე კვლევების ძირითადი მიგნებები და დასკვნები და ამ ცოდნის სინთეზის შედეგად შექმნას საფუძველი ახალი კვლევებისთვის მასმედიის (კერძოდ - ტელევიზიების) და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის განმაპირობებელი, განმავითარებელი და შემაფერხებელი ფაქტორების შესახებ, რათა შევძლოთ აღწერილი პროცესი დავაკავშიროთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგანმანათლებლო და მედია პრაქტიკასთან. კვლევის მეთოდები კვლევის მეთოდებიდან გამოყენებულია: - თვისებრივი კონტენტ-ანალიზი, მოდელირებული კვლვევის დიზაინის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტების მიხედვით. -ტექსტური წყაროებიდან შეგროვებული მონაცემების თემატური ანალიზი ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა განათლებისა და მედიის ურთიერთკავშირზე, მითუმეტეს ტელევიზიის, როგორც განათლების პროცესში ჩართული და პასუხისმგებელი რგოლის, აღწერა და მის ფუნქციებზე, ამოცანებზე ვრცლად მსჯელობა გვხვდება მწირი რაოდენობის სამეცნიერო სტატიაში. ჩემს ნაშრომში ვრცლად არის განხილული მასობრივი კომუნიკაციების საშუალებით განათლების პოპულარიზიცია დადებით და უარყოფით ჭრილშიც. ხდება ტელევიზიის და ახალი მედიის შედარება ერთმანეთთან, წამოწეულია უმეტესი პრობლემური საკითხი, რაც აფერხებს ტრადიციული მედიის აუდიტორიის მიიერ მიზანშეწონილ გამოყენებას. რაც მთავარია, ზემოთ ხსენებული თემა შემდგომ იქნება მორგებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მათ პრაქტიკას: მედიისა და განათლების სექტორის ურთიერთკავშირსა და თანამშრომლობას. თეორიული ჩარჩო ვინაიდან ნაშრომში არის ცოდნის გავრცელებაც, სიახლეების დიფუზიაც, ტექნოლიგიების გამოყენებაც ზემოთ მოცემულ თემას ვხედავთ მედია ეფექტების თეორიის ჭრილში. ერთ- ერთი მათგანი არის ფრეიმინგის ეფექტი, რომლის ავტორებიც ორი ისრაელელი ფსიქოლოგი: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 386 დანიელ კანემანი და ამოს ტვერსკი არიან. ვინაიდან ფრეიმინგის ეფექტის მთავარი არსი მდგომარეობს მის უნარში ჩამოაყალიბოს აზრები, მოსაზრებები, გადაწყვეტილებები, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ხარისხიანი სატელევიზიო პროდუქტის არასაკმარისად მიწოდება აუდიტორიისთვის, (განსაკუთრებით შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის) არის წინასწარ გათვლილი მიზნობრივი გეგმა სატელევიზიო კომპანიების, რომლებიც თავის მომხმარებელს არ სთავაზობენ ფართო არჩევანს, არ უტოვებენ მრავალმხრივი მსჯელობის შესაძლებლობას და სთავაზობენ უკვე მზა ქცევით მოდელს. მსჯელობა და შედეგები 1. განათლების კვლევის კარტოგრაფირება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე: ბიბლიომეტრიკული ანალიზი პირველი კვლევის (Daniel Hernandez-Torrano ´, Laura Karabassova , Zhanna Izekenova , Matthew G.R. Courtney, 2021) მთავარი მიზანი არის ყოფილი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის საკითხებზე ჩატარებული კვლევების, მათი სტრუქტურისა და განვითარების პროცესის შესწავლა და ანალიზი. დროით ჩარჩოდ აღებულია პერიოდი საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. მოცემულ სტატიაში ავტორები აღნიშნავენ, რა სიხშირით აქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით ბოლო 15 წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. ავტორების დაკვირვებით, კვლევების რაოდენობა განათლების სფეროში მომატებულია, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათი წვლილი საერთაშორისო ლიტერატურაში მაინც მწირია. მთავარ პრობლემას წარმოადგენს დისპროპორცია პოსტ- საბჭოთა ქვეყნების მკვლევრების მიერ კვლევების გამოქვეყნების რაოდენობაში. თუ რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი მოწინავენი არიან სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების რაოდენობითა და ციტირების კუთხით, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ყაზახეთის გამოკლებით, მინიმალური წვლილი შეაქვთ სამეცნიერო დარგში. ავტორები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მთავარ გზად მეცნიერება და განათლება წარმოედგინათ, ამიტომაც მასში საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იდებოდა. საბჭოთა კავშირის მეცნიერება იყო ერთ- ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში, ამიტომაც ტექნიკურსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მიღწეული შედეგები ყურადღებას იპყრობდა სხვა სახელმწიფოების მხრიდან. მაგრამ ამავე დროს სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირის დროს განათლება იყო კონტროლირებადი მმართველი რგოლების მიერ და ხშირად იმდროინდელი მთავრობა საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებდა. ავტორების აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლას და ქვეყნების დამოუკიდებლობის მოპოვებას თან უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური და ეკონომიკური გადასხვაფერება უკეთესობისკენ. მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია კვლევითი ინფრასტრუქტურის და ნაშრომების ხარისხის საგრძნობლად ვარდნა. ამის გარდა, ავტორები მსჯელობენ კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერების დიდმა ნაწილმა დაბალი ანაზღაურების გამო შეიცვალა პროფესია, ან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 387 სპეციალიზირებული სახელმწიფო კვლევითი ცენტრებიდან გადავიდა უნივერსიტეტში და დაკავდა მხოლოდ პედაგოგიური საქმიანობით. თუ საბჭოთა პერიოდში განათლების მიმართულებით დიდი ინვესტიცია იდებოდა, თუმცა ამ თემის გაშუქება საბოლოოდ იყო იდეოლოგიზირებული, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საგანმანათლებლო სფეროში სამეცნიერო პროდუქტი რაოდენობრივად შემცირდა და გავრცელდა დასავლური ნაშრომებისა და სტატიების გადმოკოპირებს ტენდენცია. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობამ მოიმატა მხოლოდ იმის გამო, რომ შემოიღეს ციტირების ინდექსი და არა იმიტომ, რომ გაიზარდა ზოგადად ამ თემის სიღრმისეულად შესწავლისადმი ინტერესი. ავტორი გვიჩვენებს განათლების საკითხებისადმი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეების მხრიდან გამოჩენილ მცირე ყურადღებას და შესწავლის დაბალ ხარისხს. ე.ი. თუ უნივერისტეტის და სამეცნიერო ინსტიტუტების დონეზე არ იგრძნობა მკვეთრად წინ გადაგმული ნაბიჯები, არ ტარდება სათანადო ღონისძიებები, არც ტელევიზია იქნება დაინტერესებული არსებული თემის გაშუქებაში. 2. ტელევიზიის ეფექტი აკადემიურ მოსწრებასა და ენების ათვისებაზე წინასასკოლო ბავშვებში მეორე კვლევაში (Avosa Arthur Ahinda, Zadock Obuchere Murundu, Michael Okello Okwara, BensonCharles Odongo, Joel Okutoyi, 2014) ავტორები განიხილავენ ტელევიზიას, როგორც მასობრივი კომუნიკაციის ყველაზე მძლავრ საშუალებას და მსჯელობენ, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს იგი სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. მათი აზრით, ტელევიზიის ზომიერად ყურება დიდ როლს თამაშობს ბავშვების განვითარებასა და გართობაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ამ მასობრივი კომუნიკაციის საშუალების „ზედოზირებით“ გამოყენება, მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულებაში უკვე უჭირთ მეცადინეობაზე კონცენტრირება, ასევე მათ უვითარდებათ ენობრივი ბარიერი და ექმნებათ პრობლემები მეტყველებაში. ავტორების აზრით, დღევანდელ რეალობაში აუდიტორიას გარკვეული უნდობლობა უჩნდება ტელევიზიების საეთერო ბადისა და სარედაქციო პოლიტიკის მიმართ, ვინაიდან გადაცემათა ნაწილი არ გადის შემოწმებას, მომატებულია სატელევიზიო პროდუქტის რაოდენობა, მაგრამ ამავე დროულად შემცირებულია ხარისხი - რაც უკვე წარმოადგენს პრობლემას. ავტორები თავიანთ ნაშრომში იძლევიან რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც მოუწოდებენ პედაგოგებსა და მშობლებს, გამოიჩინონ მეტი აქტიურობა და მიიღონ მონაწილეობა სათანადო საგანმანათლებლო გადაცემების შერჩევაში. მხოლოდ ამის შემდეგ გავლენ ეს გადაცემები ეთერში და იქნებიან სკოლამდელი თუ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის გათვლილნი. სტატიის შემდგენელების აზრით, მიუხედავად მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სხვადასხვა მიმართულებისა, სწორედ ტელევიზია ახდენს ყველაზე დიდ გავლენას და თამაშობს ყველაზე დიდ როლს განათლების პროპაგანდაში. დასკვნის სახით, ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში ტელევიზიის დიდი დროის ინტერვალით ყოველდღიურად ყურებას აქვს გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 388 მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე. ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი სატელევიზიო გადაცემების ყურება იწვევს სკოლამდელ ბავშვებში მეტყველების, მშობლიური ენის ცოდნის დაბალ ხარისხს და შენელებულ განვითარებას. 3. ენობრივი გახლეჩა. ინგლისური ენის დონის ამაღლება, როგორც გზა ინტერნეტისკენ (სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მაგალითები) კვლევის ავტორები მესამე სამეცნიერო სტატიაში (KATY E. PEARCE University of Washington, USA RONALD E. RICE University of California, Santa Barbara, USA, 2014) განიხილავენ ციფრული უთანასწორობის პრობლემას, ამ კონცეპტუალურ კონსტრუქციაში იგულისხმება რიგი ქვეყნების მოსახლობის მიერ ინტერნეტის, როგორც ინფორმაციის მოძიების თანამედროვე და სწრაფი ინსტრუმენტის, ვერგაგება და არასათანადოდ გამოყენება/მოხმარება. ნაშრომში მოცემულია ინტერნეტის შესახებ ცნობადობის, მისი ხშირი გამოყენებისა და გავლენის ურთიერთკავშირის ანალიზი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ავტორები ციფრული უთანასწორობის განმაპირობებელ ფაქტორებად შემდეგ ცვლადებს ასახელებენ: ასაკი, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, განათლება/განათლების დონე, ინგლისური ენის ცოდნა და გარემო. ეს ცვლადები მათ იერაარქიულად აქვთ დალაგებული; მაგალითად, ინტერნეტის შესახებ ცნობადობის კატეგორიის ფარგლებში მეორე ადგილს იკავებს ინგლისური ენის ფლობა, ხოლო პირველ ადგილზე ქვეყნის განათლებისა და ეკონომიკის მდგომარეობა სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს განსაზღვრულ წერტილებში, ეგრეთ წოდებულ განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში, ინტერნეტთან წვდომისა და გამოყენების პრობლემა გვარდება, მკვლევრების აზრით, ეს საკითხი მაინც საჭიროებს კომპლექსურ განხვილვას. ავტორები ასაბუთებენ, თუ რატომ აიღეს საკვლევ ველად პოსტსაბჭოთა ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. პირველი მიზეზი – მათი აზრით, ეს ის ქვეყნებია, სადაც განათლების დონე მაღლა იწევს, მაგრამ იმავდროულად ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება. მეორე მიზეზი – ამ სახელმწიფოებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბევრი ჯგუფი ცხოვრობს, და, – აქედან გამომდინარე, ლოგიკურად, – ადამიანთა ეს ჯგუფი უნდა ეყრდნობოდეს უცხო ენების ცოდნას, უცხო ენების ცოდნა კი ამარტივებს ინტერნეტის გამოყენებას. მათი ანალიზის მიხედვით, ამ ქვეყნებში დგას ქსელური კავშირების რთულად ჩანერგვისა და არასწორად გამოყენების პრობლემა. ავტორების დაკვირვებით, სამივე ქვეყანაში სოციალურ ფენებს შორის უთანასწრობა გაზრდილია, ხოლო ინტერნეტის შესახებ ცოდნის დაბალი დონე, მისი დანერგვასა და გამოყენებსთან აკავშირებული სირთულეებია უფრო ამძაფრებს ამ პრობლემას და მოსახლეობას ბარიერს უქმნის სოციალური და სამოქალაქო რესურსების მიღებაში. ავტორები გვთავაზობენ ტექნოლოგიების სოციალურ უთანასწორობაზე გავლენის ჰიპოთეზას, რომლის თანახმად, ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები სარგებელს მოუტანენ მხოლოდ იმათ, ვინც ისედაც საზოგადოების მაღალ ფენებს განეკუთვნება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 389 განსხვავებები სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლებში, ფინანსურ ხელმისაწვდომობაში, უნარებში, ინტერესებსა და ინფრასტრუქტურაში ჯაჭვურად ასახავენ შემდგომ ეტაპებზე განსხვავებას შესაძლებლობებში, ხარჯებსა და ბარიერებში. ამიტომაც უპირატესობა ამ თეორიის თანახმად ექნება იმათ, ვისაც მეტი რესურსი აქვს. შესაძლოა პატარა ცვლილებები კაპიტალის გაფართოების და ქსელური კავშირების უფრო მარტივი წვდომის ხარჯზე, მაგრამ უთანასწორობა მაინც იგრძნობოდეს იქნება. 4. საგანმანათლებლო ტელევიზია მეოთხე კვლევა (Paulo Nuno Vicente; Margarida Lucas, 2020) ძირითადად საგანმანათლებლო ტელევიზიის თეორიულ განმარტებას და მის მთავარ დანიშნულებას, მთავარ ფუნქციებსა ეძღვნება. ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ მასობრივი კომუნიკაციების გავრცელებული ფორმა - ტელევიზია, დიდაქტიკურ მიზნებს ემსახურება. ამ მიზნებში გამოიყოფა აუდიტორიის ცნობადობის ამაღლება საგანმანათლებო/შემეცნებითი გადაცემების გაშუქების ხარჯზე. ნაშრომის საწყის ეტაპზე მკვლევარები საგანმანათლებლო ტელევიზიას ისტორიულ ჭრილში განიხილავენ და მაგალითად BBC მოჰყავთ, რომელმაც ჯერ კიდევ 1924 წელს დაიწყო ეროვნული რადიომაუწყებლობა სკოლებისთვის, რათა ბრიტანელ თითოეულ ახალგაზრდა მოქალაქეს ჰქონოდა წვდომა საგანმანათლებლო კონტენტთან. ამ ტენდენციის განვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უფრო საგრძნობი გახდა და არა მარტო ბრიტანეთმა არამედ აშშ-მაც „Public Broadcasting System“ და კანადამაც „TV On-Tario“ დაიწყო ზემოთ ხსენებული ტელევიზიების მეშვეობით შემეცნებითი მედიაპროდუქტის მასებზე გავრცელება. სატელევიზიო საგანმანათლებლო პროგრამები იყოფოდნენ ორ კატეგორიად: გადაცემათა პირველი ნაწილი იყო გათვლილი სკოლების, კოლეჯების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ხოლო გადაცემათა მეორე ნაწილი აშუქებდა მიმდინარე ახალ ამბებს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მედიცინაში, რომლებიც არ იყო გათვლილი აუდიტორიის სწავლებისთვის, მაგრამ ატარებდნენ შემეცნებით ხასიათს. ავტორები თავიანთ ნაშრომში გამოყოფენ იმ ისტორიულ ფაქტს, როდესაც ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტმა 1971 წელს დაიწყო ყველასთვის ხელმისაწვდომი სალექციო კურსების შემუშავება და ტელე-რადიოარხების გადაცემების, როგორც მთავარი წყაროების გამოყენება. ეს კურსები იყო გათვლილი იმ საზოგადოების ნაწილისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა, თუმცა ჰქონდათ სურვილი, რომ აემაღლებინათ მათი ცოდნა. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ ღია მაგალითს, თუ როგორ შერწყმულად შეეძლოთ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მასმედიას მუშაობა, რათა მიეღწიათ საერთო მიზნისთვის - საზოგადოების ცოდნის ამაღლებისთვის. ავტორების აზრით „ოქროს შუალედი“ დღევანდელ დილემაში მასობრივი კომუნიკაციების საშუალებების მეშვეობით განათლების მიღებასთან დაკავშირებით - არის სატელევიზიო გადაცემებთან წვდომის პროპორციულად შეზღუდვა. თუ ტელეგადაცემა გარკვეული დროის მონაკვეთით იქნება დართული ბავშვებისთვის - მაშინ იგი დადებითაც მოახდენს მათზე ზეგავლენას. მაგრამ აქვე მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა, რომელიც აფერხებს ბავშვების გონებრივ განვითარებას - არის სმარტფონების ზედოზირებით გამოყენება, რომლებიც არა თუ საგანმანათლებლო, არამედ მხოლოდ გასართობ და „დროის Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 390 გასატან“ ფუნქციას ასრულებენ. ავტორების აზრით, სწორედ ტელეფონი და ღია წვდომა ინტერნეტთან ადრეული ასაკიდან არის ის შემაფერხებელი ფაქტორი, თუ რატომ განიხილება ბოლო დროს მასმედია არა როგორც „მასწავლებელი“, არამედ როგორც „ხელის შემშლელი ინსტრუმენტი“. 5. პანდემიის პოლიტიკა, პედაგოგიკა და პრაქტიკა: ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური განათლება კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეხუთე სამეცნიერო სტატიაში ( Ben Williamson, Rebecca Eynon & John Potter, 2022) მკვლევარები დროით ჩარჩოდ 2020-2022 წლებს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდს იღებენ, ხოლო საკვლევ ობიექტად განათლების სისტემა, კერძოდ-დისტანციური სწავლება აქვთ აღებული. თემა საკმაოდ აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ გლობალურმა ინფექციამ და ავადმყოფობამ, მოსახლეობის ჩაკეტვამ და საგანმანათლებლო დაწესებულებების მასობრივმა დახურვამ მსოფლიო ქვეყნების ყველა უწყება, მათ შორის განათლების სექტორიც გამოწვევების წინაშე დააყენა. ავტორები თავიანთ კვლევას ზოგადი მსჯელობით იწყებენ და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უბიძგა მსოფლიოს covid-19-მა თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო სიღრმისეული და ინტენსიური შესწავლისკენ, გამოყენებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-რესურსების ჩანერგვა ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, სასწავლო დაწესებულებებში, მეტწილად მაინც ტრადიციულ მიდგომებს იყენებდნენ, დღევანდელ რეალობაში კი, რთული გახდა გაკვეთილის თუ ლექციის მხოლოდ სახელმძღვანელის მეშვეობით ჩატარება. ავტორები აღნიშნავენ, რომ დისტანციური განათლება, დისტანციური სწავლება და ზოგადად ონლაინ სწავლება არ იყო პედაგოგიკის დარგში ახლად გამოგონილი მიდგომა, რომელიც საჭიროებდა რადიკალურად სხვა სასწავლო გეგმის შემუშავებას, მაგრამ პანდემიის შემდეგ ონლაინ-სწავლებამ განახლებული მნიშვნელობა მიიღო და გამრავალფეროვნდა. სტატიის ავტორები თავიანთ ნაშრომში საუბრობენ BBC-ზე, რომელმაც 2020 წელს თავის საეთერო ბადეში გამოყო ცალკე ადგილი და დრო დაუთმო ონლაინ-სკოლას, რომელშიც მიდიოდა სასკოლო საგნების კვალიფიციური პედაგოგების მიერ ახსნა. გარდა ამისა BBC-იმ დაამატა Covid-19-ის პერიოდში საგანმანათლებლო გადაცემები, რომლებიც ყველა ასაკის მოსწავლეზე თუ სტუდენტზე იყო გათვლილი. მკვლევარები მსგავს პრაქტიკას დადებით ჭრილში განიხილავენ, მაგრამ აქვე აღნიშნავენ იმ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინ-პლატფორმების ზრდასთან და აქედან გამომდინარე ადამიანური რესურსების სასწავლო დაწესებულებებში შემცირებასთან. შეჯამება ზემოთ მოცემული თითოეული სამეცნიერო ნაშრომი აღიარებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი საზოგადოება არ იღებს საჭირო რაოდენობით ხარისხიან საგანმანათლებლო პროდუქტს, ისინი უკავშირებენ ასეთ ტენდენციას რამდენიმე განმაპირობებელ ფაქტორს. ერთ-ერთი მასმედიის არასწორ სარედაქციო პოლიტიკასა და საზოგადოების მხრიდანაც მარტივად აღსაქმელი, გასართობი ჟანრის ინფორმაციისკენ მიდრეკილებაზე მიგვითითებს. ასევე მეცნიერების აზრი ემთხვევა იმის თაობაზე, რომ ინტერნეტის ჭარბად და არასწორად Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 391 გამოყენება არის ის განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომაც არის აუდიტორიის ზოგადი ცოდნა შემცირებული. აზრთა სხვადასხვაობას მკვლევრებში იწვევს თავად ტელევიზიის ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი აფერხებს წინასასკოლო ასაკის ბავშვების აზროვნებას, ხოლო მეორე მხარე მიიჩნევს, რომ დღევანდელი სატელევიზიო გადაცემები პირიქით ხელს უწყობენ ბავშვების გონებრივ განვითარებას. მაგრამ ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ სწორი მიმართულებით ტრადიციული და ახალი მედიის გამოყენებამ შესაძლოა მოიტანოს სარგებელი მოსწავლისთვის სწავლა-სწავლების პროცესში. სამეცნიერო სტატიებში ასევე ყურადღება ეთმობა დისტანციურ სწავლებას, სოციალური ქსელების, ონლაინ-პლატფორმებისა და ონლაინ-სკოლების, როგორც ალტერნატიული სწავლების მეთოდის გამოყენებას. თუმცა მკვლევართა უმეტესობა თანხმდება იმ საკვანძო აზრზე, რომ ეს ყოველივე უნდა იყოს გამოყენებული, როგორც დამატებითი და არა ჩამნაცვლებელი კომპონენტი სასწავლო პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებულ ნაშრომებში ხაზგასმით მიდის საუბარი მედია საშუალებების, კერძოდ ტელევიზიის, როგორც მასმედიის ერთ-ერთ მძლავრ ინსტრუმენტზე, რომელსაც შეუძლია, როგორც საინტერესო მასწავლებლის, ასევე გონებრივი შესაძლებლობების განმავითარებლის როლი მოირგოს. მთავარია, ეს ყოველივე მაყურებლის მხრიდან იყოს სწორად აღქმული, ხოლო სატელევიზიო კომპანიების მიერ სწორად და დროულად მიწოდებული. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მასობრივი კომუნიკაცია არის ორმხირივი პროცესი, სადაც არა მარტო ინფორმაციის გავრცელება, არამედ უკუკავშირის მიღებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხოლო ამ ორმხრივ პროცესს ასევე ხელს უნდა უწყობდეს რეფორმები, რომლებშიც სწავლა-სწავლების პროცესში მედიის როლი სწორად იქნება განსაზღვრული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 392 ბიბლიოგრაფია 1. Ben Williamson, Rebecca Eynon & John Potter. (2022, May 21). Pandemic politics, pedagogies and practices:digital technologies and distance education during the coronavirus emergency. Learning, media and technology, pp. 107-114. 2. Avosa Arthur Ahinda, Zadock Obuchere Murundu, Michael Okello Okwara, BensonCharles Odongo, Joel Okutoyi. (2014). EFFECTS OF TELEVISION ON ACADEMIC PERFORMANCE AND LANGUAGES ACQUISITION OF PRE-SCHOOL CHILDREN. International Journal of Education and Research, 493-502. 3. Ben Williamson & Rebecca Eynon. (2020, July 30). Historical threads, missing links, and future directions in AI in education. Learning, Media and Technology, pp. 223-235. 4. Ben Williamson, Felicitas Macgilchrist & John Potter. (2024, July 31). Against contextlessness in Learning, Media and Technology. Learning, Media and Technology, pp. 335-338. 5. Daniel Hernandez-Torrano, Laura Karabassova, Zhanna Izekenova, Matthew G.R. Courtney. (2021). Mapping education research in post-Soviet countries: Abibliometric analysis. International Journal of Educational Development 87, 1-14. 6. Daniel Hernandez-Torrano, Laura Karabassova, Zhanna Izekenova, Matthew G.R. Courtney. (თ. გ.). Mapping education research in post-Soviet countries: Abibliometric analysis. 7. Hung PhuBui, Mark Bedoya Ulla, Veronico N. Tarrayo andChien Thang Pham. (2023, September 22). Editorial: The roles of social media in education: a ective, behavioral and cognitive dimensions. pp. 1-3. 8. Ishkova Elena Ivanovna. (2014). Television as a component of the educational activities of preschool children. Austrian Journal of Humanities and Social Sciences, стр. 111-114. 9. KATY E. PEARCE University of Washington, USA RONALD E. RICE University of California, Santa Barbara, USA. (2014). The Language Divide—The Persistence of English Proficiency as a Gateway to the Internet: The Cases of Armenia, Azerbaijan, and Georgia. International Journal of Communication 8, 2834-2859. 10. Paulo Nuno Vicente; Margarida Lucas. (2020). The SAGE International Encyclopedia of Mass Media and Society (By Debra L. Merskin ed.). Thousand Oaks: SAGE Publications, Inc. 11. Hasmik Hovakimyan, Milena Klimek, Bernhard Freyer and Ruben Hayrapetyan; (2021); Sustainable Shift from Centralized to Participatory Higher Education in Post-Soviet Countries: A Systematic Literature Review; Sustainabality; 1-20. 12. Elena Aydarova, Zsuzsa Millei, Nelli Piattoeva & Iveta Silova; Revisiting Pasts, Reimagining Futures: Memories of (Post)Socialist Childhood and Schooling; European Education; 159-169. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 1, 2025 393 The interest of the mass media, particularly television, in education issues in the South Caucasus countries (review of scientific articles) Mariam Karchava-Shartava Abstract Since the media is considered to be the force that can influence public opinion, it is interesting to allocate improper time to education issues in the air network and the scarce number of educational programs what type of cause and effect is related to the public awareness and world view of the South Caucasus countries. The nine scientific articles below address the level of interest in educational issues, either from the mass media or from scientists or researchers. The conversation goes to the interconnection of education, mass media, the internet (as a new tool for finding information). The authors talk about the mutual influence of the above-mentioned components in their works, noting the factors due to which new knowledge is not/cannot be offered to the general public in the form of a high-quality media product. In studies already conducted, Mass Communications Media, in particular television, are considered as a powerful tool through which progressive processes in learning and learning can be obtained. Much attention is also paid to new media and its overuse in the educational process. The analysis highlights the counterbalance of new media and television, names their strengths and weaknesses and provides recommendations on which cases the media in general can become a support force for the consumer and a source of knowledge. All nine scientific articles include the problem of insufficient provision of cognitive/educational information to the audience, the problem of improper, excessive use of the internet and television, the problem of improper promotion of cognitive media-products by mass communications means. All this, according to researchers, leads to a delay in the development of society's mental abilities, suppression of analytical skills and a decrease in general education. Key words: South Caucasus countries, mass media, Internet, television, Georgian televisions, Armenian televisions, Azerbaijani televisions, education, educational issues, educational policy, educational programs.