Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 211 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.19 მინდობილი პროფესიული საქმიანობა - გზა კომპეტენციებიდან პროფესიონალიზმისკენ სალომე ვორონოვი1, ნინო ქანთარია2, რიმა ბერიაშვილი3, ეკა ეკალაძე4 1აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტმენტის უფროსის მოადგილე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „გახდი ექიმის“ კურსის ინსტრუქტორი და მცირე ჯგუფის კოორდინატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, s.voronovi@tsmu.edu 599270387 OrcidID https://orcid.org/0009-0008-8892-8052; 2დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მოდულის”გულსისხლძარღვთა სისტემა” კოორდინატორი; სუბინტერნშიფი-შინაგანი მედიცინის მოწვეული მასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, n.kantaria@tsmu.edu 577745546; 3პროფესორი, აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, rima.beriashvili@tsmu.edu 599535419; 4დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ბიოქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, e.ekaladze@tsmu.edu 595 633362 რეზიუმე მინდობილი პროფესიული საქმიანობა (EPAs) არის პროფესიული საქმიანობების ერთობლიობა, რომლების დამოუკიდებლად ან მინიმალური ზედამხედველობით შესრულება შეიძლება ენდოს სტუდენტს/რეზიდენტს მას შემდეგ, რაც ის მოახდენს ამ საქმიანობების განხორციელებისას საჭირო კომპეტენციების დემონსტრირებას. მინდობილი პროფესიული საქმიანობა (EPAs) კონცეფცია მიზნად ისახავს დარგობრივ ცოდნაზე დაფუძნებულ სხვადასხვა კომპეტენციების ინტეგრაციას სანდო პროფესიული უნარების ჩამოყალიბებისთვის. ამ კონცეფციის მიზანი განათლების პროცესსა და ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობას შორის კავშირის დამყარებაა . პაციენტისთვის სანდო კლინიკური პროფესიული აქტივობის შესრულების უნარი ექიმად ფორმირების მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელიც ეფუძნება სტუდენტის/რეზიდენტის მიერ შეძენილ კომპეტენციებს და თავისი შინაარსით მიესადაგება ოსტატ-შეგირდობის ძველ მოდელს. მინდობილი პროფესიული საქმიანობის დანერგვა და შეფასება მოითხოვს კლინიკური კურაციების (ე.წ კლერკშიფის) კლინიკურ სამუშაო ადგილზე ამოქმედებულ. კარგად გააზრებულ სილაბუსს, ორგანიზებულ კლინიკურ გარემოს და სათანადოდ გადამზადებულ განმახორციელებელ პერსონალს. საძიებო სიტყვები: სამედიცინო განათლება, მინდობილი პროფესიული საქმიანობა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 212 სამედიცინო განათლება ეფუძნება სამ ძირითად კომპეტენციას - თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ/კლინიკურ უნარებს და ღირებულებებს, რომელთა გამომუშავება და შემდგომი სრულყოფა ექიმის მზადების დ შემდგომი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე სამედიცინო განათლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო კლინიკური სწავლების ეტაპს, რომელზეც კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება მიჩნეული იქნა სამედიცინო განათლების ოპტიმალურ მოდელად. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ექიმის პაციენტთან დამოკიდებულებას. პროფესიონალიზმი ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში გულისხმობს ექიმის ეთიკურ ღირებულებებს, პასუხისმგებლობას, დამოკიდებულებას კოლეგებთან, პაციენტებთან, ლიდერობის, ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობის უნარს. ამ უნარების შეძენა და მათი სათანადო შეფასება მეთოდოლოგიურ გადახედვას, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვას მოითხოვს. კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების პროცესში აკადემიური პერსონალის მიერ დასმული ძირითადი შეკითხვაა, თუ როდის შეიძლება ვანდოთ სტუდენტს/რეზიდენტს კონკრეტული პროფესიული აქტივობის შესრულება ზედამხედველობის გარეშე ან მინიმალური ზედამხედველობით? - ამ შეკითხვაზე პასუხი სანდოობის დონის შესახებ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას შემუშავდა კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების ახალი მოდელი - მინდობილი პროფესიული საქმიანობა (Entrustable Professional Activity, EPA), რომელიც წარმოადგენს ერთგვარ „ხიდს“ დარგობრივ ცოდნაზე დაფუძნებულ, ახლად შეძენილ კლინიკურ კომპეტენციებსა და უშუალოდ პაციენტთან განხორციელებულ სანდო პროფესიულ აქტივობას შორის (1, 2, 3). კომპეტენციები სასწავლო პროგრამის აუცილებელი შემადგენელია, თუმცა ისინი შეიძლება ძალიან აბსტრაქტულად დარჩეს, თუ კონკრეტულ, ქმედით და ეფექტურ სწავლებისა და შეფასების მეთოდს არ გამოვიყენებთ. სწავლების კლინიკურ ეტაპზე სანდო პროფესიული საქმიანობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ფორმაციული შეფასების შესაბამისი მეთოდების დანერგვა და გამოყენება. ამ მიზნით განსაკუთრებით რეკომენდებულია შეფასება სამუშაო ადგილზე - (WPBA, Workplace-based assessment). სამუშაო ადგილზე შეფასება, თავის მხრივ, მოიცავს:  პირდაპირ (უშუალო) დაკვირვებას პროცედურების შესრულების უნარებზე - (DOPS, Direct Observation of Procedural Skills); o სტუდენტის/რეზიდენტის მიერ განხორციელებული პაციენტის მინი-კლინიკური გამოკვლევის შეფასებას - (Mini-CEX, Mini Clinical Evaluation Exercise); o კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებულ დისკუსიას- (CBD, Case Based Discussion); o 3600-იან მრავალმხრივ შეფასებას - (MSF, Multi-source feedback) უკანასკნელი წლების განმავლობაში მინდობილი პროფესიული საქმიანობის, როგორც კლინიკური სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდის, დანერგვა ინტენსიურად დაიწყო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 213 მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებში. როგორც წესი, ახალი მეთოდოლოგიის დანერვას წინ უძღვის პილოტირების ეტაპი და მისი შედეგების ანალიზი. მინდობილი პროფესიული საქმიანობის გამოყენება მოითხოვს კლინიკური კურაციების (ე.წ კლერკშიფის) კლინიკურ სამუშაო ადგილზე ამოქმედებულ კონკრეტულ სილაბუსს და სათანადოდ გადამზადებულ კლერკშიფის განმახორციელებელ პერსონალს (4). სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია, მედიცინის ცალკეულ დარგებში კონტექსტის მიხედვით განსხვავდება (5). შინაგანი მედიცინა წარმოადგენს სტუდენტების სამედიცინო განათლების ფუნდამენტურ ნაწილს. სწორედ ამიტომაა შინაგანი მედიცინის საბაზისო კურსი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კლერკშიფი. კლერკშიფის განმავლობაში შეისწავლება მრავალი დაავადების დროს მიმდინარე პროცესები და ვითარდება კრიტიკული აზროვნება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან დაიწყო მინდობილი პროფესიული საქმიანობის პილოტირების პროცესი დიპლომამდელი განათლების ეტაპზე, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის 10, 11, 12 სასწავლო სემესტრების სტუდენტებთან, შინაგანი მედიცინის კლინიკური კურაციის, ე.წ. „სუბინტერნშიფის“ გავლის პერიოდში. შინაგანი მედიცინის სუბინტერნშიფი კომპეტენციების გამომუშავებაზე მიმართული კლინიკური როტაციაა და სტუდენტებს აძლევს შინაგანი მედიცინის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მართვისა და მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას. სტუდენტი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სიმძიმისა და სიმწვავის დაავადებათა მართვაში, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების მართვაში - გადაუდებელ განყოფილებაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიღრმავონ და გაიუმჯობესონ ძირითადი კლინიკური უნარ-ჩვევები, ისწავლონ ახალი პროცედურები და გასინჯვის ტექნიკები, შეაფასონ თავიანთი კლინიკური აქტივობის ეფექტურობა. შინაგანი მედიცინის ოთხკვირიანი სუბინტერნშიფი რეალურად შინაგანი მედიცინის ძირითადი კლერკშიპის გაგრძელებაა, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, სტუდენტებს აკისრებს პაციენტებზე ზრუნვის მეტ პასუხისმგებლობას. სუბინტერნშიფის განმავლობაში სტუდენტს უვითარდება დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - მათ შორის, სწავლისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი, რაც მნიშვნელოვანია შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის და ე.წ. „სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის“. კლინიკური სწავლების „სუბინტერნშიფის“ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: 1. სამედიცინო გასაუბრების (ინტერვიუირების) უნარ-ჩვევები ● პაციენტთან ინტერაქციის უნარი ● შეკითხვების ფორმულირების უნარი ძირითადი პრობლემის გარშემო ● მეორე რიგის კითხვების გამოყენების უნარი დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად ● შეკითხვების პასუხად ან სხვა გზით მიღებული ინფორმაციის გადამუშავების უნარი ● არავერბალური კომუნიკაციის ამოცნობისა და მათი გაანალიზების უნარი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 214 ● დიაგნოსტიკური დიაპაზონის შეფასების უნარი 2. ფიზიკური გამოკვლევის უნარ-ჩვევები ● ორგანოთა სისტემების მიხედვით სტრუქტურირებული გამოკვლევის ჩატარების უნარი ● პათოლოგიური ნიშნების ამოცნობისა და არსებობის შემთხვევაში მათი კლინიკური მნიშვნელობის შეფასების უნარი ● პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება გამოკვლევის შესახებ ● გამოკვლევის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე კონცენტრირების უნარი ● სხვა გზებით მიღებული ინფორმაციისა და გამოკვლევის შედეგების გამოყენების უნარი დიაგნოზის ჩამოსაყალიბებლად. 3. პროფესიონალიზმის ხარისხი /კომუნიკაცია ● პაციენტთან პატივისცემით მოპყრობის უნარი ● შეკითხვების დასმასთან ერთად განმარტების მიცემის უნარი ● პაციენტის გულდასმით მოსმენის უნარი ● ურთიერთობის მტკივნეული და უხერხული მომენტების გაცნობიერების უნარი ● კონფიდენციალურობის საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების უნარი ● გასინჯვის და შეკითხვების მეთოდოლოგიის პაციენტზე მორგების უნარი 4. კონსულტაციის უნარ-ჩვევები ● დიაგნოსტიკური ტესტის/მკურნალობის რაციონალობის ახსნის უნარი ● პაციენტისთვის ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების უნარი ● პაციენტის შეკითხვებზე პასუხისა და სათქმელის სხვა სიტყვებით შეცვლის/გამეორების უნარი ● პაციენტის სურვილების ამოცნობის და კონსულტაციის დროს მათი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. ● საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და მიუკერძოებლობის უნარი. 5. კლინიკური განსჯის უნარი ● პოტენციურად მნიშვნელოვანი მონაცემების კლინიკური მნიშვნელობის შეფასების უნარი ● გამოკვლევისა და მართვის ოპტიმალური გეგმის განსაზღვრის უნარი ● მართვის სხვადასხვა ვარიანტის შერჩევის უნარი პაციენტის სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ● შერჩეული მართვის/მურნალობის შესაძლო რისკებისა და სარგებლის გათვალისწინების უნარი ● არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მტკიცე გადაწყვეტილებამდე მისვლის უნარი 6. ორგანიზებულობა / ეფექტურობა ● მონაცემთა სწრაფი და ეფექტური შეგროვების უნარი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 215 ● შესაბამისი განსჯის დემონსტრაციის უნარი ● კონსულტაციისას დროის სწორად და ეფექტურად გამოყენების უნარი. „სუბინტერნშიფის“ ეტაპზე კლინიკური სწავლების განხორციელების პროცესში სტუდენტმა უნდა შეძლოს: ● პაციენტის ზრუნვაზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა და გაიაზროს ამ პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, დაიცვას მორალური და ეთიკური პრინციპები; ● განავითაროს პაციენტის ერთიანი მართვის უნარ-ჩვევები, პაციენტის თითოეულ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით; ● რეზიდენტებთან და მკურნალ ექიმებთან დისკუსიის საშუალებით, განავითაროს პაციენტის პრობლემებისადმი რაციონალური მიდგომა, შეძლოს დიფერენციული დიაგნოზების გატარება, შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების შერჩევა ხარჯთეფექტურობის გათვალისწინებით. ● შეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და რეზიდენტებთან, ექიმებთან და სხვ. პროფესიული სახის ინტერაქცია. პროგრამაში დასახული მიზნების მისაღწევად ხორციელდება შემდეგი აქტივობები: ● პაციენტის სტაციონარში მოთავსებისას, დაავადების ისტორიის ჩანაწერის გაკეთება და ფიზიკალური გასინჯვა. ● პაციენტის პრობლემათა ჩამონათვლისა და დიფერენციალური დიაგნოზების ჩამოყალიბება. ● არსებული სამედიცინო პრობლემებისთვის სადიაგნოზო და თერაპიული გეგმის ჩამოყალიბება. ● ყოველი ახალი შემთხვევის განხილვა რეზიდენტთან/ექიმთან/პასუხისმგებელ პირთან ერთად. ● ყოველი ახალი პაციენტის წარდგენა რეზიდენტისა თუ ექიმისთვის. ● დღეში მინიმუმ ერთი კურსუსის დაწერა ყველა პაციენტზე. ● თითოეული პაციენტის დღეში მინიმუმ ორჯერ მონახულება (დილის შემოვლამდე და საშუადღევს/საღამოს). ● გაწერის ეპიკრიზის გამზადება და გაწერის შემდგომი მეთვალყურების დაწესება. ● დღის მორიგეობა კვირაში ერთხელ და ორი ღამის მორიგეობა კურსის განმავლობაში. მორიგეობის დღეები უნდა შეუთანხმდეს მეცადინეობების განრიგს. ● შერჩეულ შემთხვევებზე პროცედურების ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში). ● შემოვლებზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე და კონფერენციებზე დასწრება, ყველა აქტივობაზე დასწრება და მონაწილეობა. კლინიკური აქტივობების აღრიცხვისათვის ივსება დღიური, რომელშიც სტუდენტების პასუხისმგებლობები სტანდარტიზებულია შემდეგი სახით: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 216 1. დაკვირვება და განხილვა: ეს შეიძლება მოიცავდეს გუნდის სხვა წევრზე დაკვირვებას ანამნეზის შეკრებისას, პროცედურის ჩატარებისას ან ფიზიკალური გამოკვლევის დროს და ა.შ.; და ავადმყოფობის ისტორიის, პათოლოგიის ან სხვა შესაბამისი კომპონენტების 2. აქტიური მონაწილეობა მკურნალობაში: ამ კატეგორიაში შედის დაკვირვება და მსჯელობა, მაგრამ ასევე მიანიშნებს პაციენტისთვის უფრო ქმედით კომპეტენციაზე, როგორიცაა ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება და კლინიკური გამოკვლევა, ავადმყოფობის მიმდინარეობის ან ავადმყოფობის ისტორიისა და ფიზიკალური გამოკვლევების შესახებ ჩანაწერების გაკეთება, პაციენტის წარდგენა შემოვლის დროს, ავადმყოფობის ისტორიის დამუშავება და/ან პაციენტისთვის დაავადების პროფილაქტიკის შესახებ კონსულტაციის ჩატარება 3. პროცედურის ჩატარება: ამ კატეგორიაში შედის მკურნალობაში აქტიური მონაწილეობა და დამატებით აღინიშნება, თუკი სტუდენტი ასრულებს პროცედურას ზედამხედველობის ქვეშ. შესრულებული პროცედურები ჩაიწერება სტუდენტის ,,პროცედურათა ჩამონათვალში’’ და განიხილება კლერკშიფის ხელმძღვანელის მიერ როტაციის შუალედური შეფასების დროს. დასკვნები 1. მინდობილი პროფესიული საქმიანობის (Entrustable Professional Activities -EPAs) დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების კლინიკური ეტაპის ინოვაციურ მეთოდად განიხილება და აქტიურად ინერგება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2. ექიმად ფორმირების პროცესში დასწავლა გაადვილებულია, თუ მიღებული ცოდნა გამოსადეგია და ახლოა რეალურ, ცხოვრებისეულ გარემოსთან; საექიმო საქმიანობას თავისი ემოციური ასპექტები აქვს, რაც დასწავლის პროცესზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს; დამოუკიდებელი სწავლისათვის ინდივიდს თვით-რეგულირების შესაბამისი უნარები სჭირდება, როგორიცაა ამოცანის დასახვა, სტრატეგიის შემუშავება და საკუთარ პროგრესზე თვალყურის დევნება. გამოყენებული ლიტერატურა 1. Ten Cate O. 2005. Entrustability of professional activities and competency- based training. Med Educ 39:1176–1177. 2. Ten Cate O. Entrustment as Assessment: Recognizing the Ability, the Right, and the Duty to Act. J Grad Med Educ. 2016;8(2):261-262. doi:10.4300/jgme-d-16-00097.1 3. Olle ten Cate. An updated primer on entrustable professional activities (EPAs). Revista Brasileira de educacao medica. 43. (Suppl 1), 2019, pp.712-720. 4. Carraccio C, Burke AE. 2010. Beyond competencies and milestones: Adding meaning through context. J Grad Med Educ 2:419–422. 5. Veldhuijzen W, Mogendorff K, Ram P, van der Weijden T, Elwyn G, van der Vleuten C. 2012. How doctors move from generic goals to specific communicative behavior in real practice consultations. Patient education and counseling. Thesis. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 217 Entrusted Professional Activities - The Path from Competencies to Professionalism Salome Voronovi, Nino Kantaria, Rima Beriashvili, Eka Ekaladze Tbilisi State Medical University Summary Entrustable Professional Activities (EPAs) are a set of professional activities that can be entrusted to a student/resident to perform independently or with minimal supervision after he or she has demonstrated the competencies required to perform these activities. The EPA concept intends to integrate different competencies within relevant and recognizable contexts and in this way to link the educational and medical worlds. Entrustment is the clinically meaningful summative judgment based on a rich source of information about the quantity and quality of a trainee’s professional performance. Granting entrustment is a clinically recognizable step that resonates with the former master- apprenticeship model. The implementation and assessment of entrustable professional activities requires a well-thought- out syllabus, an organized clinical environment, and appropriately trained personnel. Key words: Medical Education, Entrustable Professional Activities (EPAs)