Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 114 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.10 ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის ფსიქოლოგიური ასპექტები თათია არჯევანიძე დოქტორანტი არქიტექტურის ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია tataarjevanidze@yahoo.com ანოტაცია სტატიაში საუბარია ფერის მნიშვნელობაზე ბავშთა სამედიცინო დაწესებულებებში, ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილულია, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს მის სწორად გამოყენებას, როგორ მოქმედებს კოლორისტული გადაწყვეტა პაციენტის განწყობაზე, რამდენად ეხმარება სწორად შერჩეული პალიტრა შფოთვის დაბალ ზღვარზე დაწევას. მთავარი აქცენტი გაკეთებულია, როგორ ახერხებს ფერი, როგორც არქიტექტურული „სამეტყველო ენა“ ატმოსფეროს ფორმირებას და ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვას. საკვანძი სიტყვები: პედიატრიული კლინიკები; ინტერიერის დიზაინი; კოლორისტული გადაწყვეტა შესავალი თანამედროვე არქიტექტურულ პრაქტიკაში, ფერი სულ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი ხდება ინტერიერში, განსაკუთრებით სივრცეებში, სადაც გარემო ადამიანების ფსიქო-ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის რეგულირებას ემსახურება. კვლევები ადასტურებს, რომ ფერი მხოლოდ ესთეტიკური ფუნქციის მატარებელი არ არის, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობასა და ემოციურ რეაქციებზე, ამიტომ ფერის ფსიქოლოგიის გათვალისწინება ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია დიზაინში, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებების კონტექსტში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 115 ძირითადი ნაწილი მსოფლიო ტენდენციები ცხადყოფს, რომ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებების დიზაინი მიმართულია ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. გამორჩეულად ეთმობა ყურადღება სივრცის ვიზუალურ ელემენტებს - ფერს, ფორმას, განათებას, გამწვანებას, რაც ემსახურება ერთდროულად ესთეტიკური და თერაპიული გარემოს შექმნას. არქიტექტორები და დიზაინერები სივრცეების დაგეგმარებისას თანამშრომლობენ ფსიქოლოგებთან, რათა საწყის ეტაპზევე იყოს გათვალისწინებული პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე ზრუნვა. ასე იქმნება ვიზუალური სიმარტივის გარემო, რომელიც ხელს უწყობს კომფორტს და დადებითი ემოციების გამომუშავებას. ამ მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პედიატრიული კლინიკები და განყოფილებები. ბავშვები მეტად მგრძნობიარე და ფაქიზები არიან, ისინი მძაფრად რეაგირებენ ახალ გარემოზე, შესაბამისად ინტერიერის მიზნობრივ საჭიროებებზე მორგება და ასაკობრივად გათვალისწინებული დეტალები დაგვეხმარება პაციენტის ნდობის მოპოვებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამოჯანმრთელების პროცესში. ბრიტანელი მკვლევარი, დიზაინის ფსიქოლოგი, პროფესორი ჰილარი დალკე და მისი კოლეგები 2006 წლის ნაშრომში აღნიშნავენ, რომ სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. კვლევის თანახმად, ბავშთა სამედიცინო დაწესებულებებში დიზაინისადმი სენსიტიური მიდგომა, მომავალში შედეგად დადებს სტრესის შემცირებას და თერაპიული პროცესის გაუმჯობესებას. პედიატრიული სივრცეების შექმნა მოითხოვს არქიტექტორისა და ფსიქოლოგის ინტეგრირებულ თანამშრომლობას, რათა ვუზრუნველყოთ პატარებისთვის ჰუმანური და თერაპიული გარემო. (Dalke H., Littlefair P. & Loe D., 2006) პროფესორი დალკეს ძირითადი კვლევები ეფუძვნება ინტერესს - როგორ მოქმედებს ფერი და განათება ადამიანებზე, განსაკუთრებით კლინიკებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სკოლებში. მისი ნაშრომებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ბავშთა სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია:  ფერებს შეუძლიათ გაამძაფრონ ან შეამსუბუქონ ემოციები, მაგალითად წითელი მატებს ენერგიას, მწვანე კი - ამშვიდებს, ამიტომ მნიშვნელოვანია პალიტრის არჩევისას ავიღოთ ისეთი ტონალობები, რომლებიც ხელს უწყობს პაციენტის სიმშვიდეს და ეხმარება მას გარემოსთან ადაპტაციაში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 116  სხვადასხვა სივრცეების ძირითადი ფერი უნდა იყოს ნეიტრალური, რომელსაც შეგვიძლია დავამატოთ კონტრასტული ელემენტები, მყვირალა აქცენტები, მანიშნებელი გზამკვლევები, რაც ხელს შეუწყობს გზის მოძიებას და ორიენტაციას, ასევე გაახალისებს პატარებს.  კლინიკებში უნდა შეიქმნას მოსასვენებელი სივრცეები განსხვავებული განათებითა და ფერებით, რაც დაეხმარება პაციენტებს განწყობის გამოხალისებაში და ასევე მათ მშობლებს მისცემს მოსვენების საშუალებას.  რეკომენდებულია პერსონალის სივრცეებში მშვიდი და მყუდრო გარემოს შექმნა ფერის და ტექსტურების საშუალებით, რაც დასაქმებულების ენერგიის აღდგენა-რეგულაციას უწყობს ხელს.  გარემოში აუცილებელია ბუნების ელემენტების შეტანა, რომელიც ემსახურება როგორც პაციენტების, ასევე მედპერსონალის ფსიქო- ემოციური ბალანსის შენარჩუნებას და საერთო ჯამში ყალიბდება ესთეტიკური გარემო. (H.Dalke, 2004) როგორ მოქმედებს ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტა პაციენტზე ყოველდღიურ რეჟიმში? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თეორიულ წყაროებში ძიებით არ იყო საკმარისი. სწორედ ამიტომ, კვლევის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენდა ფსიქოლოგიის დოქტორებთან, პროფესორებთან შემდგარი ინტერვიუები. ინტერვიუების სერია ჩატარდა სპეციალისტებთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ კლინიკურ გარემოში პაციენტებთან (ბავშვებთან, მოზარდებთან, ქრონიკული დაავადებების მქონე პატარებთან) მუშაობაში. მათი გამოცდილების გაზიარება, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ ხედავენ და აღიქვამენ მას ადამიანები - სტრესის, შიშის, გამოჯანმრთელების პროცესში. ინტერვიუების საშუალებით ფსიქოლოგიურ ჭრილში გამოიკვეთა ფერის, განათების, დეკორატიული გადაწყვეტის ასპექტები, რომლებიც ხშირად ზედაპირულად არის განხილული. ინტერვიუების სერიაში მონაწილეობა მიიღო ათამდე პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ კლინიკურ და განვითარების ფსიქოლოგიაში. მათი უმრავლესობა რეკომენდაციას უწევს მშვიდ, პასტელურ, ნეიტრალურ ფერებს, რაც ქმნის მყუდრო და ემოციურად სტაბილურ გარემოს. ფსიქოლოგების აზრზე დაყრდნობით, პედიატრიულ სივრცეში უნდა ვხვდებოდეთ ისეთ ელემენტებს, რომლებიც ბავშვის გონებაში უკავშირდება უსაფრთხოებას, ყოველდღიურობასა და სიხარულს. საავადმყოფოს ექსტერიერმა და ინტერიერმა უნდა ატაროს იმ გარემოს ხასიათი, რაც ასოცირდება პატარებისთვის სიმშვიდესთან - საკუთარი სახლის, საბავშვო ბაღის, სკოლის ან სათამაშო მოედნის. ნაცნობი ფერების, ფორმებისა და ფუნქციური Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 117 დეტალების გათვალისწინებით, იქმნება სივრცე, რომელიც ფსიქოლოგიურად აღარ აღიქმება უცხო და პოტენციურად საშიშ გარემოდ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოში გარე სივრცის - ეზოს არსებობა და მისი ადაპტირება სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებს უწევთ გარკვეული დროის კლინიკაში გატარება, თუმცა მათ აქვთ გარე კონტაქტის ნებართვა, ასეთ დროს პატარებს უნდა შეეძლოთ სუფთა ჰაერზე სეირნობა, ეზოს სათამაშო მოედნის გამოყენება, ქვიშაში თამაში ან უბრალოდ მოსვენება მწვანე, ცოცხალ სივრცეში - ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს სტრესს, გააძლიერებს დამოუკიდებლობის შეგრძნებას და ხელს შეუწყობს ემოციური მდგომარეობის გუმჯობესებას. სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტისას, პაციენტები და მათი მშობლები პირველივე ნაბიჯიდან ხვდებიან სტრესის გამომწვევ გარემოში, კერძოდ სარეგისტრაციო ზონაში, სადაც ფორმალური ატმოსფეროა, მონოქრომული ფერთა პალიტრა და სტანდარტული ორგანიზება. სივრცე, სადაც მშობელი ავსებს დოკუმენტაციას, ხოლო ბავშვი იძულებულია დაემორჩილოს არანაცნობ, სტრესულ ახალ გარემოს წესებს. ფსიქოლოგების აზრით, ამ სტანდარტულ გარემოს, მარტივი დიზაინერული ცვლილებებით შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ატმოსფერო და პატარების განწყობა. მაგალითად, რეგისტრატორებმა ნაცვლად სამედიცინო პერსონალის მსგავსი ხალათებისა, ჩაიცვან უნიფორმა ფერადი, მეგობრული ელემენტებით, ფოიეს სივრცეში მოეწყოს სათამაშო ზონა, სანამ მშობელი გაივლის რეგისტრაციას, ბავშვს მიეცეს საშუალება რომ გაერთოს, რაც არამარტო ყურადღების გადატანის ტექნიკაა, არამედ უსაფრთხო სივრცის შექმნის ინსტრუმენტი. თამაშის მეშვეობით ბავშვი აგრძელებს ნაცნობ რიტუალს და ამით იშლება კლინიკისადმი უარყოფითი განწყობა. ვესტიბიულის, დერეფნებისა და მოსაცდელი ზონების დიზაინში ფსიქოლოგები რეკომენდაციას უწევენ პასტელური ფერების გამოყენებას, ძირითადი ფერის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ცისფერი, რომელიც ასოცირდება სიმშვიდესთან, არ აღიზიანებს თვალს და არ ზრდის შფოთვას. გაფორმებაში კი ნეიტრალურ ფონზე შეგვიძლია შევიტანოთ მხიარული ელემენტები: მულტფილმის გმირები, ფერადი აპლიკაციები, ციფრები, ასოები, ნახატები, ფიგურები. ამ ვიზუალური დეტალების დანიშნულებაა ბავშვის ყურადღების გადატანა სტრესის წყაროდან, პროცედურის და ტკივილის მოლოდინიდან თამაშის პროცესზე. საპროცედურო ოთახებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ექიმისთვის იქნება კომფორტული სამუშაო გარემო, ხოლო პაციენტისთვის მშვიდი ატმოსფერო. სასურველია სივრცე იყოს ნეიტრალურ ფერებში და გაკეთდეს მხოლოდ ერთი, მიზანმიმართულად შერჩეული ვიზუალური აქცენტი (აპლიკაციის, სურათის ან ინსტალაციის სახით), რომელიც განთავსებული იქნება Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 118 ოთახის კონკრეტულ კუთხეში და მოემსახურება ბავშვის ყურადღების მიზნობრივ გადატანას. პედიატრიულ პალატებს ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან სწორედ აქ ატარებს პაციენტი ყველაზე დიდ დროს, ამიტომ არქიტექტურულმა მიდგომამ უნდა მოიცვას ფუნქციური კომფორტი და ემოციური სტაბილურობა. მიზანშეწონილია ფერთა დინამიკური გამოყენება, ნეიტრალურ ფონზე მსუბუქი აქცენტებით, მათ შორის განათების მეშვეობით. აუცილებელია ბუნებრივი განათების ინტეგრირება, ვიტრაჟები, დიდი ფანჯრები, მაქსიმალური რაოდენობის ღიობები, რაც უზრუნველყოფს მზის სხივების ოთახში მოხვედრას და ხელს უწყობს ბავშვის ცირკადული რიტმის, განწყობის რეგულაციას. პედიატრიული კლინიკების დაგეგმარებისას ყურადღება უნდა მიექცეს საერთო სათამაშო ზონებს, რომელიც ფუნქციურად სცდება ინდივიდუალურ თერაპიას და ემსახურება ბავშვის სოციალურ და ემოციურ რეაბილიტაციას. ეს სივრცეები ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იზოლაციის საჭიროება და შეუძლიათ თანატოლებთან ურთიერთობა, მათთან თამაში, შემოქმედებითი აქტივობა. დასკვნა პედიატრიული კლინიკების დიზაინი, გაცილებით მეტია, ვიდრე ფუნქციური დაგეგმარება - ეს არის ემოციური არქიტექტურა, რომელიც უშუალო კავშირშია ბავშვის შიშებთან, საჭიროებებსა და გამოჯანმრთელების პროცესთან. ფსიქოლოგებთან ჩატარებული ინტერვიუები, საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ფერს, განათებას, სივრცის სტრუქტურასა და დეკორატიულ ელემენტებს შეუძლიათ შეცვალონ ბავშვის აღქმა კლინიკაზე. ფერთა თბილი და პასტელური პალიტრა, ნათელი და ბუნებრივი განათება, ნაცნობი გარემო, ქმნის სივრცეებს, რომლებიც აღიქმება არა საშიშ ზონად, არამედ მოთმინების, თამაშისა და გამოჯანმრთელების გარემოდ. თითოეულ დეტალს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს პატარების ემოციურ მდგომარეობაზე, ნდობაზე და მკურნალობის მიმართ მოტივაციაზე. დიზაინერული მიდგომა, რომელიც ეფუძვნება ფსიქოლოგიურ კვლევებსა და არქიტექტურულ ჰუმანურ პრინციპებს, კლინიკას გარდაქმნის სტრესული დაწესებულებიდან მხარდაჭერისა და ურთიერთობის სივრცედ. სწორედ ამ ხედვის დანერგვა წარმოადგენს თანამედროვე პედიატრიული გარემოს მთავარ ამოცანას - არა მხოლოდ ვუმკურნალოთ, არამედ შევუმსუბუქოთ და გავუადვილოთ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 119 გამოყენებული ლიტერატურა Clarissa Yu, Mi Wong, Juliana Gigna, Meaghan Walker, Timothy Ross. (2023). A Scoping review of pediatric healthcare built environment experiences and preferences among children with disabilities and their families. National Library of Medicine, 309-325. Dalke H., Littlefair P. & Loe D. (2006). Colour in a hospital environment: An applied study. London: TSO/Department of Health. H., D. (2004). Lighting & colour for hospital design. London: Department of Health & HMSO. Whitehouse S., JAmes W., Seid M., Cooper-marcus C., Ensberg M., Jenifer R. (2001). Evoluoting a childrens hospital garden environment. Journal of Environment Psychology, 301-313. Psychological aspects of architectural and artistic solutions for children's medical institutions Tatia Arjevanidze PHD candidate Faculty of Architecture, Urban Planning and Design, Georgian Technical University Abstract. The article discusses the importance of color in children's medical institutions. From a psychological perspective, discusses the impact of its correct use, how a coloristic solution affects the patient's mood and how a properly selected palette helps to lower anxiety levels. The main emphasis is on how color as an architectural "language" manages to shape the atmosphere and care for human well-being. Keywords: Pediatric Clinics; Interior Design; Coloristic solution.