Microsoft Word - fullpdf07032025 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 443 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 7 Issue 3, 2025 https://doi.org/10.52340/gs.2025.07.03.26 ბრიტანული კულტურის მედიური მიგრაცია საქართველოში ციცინო ბუკია სოციალური მეცნიერებების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი tsitsino.bukia@ciu.edu.ge ანოტაცია მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან „რკინის ფარდის“ მიუხედავად, საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში დასავლური კულტურის არალეგალური მედიური მიგრაცია დაიწყო. ბრიტანული ფსიქოდელიური როკი ახალ თაობაში ძალიან პოპულარული გახდა. The Beatles-ისა და The Rolling Stones- ის მუსიკის მოსასმენად აუდიტორია აკრძალულ მეთოდებს მიმართავდა. BBC-ს, „ამერიკის ხმის“ (Voice of America), Radio Liberty-სა და „რადიო ლუქსემბურგის“ მეშვეობით, საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ მათი სიგნალის ჩახშობის მიუხედავად, საქართველოში ბრიტანულ ჰიტებს არალეგალურად მაინც უსმენდნენ. რადიო, ფაქტრობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილი და ფანჯარა იყო დასავლეთში. კულტურის ტრანსფერის არალეგალურ გზებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ დასავლური მუსიკის მეორადი რენტგენის სურათებზე დატანა („ძვლებზე ჩაწერილი მუსიკა“), ვინილის ფირფიტებისა და ჩანაწერების დიპლომატების, მეზღვაურების, სამსახურებრივი მისიით საზღვარგარეთ მოხვედრილი ადამიანების მიერ ფარულად შემოტანა და ა.შ. ხსენებულ პერიოდში მედიაპროდუქტის გავრცელებით არხზე მეტად მიმღები იყო დაინტერესებული. აუდიტორიის აქტიურმა ჩართულობამ არალეგალური მუსიკის გავრცელებაში რევოლუცია მოახდინა. ბრიტანული კულტურის მედიურმა ტრანსფერმა ახალ თაობაში თავისუფლების სულისკვეთება შემოიტანა და საბჭოთა მთავრობას ალტერნატიული კონტროლირებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების დაფუძნება და გარკვეული დასავლური ჰიტების დაშვება დასჭირდა. საკვანძო სიტყვები: ბრიტანული კულტურა, მედიური მიგრაცია, რადიო, The Beatles, დასავლური მუსიკა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 444 შესავალი მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან დასავლური ფსიქოდელიური როკი საბჭოთა კავშირში, მათ შორის, საქართველოში არელეგალური გზებით შემოდიოდა. ამ მოვლენას მაშინდელი ხელისუფლება რეპრესიებითა და ცენზურით ებრძოდა. დაინერგა რადიოტალღების დახშობის მექანიზმი. თუმცა მოსახლეობა მაინც ახერხებდა აკრძალული რადიოსადგურების მოსმენასა და ინფორმაციასთან ერთად ბრიტანული კულტურის გაცნობას. ტრადიციულად მასობრივი მედია, რომელსაც „მეოთხე ხელისუფლებას“ უწოდებენ, შეტყობინებას მასობრივი კომუნიკაციის არხებით გადასცემს. მედიაპროდუქტს კი აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს აუდიტორიაზე და შექმნას საზოგადოებრივი აზრი. სწორედ ამ თვისების გამო წარმოადგენს ის საკმაოდ ეფექტურ იარაღს. ამ პერიოდში, მეოცე საუკუნის 60-80-იან წლებში, კაცობრიობა უცნაური მოვლენის მოწმე გახდა  „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი აუდიტორია თვითონ იქცა სუბიექტად, არა პასიურ მიმღებად, არამედ აქტიურ რეციპიენტად. ის მედიაპროდუქტის მოსაპოვებლად ძალისხმევას თავად იჩენდა, რათა ზემოქმედების ეფექტი განეცადა. არალეგარულად შემოჭრილმა ბრიტანულმა მუსიკალურმა კულტურამ საბჭოთა, მათ შორის, ქართულ ცნობიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ახალ თაობაში თავისუფლების წყურვილი გააჩინა, რაც დროთა განმავლობაში დაშტამპული აზროვნებისა და საბჭოური ხელოვნების დამთრგუნავ მოვლენად იქცა. მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ბრიტანული კულტურის მედიური მიგრაციის შედეგი თვალნათელი გახდა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, თბილისში ისეთი მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, როგორებიც იყო: 1978 წლის „თბილისის საკავშირო ჯაზ-ფესტივალი“ და 1980 წლის პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი  „გაზაფხულის რიტმები“. ამდენად, მასობრივი გამოღვიძების პირველი ტალღა სწორედ ბრიტანული კულტურის მედიურმა მიგრაციამ დაძრა, რასაც სხვა მასშტაბური მოვლენები, კულტურული მეტამორფოზა და „რკინის ფარდის“ რღვევა მოჰყვა. ლიტერატურის მიმოხილვა საბჭოთა სივრცეში დასავლური მუსიკის შემოჭრის შედგები ბევრ მნიშვნელოვან წყაროშია განხილული. ავტორთა უმეტესობა თანხმდება, რომ კუტურის არალეგალურმა ტრანსფერმა „რკინის ფარდის“ რღვევა დააჩქარა. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 445 ნილ ოლბრაითის სტატიის მიხედვით  „A Policy of Rock: How Rock and Roll Undermined the Communist Revolution in Cold War Russia“  ლენინის მიერ ნაქადაგები ტექნიკური მოდერნიზაცია, რომელსაც ინდუსტრიული პროგრესი უნდა მოეტანა, საბჭოთა სახელმწიფოს დასუსტების წინაპირობა აღმოჩნდა. რადიოთი შემოსულმა როკმა ახალ თაობას თავისუფლების შეგრძნება გაუღვივა. 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობის ფეტივალის ფარგლებში ბრიტანულმა როკჯგუფებმა საბჭოთა აუდიტორიას პირველად წარუდგინეს ელექტროგიტარები. სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ჩამწერები კი არალეგალური მუსიკის მასობრივ გავრცელებას აადვილებდა. დასავლური კულტურის ტრანსფერში რადიოს განსაკუთრებული როლი დაეკისრა. Radio Liberty, Voice of America და BBC როკ-მუსიკას მოკლე ტალღებით საბჭოთა კავშირისავე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით ავრცელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მასშტაბურად ახშობდა რადიოტალღებს, აუდიტორია გადაცემებს მაინც იჭერდა. 1960-იანი წლების ბოლოს საბჭოთა მთავრობამ სტრატეგია შეცვალა. როკ- მუსიკის იდეოლოგიური გავლენის შესამცირებლად კულტურის სამინისტრომ შექმნა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, სახელად VIA (ვოკალურ- ინსტრუმენტული ანსამბლი). ტექსტები ცენზურას გადიოდა, სანაცვლოდ მუსიკოსებს დასავლურ ტექნოლოგიებთან ჰქონდათ წვდომა. ისინი იატაკქვეშა საქმიანობასაც განაგრძნობდნენ და აკრძალულ მუსიკას უკრავდნენ. 1970-იან წლებში რადიოსა და მუსიკოსთა არალეგალური შემოქმედების წყალობით ახალგაზრდობამ გაითავისა კულტურა, რომელიც კომუნისტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა. (Albright, 2011) ნიკოლოზ სარაჯიშვილის ნაშრომში  „საბჭოთა როკ-მუსიკის თბილისური ნათლობა“ საუბარია „რკინის ფარდის“ პირობებში საბჭოთა კავშირში (მათ შორის, საქართველოში) ბრიტანული როკმუსიკის არალეგალურ გავრცელებაზე, რამაც ზოგადად კულტურასა და ახალი თაობის ცნობიერებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. 50-60-იან წლებში, როდესაც ვინილის ფირფიტები აუდიტორიისთვის არ იყო ხელმისაწვდომი, დასავლური მუსიკის ჩანაწერებს მეორადი რენტგენის სურათებზე აკეთებდნენ, რაც, მართალია, უნიკალური, მაგრამ არალეგალური ხერხი იყო. ასეთ „ჩანაწერებს“ „ძვლებზე ჩაწერილი მუსიკა“ დაარქვეს. ნიკოლოზ სარაჯიშვილის წიგნში ასევე ხაზგასმულია დასავლური რადიოსადგურების როლი. BBC, „ამერიკის ხმა“ (Voice of America) და „რადიო ლუქსემბურგი“ საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ მათი სიგნალის ჩახშობის მიუხედავად, ბრიტანულ ჰიტებს მაინც ავრცელებდნენ. რადიო, ფაქტრობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილი და ფანჯარა იყო დასავლეთში. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 446 ამ პერიოდში ამოქმედდა მასობრივი კომუნიკაციის ისეთი საშუალება, როგორიცაა ჩანაწერები (ვინილის ფირფიტები). ისინი მივლინებით მყოფი პირების, მეზღვაურების, დიპლომატებისა და სხვათა ძალისხმევით არალეგალურად შემოდიოდა. შედეგად, საბჭოთა, მათ შორის, ქართული აუდიტორია აკრძალვის მიუხედავად, ეცნობოდა ისეთი ბრიტანული ჯგუფების ალბომებს, როგორებიცაა: The Beatles, The Rolling Stones, Led Zeppelin და Deep Purple. თუმცა ეს ჩანაწერები ძალიან ძვირი ღირდა. განსაკურთებული შთაბეჭდილება ქართველ მსმენელზე The Beatles-მა მოახდინა. წიგნში ეს მოვლენა ნამდვილ რევოლუციად არის შეფასებული, რომელმაც 60-იან წლებში სრულად მოიცვა ახალგაზრდობა და საბჭოთა როკჯგუფების ჩამოყალიბების მაპროვოცირებელ მოვლენად იქცა. ხელისუფლება ამ მუსიკას ახალგაზრდობის გამრყვნელად მიიჩნევდა და მის შემოჭრას დივერსიად აფასებდა, ამიტომ კონტროლირებადი ალტერნატივა შექმნა. მან ხელი შეუწყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების დაფუძნებას, რომლებიც საბჭოთა ავტორების ცენზურაგავლილ შემოქმედებას ასრულებდნენ. მზარდმა მოთხოვნამ ხმისჩამწერი სტუდია „მელოდია“ აიძულა დასავლური ჯგუფების ლიცენზირებული და მკაცრად შერჩეული ფირფიტები გაეყიდა. საბოლოოდ, საფუძველი ჩაეყარა ისეთ მოვლენასაც, როგორიც თბილისის 1980 წლის როკფესტივალი იყო. (სარაჯიშვილი, 2024) არტემ ტროიცკის ფუნდამენტურ ნაშრომში „Back in the USSR: The True Story of Rock in Russia“ მოთხრობილია 1960-80 იანი წლების კულტურული რევოლუციის შესახებ, რომელიც საბჭოეთში დასავლური ფსიქოდელიური მუსიკის შემოჭრამ გამოიწვია. მოვლენათა უშუალო მონაწილე ამ პროცესს ძალიან საინტერესოდ აღწერს. ავტორი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად დასავლური ჰიტების ქავერებს საბჭოთა მუსიკოსები დამახინჯებული ფონეტიკური იმიტაციით უკრავდნენ. წიგნში აღწერილია „მაგნიტიზდატის“ მიერ მუსიკის კასეტებზე ჩაწერისა და არალეგალური გავრცელების მექანიზმი („სამიზდატის“ მუსიკალური ანალოგი). კასეტიდან კასეტაზე გადაწერილი როკი საზოგადოებაში ვრცელდებოდა, ამ მოვლენას ტროიცკი „ნამდვილ სახალხო მედიას“ უწოდებს. 1970-80-იან წლებში როკი კონტრკულტურად იქცა. ის ხელისუფლების მიერ დარბევებითა და წინააღმდეგობით იდევნებოდა. 80-იან წლებში ლენინგრადში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ნახევრად ლეგალური, კაგებეს მიერ კონტროლირებული, როკჯგუფები შეიქმნა. ავტორი ამ მოვლენას პარადოქსს უწოდებს, რადგან როკი ერთდროულად ცენზურასაც გადიოდა და თან ყვაოდა. დასკვნით ნაწილში აღწერილია პერესტროიკის პერიოდში როკის გამოსვლა „ანდერგრაუნდიდან“ და დიდ სცენაზე გადანაცვლება. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ შემოიჭრა მედიური გზით დასავლური მუსიკა საბჭოთა კავშირის დახურულ სისტემაში და თავისუფლების ჰიმნად იქცა. (Troitsky, 1987) Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 447 ტიმოთი რაიბეკის „Rock Around the Bloc“-ში როკი გააზრებულია, როგორც სოციალური და პოლიტიკური ძალა, რომელიც სისტემის რღვევის კატალიზატორი აღმოჩნდა. ავტორი აღწერს, თუ როგორ ეცადა კომუნისტური მთავრობა ახალგაზრდების პროტესტი მართვად კალაპოტში მოექცია. წიგნი ამტკიცებს, რომ პოპულარული მუსიკა, როგორც ჩანაწერი, როგორც მასობრივი კომუნიკაციის საშუალება, შეიძლება იქცეს პოლიტიკურ იარაღად, შეცვალოს ფასეულობები და შიგნიდან დაანგრიოს ტოტალიტარიზმი. (Ryback, 1990) ნაშრომი „Youth and Rock in the Soviet Bloc: Youth Cultures, Music, and the State in Russia and Eastern Europe“ მოგვითხრობს, თუ როგორ შეეცადა საბჭოთა ხელისუფლება დასავლური მუსიკის მიმართ მოთხოვნა „სოციალისტური პოპმუსიკის“ შექმნით ჩანაცვლებინა. ავტორი ასკვნის, რომ ამ მიდგომამ ახალგაზრდებში პროტესტის სულისკვეთება უფრო გააძლიერა, რაც დროთა განმავლობაში ნაციონალისტური მოძრაობების ზრდითა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლით დაგვირგვინდა. (Risch, 2015) კვლევის მეთოდები კვლევის მეთოდოლოგია ემყარება დოკუმენტების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს (კონტენტ-ანალიზი). აღნიშნული მეთოდების შერჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „საველე სამუშაოების“ წარმოების შეუძლებლობა მოითხოვდა საკვლევი პრობლემის სიღრმისეულ შესწავლას არსებულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. განხილვა „ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირის მიერ დასავლეთიდან მომავალი საინფორმაციო ნაკადის, მათ შორის, კულტურის მედიური მიგრაციის აღსაკვეთად გატარებული ღონისძიებები, პირველ რიგში, რადიოსიხშირეების ჩახშობას ითვალისწინებდა. ამის დამადასტურებელი ოფიციალური წყაროები საკმაოდ მწირადაა ხელმისაწვდომი, რადგანაც ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებული იყო. კვლევისას მოძიებულია საერთაშორისო კომუნიკაციების სააგენტოს დირექტორის (რაინჰარდტის) მემორანდუმი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის ბჟეზინსკისადმი, რომელიც ეხება 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიერ დასავლური რადიოსადგურების მაუწყებლობის სრულ ბლოკირებას. ჩანს, რომ ახშობდნენ ქართულ, სომხურ და უკრაინულ სადგურებს. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 448 ამ მიზნით გამოიყენებოდა ორი ძირითადი მეთოდი: „ხმაურით ჩახშობა“, ანუ სამიზნე სიხშირის უწყვეტი ხმაურით დაფარვა და „შუქურის მეთოდი“ – სიხშირეზე საბჭოთა გადაცემის დადება. ამისთვის მობილიზებული იყო მძლავრი სტაციონარული და მობილური სამხედრო გადამცემები. საპასუხოდ, „ამერიკის ხმა“ იყენებდა მაღალი სიმძლავრის სიგნალს, „გაჯერებულ მაუწყებლობას“ (ერთი გადაცემის ბევრ სიხშირეზე ერთდროულად გაშვება) და ტრანსლაციას სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან. ეს მუდმივი „ტექნოლოგიური ომი“, რომელიც 1948 წელს დაიწყო და შეჩერება-განახლების რთული ციკლით (1963, 1968, 1973, 1980) ხასიათდებოდა, ისეთი დაპირისპირება იყო, სადაც ვერცერთი მხარე სრულ უპირატესობას ვერ აღწევდა. (Reinhardt, 1980) ბრიტანული როკის მედიური მიგრაციის შესახებ ქართულენოვანი წყაროები ძალიან მწირია. რადიოსიგნალის ჩახშობის მიუხედავად, აუდიტორიის აქტიურობის შედეგად დასავლურ მუსიკასთან მათი ზიარების მხოლოდ შედეგებზე შეიძლება დაკვირვება. კვლევის პროცესში ბეჭდური მედიის არქივებზე მუშაობისას აღმოჩენილ მასალაში, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ 1987 წლის მეორე ნომერში, რუბრიკაში „დისკუსია“ დაგმობილია ქართული ანსამბლების მხრიდან ამ მუსიკით გატაცების ფაქტი. პუბლიკაციაში „ვიზრუნოთ ქართული ესტრადის ხვალინდელ დღეზე“ ვკითხულობთ საესტრადო სიმღერის ფესტივალის „თბილისი 1986“-ის შესახებ. დათვალიერებაში 18 კოლექტივი მონაწილეობდა, მათ შორის: „ორერა“, „ივერია“, „75“, „ელადა“, „ნატვრის ხე“, „პირამიდა“, „მწანე პლანეტა“, „სინთეზი“, „აისი“ და როკჯგუფები „არგო“ და „ბლიცი“. ასევე, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საესტრადო ორკესტრი, მარჯანიშვნილის თეატრის როკანსამბლი „თეატრონი“ და სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რერო“; თვითმოქმედი კოლექტივები: „ჯუკ-ბოქსი“ (მეცნიერებათა აკადემიის ანსამბლი, რომელსაც ძმები ჭილაშვილები ხელმძღვანელობდნენ), „მზე და მიწა“ და სხვა. ფესტივალში მონაწილე ჯგუფების რეპერტუარში შედიოდა როგორც საავტორო ნაწარმოებები, ასევე, ქართული ხალხური სიმღერები, რუსული რომანსები, საბჭოთა და საზღვარგარეთული მუსიკის ნიმუშები. დათვალიერება 10 დღეს გაგრძელდა. მასალაში ქართული ესტრადის მდგომარეობა „მძიმედ“ არის შეფასებული, რაც იმით დასტურდება, რომ ფესტივალის ჟიურიმ არ გასცა საქართველოს კულტურის სამისნისტროს მიერ დაწესებული არც ერთი პრიზი. რამდენიმე ანსამბლის („პირამიდა, „ბლიცი“, „სინთეზი“, „მწვანე პლანეტა“, „აისი“) დაშლა გადაწყდა, დაბალი მუსიკალურ-საშემსრულებლო დონისა და იმის გამოც, რომ ისინი სცენაზე ძალიან თავისუფლად, „უხამსად“ იქცეოდნენ. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 449 პუბლიკაცია, ფაქტობრივად, ჩატარებული დისკუსიის ანგარიშს წარმოადგენს. ამ შეკრებას წარმართავდა საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ი. გამრეკელი. დისკუსიის ბეჭდური ვერსიის ტექსტში ს. ნასიძემ, რომელიც 1986 წელს საქართველოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ქართული ესტრადის დაბალი დონის განმაპირობებელ მიზეზთა შორის ერთ-ერთ პუნქტად დაასახელა შემდეგი: „მეორე ჯგუფის კოლექტივები ცდლობენ, დასავლური მუსიკის გავლენით, გააფართოვონ და გაათანამედროვონ ეს ტრადიციები, მაგრამ ეს ცდაც წარმატებას ვერ აღწევს, მხარს ვერ უბამს რეალურ სინამდვილეს. ჩვენთვის უცხოა მუსიკა, რომელსაც ამ ტიპის ანსამბლები პროპაგანდას უწევენ“. ასევე, მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ანსამბლების გაკონტროლება გასტორლების დროს შეუძლებელი ხდოდა და მათი თვითნებობა სამშობლოდან მოშორებით ყოფნისას ფრთებს შლიდა. ვაჟა აზარაშვილი, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის საესტრადო მუსიკის სექციის თავმჯდომარე იყო, თავის გამოსვლაში აკრიტიკებდა ანსამბლ „ივერიას“ დაბალი ლიტერატურული დონის გამო, ანსამბლ „75“-ზე კი აღნიშნავდა, რომ ის სცენაზე უსახურ პროდუქციას ამკვიდრებს. ასევე, აკრიტიკებდა „ჯუკ-ბოქსს“, რომელიც, მისი თქმით, „ბრმად ბაძავს დასავლური პოპ- მუსიკის ნიმუშებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ანსამბლი რომელიღაც სხვა პლანეტაზე ცხოვრობს“. (უავტორო, 1987) მოცემულ დისკუსიას სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად გია ყანჩელიც ესწრებოდა, რომელიც საცირკო-საესტრადო სასწავლებელში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცვლილებების აუცილებლობის საკითხს აყენებდა. ამ მასალაში აშკარად ჩანს ფესტივალის მესვეურთა და საბჭოთა ხელისუფლების გაღიზიანება დასავლური მუსიკით საბჭოურ ანსამბლთა გატაცების გამო. ხსენებული კულტურა შეფასებულია უცხოდ და უსახურად, მუსიკოსთა თავისუფალი ქცევა სცენაზე მოხსენიებულია უხამსობად. ასევე, ჩანს მათი მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტებიც, რადგან აღნიშნულია, რომ ისინი გასტროლებზე თვითნებურად ცვლიან რეპერტუარს. ამ თემაზე მოგვითხრობს გოგი გვახარიას „წითელი ზონა“, 2009 წელს „რადიო თავისუფლების“ ეთერში გასული გადაცემით: „პირველი როკ-აქცია საბჭოთა კავშირში“ (ამ საკითხს მან ერთი გადაცემა ამავე არხზე 2008 წელსაც მიუძღვნა). საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 1980 წლის გაზაფხულზე გამართული როკფესტივალის ჩატარებისა და წინააღმდეგობათა შესახებ გადაცემაში ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 450 გაიოზ კანდელაკი და როკფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაყურებელი, კახა თოლორდავა საუბრობენ. საბჭოთა მთავრობის მცდელობის მიუხედავად, გაეკონტროლებინა ბრიტანული კულტურის შემოჭრითა და მისი პოპულარობით გამოწვეული გავლენა, საბჭოთა ანსამბლებმა აიტაცეს ახალი სტილი და შეძლეს თავისუფლების ნაპერწკლის გაღვივება, რაც არტახებიდან გათავისუფლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები იყო. ამ პროცესის მიმდინარეობის დეტალები სრულადაა წარმოჩენილი ხსენებულ მასალაში, რასაც დამაჯერებლობას სძენს უშუალო ორგანიზატორის, თვითმხილველთა და მონაწილეთა ჩართულობა, რაც გადაცემას სანდო აუდიოვიზუალურ წყაროდ აქცევს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალიდან მხოლოდ რუსული კოლექტივების მიერ შესრულებული კომპოზიციებია შემოთავაზებული, რადგან ქართულენოვანი არქივებს არ შემორჩა. (გაიოზ კანდელაკი, 2009) რაიჰან დემიტრის ფილმი The Soviet villagers who blocked Western radio broadcasts (BBC-ს პროდუქცია), მოგვითხრობს 1950-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოში, თბილისიდან ჩრდილოეთით 50 კმ-ს დაშორებით, მოქმედ სადგურზე  „სტანცია № 5“ (Transmitter Station Number 5) საიდუმლო დასახლებით, რომელიც ახშობდა ანტიკომუნისტური რადიოარხების სიგნალებს. ის იმართებოდა მოსკოვიდან, ობიექტზე მუშაობდნენ კომუნიკაციის ინჟინრები და სპეციალისტები. ისინი ცხოვრობდნენ იზოლირებულ გარემოში, სადაც ჰქონდათ საკუთარი სკოლა, მაღაზია, კინოთეატრი. ადგილობრივი ხელისუფლებიდან უმეტესობისთვის არც იყო ცნობილი ობიექტის არსებობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე მასალები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, BBC-ის ეს ფილმი თვალნათელ და სანდო წყაროდ უნდა მივიჩნიოთ. სტანციის თანამშრომლები იყვნენ კომუნიკაციის ინჟინრები და სპეციალისტები, რომლებიც ცხოვრობდნენ იზოლირებულ რეგიონში: ჰქონდათ საკუთარი სკოლა, მაღაზია, კინოთეატრი და ა.შ. ამ ფილმით დასტურდება საბჭოთა კავშირის მიერ ანტისაბჭოთა პროპაგანდის შესაჩერებლად საიდუმლო რადიოსადგურების ქსელის შექმნის ფაქტი. კონკრეტულად „სტანცია 5“ კი ემსახურებოდა რადიოსადგურების: BBC-სა და „ამერიკის ხმის“ მაუწყებლობის ჩახშობას, საიდანაც დასავლური კულტურისა (ბრიტანული როკის) და სხვა ანტისაბჭოთა კონტენტის საბჭოეთში შემოჭრა იყო შესაძლებელი. (Demytrie, 2018) ასევე, მნიშვნელოვან წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ბრიტანელი დოკუმენტალისტის, ლესლი ვუდჰედის ფილმი, რომელიც BBC-ს პროდუქციას წარმოადგენს, How the Beatles Rocked the Kremlin (2009) პროცესის უშუალო მონაწილეების: არტემ ტროიცკისა და ვლადიმერ პოზნერის მონათხროზე დაყრდნობით ავტორი გვიამბობს, თუ როგორ შეძლო ბრიტანულმა როკჯგუფმა the Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 451 Beatles ხელი შეეწყო „რკინის ფარდის“ რღვევისთვის და რა გავლენა იქონია ბრიტანული კულტურის მედიურმა მიგრაციამ. (Woodhead, 2009) კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია, შესაბამისად, ზემოქმედების მოსახდენად მიმღები აუცილებლად უნდად არსებობდეს და მას ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ჰქონდეს კოდირებული მასალის დეკოდირებითვის. დასავლური მუსიკა რადიოტალღების ჩახშობის მიუხედავად, საბჭოეთში რომ ვრცელდებოდა, რევოლუციის მოსახდენად ეს საკმარისი არ იქნებოდა. პროტესტის გაღვივება ახალი თაობის მზაობამ განაპირობა, ცნობისმოყვარეობამ, ჩარჩოების რღვევის სურვილმა და დაუმორჩილებლობისკენ შინაგანმა სწრაფვამ. შესწავლილი მასალების ანალიზმა აჩვენა, რომ საბჭოთა ახალგაზრდობა მზად იყო ცვლილებებისათვის, ბრიტანული როკმუსიკა კი მოვლენათა კატალიზატორად და ტრანსფორმაციის გენერატორად იქცა. დასკვნა ამგვარად, კვლევის პროცესში შესწავლილი დოკუმენტებისა და მედიაკონტენტის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ:  BBC-ს, „ამერიკის ხმის“ (Voice of America), Radio Liberty-სა და „რადიო ლუქსემბურგის“, ასევე, სხვა რადიოსადგურების ძალისხმევით, The Beatles-ისა და The Rolling Stones-ის მუსიკის მედიურმა მიგრაციამ საქართველოში ახალი თაობის პროტესტი გააძლიერა, 1980 წელს თბილისის როკფესტივალის ჩატარების მაპროვოცირებელი გახდა და საფუძველი ჩაუყარა „რკინის ფარდის“ რღვევას;  ქართულმა როკჯგუფებმა დაუმორჩილებლობის დემონსტრირება დაიწყეს, რითაც საგონებელში ჩააგდეს კულტურის სამინისტრო და კრიზისი გამოიწვიეს;  აუდიტორია ტრადიციული გაგებით „აქტიურ რეციპიენტზე“ გაცილებით აქტიური გახდა და თავად ქმნიდა მეორად მედიაპროდუქტს თავისუფალი აზრის, ამ შემთხვევაში, ბრიტანული როკის გასავრცელებლად. ამ მოვლენას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „სამოქალაქო ჟურნალისტიკა“ (ამ თანამედროვე ტერმინს „სმარფონით“ შეიარაღებული მოქალაქის რეპორტიორობის შესაძლებლობის აღსანიშნავად იყენებენ). იატაკქვეშა გზით მედიაპროდუქტის მეორადი გავრცელება სწორედ „მოქალაქე- ჟურნალისტის“ დამსახურებაა. სამართლიანი იქნებოდა ეს ტერმინი გაცილებით ადრე, სწორედ ხსენებული შემთხვევის აღსანიშნავად დამკვიდრებულიყო. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 452  საბჭოთა აუდიტორია მზად იყო ტრანსფორმაციისთვის, დასავლური მუსიკის მედიურმა მიგრაციამ კი ეს პროცესი დაძრა და შეუქცევადი გახადა. გამოყენებული ლიტერატურა Albright, N. (2011). A Policy of Rock: How Rock and Roll Undermined the Communist Revolution in Cold War Russia. Historical Perspectives: Santa Clara University Undergraduate Journal of History, Series II(Volume 16). Retrieved from http://scholarcommons.scu.edu/historical- perspectives?utm_source=scholarcommons.scu.edu%2Fhistorical- perspectives%2Fvol16%2Fiss1%2F14&utm_medium=PDF&utm_campaign=PDFCo verPages Demytrie, R. (Producer). (2018). The Soviet villagers who blocked Western radio broadcasts [Motion Picture]. Retrieved from https://www.bbc.com/news/av/world- europe-43730458?utm_source Reinhardt. (1980, september 19). office of the historian. Retrieved from https://history.state.gov/: https://history.state.gov/historicaldocuments/frus1977- 80v30/d212?utm_source Risch, W. J. (2015). Youth and Rock in the Soviet Bloc: Youth Cultures, Music, and the State in Russia and Eastern Europe. Lanham: Lexington Books. Ryback, T. (1990). Rock around the bloc : a history of rock music in Eastern Europe and the Soviet Union. New York: Oxford University Press. Troitsky, A. (1987). Back in the USSR: The True Story of Rock in Russia. London: Omnibus press. Woodhead, L. (Director). (2009). How the Beatles Rocked the Kremlin [Motion Picture]. Retrieved from https://www.youtube.com/watch?v=eUO1atyECD8 გაიოზ კანდელაკი, კ. თ. (2009, ივლისი 31). წითელი ზონა, პირველი როკ-აქცია საბჭოთა კავშირში. (გ. გვახარია, Interviewer) Retrieved აგვისტო 6, 2025, from https://www.radiotavisupleba.ge/a/1790140.html სარაჯიშვილი, ნ. (2024). საბჭოთა როკ-მუსიკის თბილისური ნათლობა. თბილისი: "იცას გამომცემლობა". უავტორო. (1987). ვიზრუნოთ ქართული ესტრადის ხვალინდელ დღეზე. საბჭოთა ხელოვნება, 36-41. Retrieved from https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/113087 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 7 N 3, 2025 453 Media migration of British culture to Georgia Tsitsino Bukia Abstract Since the 1960s, despite the Iron Curtain, illegal media migration of Western culture began in the Soviet Union, including Georgia. British psychedelic rock became very popular among the new generation. The audience resorted to forbidden methods to listen to the music of The Beatles and The Rolling Stones. Despite the suppression of their signals by the Soviet government, British hits were still listened to illegally in Georgia through the BBC, Voice of America, Radio Liberty, and Radio Luxembourg. Radio was, in fact, the only bright spot and window to the West. Among the illegal ways of cultural transfer, we can name the transfer of Western music onto secondary X-ray images (“music recorded on bones”), the clandestine import of vinyl records by diplomats, sailors, people on official missions abroad, etc. During this period, receiver was more ineresting in distribution of media products, than the channel. The active involvement of the audience revolutionized the distribution of illegal music. The media transfer of British culture brought a spirit of freedom to the new generation, and the Soviet government had to establish alternative controlled vocal-instrumental ensembles and allow certain Western hits. Keywords: British culture, media migration, radio, The Beatles, Western music.