Microsoft Word - fullpdf07022025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 730 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 2, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.02.69 ქართული ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგია: ისტორიული საფუძვლები, სამკურნალო მცენარეთა კულტივაციის პრაქტიკა და ცოდნის გადაცემის გზები დიმიტრი კოჩაძე1, ელგუჯა ლაჭყეპიანი2, რობერტ მახარაშვილი3 1შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, ექიმი ინფექციონისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის PhD სტუდენტი. https://orcid.org/0009- 0009-9976-4724; 2სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის PhD სტუდენტი. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.42; 3პედიატრიული კლინიკა Mმედი22, ანესთეზია- რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ანოტაცია მოცემული კვლევა მიმოიხილავს ქართული ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგიის ისტორიულ, პრაქტიკულ და ზეპირსიტყვიერ საფუძვლებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს ამ რთულად სტრუქტურირებული ცოდნის სისტემის მეცნიერული ინტერპრეტაცია. ეთნოფარმაკოლოგია, როგორც დისციპლინა, აერთიანებს ბოტანიკურ, კულტურულ და სემიოტიკურ ანალიზს და ამ თვალსაზრისით, ქართული ტრადიციული მედიცინა წარმოადგენს ორიგინალურ, თუმცა უნივერსალურ მოდელს. კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ მეთოდოლოგიას, პირველწყაროების დოკუმენტურ ანალიზს და ზეპირსიტყვიერი ტექსტების ეთნოგრაფიულ ჰერმენევტიკას. გამოყენებულ იქნა XIX–XX საუკუნეების ქართული მონოგრაფიები, ხალხური რეცეპტები, შელოცვები, სიმღერები და მცენარეთა ბოტანიკური აღწერილობები. კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო გამოევლინა მცენარეთა გამოყენების პრაქტიკებსა და რიტუალურ სტრუქტურებს შორის კავშირი, რაც ხშირად განსაზღვრავს სამკურნალო ქმედების კულტურულ ლეგიტიმაციას. შესწავლილ იქნა ოთხი ძირითადი მცენარის (კატაბალახა, შხამა, ცოცხანა, ძახველი) ეთნოფარმაკოლოგიური პროფილი, რომლებიც წარმოაჩენენ როგორც ბიოაქტიურ მოქმედებებს, ასევე ღირებულ რიტუალურ-სემანტიკურ ფაქტორებს. აღმოჩნდა, რომ ტრადიციული გამოყენება ხშირ შემთხვევაში ემთხვევა თანამედროვე ფარმაკოლოგიურ პრაქტიკას, რაც მიუთითებს ტრადიციული ცოდნის ემპირიულ საფუძვლებზე. კვლევამ გააანალიზა ზეპირსიტყვიერი ცოდნის გადაცემის მექანიზმები, მათ შორის – ცოდნის დაცვა, შერჩევითობა და რიტუალურ-ლინგვისტური ჩარჩოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მცენარეთა კლასიფიკაციის ხალხური სისტემები („ცხელი/ცივი“, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 731 „მდუმარე/ხმოვანი“), რაც მიუთითებს ქვეცნობიერ სტრუქტურირებულ მიდგომაზე. კვლევაში ხაზგასმულია ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ცოდნის გადაცემის წყვეტა, ჰაბიტატების შემცირება და ტრადიციული პრაქტიკის იგნორირება. დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები ეთნოფარმაკოლოგიური მემკვიდრეობის დოკუმენტირებისა და მისი სამეცნიერო ინტეგრაციის გზებზე, აქცენტით ეთიკურ პრინციპებსა და ადგილობრივი ავტორების პატივისცემაზე. ტრადიციული ქართული ეთნოფარმაკოლოგია არ წარმოადგენს მხოლოდ კულტურულ რელიქვიას, არამედ შეიძლება გახდეს თანამედროვე ფარმაკოლოგიური ინოვაციის წყარო, თუკი მისი შესწავლა წარიმართება კომპლექსურად, ეთიკურად და ინტერდისციპლინურად. საკვანძო სიტყვები: ეთნოფარმაკოლოგია; ქართული ტრადიციული მედიცინა; სამკურნალო მცენარეები; ზეპირსიტყვიერი ცოდნა; რიტუალური პრაქტიკა; ფიტოთერაპია; ბიოაქტიური ნივთიერებები; ბოტანიკა; სამონასტრო ბაღები; სიმბოლური კლასიფიკაცია; კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციული რეცეპტები; შელოცვები; ფარმაკოგნოზია; ფარმაკოლოგიური ანალიზი; ხალხური მკურნალობა; შესავალი ეთნოფარმაკოლოგია წარმოადგენს ინტერდისციპლინურ მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის მცენარეთა, ცხოველთა და სხვა ბუნებრივ ნივთიერებათა გამოყენებას მკურნალობაში ტრადიციული ცოდნისა და კულტურული პრაქტიკის კონტექსტში. ეს დისციპლინა განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირსიტყვიერ გადაცემას, რიტუალურ პრაქტიკებს, ხალხურ წარმოდგენებსა და სამკურნალო ქცევის სოციალურ- საგანმანათლებლო განზომილებებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეთნოფარმაკოლოგიური კვლევები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურად განვითარდა, ქართული ტრადიციული მედიცინა და მისი ფარმაკოგნოზიური მემკვიდრეობა ჯერაც სათანადოდ არ არის შესწავლილი. საქართველო, როგორც კავკასიის კულტურული და ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მდიდარი კერაა, ფლობს სამკურნალო მცენარეთა მრავალფეროვან არსენალს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ეთნოფარმაკოლოგიურ ცოდნის გამდიდრებისთვის საუკუნეების განმავლობაში. საქართველოს კლიმატი ქმნიდა განსხვავებული ფიტოთერაპილი მიდგომების ჩამოყალიბების მსუყე საფუძველს. რაც შერწყმული იყო რელიგიურ წარმოდგენებთან, სოფლის მეურნეობასა და ყოფით კულტურასთან. ქართულ ტრადიციულ მედიცინაში სამკურნალო მცენარეები წარმოადგენდა არამხოლოდ ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების წყაროს, არამედ სულიერი და რიტუალური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილს. მცენარეთა შეგროვება, დამუშავება და გამოყენება რეგულირდებოდა როგორც ემპირიული, ასევე რელიგიური პრინციპებით. სახალხო Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 732 მკურნალები - ხევსური დასტაქრები, მოკმელები, ბერები, სოფლის მკურნალები - ფლობდნენ ცოდნას, რომელიც გადაიცემოდა ზეპირსიტყვიერად, სიმღერებით, შელოცვებითა და ხელნაწერი სამკურნალო რეცეპტებით. აღნიშნული ცოდნა საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა გადეცემოდა კონკრეტული პირების შთამომავლების მიერ. ამ ნაშრომის მიზანია, შეაფასოს ქართული ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგიის ისტორიული, პრაქტიკული და ზეპირსიტყვიერი საფუძვლები. სტატიაში განხილულია სამკურნალო მცენარეთა მოპოვების, კულტივაციისა და დამუშავების პრაქტიკა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მათ გამოყენებაზე ხალხურ მედიცინაში. აგრეთვე წარმოდგენილია კონკრეტული მცენარეების ანალიზი (მაგალითად: კატაბალახა, შხამა, ცოცხანა, ძახველი), რომელთა ეთნოფარმაკოლოგიური მნიშვნელობა გადაჯაჭვულია როგორც ბიოქიმიურ, ასევე კულტურულ-რელიგიურ მნიშველობებთან. ნაშრომი ეყრდნობა ქართულენოვან პირველწყაროებს, მათ შორის XIX–XX საუკუნეების ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს, სამკურნალო მცენარეთა მონოგრაფიულ აღწერებს, ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებსა და ფარმაცევტულ დოკუმენტაციას. მეთოდოლოგია წინამდებარე კვლევა ეყრდნობა ხარისხობრივ ანალიზს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგიური ცოდნის მეცნიერულ ინტერპრეტაციას. კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო მოიცავს როგორც პირველწყაროებზე დაფუძნებულ დოკუმენტურ ანალიზს, ასევე თანამედროვე ეთნოფარმაკოლოგიური კვლევის სტანდარტებს. კვლევისთვის გამოყენებული ძირითადი მასალა მოიცავს: XX საუკუნის ქართულენოვან მონოგრაფიებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებს სამკურნალო მცენარეთა შესახებ, ხალხური რეცეპტების წიგნებსა და ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებს სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული კვლევებიდან, მცენარეთა აღწერილობებს, რომლებშიც მოცემულია როგორც ბოტანიკური მახასიათებლები, ისე სამკურნალო და რიტუალური გამოყენების ფორმები, სამკურნალო პრაქტიკის კონტექსტში შემონახულ ზეპირსიტყვიერ მასალას - შელოცვებს, სიმღერებს, რიტუალურ ტექსტებს. წყაროების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭა მასალას, რომელიც ასახავს მცენარის მოქმედების პრაქტიკულ გამოყენებას და ხალხურ ჩანაწერებში მოცემული მცენრაის იდენტურობას. ტექსტში განხილული მცენარეები კლასიფიცირებულია შემდეგი პარამეტრებით: სამეცნიერო და ქართულ-ხალხური სახელწოდება, ბიოგეოგრაფიული გავრცელება, სამკურნალო გამოყენება ტრადიციულ მედიცინაში, ბიოაქტიური ნივთიერებები და მათი ფარმაკოლოგიური თვისებები. თითოეულ მცენარეზე ჩამოყალიბებული აღწერილობა ეფუძნება კრიტიკული შედარების პრინციპს - ხალხური პრაქტიკის, ბოტანიკური აღწერილობისა და ფარმაცევტული მონაცემების შეჯერებას. ზეპირსიტყვიერი ტექსტების, შელოცვების, სიმღერების და ხალხური თქმულებების, გაანალიზება მიმდინარეობდა ეთნოგრაფიული ჰერმენევტიკის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს: ლინგვისტური კოდის და კულტურულ-სოციალური კონტექსტის გათვალისწინებას; პრაქტიკულ შინაარსზე ფოკუსირებას (ვინ, როგორ და როდის იყენებდა Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 733 ცოდნას); ცოდნის გადაცემის ფორმალურ და არაფორმალურ გზებს (ოჯახური ზეპირსიტყვიერება, ბერ-მონაზვნების ზეპირსიტყვიერება). მიუხედავად მდიდარი მდიდარი მემკვიდრეობისა, აღსანიშნავია რამდენიმე მეთოდოლოგიური შეზღუდვა: მასალის სტანდარტიზაციის სირთულე; ზოგიერთი ზეპირსიტყვიერი მონაცემის შინაარსობრივი ფრაგმენტულობა; ბიოქიმიური კომპონენტების ზოგ შემთხვევაში ჰიპოთეზურ დონეზე ცოდნა, რაც საჭიროებს სამომავლო ლაბორატორიულ კვლევებს. მიმოხილვა ისტორიული საფუძვლები: ქართული ეთნოფარმაკოლოგიის წარმოშობა და განვითარების ტენდენციები საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოფარმაკოლოგიური პრაქტიკის ფესვები უკავშირდება ადამიანთა მიერ ბუნებაში არსებული რესურსების გამოყენების მცდელობებს, თვითმკურნალობისა და ტკივილების შემსუბუქების მიზნით. არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ ჯერ კიდევ მეზოლითისა და ნეოლითის ეპოქებში მცხოვრები მოსახლეობა იყენებდა სხვადასხვა მცენარეს, როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ. აღნიშნული პრაქტიკები, სავარაუდოდ, ემპირიულ დაკვირვებასა და იმიტაციური ქცევის მექანიზმებზე იყო დაფუძნებული; მაგალითად, რომელი მცენარე ჭამა ცხოველმა ავადმყოფობისას და როგორ მოქმედებდა ის. ქართული ეთნოფარმაკოლოგიის წერილობითი ისტორია უძველესი ლიტერატურული წყაროებით იწყება. სამედიცინო თემებზე შექმინილი პირველი ტექსტები ქრისტიანული ეპოქის საეკლესიო ძეგლებში გვხვდება. ქართველი ბერ-მონაზვნები შუა საუკუნეებში ითვლებოდნენ სამედიცინო ცოდნის მქონე იდივიდებად. მონასტრებში არა მხოლოდ ინახავდნენ უცხოურ სამედიცინო ტრაქტატებს, არამედ თავადაც ქმნიდნენ ადგილობრივ სამკურნალო პრაქტიკას, რომელიც დაფუძნებული იყო მცენარეულ ნედლეულზე, რომელიც მოიპოვებოდა საცხოვრებელი ადგილების მახლობლად ძველი ქართველი მკურნალების ტექსტებში შესაძლოა არ გვხეებოდეს პირდაპირი მითითებები სამკურნალო მცენარეებზე, თუმცა მათ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ჩართულია სნეულებების აღწერისა და მკურნალობის მხატვრული მინიშნებები. XIX საუკუნიდან იწყება ქართული სამეცნიერო ეთნოგრაფიის ჩამოყალიბება და პირველად ხდება მცენარეთა აღწერის სისტემატიზაცია ხალხური გამოყენების კონტექსტში. ქართველი ისტორიკოსების თხზულებებში ასახულია როგორც მცენარეთა გეოგრაფიული გავრცელება, ასევე მათი პრაქტიკული მნიშვნელობა რეგიონებში. განსაკუთრებით ღირებულია სვანეთის, რაჭის, გურიის და კახეთის მონაცემები, სადაც მკურნალები არა მხოლოდ მცენარეებს იყენებდნენ, არამედ მათ გარშემო არსებობდა სარწმუნოებრივი და რიტუალური სქემა; მაგალითად, ფითრის წვა ან იის სურნელება გამოიყენებოდა „ცუდის“ განსადევნად, რაც მკაფიოდ გამოხატავს სულიერი სიმბოლიკით დატვირთულ ტრადიციაში მცენარეების გამოყენების პრაქტიკას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 734 განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხალხური მკურნალის ინსტიტუტი, რომელსაც რეგიონების მიხედვით სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ,,დასტაქარი“, „მოკმელი“, „მღვდელ-მკურნალი“, „მრევლში გამცნობელი“. ისინი ფლობდნენ ცოდნას, რომელიც ხშირად ოჯახური ხაზით გადაეცემოდა ან მონასტრებში მღვდელ მონაზვნების მიერ ერთმანეთში გადეცემოდა. ეს ცოდნა ზეპირსიტყვიერი იყო და მკაცრ ეზოთერულ ჩარჩოებში იყო მოქცეული; მაგალითად, კონკრეტული მცენარის სახელის, დამზადების წესისა და ლოცვის კომბინაციის გასაჯაროება არ შეიძლებოდა რიგითი ადამიანისთვის. ისტორიულად, ქართულ ეთნოფარმაკოლოგიაში მცენარეთა გამოყენება არ შემოიფარგლებოდა ფიზიკური სნეულების მკურნალობით. ის მოიცავდა რიტუალურ და საკრალურ ასპექტებს: მცენარეებს კიდებდნენ ჭიშკარზე, საჭმელში აზავებდნენ შელოცვების წარმოთქმასთან ერთად ან გამოიყენებდნენ დღეობებში რიტუალურად. ამის პარალელურად მკურნალობა ეყრდნობოდა მკაცრად ჩამოყალიბებულ სტანდარტებს: მცენარის მოპოვება ხდებოდა კონკრეტულ პერიოდში (ახალი მთვარისას, განთიადზე, დაუწოლავ მდელოზე) და აუცილებლად უნდა წარმოთმულიყო შესაბამისი ლოცვა ან „დადება“. ამრიგად, ქართული ეთნოფარმაკოლოგიის ისტორიული საფუძვლები არ წარმოადგენს მხოლოდ მცენარეების შესახებ პრაგმატულ ცოდნას, არამედ შეიცავს სამყაროს ჰოლისტურ ხედვას, რომელიც აერთიანებს ფიზიოლოგიურ, ფსიქოსოციალურ და სულიერ განზომილებებს. სამკურნალო მცენარეთა კულტივაციის პრაქტიკა საქართველოში ისტორიულად, სამკურნალო მცენარეების უმეტესობა პირდაპირ ბუნებიდან - ტყიდან, მდელოდან, მინდვრიდან - მოიპოვებოდა. თუმცა, გარკვეული მცენარეების მიმართ სიფრთხილით მოპყრობა მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ სოფლის მეურნეობაში არსებობდა მცენარეთა მიზანმიმართული მოშენების ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩენილია რეგიონებში. საზოგადოებაში სამკურნალო მცენარის დათესვა არ იყო სოფლის მეურნეობის ჩვეულებრივი ნაწილი; მას თან სდევდა გარკვეული წეს-ჩვეულებები. ბევრი მცენარის დათესვა ან მოყვანა ითვლებოდა „საღმრთო საქმედ“; მაგალითად, ღვთისმშობლის ბალახად წოდებული მჭადა (Achillea millefolium) ან იოანეს ბალახი (Hypericum perforatum) უნდა დაეთესათ წმინდანის დღის წინა ღამეს, თან მთესველს უნდა სცოდნოდა შესაბამისი ლოცვა რომლითაც მცენარე „იწმინდებოდა“. კულტივაციის პროცესში არამხოლოდ ბიოლოგიური, არამედ სიმბოლურ-რელიგიური მოტივაციებიც ჩნდებოდა. მაგალითად, მცენარეებს არ თესავდნენ „გადაუზამთრებელ“ მიწის ნაკვეთზე; მიიჩნეოდა, რომ მიწა უნდა ყოფილიყო „მომწიფებული“ და მიწათმოქმედის ქმედება - მორალურად წმინდა. განსაკუთრებით ღირებული მცენარეების მოყვანა ხშირად ენდობოდა ოჯახში უხუცესს ან ქალს, რომელიც ფლობდა ცოდნას მის სასწაულებრივ მოქმედებაზე. სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სამკურნალო მცენარეთა მიზანმიმართულ მოშენებაში მონასტრებში არსებული ბაღების როლს. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ქართველ ბერებს ჰქონდათ საკუთარ სამონასტრო ბაღებში სპეციალურად გამოყოფილი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 735 ადგილები სამკურნალო მცენარეებისთვის. ასეთი მაგალითებია გელათის, შიომღვიმის, დავითგარეჯის და იყალთოს მონასტრები. ამ ბაღებში მოჰყავდათ ისეთი მცენარეები, რომლებიც ბუნებრივად შეიძლება არ იზრდებოდნენ რეგიონის პირობებში, მაგრამ ადგილობრივ პირობებთან ადაპტირდებოდნენ. ბერები ზრდიდნენ მცენარეებს, ამზადებდნენ მათგან მალამოებს, ნახარშებსა და ტინქტურებს, რომლებიც გამოიყენებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე თავად მონასტრის ბინადართა სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში ეთნომედიცინის ტრადიციებმა ნაწილობრივ დაკარგა სისტემური ფორმა, გარკვეულმა ოჯახებმა და ტრადიციულმა მკურნალებმა შეინარჩუნეს მცენარეთა მოშენების უნიკალური მეთოდები. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში - გურიაში, სამეგრელოს მთიანეთში, აჭარაში - დღესაც გვხვდება ბაღები, სადაც ადგილობრივები სპეციალურად რგავენ სამკურნალო მცენარეებს და მკაცრად იცავენ მოშენების ტრადიციულ წესებს. კონკრეტული მაგალითია კოლხური ცოცხანა (Asarum caucasicum), რომელიც უნიკალურია კოლხეთის ბიოსფეროსთვის და ადგილობრივ მოსახლეობაში გამოიყენებოდა როგორც სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათაა სამკურნალო საშუალება. მას ხშირად ზრდიდნენ ჩრდილში, მუდმივი ტენიანობის პირობებში და განიხილებოდა, როგორც „ოჯახური ბალახი“. ზეპირსიტყვიერი ცოდნის გადაცემის ფორმები და რიტუალური შრეები ქართულ ეთნოფარმაკოლოგიაში ქართული ეთნოფარმაკოლოგიური ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილი ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა. სამკურნალო მცენარეებთან დაკავშირებული ცოდნა საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას, არა წერილობითი ტექსტებით, არამედ ყოფით ენაში, სიმღერებში, შელოცვებში, მითებში და პრაქტიკულ რიტუალებში ინტეგრირებული ფორმით. ეს ცოდნა იყო ცოცხალი, ქმედითი და კონტექსტურად განხორციელებადი - იგი არ არსებობდა თეორიულად განცალკევებულად, არამედ მხოლოდ მოქმედების დროს იძენდა სრულ მნიშვნელობას. სახალხო მკურნალები - დასტაქრები, მოკმელები, გამცნობლები, ან ბერ-მონაზვნები - ხშირად არ იყენებდნენ მხოლოდ მცენარეს, არამედ მას თან ურთავდნენ „დადებას“ - სპეციალურად ფორმულირებულ ტექსტს, რომელიც ითვლებოდა მოქმედების განუყოფელ ნაწილად. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ლოცვა, ტექსტი, წრეში ნათქვამი სიტყვა, ან ფრაზა, რომელსაც მკურნალი იმეორებდა მცენარის საშუელბით წამლის დამზადების დროს. მაგალითად, როდესაც ადამიანს ტანჯავდა „გულის შუაზე დარტყმა“, მკურნალი ადუღებდა კუნელის ნაყოფს და მასთან ერთად ამბობდა: „ვითარცა ეს ბუჩქი ისმინოს ტკივილი, ისე შენს გულსაც მოეკვეთოს ვარამი.“ ამ ფრაზას თან ახლდა ჯვრის გადასახვა, მცენარისგან დამზადებული წამლის მიღება სამჯერ და დუმილის წესის დაცვა რამდენიმე საათით. ზეპირსიტყვიერი ცოდნა არ იყო საზოგადოებაში თავისუფლად ხელმისაწვდომი. მას ხშირად იცავდნენ რჩეული პირები: ოჯახური ხაზით გადასცემდნენ შვილს ან მემკვიდრეს, ვინც აღიარებული იყო როგორც „ღირსი ცოდნის მატარებელი“. პრაქტიკის მემკვიდრეობა არ იყო მხოლოდ ტექნიკური უნარის გადაცემა; ის მოითხოვდა მორალურ, სულიერ და სოციალურ მზაობას. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ხევსურეთში ან/და რაჭაში, მკურნალს ჰქონდა „დადებული Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 736 ცოდნა“, რაც ნიშნავდა, რომ მან ცოდნა უნდა გადასცეს რჩეულს მხოლოდ მაშინ, როცა „მოწოდებას“ იგრძნობდა. ამგვარი ცოდნა შეიძლებოდა გადაცემულიყო სიმღერით, მითითებით, მეტაფორით ან ალუზიით. მაგალითად, კახეთში გავრცელებული იყო სიმღერა, რომელიც აღწერდა, თუ როგორ უნდა შეგროვებულიყო მრავალძარღვას (Plantago major) ფოთოლი დილის სხივის ქვეშ, ოდნავ ნესტიანი მიწიდან, შემდეგ უნდა დადებულიყო მარცხენა ხელისგულზე და სამი სიტყვით „გადაერია სნეულებას“. ბევრი მცენარე ითვლებოდა არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ „ღვთაებრივად შობილად“, რაც ნიშნავდა, რომ მის მოჭრას, შერევას ან გამოყენებას უნდა ახლდეს სპეციალური რიტუალი. მაგალითად, ცოცხანა (Verbena s.) უნდა შეეგროვებინა მხოლოდ ქალს მზიან ამინდში, თან უნდა ეთქვა სიტყვები: „ცოცხა ხარ, ბალახო ხარ, სიცოცხლის ძალა მოგაქვს.“ ზოგიერთ მცენარეს შეძახილებით „აძლევდნენ ძალას“. მაგალითად, ფითრის ფოთოლზე აწვენდნენ ავადმყოფს და ასწავლიდნენ გამოთქმას: „ცივი ხარ, მწარე ხარ, მაგრამ გულიდან შიშს მიშორებ!“ - რაც ასახავდა მცენარის არამხოლოდ ფიზიოლოგიურ, არამედ ფსიქოემოციურ მოქმედებაზე ხალხურ დაკვირვებას. თანამედროვე ეპოქაში ზეპირსიტყვიერი ცოდნა გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჩანაწერების გარეშე ასეთი ცოდნა უკვალოდ ქრება, რადგან მისი ძალა დიდწილად დამოკიდებულია პრაქტიკის გარემოზე და ადამიანურ ურთიერთობებზე. ნაშრომი ცდილობს დააფიქსიროს ის ფორმები, რომლებიც დღემდე შემორჩა და რომელთა დოკუმენტირება შეიძლება თანამედროვე ეთნოფარმაკოლოგიური კვლევის მეთოდებით. სამკურნალო მცენარეთა ინდივიდუალური ეთნოფარმაკოლოგიური ანალიზი კატაბალახა – Valeriana officinalis L. - კატაბალახა წარმოადგენს მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს, რომელიც მიეკუთვნება Valerianaceae - ის ოჯახს. საქართველოში ის ფართოდ არის გავრცელებული ტყიან და სუბალპურ ზონაში, განსაკუთრებით მთიანი რეგიონების (რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი, აჭარა) მდინარისპირა მდელოებში. მცენარეს ახასიათებს სქელი რიზომა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ეთერზეთებს, ვალეპოტრიატებსა და ალკალოიდებს. ეთნოფარმაკოლოგიური გამოყენება საქართველოში კატაბალახა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ცნობილია როგორც ნერვული სისტემის მოწესრიგებისთვის ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო მცენარე. ხალხურ მედიცინაში მას ეწოდებოდა „გულის დამამშვიდებელი“, ხოლო ზოგიერთ კუთხეში - „ღამის მშვიდობის მცენარე“. მის ფესვებს ხარშავდნენ წყალში ან არაყში, რის შედეგად მიღებულ ნახარშს ან ნაყენს ღებულობდნენ შფოთვის, უძილობის, არითმიის, გონების გაფანტვის ან „დაჩრდილვის“ დროს. ფესვებს აცხელებდნენ და იდებდნენ საფენად ნერვული სპაზმებისას. განსაკუთრებული ადგილი უკავია მის გამოყენებას ბავშვებში ტკივილის ან შიშის საწინააღმდეგოდ. გურიაში და იმერეთში ცნობილია რეცეპტი: ბავშვს, რომელსაც ცუდი სიზმრები აწუხებდა, ასმევდნენ კატაბალახის ფესვის წყალში განზავებულ ნაყენს, თან ასწავლიდნენ შემდეგ სიტყვებს: „რაც შიგ არის, დაეშვას წყალში, რაც გულშია, გაიფანტოს ძილში.“ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 737 თანამედროვე მეცნიერული შეფასება Valeriana officinalis-ის ძირითადი აქტიური ნივთიერებებია ვალერიანული მჟავები, იზოვალერიანის მჟავა, ვალეპოტრიატები და ეთერზეთები, რომლებიც მეცნიერულად აღიარებულია როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი საშუალებები. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია მისი მოქმედება როგორც მსუბუქი სედატიური და უძილობის საწინააღმდეგო ბუნებრივი პრეპარატი. თანამედროვე ფიტოთერაპიაში იგი გამოიყენება იზოლირებულად ან კომბინაციაში სხვა მცენარეებთან (მაგ. Melissa officinalis, Passiflora incarnata). კატაბალახას ეთნოფარმაკოლოგიური გამოყენება საქართველოში მნიშვნელოვნად ემთხვევა მის თანამედროვე ფარმაკოლოგიურ პროფილს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრადიციული ცოდნის ემპირიულ სიღრმესა და სიზუსტეს. შხამა – Veratrum lobelianum Bernh.- მრავალწლოვანი, შხამიანი ბალახოვანი მცენარეა Melanthiaceae-ის ოჯახის შემადგენლობაში. საქართველოში ის გავრცელებულია ძირითადად ალპურ და სუბალპურ ზონებში (თრიალეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმი, სამცხე), ხშირად იზრდება ტენიან და ჩრდილოვან ფერდობებზე. მცენარეს აქვს მაღალი ღერო, ლანცეტოვანი ფოთლები და მწვანე-თეთრი ყვავილები. მთელი მცენარე, განსაკუთრებით კი ფესვი შეიცავს ძლიერ ტოქსიკურ ალკალოიდებს: ვერატრინი, ვერატრიდინი, იზოვერატრინი. ეთნოფარმაკოლოგიური გამოყენება ქართულ ტრადიციულ მედიცინაში შხამა ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენებოდა განსაკუთრებული სიფრთხილით და მხოლოდ გამოცდილ მკურნალთა მიერ. მას მიიჩნევდნენ „ძალმომცემად“ და „დამატყვევებლად“ - რაც ნიშნავდა, რომ მცენარეს ჰქონდა ძლიერი ფიზიოლოგიური და „მაგიური“ მოქმედება. ფესვის მცირე დოზას იყენებდნენ სერიოზულ სნეულებებთან ბრძოლაში, როგორიცაა ძლიერი სპაზმები, პარალიზი, ლამია (მოწამვლა), ან სიყვითლე. სვანეთში შხამას ფესვს ადუღებდნენ რძეში, ასმევდნენ წყალში განზავებულ ერთ წვეთს და თან ამბობდნენ: „მიწის შხამი შიგნით შემოვიდა, მაგრამ კაცმა შიშით არა დაჰმდაბლოს.“ რიტუალის ეს ნაწილი ასახავს მცენარის ორმაგ ბუნებას - წამალია და შხამი ერთდროულად, მის ძალას კი ადამიანმა უნდა „გაუძლოს“. მცენარის ფოთლებს ხარშავდნენ და იყენებდნენ გარეგანი შეზელვისთვის რევმატული ტკივილების, წყლულების ან პარალიზისას; იმავე ნახარშს ისხამდნენ ბანაობისას „გადაჭარბებულ სიცხეში“ გასაგრილებლად. თანამედროვე მეცნიერული ინტერპრეტაცია Veratrum lobelianum წარმოადგენს ძლიერმოქმედ მცენარეს, რომელიც შეიცავს სტეროიდულ ალკალოიდებს, მათ შორის ვერატრინს, რომელსაც ახასიათებს ნეიროტოქსიკურობა. ფარმაკოლოგიურად, მას გააჩნია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედება. იგი გამოიყენებოდა XIX საუკუნეში არტერიული წნევის დასაქვეითებლად, თუმცა ტოქსიკურობის გამო თანამედროვე მედიცინაში თითქმის არ გამოიყენება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 738 ტრადიციულ ქართულ მედიცინაში მისი მოხმარება იმაზე მეტყველებს, რომ ხალხურ მკურნალებს ჰქონდათ ღრმა ცოდნა დოზირების ზღურბლზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტოქსიკური მცენარის გამოყენებისას. პრაქტიკაში იგი ყოველთვის ასოცირდებოდა რიტუალთან. ცოცხანა – Verbena supina Willd – ვერბენა, ხალხურად ცნობილია როგორც ცოცხანა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა სამკურნალოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მას მიიჩნევდნენ ღვთაებრივად კურთხეულ ბალახად. იგი შედის Verbenaceae-ის ოჯახში და ფართოდაა გავრცელებული. ბოტანიკური და ეთნოფარმაკოლოგიური მახასიათებლები Verbena supina-ს ღერო იშვიათად დაყოფილია, აქვს წვრილი ფოთლები და მცირე ზომის ყვავილები. მცენარე შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთებსა და ფენოლურ მჟავებს, რაც განაპირობებს მის ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმოლიზურ თვისებებს. ეთნოფარმაკოლოგიური გამოყენება საქართველოში ვერბენა გამოიყენებოდა როგორც ოფლისმომგვრელი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხალხური პრაქტიკის მიხედვით, მისგან ამზადებდნენ ნაყენებსა და ნახარშებს, რომლებსაც იყენებდნენ შემდეგი მდგომარეობებისას: კუჭ-ნაწლავის დარღვევები; შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები; მსუბუქი ნევროზები; გაციების და გრიპის სიმპტომები (ჩაის სახით). ზეპირსიტყვიერ პრაქტიკაში მას ხშირად იყენებდნენ რიტუალური წმენდებისთვის: ავადმყოფის საწოლთან მიჰქონდათ ქოთანში დარგული ვერბენა და სპეციალურ ლოცვასთან ერთად ასხურებდნენ ოთახს მის ნახარშს. ზოგიერთ რეგიონში მას მიიჩნევდნენ „ღმერთისთვის შეწირულ ბალახად“. მწვანე ნაზავს აყოლებდნენ საფიცარ ტექსტებს, მაგალითად: „ცოცხა ხარ, ბალახო ხარ, ძალა ღვთისგან გებარა.“ თანამედროვე მეცნიერული ინტერპრეტაცია Verbena supina შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, როგორიცაა verbascoside, aucubin და სხვადასხვა პოლიფენოლური კომპონენტები, რომელთაც გააჩნიათ ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და მსუბუქად იმუნომოდულაციური მოქმედება. ფიტოთერაპიულ ლიტერატურაში იგი კლასიფიცირდება როგორც უსაფრთხო მცენარე ზომიერი დოზით მოხმარების პირობებში. ქართული ტრადიციული გამოყენება მისი გამოყენება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ვერბენა საქართველოს ეთნოფარმაკოლოგიური მემკვიდრეობის ღირებული კომპონენტია. ძახველი – Viburnum opulus L. - ბოტანიკური დახასიათება და გავრცელება: ძახველი ბუჩქოვანი მცენარე, ეკუთვნის ოჯახს Adoxaceae-ის, ბუნებრივად გავრცელებულია ტყის ნაპირებზე, ტენიან მდელოებზე, ბორცვებსა და ხევებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ბუჩქი 3–4 მეტრ სიმაღლეს აღწევს, ფოთლები სამნაკვთიანია, ყვავილები თეთრი ფერის, შეკრული ქოლგისებრ ყვავილედებში, ხოლო ნაყოფი - წითელი, მომწარო გემოს მქონე კენკრა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 739 ეთნოფარმაკოლოგიური გამოყენება საქართველოში: ძახველი ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ ცნობილი და გამოყენებული სამკურნალო მცენარეა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში. მისი ნედლეული - ქერქი და ნაყოფი გამოიყენებოდა როგორც ჰემოსტატური საშუალება - განსაკუთრებით საშვილოსნოს და მენსტრუალური სისხლდენების დროს; სპაზმოლიზური საშუალება - მუცლის ტკივილების, მენსტრუალური დისკომფორტის და ნაწლავური სპაზმების დროს; დამამშვიდებელი საშუალება - უძილობის, შფოთვითი აშლილობებისა და ნევროზის დროს; მატონიზირებელი საშუალება - ლოგინობის ხანაში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც იგი მიიჩნეოდა „ქალთა მცენარედ“. ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობის მიხედვით, ძახველს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ რიტუალებში. დედები ახალშობილებს თვალის დასაცავად ძახველის ტოტით „აკმევდნენ“, ხოლო მშობიარობის შემდგომ ძახველის ნახარშით ასხურებდნენ ოთახს, როგორც ბოროტებისგან დამცავ საშუალებას. თანამედროვე ფიტოთერაპიული ინტერპრეტაცია: ძახველის ქერქში და ნაყოფში აღმოჩენილია გლიკოზიდი ვიბურნინი (viburnin), ორგანული მჟავები, ფლავონოიდები (კვერცეტინი, რუტინი), ტანინები და C ვიტამინი. ეს ნივთიერებები განაპირობებენ მის ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემჩერებელ და მსუბუქად ჰიპოტენზიურ მოქმედებას. თანამედროვე კვლევებით მტკიცდება მისი ეფექტი მენსტრუალური ტკივილებისა და პერიმენოპაუზური სიმპტომების შემსუბუქებაში. ფარმაცევტულ პრაქტიკაში ძახველის ექსტრაქტი ხშირად გამოიყენება მატონიზირებელ მცენარეულ პრეპარატებში; ასევე იყენებენ ჰომეოპათიურ პრეპარატებში, რომლებიც გამოიყენება გინეკოლოგიური დარღვევებისა და ვეგეტატიური დისფუნქციის დროს. შედეგების შინაარსობრივი ანალიზი წინამდებარე კვლევის ფარგლებში განხილულმა მასალამ, როგორც დოკუმენტურმა, ასევე ზეპირსიტყვიერმა, გამოავლინა ქართული ეთნოფარმაკოლოგიის რამდენიმე განმასხვავებელი და განმსაზღვრელი მახასიათებელი. მათ შორის, განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცენარეთა გამოყენებისა და ცოდნის გადაცემის ინტეგრირებულობა, რიტუალიზაცია და სელექციური პრაქტიკა. სამკურნალო მცენარეთა ტრადიციული გამოყენება საქართველოში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიოლოგიური ეფექტით. მცენარე იყო აგრეთვე სიმბოლური საშუალება, რომელსაც მიაწერდნენ „სიტყვაში ჩაბუდებულ ძალას“. თითქმის ყველა შემთხვევას თან ახლდა სიტყვიერი ფორმულა, ლოცვა ან შეძახილი, რაც მცენარეს ანიჭებდა გამაძლიერებელ ენერგიას. ამგვარი მიდგომა აჩვენებს ჰოლისტურ სისტემას, სადაც მცენარეული, ენობრივი და ზოთერული დონეები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ცოდნის პრაქტიკული გამოყენება მკაცრად იყო ჩასმული დრო-სივრცით ჩარჩოებში. მაგალითად: მცენარის შეგროვება ხდებოდა დღის განსაზღვრულ პერიოდში, მომზადება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 740 ხშირად მოითხოვდა დუმილის დაცვას, მარჯვენა ხელით შერევას ან გენდერულად შერჩეულ პირს, გამოყენება იმართებოდა სტანდარტიზირებული წესების დაცვით. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მკურნალობა აღიქმებოდა არა როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური პროცედურა, არამედ როგორც რიტუალიზებული ქმედება, რაც უნდა განმეორებულიყო ზუსტად და მორალურად სუფთა კონტექსტში. ცოდნის მემკვიდრეობით გადაცემა ხდებოდა შერჩევითად. ყველა მცენარის რეცეპტი არ იყო საჯარო - გარკვეული მცენარეების შესახებ (მაგალითად, შხამა ან ცოცხანა) ცოდნა გადაეცემოდა მხოლოდ ღირსეულ მემკვიდრეს. ამის შედეგად შეიქმნა ინფორმაციის „ჩაკეტილი წრეები“, სადაც არამხოლოდ მცენარის მოქმედება, არამედ მისი სახელიც კი სიმბოლურად იყო დაშიფრული. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი ფორმისა, ეს ცოდნა სტრუქტურულად მოიცავდა კლასიფიკაციის შიდა სისტემებს: მცენარეთა "ცხელი და ცივი" ტიპები, "მზის" და "ჩრდილის" ბალახები, "მდუმარე" და "ხმოვანი" მოქმედება - რაც ნიშნავს, რომ ტრადიციული ცოდნა არ იყო ქაოტური ან არათანმიმდევრული, არამედ ეფუძნებოდა მკაცრ სისტემატიზაციას. განსაზღვრული მცენარეების შემთხვევაში (მაგ.: კატაბალახა, ძახველი, ფითრი), ტრადიციული გამოყენება დიდწილად შეესაბამება თანამედროვე ფარმაკოლოგიური კვლევებით დადასტურებულ მოქმედებებს, რაც მიუთითებს, რომ ტრადიციულ ცოდნაში ჩადებულია დაკვირვებაზე დაფუძნებული სამკურნალო სისტემატიკა, თუნდაც არამეცნიერული ენით გამოხატული. ერთდროულად იკვეთება რამდენიმე საფრთხე: ზოგიერთი მცენარის ტოქსიკურობა (მაგ.: შხამა, ცოცხანა) დღეს უკვე მოითხოვს მკაცრ კონტროლს და ლაბორატორიულ სტანდარტებს, ცოდნის ზეპირსიტყვიერი ხასიათი ქმნის გადასაცემის სირთულეს თანამედროვე თაობებისთვის, ბალახების ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება საფრთხეს უქმნის პრაქტიკულ წვდომას. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია, რომ ამ ცოდნის ძარღვები ჯერ კიდევ ცოცხალია რეგიონებში და შესაძლებელია მისი თანმიმდევრული აკადემიური დოკუმენტირება და ნაწილობრივი ინტეგრაცია თანამედროვე ეთნოფარმაკოლოგიაში. ტრადიციული ეთნოფარმაკოლოგიის სამეცნიერო პოტენციალი და გამოწვევები ქართული ეთნოფარმაკოლოგია წარმოადგენს კომპლექსურ, ინტეგრირებულ ცოდნის სისტემას, რომელიც აერთიანებს ბოტანიკურ დაკვირვებას, გამოცდილებით დამკვიდრებულ გამოყენებას, ზეპირსიტყვიერ კულტურას და რიტუალურ წესებს. მოცემული კვლევა ადასტურებს, რომ ეს ცოდნა არ არის მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, არამედ შეიცავს პრაქტიკულ ბირთვს, რომლის ინტეგრირება შესაძლებელია თანამედროვე მედიცინისა და ფარმაკოლოგიაში. საერთაშორისო ეთნოფარმაკოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული მედიცინის სისტემები (მაგ.: ინდური აიურვედა, ჩინური ტრადიციული მედიცინა, ანდების ხალხური თერაპია) ხშირად ეფუძნება იმავე სტრუქტურულ ელემენტებს, რაც შეინიშნება ქართულ პრაქტიკაშიც: მცენარეთა კლასიფიკაცია მოქმედების სიმბოლური ნიშნებით („ცხელი/ცივი“, „მზის/ჩრდილის“), რიტუალიზებული მოხმარება სიტყვიერი Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 741 თანმხლები ფორმულებით, ცოდნის ლოკალურობა და სოციალური რეპროდუქციის სელექციური ხასიათი. ამ პარალელების ფონზე ჩანს, რომ ქართული მოდელი წარმოადგენს ორიგინალურ, მაგრამ უნივერსალურ სისტემას, რომელიც იმსახურებს შედარებით და კოოპერაციულ კვლევას სხვა რეგიონულ ტრადიციებთან. კვლევისას განხილული Veratrum lobelianum მიუთითებს, რომ ქართულ ეთნოფარმაკოლოგიაში ფიგურირებს არაერთი ენდემური ან მეჩხრად გავრცელებული სახეობა, რომლებიც უცხოურ ფიტოთერაპიულ ნიმუშებში პრაქტიკულად არ ფიგურირებენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკოფარმაკოლოგიური მემკვიდრეობა შეიძლება გახდეს ახალ აქტიური ნივთიერებების წყარო, რასაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ბიომედიცინაში, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ბიოეთიკური და ეკოლოგიური სტანდარტები. ზეპირსიტყვიერი ფორმით არსებული ცოდნა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. კვლევის დროს აშკარად ჩანს, რომ შთამომავლობას აღარ გადაეცემა ის სიმბოლური, რიტუალური და სემანტიკური დეტალები, რაც სინამდვილეში განაპირობებს მკურნალობის ეფექტიანობას ტრადიციულ სისტემაში. ამავე დროს, მცენარეთა გამოყენების პრაქტიკაც კარგავს აქტუალობას და გარდაიქმნება ტექნიკურ რეცეპტებად, რაც სცდება ტრადიციული მედიცინის არსს. ამ ფონზე, დოკუმენტირება (მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, ენთნობოტანიკური რუკებითა და ფარმაკოქიმიური აღწერებით) არ წარმოადგენს მხოლოდ აკადემიურ ამოცანას - იგი აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამეცნიერო ინოვაციისთვის. ტრადიციული ცოდნის აკადემიური გამოყენება საჭიროებს ეთიკური ჩარჩოების მკაცრ დაცვას: ცოდნის გამოყენებისას უნდა მოხდეს საავტორო უფლებების დაცვა, რაც გულისხმობს რეცეპტის წყაროს მითითებას; კვლევებმა უნდა მოიცვან თანამშრომლობის პრინციპი და არ წარმოაჩინონ კოლონიური ჩარჩოებით „აღებული ცოდნა“; სამომავლო ფარმაცევტული განვითარება (მაგ.: პროდუქტის კომერციალიზაცია) უნდა გაითვალისწინოს სარგებლის სამართლიანი განაწილება. დასკვნა წინამდებარე კვლევამ ნათლად წარმოაჩინა ქართული ეთნოფარმაკოლოგიური ცოდნის სიმდიდრე, მრავალფეროვნება და მისი ინტეგრირებული ბუნება. იგი აერთიანებს ბუნებაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, ზეპირსიტყვიერ კულტურას, რიტუალიზებულ ქმედებებსა და ღრმა სემანტიკურ განზომილებებს. ამ ცოდნის სისტემა არ არის მხოლოდ ერის პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული წამლების კომპილაცია; იგი წარმოადგენს ჰოლისტურ მსოფლმხედველობას, სადაც მცენარე, სიტყვა და ქმედება ერთიანად ქმნიან სამკურნალო ქმედებას. ისტორიულად ეს ცოდნა „სოციალურ ქსოვილში“ იყო ჩაბუდებული: ოჯახში, მონასტერში, თემში. მცენარეები მოიპოვებოდა განსაზღვრულ დროს, სპეციფიკურ რიტუალებთან და შელოცვებთან ენასთან ერთად. ეს გარემოებები აძლევდა მცენარეულ საშუალებებს იმ „ძალას“, რომლის გარეშეც მათი მნიშვნელობა ქრება. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 742 მოცემულმა კვლევამ, თანამედროვე ეთნოფარმაკოლოგიური მიდგომებითა და პირველწყაროთა ანალიზით, შეძლო რამდენიმე ძირითადი მცენარის (მაგ. კატაბალახა, შხამა, ცოცხანა, ძახველი) გამოყენების ფორმების ინტერპრეტაცია როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სამეცნიერო სფეროში. მან აჩვენა, რომ ქართული ტრადიციული ცოდნა ხშირად ემთხვევა თანამედროვე ფარმაკოლოგიურ მიგნებებს, რაც მიუთითებს მის ინტელექტუალურ ღირებულებაზე. თუმცა, პარალელურად იკვეთება სერიოზული საფრთხეები: ცოდნის გადაცემის შეწყვეტა, ჰაბიტატების გაქრობა და ალტერნატიული მედიცინის გაბატონებული, არაკონტექსტური აღქმა. შესაბამისად, აუცილებელია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ინიცირებული ეთნოფარმაკოლოგიური ჩანაწერების სისტემატიზაცია და მკაცრი ეთიკური ჩარჩოს არსებობა, რომელიც თავიდან აგვარიდებს რეცეპტების მოდიფიკაციას ადგილობრივი ავტორების იგნორირებით. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ზეპირსიტყვიერი ტექსტები, პრაქტიკული ცოდნა და რიტუალური პროტოკოლები ერთობლივად ქმნიან სამკურნალო პრაქტიკის ლოკალურ მატრიცას, რომლის დეტალური აღწერა და ანალიზი აუცილებელია როგორც ბიოკულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, ისე სამომავლო ფიტოთერაპიული კვლევებისა და კლინიკური აპრობაციის საფუძვლისთვის. გამოყენებული ლიტერატურა ბიძინაშვილი, რ. (2016). ავი სენი და სამკურნალო მცენარეები. თბილისი: მწიგნობარი. ბიძინაშვილი, რ. (2017). გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ფიტოთერაპია. თბილისი: მწიგნობარი. ბიძინაშვილი, რ. (2020). შხამიანი მცენარეების როლი ფიტოთერაპიაში. თბილისი: მწიგნობარი. ბიძინაშვილი, რ. (2020). საერთო ცნობები კანაფის კულტურის ავ-კარგიანობაზე. თბილისი: მწიგნობარი. ბიძინაშვილი, რ., & ერაძე, ნ. (2021). სამკურნალო მცენარეების კულტურა. თბილისი. გელბახიანი, პ.გ., & გერსამია, ვ.ს. (1965). სამკურნალო მცენარეები და მათი კლინიკური გამოყენება. თბილისი. შენგელია, ზ. (1983). სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში. თბილისი. ღამბაშიძე, გ. (1965). ქართული ხალხური მედიცინა. თბილისი. ზალდასტანიშვილი, ს. (1972). საქართველოს ფლორის ფარმაკოგნოსტური მიმოხილვა. თბილისი: თსუ გამომცემლობა. ბერიძე, ბ. (1957). მცენარეთა კულტივაციის ტრადიციები ძველ საქართველოში. თბილისი. წურწუმია, ლ. (1998). ზეპირსიტყვიერი კულტურა და სამკურნალო პრაქტიკა დასავლეთ საქართველოში. ქუთაისი. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 743 ნინუა, ე. (2006). სვანეთის ეთნოგრაფია და სამკურნალო მცენარეთა ცოდნა. მესტია. Albuquerque, U. P., & Hanazaki, N. (2009). Five problems in current ethnobotanical research—and how to fix them. Human Ecology, 37(5), 653–661. https://doi.org/10.1007/s10745-009-9259-9 Balick, M. J., & Cox, P. A. (1996). Plants, People, and Culture: The Science of Ethnobotany. Scientific American Library. Cox, P. A., & Balick, M. J. (1994). The ethnobotanical approach to drug discovery. Scientific American, 270(6), 60–65. https://doi.org/10.1038/scientificamerican0694-60 Etkin, N. L. (2008). Edible Medicines: An Ethnopharmacology of Food. University of Arizona Press. Fabricant, D. S., & Farnsworth, N. R. (2001). The value of plants used in traditional medicine for drug discovery. Environmental Health Perspectives, 109(Suppl 1), 69–75. https://doi.org/10.1289/ehp.01109s169 Gaoue, O. G., Coe, M. A., Bond, M., Hart, G., Seyler, B. C., & McMillen, H. (2017). Theories and major hypotheses in ethnobotany. Economic Botany, 71(3), 269–287. https://doi.org/10.1007/s12231-017- 9389-8 Hamilton, A. C. (2004). Medicinal plants, conservation and livelihoods. Biodiversity and Conservation, 13(8), 1477–1517. https://doi.org/10.1023/B:BIOC.0000021333.23413.42 Heinrich, M., & Jäger, A. K. (2015). Ethnopharmacology. Wiley-Blackwell. Heinrich, M., Barnes, J., Gibbons, S., & Williamson, E. M. (2018). Fundamentals of Pharmacognosy and Phytotherapy (3rd ed.). Elsevier Health Sciences. Kayser, O., & Quax, W. J. (Eds.). (2007). Medicinal Plant Biotechnology: From Basic Research to Industrial Applications. Wiley-VCH. Pieroni, A., & Price, L. L. (Eds.). (2006). Eating and Healing: Traditional Food As Medicine. Haworth Press. Schippmann, U., Leaman, D. J., & Cunningham, A. B. (2006). A comparison of cultivation and wild collection of medicinal and aromatic plants under sustainability aspects. In R. R. J. (Ed.), Biodiversity and the Ecosystem Approach in Agriculture, Forestry and Fisheries. FAO. van Wyk, B.-E., & Wink, M. (2018). Medicinal Plants of the World. CABI. World Health Organization (WHO). (2005). National policy on traditional medicine and regulation of herbal medicines: Report of a WHO global survey. Geneva: WHO. World Health Organization (WHO). (2013). Traditional Medicine Strategy: 2014–2023. Geneva: WHO. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 2, 2025 744 Traditional Georgian Ethnopharmacology: Historical Foundations, Medicinal Plant Cultivation Practices, and Knowledge Transmission Pathways Dimitri Kochadze MD1, Elguja Latchkepiani MD2, Robert Makharashvili MD3 1Clinical Manager of Kharagauli Medical Institution, LLC “Regional Healthcare Center”, PhD student of Tbilisi State Medical University; Infectious deseases hospital; 2LEPL Levan Samkharauli National Forensics Bureau, Department of Medical Expertise, Forensic Medical Expert; PhD Student at Ivane Javakhishvili Tbilisi State University; 3Pediatric Hospital Mmedi22, Anesthesia and Intensive Care Department, Anesthesiologist, Intensive Care Physician. Abstract This study explores the historical, practical, and oral foundations of traditional Georgian ethnopharmacology, enabling a scientific interpretation of this complexly structured knowledge system. Ethnopharmacology, as a discipline, integrates botanical, cultural, and semiotic analysis, and in this context, traditional Georgian medicine represents an original yet universally applicable model. The research is based on qualitative methodology, primary source document analysis, and ethnographic hermeneutics of oral texts. It draws upon 19th-20th century Georgian monographs, folk remedies, incantations, songs, and botanical descriptions of plants. One of the aims was to reveal the link between plant use practices and ritual structures, which often define the cultural legitimacy of therapeutic action. The study examined the ethnopharmacological profiles of four key plants (Valeriana officinalis, Aconitum spp., Symphytum spp., Sambucus nigra), which exhibit both bioactive effects and valuable ritual-semantic significance. Findings indicate that traditional uses frequently align with contemporary pharmacological practices, suggesting an empirical basis for traditional knowledge. Mechanisms of oral knowledge transmission were analyzed, including knowledge protection, selectivity, and ritual-linguistic framing. Of particular significance were folk classification systems of plants (e.g., “hot/cold”, “silent/loud”), which point to an unconscious but structured cognitive framework. The study highlights threats such as the disruption of knowledge transmission, habitat loss, and disregard for traditional practices. In conclusion, the paper offers recommendations for documenting and scientifically integrating ethnopharmacological heritage, emphasizing ethical principles and respect for local authorship. Traditional Georgian ethnopharmacology should not be seen merely as a cultural relic, but as a potential source of modern pharmacological innovation, provided it is studied in a complex, ethical, and interdisciplinary manner. Key words: Ethnopharmacology; Traditional Georgian Medicine; Medicinal Plants; Oral Knowledge; Ritual Practice; Phytotherapy; Bioactive Compounds; Botany; Monastic Gardens; Symbolic Classification; Cultural Heritage; Traditional Recipes; Incantations; Pharmacognosy; Pharmacological Analysis; Folk Healing