Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 264 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.25 ხანდაზმულობის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის გარანტად: სამოქალაქო სამართალწარმოების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები მარიამ მამულაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი აბსტრაქტი წინამდებარე კვლევა სისტემურად აანალიზებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, როგორც სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობის ძირითად გარანტს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვის კონტექსტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საკითხს შეზღუდულქმედუნარიანი პირებისათვის კანონიერ წარმომადგენელთა დანიშვნამდე ან სრულწლოვანების მიღწევამდე, თუმცა არსებული ნორმატული რეგულირება თავისი არსით ვერ უზრუნველყოფს შვიდ წლამდე ასაკის იმ ქმედუუნარო ბავშვების უფლებების სრულფასოვან დაცვას, რომლებიც მშობლების მზრუნველობას მოკლებულნი არიან და რომელთათვისაც ჯერ არ არის დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი საჭიროებს დამატებით კვლევასა და ნორმატიული ბაზის სრულყოფას ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად. საყურადღებოა კანონიერი წარმომადგენლის როლიც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის კუთხით. კვლევის ფარგლებში ჩატარებული ემპირიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას კანონიერ წარმომადგენელთა უფლება-მოვალეობების შესახებ. განსაკუთრებით დაბალია საზოგადოებრივი ცნობიერება ხანდაზმულობის როლზე, როგორც არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის ერთ-ერთ გარანტიაზე. კვლევაში ასევე კრიტიკულად არის გაანალიზებული სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი ნორმები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა. ნაშრომის საბოლოო მიზანია ისეთი რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ არასრულწლოვანთა სამოქალაქო საპროცესო უფლებების დაცვის მექანიზმებს. საკვანძო სიტყვები: არასრულწლოვანი, ხანდაზმულობა, საუკეთესო ინტერესები, უფლებები, კანონიერი წარმომადგენელი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 265 შესავალი საქართველოში განხორციელებული პროგრესული საკანონმდებლო რეფორმების შედეგად არასრულწლოვნები აღიარებულნი არიან სამართლებრივი ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტებად, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პარადიგმულ ცვლილებას ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი ასაკობრივი და კოგნიტური განვითარების სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები კვლავ საჭიროებენ განსაკუთრებულ სამართლებრივ და სოციალურ დაცვას, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს მათ მოწყვლადობას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ კონტექსტში, სახელმწიფოს აკისრია ფუნდამენტური კონსტიტუციური ვალდებულება უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვის მრავალგანზომილებიანი და ეფექტიანი პოლიტიკის იმპლემენტაცია. აღნიშნული მოიცავს ინტეგრირებული მიდგომის განვითარებას და აერთიანებს: პრევენციულ მექანიზმებს, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვთა უფლებების დარღვევის წინასწარ იდენტიფიცირებასა და აღკვეთაზე; საპროტექციო ინსტრუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვას და რეაგირების მექანიზმებს, რომლებიც ეფექტიანად პასუხობენ არსებულ ინციდენტებს. პარალელურად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოჯახისა და ფართო საზოგადოების პასუხისმგებლობა განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს არასრულწლოვანთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ეს მოიცავს მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვას, რაც თავის მხრივ საჭიროებს ოჯახებისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ბავშვთა უფლებების რეალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სოციალურ-პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტს. ამ მიმართულებით აუცილებელია როგორც ნორმატიული ბაზის, ისე მისი აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების შემდგომი დახვეწა და ჰარმონიზაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციისა და ევროპული სამართლის პრინციპებთან. თემის აქტუალობის ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რიგი პრობლემური ასპექტები, რომლებიც საკანონმდებლო ხარვეზებსა და დეფიციტურ ნორმატიულ ბაზას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არასათანადო რეგულირება არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კონტექსტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულ ქმედუნარიანისგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი არ დაენიშნება.1 ამავე კოდექსის თანახმად, შეზღუდულ ქმედუნარიანად ითვლება არასრულწლოვნები შვიდიდან თვრამეტ წლამდე.2 განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა არ ვრცელდება 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე (მცირეწლოვნებზე), რომლებიც 1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლი, საქართველოს საპარლამენტო უწყებანი, N31, 24/07/1997. 2 იქვე, მე-14 მუხლი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 266 კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კლასიფიცირდებიან როგორც ქმედუუნარო პირები. შესაბამისად, საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერებას შვიდ წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვანთათვის, რომლებიც მოკლებულნი არიან მშობლების მზრუნველობას და არ ჰყავთ დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნორმატიულ ვაკუუმს. ეს საკანონმდებლო დეფიციტი უშუალოდ არღვევს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით დადგენილ და გარანტირებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს. კერძოდ, ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპის რეალიზაციას. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ფუნდამენტურ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს, მკაფიოდ განსაზღვრავს არასრულწლოვანთა უფლებას, იმოქმედონ დამოუკიდებლად, მათი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. თუმცა, აღნიშნული კონვენცია ასევე იმპერატიულად აკისრებს სახელმწიფოებს ვალდებულებას, უზრუნველყონ თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, განურჩევლად მათი ასაკისა ან სხვა მახასიათებლისა.3 იმგვარი საკანონმდებლო ხარვეზის არსებობა, რომელიც ასაკობრივი ნიშნით აშკარა უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვანთა გარკვეულ ჯგუფს (მოცემულ შემთხვევაში, 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს), განსხვავებულ და არახელსაყრელ პირობებში აყენებს დანარჩენ არასრულწლოვნებს (კერძოდ, 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვნებს). აღნიშნული ნორმატიული მიდგომა ქმნის დისკრიმინაციულ სამართლებრივ გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს უმცროსი ასაკის არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების დაცვის არა მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს, არამედ ეროვნული კანონმდებლობის რეფორმის დეკლარირებულ მიზნებსაც, რომელიც მიისწრაფის საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს პროგრესული ჰარმონიზაციისაკენ. არასრულწლოვანთა უფლებების სამართლებრივი დაცვის პლურალისტურ ჭრილში ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამოწვევად რჩება კანონიერი წარმომადგენლის ინსტიტუტის ფუნქციური ეფექტიანობის დეფიციტი. წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ემპირიულმა ანალიზმა ცხადყო, რომ მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები არასათანადოდ აცნობიერებენ საკუთარ სოციალურ-სამართლებრივ როლსა და პასუხისმგებლობას არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული რეალიზების პროცესში. აღნიშნული პრობლემატიკა უმთავრესად გამოწვეულია არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენლების არასაკმარისი ინფორმირებულობით იმ კომპლექსური სამართლებრივი მექანიზმებისა და პროცედურული ინსტრუმენტების შესახებ, 3 ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები (მიღებულია 1989 წლის 20 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1990 წლის 2 სექტემბერს); Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 267 რომლებიც კონსტიტუციურ საფუძველს უქმნის ბავშვის უფლებების ეფექტიან იმპლემენტაციას საზოგადოებრივი ურთიერთობების მრავალფეროვან სპექტრში. არსებული სამართლებრივი პარადიგმა, რომელიც ხანდაზმულობის ვადების დინებას არასრულწლოვანთათვის არ აჩერებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის არსებობის საფუძველზე, ავლენს ფუნდამენტურ კონცეპტუალურ წინააღმდეგობას თანამედროვე სამართლებრივი აზროვნების პრინციპებთან. აღნიშნული რეგულაცია ეფუძნება ფორმალისტურ პრეზუმფციას, რომლის თანახმადაც კანონიერი წარმომადგენლის ინსტიტუტი უზრუნველყოფს არასრულწლოვანის უფლებათა სათანადო დაცვას. ეს ნორმატიული კონსტრუქცია იგნორირებას უკეთებს იმ სოციალურ რეალობას, რომელშიც სამართლებრივი კულტურისა და ცნობიერების დეფიციტი განაპირობებს უფლებადაცვითი მექანიზმების არაეფექტიან იმპლემენტაციას. სამართლებრივი სისტემის ფორმალური სტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს სუბსტანციურ მართლმსაჯულებას, როდესაც კანონიერი წარმომადგენლები ვერ ახორციელებენ მინდობილ უფლებამოსილებებს სათანადო ცოდნისა და გაცნობიერების გარეშე. ამგვარად, სამართლებრივი რეგულაციის ეფექტიანობა პირდაპირპროპორციულია იმ სოციალური გარემოს მზაობისა, რომელშიც მას უწევს ფუნქციონირება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების მოქმედების შეჩერების მექანიზმის არ არსებობა არასრულწლოვანთათვის წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ-ნორმატიულ ხარვეზს, არამედ სისტემურ პრობლემას, რომელიც საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას როგორც საკანონმდებლო, ისე საგანმანათლებლო დონეზე. წინამდებარე ნაშრომი ასევე მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის ანალიზს, რაც საშუალებას იძლევა ხანდაზმულობის ინსტიტუტი, როგორც სამოქალაქო საპროცესო უფლებების დაცვის მექანიზმი შედარებით-სამართლებრივი პერსპექტივიდან შეფასდეს. წარმოდგენილი პრობლემატიკის მრავალმხრივი ანალიზის, სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის ნორმატიული ბაზის კვლევისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე, ნაშრომი წარმოადგენს კონცეპტუალური რეკომენდაციების ერთობლიობას, რომელთა იმპლემენტაცია უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა სამოქალაქო საპროცესო უფლებების დაცვის მექანიზმების სუბსტანციურ გაძლიერებას. ინტერდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, შემუშავებული რეკომენდაციები ორიენტირებულია არა მხოლოდ ნორმატიული ბაზის ფორმალურ მოდიფიკაციაზე, არამედ სისტემურ ცვლილებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლებრივი დაცვის მექანიზმების პრაქტიკულ ეფექტიანობას სოციალურ-სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით. ხანდაზმულობის ინსტიტუტი: სამართლებრივი სტაბილურობის გარანტი სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რა პერიოდშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს საკუთარი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 268 უფლებების სამართლებრივი გზით განხორციელება ან დაცვა.4 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეს შეზღუდვა გამართლებულია მესამე პირების უფლების დაცვის ინტერესებით, რადგან საზოგადოებრივი ურთიერთობის სტაბილურობის ინტერესი ითხოვს ადამიანებს არ ჰქონდეს მუდმივად შიში იმისა, რომ დავის სასამართლოში განხილვისას შეიცვლება მათი სამართლებრივი მდგომარეობა.5 სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სასარჩელო ხანდაზმულობა არის სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც თვლის, რომ დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლებების დაცვა სასამართლოს მეშვეობით, სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლებების იძულებითი დაცვის შესაძლებლობა კანონით დადგენილი ვადით არ იქნება შეზღუდული, ეს განაპირობებს სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გართულებას, ვინაიდან დიდი ალბათობაა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაადეკვატურად და არასრულფასოვნად აღქმისა და ა.შ. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა თუ ვალდებულებების დროულად და აქტიურად განხორციელებაში.6 ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა სამართლებრივი მექანიზმებით იძულებით აღსრულებას ვეღარ დაექვემდებარება, შესაბამისად უფლების რეალიზება სრულად დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნებაზე.7 მართალია, ხანდაზმულობა უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის არსებობისა და მისი აღსრულების განუსაზღვრელობის დასრულებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რა ვადის დადგენა იქნება კონკრეტული მიზნის მისაღწევად ეფექტური,8 განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ერთ-ერთ მხარედ მაინც გვევლინება არასრულწლოვანი. 4 ახალაძე მ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები სამოქალაქო სამართალში, საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2022, 16. 5 კილაძე ს., ტურავა პ., ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები, თბილისი, იურისტების სამყარო, 2021, 276. 6 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის Nას-266-254-2013 გადაწყვეტილება. 7კობალაძე ლ., ხანდაზმულობის ვადა, CONTRA LEGEM ინტერპრეტაცია და ერთი საინტერესო გადაწყვეტილება ქართული სამოქალაქო სამართალწარმოების პრაქტიკიდან, სამართლის მეთოდები, N5, 2021, 191. 8მახათაძე ნ., სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის გავლენა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე, სამართლის ჟურნალი, N1, 2019, 68. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 269 სამოქალაქო კანონმდებლობა ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს.9 მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი მიიჩნევა დრო როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.10 აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესისგან განსხვავებული რეგულაციები გვხვდება ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყებაზე, როდესაც მოთხოვნა მომდინარეობს არასრულწლოვანისგან ან მიმართულია მისკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი11 არასრულწლოვნებს ჰყოფს ორ ჯგუფად, პირველში ერთიანდება 7-დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც მოკლებული არიან მშობლების მზრუნველობას და ჯერ კიდე არ ჰყავს დანიშნული კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მეორე ჯგუფში ერთიანდება - ამავე ასაკობრივი კატეგორიის ის ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. პირველ შემთხვევაში, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერებას მოზარდის სრულწლოვანების მიღწევამდე ან კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე. მეორე შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადა არ ჩერდება. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც ობიექტურად, პატივსადები დამაბრკოლებელი გარემოებების გამო (ასაკი, ჯანმრთელობა, ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები) საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელება არ შეუძლიათ. ამავდროულად, ნორმა ხანდაზმულობისაგან იცავს იმ კრედიტორის უფლებასაც, რომელსაც მოთხოვნა აქვს შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელს კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი დანიშნული არ ჰყავს. დადგენილი წესი არ გამოიყენება არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით, რომელთაც მშობლები (მშობელი) ჰყავთ, ვინაიდან მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.12 სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ 7 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნებზე, შესაბამისად, კანონის რეგულაციის მიღმა რჩება 7 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ასაკობრივი და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უფრო მეტად ესაჭიროებათ სამართლებრივი დაცვა და მზრუნველობა. კოდექსი არ განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საკითხს კონკრეტულად ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის, რაც თავის მხრივ წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს, ვინაიდან მცირეწლოვანი, რომელსაც არ ჰყავს მშობელი, კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე პერიოდში, რჩება შეზღუდული და დარღვეული უფლების მატარებელი სუბიექტი. 9საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი, საქართველოს საპარლამენტო უწყებანი, N31, 24/07/1997. 10 იქვე. 11 იქვე, 134-ე მუხლი. 12 სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, წიგნი I, რედაქტორი ჭანტურია ლ., 2017, 749. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 270 ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, ზემოაღნიშნულ კონტექსტში მცირეწლოვანთა უფლებების დაცვის მომწესრიგებელ ნორმას, შესაძლებელია გამოყენებული იქნას კანონის ანალოგია.13 მოცემულ შემთხვევაში პრობლემური საკითხის გადაწყვეტის მიზნებისათვის, ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმაა, ჩვენ მიერ უკვე განხილული, სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება, მცირეწლოვანთათვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე, პრაქტიკულად დასაშვებია, თუმცა არ წარმოადგენს სრულფასოვან მექანიზმს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. გაუმართლებელია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა დაყვანილ იქნას კანონის ანალოგიამდე. არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით, საკმაოდ აქტუალურ და, ამავდროულად, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინსტიტუტი. კვლევის პროცესში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, დგინდება, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ფლობს საკმარის ინფორმაციას არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმებსა და პროცედურებზე, განსაკუთრებით ხანდაზმულობის მნიშვნელობაზე. შესაბამისად, არასრულწლოვანმა, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ჰყავს, შესაძლოა ვერ მოახდინოს უფლების სათანადო წესით რეალიზება, რაც ცნობიერების დაბალი დონის გარდა, შესაძლოა გამოწვეული იყოს მშობლის მძიმე ავადმყოფობით, მშობლისგან სიშორით ან სხვა უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებებით14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული არაერთი რეფორმისა და ღონისძიებისა, კანონმდებლობა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ასპექტები: ხანდაზმულობის შედარებითი ანალიზი საერთაშორისო პრაქტიკაში გერმანია. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ნორმატიული ჩარჩო ითვალისწინებს სპეციფიკურ სამართლებრივ მექანიზმებს ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირების მიმართ ხანდაზმულობის ვადების გამოყენებისას. კერძოდ, კანონმდებელი ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიან პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, მის სასარგებლოდ ან საზიანოდ მიმდინარე ხანდაზმულობის ვადის დინება არ დასრულდება მანამ, სანამ არ გავა ექვსი თვე იმ მომენტიდან, როდესაც ადგილი ექნება ერთ-ერთ შემდეგ იურიდიულ ფაქტს: ა) პირი შეიძენს სრულ ქმედუნარიანობას ან ბ) აღმოიფხვრება წარმომადგენლობითი დეფიციტი. ნორმატიული რეგულირების სისტემური ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონისმიერი ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, ხდება მისი 13საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მე-5 მუხლი. ხელმისაწვდომია: [02.04.2025]. 14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის Nას-1224-1076-2010 გადაწყვეტილება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 271 სუბსტიტუცია ექვსთვიანი პერიოდით. აღნიშნული სამართლებრივი გაფართოება წარმოადგენს საკანონმდებლო ინტერვენციას კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მოწყვლადი სუბიექტების დაცვის მიზნით, ასევე საყურადღებოა, ისიც, რომ აღნიშნული დანაწესი არ გამოიყენება იმ ფარგლებში, რომლებშიც შეზღუდულქმედუნარიანი პირი შეინარჩუნებს პროცესუალურ უფლებაუნარიანობას, რაც ასახავს საპროცესო და მატერიალური სამართლის ავტონომიურობის პრინციპს.15 საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვანთათვის კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე ან სრულწლოვანების მიღწევამდე ადგენს არა ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების, არამედ მისი შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული განსხვავება არსებითი ხასიათისაა, რამდენადაც შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი ინსტიტუტები განსხვავებულ იურიდიულ შედეგებს წარმოშობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დიფერენცია ამ ორი სამართლებრივი სისტემის ნორმატიულ რეგულირებაში მდგომარეობს იმაში, რომ გერმანული სამართალი, ქართულისგან განსხვავებით, აღიარებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას როგორც ქმედუუნარო, ასევე შეზღუდულქმედუნარიან არასრულწლოვნებთან მიმართებაში. შესაბამისად, გერმანულ სამართლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვის უფლებების დაცვა სასარჩელო ხანდაზმულობის თვალსაზრისით. ამგვარი ნორმატიული მიდგომა გერმანულ სამართალში ასახავს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უპირატესად გათვალისწინების პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტად არის აღიარებული და განმტკიცებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით. კვებეკი. კვებეკის სამოქალაქო კოდექსი, გერმანიის კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დინება პირების მიმართ არ ხდება, თუ მათთვის რეალურად შეუძლებელია პირადად მოქმედება ან სხვების მიერ მათ სასარგებლოდ წარმომადგენლობის განხორციელება.16 აღნიშნული ნორმატიული დანაწესი თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ქმედუუნარო, ასევე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. ეს სამართლებრივი მიდგომა ასახავს კვებეკის სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპს - გაძლიერებული იურიდიული დაცვის მექანიზმების შექმნას მოწყვლადი სუბიექტებისათვის. საფრანგეთი. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება ყველა არასრულწლოვნის და სრული მეურვეობის ქვეშ მყოფი სრულწლოვანი პირის მიმართ, მიუხედავად მათი ასაკისა თუ ქმედუნარიანობის ხარისხისა.17 15გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 210-ე პარაგრაფი, [02.04.2025]. 16კვებეკის სამოქალაქო კოდექსის 2904-ე მუხლი, [02.04.2025]. 17 საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის 2235-ე მუხლი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 272 იტალია. ანალოგიური მიდგომა გვხვდება იტალიის სამოქალაქო კოდექსშიც, სადაც ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება ყველა არასრულწლოვანის მიმართ, განურჩევლად მათი ასაკისა, სრულწლოვანების მიღწევამდე ან კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე.18 სტაგნო ბელგიის წინააღმდეგ19. ბელგიის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე არასრულწლოვნებს უარი ეთქვათ თავიანთი ქონებრივი უფლებების დაცვაზე ხანდაზმულობის ვადის გამო, ადამიანის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ დაადგინა დარღვევა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობდა შემდგომში: მამის გარდაცვალების შემდეგ, ორ არასრულწლოვან მომჩივანს, როგორც მამის სიცოცხლის დაზღვევის ბენეფიციარებს, სადაზღვევო კომპანიამ გარკვეული თანხა გადაუხადა. მომჩივნების დედამ, თანხა განათავსა შემნახველ ანგარიშზე, რომელიც წელიწადზე ნაკლებ დროში აღარ იყო. სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ თითოეულმა მომჩივანმა სარჩელი აღძვრა დედისა და სადაზღვევო კომპანიის მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები დაობდნენ, რომ მათ დაერღვათ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, ვინაიდან ბელგიის სასამართლომ მათ ჩამოართვა სასამართლოს წინაშე არსებული ეფექტური დაცვის საშუალება, იმის გათვალისწინებთ, რომ კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლა მათი არასრულწლოვანების პერიოდში არ შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მომჩივნებს არ შეეძლოთ სასამართლო დავის დაწყება. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას- სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბელგიის სასამართლოებმა სადაზღვევო კომპანიის ინტერესები უფრო წინ დააყენეს, როდესაც არ შეჩერდა ხანდაზმულობის ვადის დინება უფლებადარღვეულთა არასრულწლოვანების გამო. სრულწლოვანების მიღწევამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო კომპანიის წინააღმდეგ მათი უფლებების დაცვა, შემდგომ კი მათი მოთხოვნა გახდა ხანდაზმული. შესაბამისად, საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გარეშე კანონით დადგენილი ვადის მკაცრმა გამოყენება, მომჩივნებს ხელი შეუშალა მათთვის ხელმისაწვდომი დაცვის საშუალებით სარგებლობაში20. ეს პრეცედენტი ადგენს, რომ არასრულწლოვნების პერიოდში ხანდაზმულობის ვადის შეჩერების მექანიზმის არარსებობა შეიძლება გამოიწვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სპეციალური სამართლებრივი მექანიზმების აუცილებლობას ხანდაზმულობის ინსტიტუტის კონტექსტში. 18 იტალიის სამოქალაქო კოდექსის 2942-ე მუხლი. 19 ევროპის სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის N1062/07 გადაწყვეტილება საქმეზე სტაგნო ბელგიის წინააღმდეგ, [02.04.2025]. 20 ბავშვის უფლებები, [02.04.2025]. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 273 დასკვნა კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული არაერთი საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება როგორც ნორმატიული ბაზის, ისე პრაქტიკული იმპლემენტაციის თვალსაზრისით. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ადამიანების თანასწორობის კონსტიტუციური უფლების სრულყოფილი რეალიზაცია. დაუშვებელია იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი სუბიექტების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების მიზანს. ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების პრივილეგიით მხოლოდ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვნების აღჭურვა, როდესაც ამავდროულად იგივე უფლება არ გააჩნიათ ქმედუუნარო არასრულწლოვნებს, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, წარმოადგენს აშკარა დისკრიმინაციას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. ხანდაზმულობის ინსტიტუტი, მისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, უნდა ემსახურებოდეს ყველა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას დისკრიმინაციის გარეშე. სამართლებრივ-შედარებითი ანალიზი ნათლად წარმოაჩენს საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს. შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლის საფუძველზეც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე და ქმედუუნარო არასრულწლოვნები აღიჭურვებიან თანაბარი სამართლებრივი დაცვის გარანტიებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტიან დაცვას. ბავშვთა უფლებების დაცვა წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს, საზოგადოებას, ინდივიდებსა და თავად არასრულწლოვნებს. ამ სისტემის ნებისმიერი კომპონენტის დისფუნქცია საფრთხეს უქმნის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების რეალიზებას. ჩატარებული ემპირიული კვლევის შედეგები მიუთითებს საზოგადოებაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და პროცედურების, მათ შორის ხანდაზმულობის ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების დაბალ დონეზე. აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდებულია კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება: თემატური ტრენინგების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიების წარმოება, საგანმანათლებლო მასალების შექმნა და გავრცელება, სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. მხოლოდ კუმულაციური ძალისხმევით იქნება შესაძლებელი არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, რაც თავის მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი წინაპირობაა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 274 გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა:  ახალაძე მ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებები სამოქალაქო სამართალში, საქართველოს უზენაესი სასამართლო, 2022; [akhaladze m , sakartvelos uzenaesi sasamartlos sasamartlos samokalako sakmeta p’alat’is ganmart’ebebi samokalako samartalshi, sakartvelos uzenaesi sasamartlo, 2022]  კილაძე ს. და ტურავა პ., ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარები, თბილისი, იურისტების სამყარო, 2021; [k’iladze s Da t’urava p’. , bavshvis uplebata k’odeksis sakhelmdzghvanelo k’oment’arebi, tbilisi, iurist’ebis samq’aro, 2021;]  კობალაძე ლ., ხანდაზმულობის ვადა, CONTRA LEGEM ინტერპრეტაცია და ერთი საინტერესო გადაწყვეტილება ქართული სამოქალაქო სამართალწარმოების პრაქტიკიდან, სამართლის მეთოდები, N5, 2021; [k’obaladze l , khandazmulobis vada, CONTRA LEGEM int’erp’ret’atsia da erti saint’ereso gadats’q’vet’ileba kartuli samokalako samartalts’armoebis p’rakt’ik’idan, samartlis metodebi, N5, 2021;]  მახათაძე ნ., სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის გავლენა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობაზე, სამართლის ჟურნალი, N1, 2019; [makhatadze n, sakhelshek’rulebo motkhovnis khandazmulobis gavlena samokalako brunvis st’abilurobaze, samartlis zhurnali, N1, 2019;]  ტეფნაძე ზ., სასარჩელო ხანდაზმულობა და მისი გამოთვლის წესი, შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, 2021; [t’epnadze z , sasarchelo khandazmuloba da misi gamotvlis ts’esi, shp’s guram tavartkiladzis sakhelobis tbilisis sasts’avlo universit’et’i, 2021;]  ჭანტურია ლ., რედაქტორი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, წიგნი I, 2017; [ch’ant’uria l , redakt’ori, samokalako k’odeksis k’oment’arebi, samokalako k’odeksis zogadi debulebebi, ts’igni I, 2017;]  Hasanova A.R., Statute of limitations: legal nature and essence, Landscape Journal, 2019;  Guttel E.,. A New Approach to Old Cases: Reconsidering Statutes of Limitation, University of Toronto Law Journal (University of Toronto Press) – vol 54, 2004;  Guyvan P., Limitation of claims – the period of protection of a violated right by a person 2022;  Kochyna O., Application of statutes of limitations in conditions of martial law, 2024.  Ross H., Protecting the wrongdoer: civil limitation laws in historical childhood abuse claims. International journal of children's rights, 26(4), 2018.  ბავშვის უფლებები. [02.04.2025]; [bavshvis uplebebi ]  ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში ჰააგის კონვენციის მიხედვით. < https://bit.ly/3UlSxwo > [02.04.2025]; [bavshvta uplebebis datsva sakartveloshi haagis k’onventsiis mikhedvit;]  რა ვადის გასვლის შემდეგ შეუძლია მოვალეს უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე? [02.04.2025]; [Ra vadis gasvlis shemdeg sheudzlia movales uari tkvas valdebulebis shesrulebaze?]  სამოქალაქო სამართლის სფერო. [02.04.2025]; [samokalako samartlis spero ] Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 275  საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995; [sakartvelos k’onst’it’utsia, sakartvelos p’arlament’is uts’q’ebebi, 31-33, 24/08/1995;]  საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997;  საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997; [sakartvelos k’anoni ,,sakartvelos samokalako k’odeksi“, p’arlament’is uts’q’ebani, 31, 24/07/1997;]  საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 27/09/2019; [sakartvelos k’anoni ,,bavshvis uplebata k’odeksi“, sakartvelos sak’anonmdeblo matsne, 27/09/2019;]  ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (მიღებულია 1950 წლის 4 ნოემბერში, ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს);[adamianis uplebata da dziritad tavisuplebata datsvis k’onventsia (mighebulia 1950 ts’lis 4 noembershi, dzalashi shevida 1953 ts’lis 3 sekt’embers);]  ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია (მიღებულია 1989 წლის 20 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1990 წლის 2 სექტემბერს); [bavshvis uplebebis shesakheb k’onventsia (mighebulia 1989 ts’lis 20 noembers da dzalashi shevida 1990 ts’lis 2 sekt’embers);]  გერმანიის სამოქალაქო კოდექსი (მიღებულია 1896 წლის 18 აგვისტოს და ძალაში შევიდა 1900 წლის 1 იანვარს); [Germaniis samokalako k’odeksi (mighebulia 1896 ts’lis 18 agvist’os da dzalashi shevida 1900 ts’lis 1 ianvars);]  კვებეკის სამოქალაქო კოდექსი (მიღებულია 1991 წლის 16 ივნისს და ძალაში შევიდა 1994 წლის 1 იანვარს); [k’vebek’is samokalako k’odeksi (mighebulia 1991 ts’lis 16 ivniss da dzalashi shevida 1994 ts’lis 1 ianvars);]  საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი (მიღებულია 1804 წლის 21 მარტს და ძალაში შევიდა 1804 წლის 1 იანვარს); [saprangetis samokalako k’odeksi (mighebulia 1804 ts’lis 21 mart’s da dzalashi shevida 1804 ts’lis 1 ianvars);]  იტალიის სამოქალაქო კოდექსი (მიღებულია 1942 წლის 16 მარტს და ძალაში შევიდა 1942 წლის 1 იანვარს); [it’aliis samokalako k’odeksi (mighebulia 1942 ts’lis 16 mart’s da dzalashi shevida 1942 ts’lis 1 ianvars);]  საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის Nას-266-254-2013 გადაწყვეტილება; [sakartvelos uzenaesi sasamartlos samokalako sakmeta p’alat’is 2013 ts’lis 25 dek’embris Nas-266-254-2013 gadats’q’vet’ileba;]  საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის Nას-1224-1076-2010 გადაწყვეტილება; [sakartvelos uzenaesi sasamartlos 2011 ts’lis 12 ap’rilis Nas-1224-1076-2010 gadats’q’vet’ileba;]  ევროპის სასამართლოს 2009 წლის 7 ივლისის N1062/07 გადაწყვეტილება საქმეზე სტაგნო ბელგიის წინააღმდეგ. [evrop’is sasamartlos 2009 ts’lis 7 ivlisis N1062/07 gadats’q’vet’ileba sakmeze st’agno belgiis ts’inaaghmdeg .] Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 276 The Institution of Statute of Limitations as a Guarantee for the Protection of Minors' Rights: Theoretical and Practical Aspects of Civil Proceedings Mariam Mamuladze PhD student of the Law school, Davit Agmashenebeli University of Georgia. E-mail: Mariam27mamuladze@gmail.com Abstract This research systematically examines the statute of limitations as a key guarantor of stability in civil legal relationships, with particular focus on the protection of minors. Georgia's Civil Code regulates the suspension of limitation periods for individuals with limited legal capacity until they obtain legal representation or reach adulthood. However, the current regulatory framework inadequately protects the rights of legally incapacitated children under seven years who lack parental care and have no appointed legal representatives. This legislative deficiency requires comprehensive research and normative improvements to safeguard children's best interests. The study also addresses the critical role of legal representatives. Our empirical data analysis demonstrates that segments of society possess insufficient information about legal representatives' rights and obligations. Public awareness regarding limitation periods as protective mechanisms for minors is notably low. The research incorporates critical analysis of legal norms from various jurisdictions and relevant European Court of Human Rights precedents. This paper ultimately aims to formulate recommendations that will substantially improve the protection mechanisms for minors' civil procedural rights, addressing both theoretical frameworks and practical implementation challenges within the Georgian legal system Key words: Minor/Juvenile, Statute of limitations, Best interests, Rights, Legal representative/Guardian