https://journals.4science.ge/index.php/GS/index 19 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 3 Issue 4, 2021 https://doi.org/10.52340/gs.2021.11.03 ზღვა როგორც მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლო ედგარ პოს პოეზიაში ლელა ებრალიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი https://orcid.org/0000-0003-0802-4085 აბსტრაქტი წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ზღვის სიმბოლური მნიშვნელობის განსაზღვრას ედგარ პოს პოეზიაში. მიმოხილულია ზოგადად სიმბოლიზმისა და სიმბოლოს რაობა, ედგარ პოს წვლილი სიმბოლიზმის როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის განვითარებაში და მის პოეზიაში მოხმობილი სხვადასხვა სიმბოლოები. მათგან ზღვა შერჩეულია როგორც ნაკლებად შესწავლილი და განსაკუთრებით საინტერესო მისი მრავალმნიშვნელოვნების გამო. აღნიშნული სიმბოლო განხილულია მასთან ტრადიციულად დაკავშირებული ასოციაციების, მისი ბიბლიაში, მითოლოგიასა და სხვადასხვა ეპოქათა ლიტერატურაში გამოყენების გათვალისწინებით. სტატიაში გაანალიზებულია ედგარ პოს რამდენიმე ლექსი, რომლებშიც ზღვა სულ სხვადასხვა მნიშვნელობათა მატარებლად წარმოგვიდგება. წარმოჩენილია, რომ პოს შემოქმედებაში, სადაც დიდწილად ასახულია მისი ცხოვრებისეული ტრაგედიები, უხვად არის გამოყენებული პოეტის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი სიმბოლოები და ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა ზღვა, რომელიც სხვადასხვა ლექსებში ლირიკული გმირის ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ზოგჯერ ერთმანეთის საპირისპირო განცდებს გამოხატავს და მრავალ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს განაპირობებს ამ სტატიაში მის კვლევის ობიექტად არჩევას. საკვანძო სიტყვები: სიმბოლიზმი, სიმბოლო, ზღვა, პოეზია, მრავალმნიშვნელოვნება https://orcid.org/0000-0003-0802-4085 https://journals.4science.ge/index.php/GS/index 20 შესავალი მხატვრულ სახე-სიმბოლოებზე და ზოგადად, სიმბოლიზმზე საუბრისას, გვერდს ვერავინ აუვლის ამერიკელ რომანტიკოს პოეტს ედგარ ალან პოს, რომელიც ფრანგმა სიმბოლისტებმა თავიანთ წინამორბედად, მენტორად მიიჩნიეს და საკულტო ფიგურად აქციეს, მათი შემოქმედება ხომ დიდწილად პოსეული ტროპებითა და პერსონაჟებით იყო ნასაზრდოები. სიმბოლისტებს ედგარ პოსთან ბევრი საერთო თვისება ანათესავებდა, ისინი იზიარებდნენ მის ინდივიდუალიზმს, სინამდვილის უარყოფას და იდეალური სამყაროს შექმნისაკენ სწრაფვას, მისტიციზმს, პესიმიზმს, სიკვდილის ესთეტიზაციას, აპოლიტიზმსა და ფორმალიზმს. ისინი, დიდი ამერიკელი თანამოძმის მსგავსად, პრინციპს „ხელოვნება ხელოვნებისთვის“ მისდევდნენ, არ ცნობდნენ რა ხელოვნების დიდაქტიკურ დანიშნულებას და ყველაზე დიდ მნიშვნელობას გამოხატვის ფორმას, პოეტური ნაწარმოების მუსიკალობასა და სიმსუბუქეს, სიტყვებისა და ბგერების თამაშს ანიჭებდნენ. სიმბოლიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საგნები თუ მოვლენები მათი პირდაპირი მნიშვნელობისაგან სრულიად განსხვავებულ, ახალ მნიშვნელობას იძენენ და რაიმე სხვა საგნის ან მოვლენის აღმნიშვნელად, მათ სიმბოლოებად გვევლინებიან. მათი მეშვეობით შემოქმედი იმ ერთადერთ იდუმალ სინამდვილეს ასახავს, რომელიც სხვებისთვის დაფარული და მიუწვდომელია და მხოლოდ მას ძალუძს მასში ჩადებული საიდუმლო აზრის ამოცნობა, ხილული სამყაროს უხილავი ასპექტების ჩაწვდომა. „ბუნება ტაძარია, რომლის ცოცხალი სვეტებიც ზოგჯერ გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამენ; ადამიანი გზას მიიკვლევს სიმბოლოთა ტყეში, რომელნიც მას ნაცნობი მზერით შესცქერიან“. [Campbel, 1952] (პწკარედი - ლ. ე.) ეს არის ნაწყვეტი სიმბოლისტი პოეტის შარლ ბოდლერის ლექსიდან „შესატყვისობები“. ამ ლექსის მიხედვით პოეტის მიზანია ჩასწვდეს გრძნობით შთაბეჭდილებებს, რომლებიც მას ახსნადი სიმბოლოების სახით ეძლევა. შესატყვისობების აღმოჩენით იგი მის გარშემო არსებული საგნების ერთიანობას შეიგრძნობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოეტი სხვათაგან გამორჩეულია სამყაროს განსხვავებული, მეტაფორული აღქმით, რისი უნარიც მხოლოდ მას შესწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, ხელოვნება, თუნდაც ფორმალისტური, საკუთარი ნააზრევის, განცდების სხვათათვის გაზიარებას წარმოადგენს. ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, თვითგამოხატვის საშუალებაა, თვითგამოხატვა კი საკუთარი ბუნებისა და სულის სხვებისთვის გადაშლას გულისხმობს. შესაძლოა, პოეტს არ ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მის ნაწარმოებს ყველა ერთნაირად ღრმად ჩასწვდება, მაგრამ რომ არ იმედოვნებდეს, რომ მისი ქმნილება ესთეტიკურ სიამოვნებას მიანიჭებს, დააფიქრებს, სულიერად გაამდიდრებს მკითხველს, არც გამოაქვეყნებდა, იმისთვის ხომ არ გაირჯებოდა, რომ გაუგებარი დარჩენილიყო. ცხადია, ხელოვანს არ უნდა სურდეს გაუგებარი დარჩეს. მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძეზე, რომლის გენიალურ ლექსებში მოხმობილ სიმბოლოებს ბევრი ვერ იგებდა და აუხსნელად მიიჩნევდა, ინესა მერაბიშვილი წერს, რომ „ ... https://journals.4science.ge/index.php/GS/index 21 მკითხველს, როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს ის გალაკტიონის გენიალობაში, არც ევალება და არც მოეთხოვება პოეტის აზროვნების სიმაღლეზე ყოფნა და სიმბოლოებში კოდირებული შინაარსის გახსნა. მაგრამ, ამავე დროს, ეჭვგარეშეა ისიც, რომ როდესაც პოეტი სიმბოლოებში ათავსებს შინაარსს, ამით ის არაერთგზის ზრდის მის მოცულობასა და ესთეტიკურ ტევადობას, რაც, თავის მხრივ, ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაში აისახება. პოეტი განიცდის სიამოვნებას ამ პროცესისგან და სურს, რომ არანაკლები ესთეტიკური სიამოვნება მკითხველსაც მიანიჭოს“ [მერაბიშვილი, 2005 : 144]. ზემოთ შარლ ბოდლერი ვახსენეთ. ცნობილია, რომ ეს დიდი ფრანგი პოეტი თავის მასწავლებლად, თანამოძმედ, ალტერ ეგოდ ედგარ პოს მიიჩნევდა; 20 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ხუთ საათს უთმობდა პოს ლექსების ინგლისურიდან ფრანგულად თარგმნას და მხოლოდ ამის შემდგომ შეუდგებოდა ხოლმე საკუთარი ლექსების წერას. შედეგად, მისი ნაშრომების 12 ტომიდან 5 ტომი პოს ლექსების თარგმანებია. ბოდლერის, მალარმეს და ფრანგ და სხვა ეროვნების პოეტთა თაობებისათვის საოცრად შთამბეჭდავი იყო და კვლავაც ასეთად რჩება პოს ტექნიკა, ხელოვნებისადმი მათემატიკური მიდგომა, კავშირი პოეზიასა და მუსიკას შორის, მისი მისტიციზმი და სიმბოლოები. ნებისმიერი ავტორის შემოქმედებაში აისახება მისი პირადი გრძნობები და ნააზრევი, მისი გამოცდილება, დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, სიყვარულისადმი თუ სიკვდილისადმი. გამონაკლისი არც ედგარ პოა, რომლის ნაწარმოებებიდანაც გამოსჭვივის ის უზარმაზარი სევდა და ტკივილი, ტრაგიკული ბედის მქონე შემოქმედს მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ არ ტოვებდა. მისი ბიოგრაფიისათვის თვალის ერთი შევლებითაც დავრწმუნდებით, რომ სევდა ნამდვილად ბუნებრივი უნდა ყოფილიყო ადრე დაობლებული, მუდამ სიდუხჭირეში მყოფი, საყვარელი ადამიანის დამკარგავი, მოშურნეთაგან გამწარებული და გარიყული პოეტისათვის. ბუნებრივია ერთი მხრივ მისტიციზმი და ფატალიზმი, გარდაუვალი დაღუპვის მოლოდინი, უიმედობა, მეორე მხრივ კი მშვენიერების ტრფიალი, სიყვარულსა და სილამაზის იდეალიზება, რაც ასე ძალუმად იგრძნობა პოს შემოქმედებაში. ყოველივე ამის გამოხატვას ემსახურება სწორედ ავტორის მიერ მოხმობილი სიმბოლოები. ყველაზე ხშირად განიხილავენ ყორანს როგორც დაუსრულებელი გლოვისა დ უიმედობის სიმბოლოს, რომელიც ასევე განასახიერებს ბოროტებას, მწუხარებას და სიკვდილს, სიბრძნეს და ერთადერთი სიტყვით Nevermore (“აღარასოდეს”), ლექსში რეფრენად რომ გვევლინება, გააჟღერებს თავად პოეტის შიშსა და რწმენას, რომ მას აღარასდროს ეღირსება სატრფოს ხილვა, ამიტომ უნდა შეეგუოს დანაკარგს და განაგრძოს ტკივილიანი არსებობა. პოს ნაწარმოებებში სიმბოლოთა მთელი გალერეა გადაგვეშლება, რომელთაგან ზოგი პირქუში და შემაძრწუნებელია, ზოგიც - ამაღლებული და მშვენიერი. აქ გვხვდებიან მითოლოგიური და ბიბლიური პერსონაჟები, ასევე სიმბოლოებად გვევლინებიან ცხოველები და ფრინველები, ფერები, გეოგრაფიული ობიექტები, ბუნებრივი მოვლენები, მნათობები, ნივთები და სხვანი. აღნიშნული სიმბოლოებით გამოხატულია ლირიკული გმირის სულიერი მდგომარეობა: სიყვარული, მწუხარება, იმედგაცრუება... პოს ქმნილებებში უხვად გვხვდება სილამაზის, სიწმინდის, სიბრძნის სიმბოლოები, კიდევ უფრო ხშირად კი სიკვდილის, გლოვის, ბოროტების გამომხატველი, შიშის მომგვრელი, იდუმალებით მოცული სიმბოლოები. მოკლედ, ეს გალერეა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი შემადგენელი ყველა სიმბოლოს განხილვა ერთი სტატიის ფარგლებში ნამდვილად ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, რომ თითოეულ მათგანზე ბევრია სათქმელი. ამიტომ არჩევანი იმ ერთზე შევაჩერე, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო მეჩვენა და თანაც, სხვებთან, მაგალითად ზემოთ ხსენებულ ყორანთან შედარებით, ნაკლებად არის შესწავლილი. ეს გახლავთ ზღვა. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 22 ზღვა როგორც სიმბოლო ზღვა ყოველთვის ასოცირდებოდა სიმშვიდესთან, მშვენიერებასთან, ასევე საფრთხესთან. ერთი მხრივ, იგი აღიქმებოდა როგორც გამანადგურებელი ძალა, ველური, უმართავი, მონსტრების ბინა. ბიბლიაში აღწერილია ლეგენდური ზღვის ურჩხული ლევიათანი, რომელიც ღმრთის მიერ დამარცხებულ ბოროტებას განასახიერებს [ის. 27:1; იობ. 40:25-32]. სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიებში გვხვდებიან ზღვის მონსტრები (მაგალითად, შოტლანდიურ მითოლოგიაში ლოხ ნესი, ბერძნულ მითოლოგიაში სქილა და ქარიბდა, იაპონურში - კაპასი და ომიბაზუ, სკანდინავიურში - კრაკენი და ა.შ.), რომლებიც თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს. მეორე მხრივ, ზღვა განასახიერებდა სიუხვეს, ნაყოფიერებას, მუდმივ მოძრაობას, ძალას, უსასრულო სიბრძნესა და იდუმალებას. მითოლოგიაში ცნობილია ზღვის ქაფიდან შობის მოტივიც. მოვიყვან ადგილებს ბიბლიიდან, სადაც ზღვა საშიშად არის წარმოჩენილი: „როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში“. (გამოსვლა, თ.15, 19) „ ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს“. (ესაია, თ. 57, 20) „არ გეშინიათ ჩემი? ამბობს უფალი. როგორ არ კანკალებთ ჩემს წინაშე, რომელმაც ქვიშა დავდევი ზღვის სამნად, სამარადისო საზღვრად, რომ მის იქით, ვერ გადავიდეს; ღელდება და ვერ ძლევს, ბობოქრობენ ტალღები და მის იქით ვერ გადადიან”. (იერემია, თ. 5, 22) „და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხის ურვა”. (ლუკა, თ. 21, 25). „ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი; ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელის უკუნი”. (იუდა, თ. 1, 13). საშიში, იდუმალი, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი და მაცოცხლებელი ზღვა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იქცა პოეტთა შთაგონების წყაროდ. მკვლევარებისთვის დღემდე გამოცანად რჩება ჩვ. წთ აღ-მდე მე-8 საუკუნეში ჰომეროსის მიერ „ოდისეაში“ გამოყენებული მეტაფორა „ღვინოსავით მუქი ზღვა“. პოემაში დრამატულად არის აღწერილი უამრავი ხიფათი, რომელთაც მთავარი გმირი, ოდისევსი ზღვით ათწლიანი მოგზაურობისას გადაეყარა. მკითხველისათვის ცხადი ხდება, რომ ზღვა მხოლოდ გემის დაღუპვით და ბობოქარ ტალღებში ჩანთქმით კი არ ემუქრებოდა მეზღვაურებს, არამედ მათ გასანადგურებლად ისეთ ურჩხულებსაც წარმოშობდა თავის წიაღში, როგორიცაა სქილა და ქარიბდა. მიუხედავად საფრთხის გაცნობიერებისა, ზღვა ჰაერივით მნიშვნელოვანი იყო ძველი ბერძნებისათვის. მაგალითად, ქსენოფონის „ანაბასისში“ აღწერილია, თუ რა აღტაცებით შესძახებს ბაბილონთან წარუმატებელი ლაშქრობიდან შინ მიმავალი 10 000 ბერძენი: „ზღვა! ზღვა!“ ზღვის დანახვა მათთვის გამარჯვებას, მშობლიურ მხარეში დაბრუნებას, წინააღმდეგობების დაძლევას, თავისუფლებას ნიშნავს. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 23 ზღვას საპატიო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ლიტერატურაშიც - იგი ავისა და კარგის განმსჯელად, ბედისწერის მიერ მოვლენილ დაბრკოლებად, ხან კი კი მიჯნურთა დამხმარედაც გვევლინება. მაგალითად კელტურ ლეგენდაზე დაფუძნებულ შუა საუკუნეების რომანში „ტრისტანი და იზოლდა“ ზღვა თითქოს შეყვარებულთა ვნებების გამოხატულებაა, მათი ხელშემწყობი და ერთმანეთთან დამაკავშირებელი. ხმელეთზე გადასვლისთანავე მათი გზები უნდა გაიყოს. ასევე ზღვას მოჰყავს იზოლდა მომაკვდავ სატრფოსთან. ზღვით მოგზაურობა ნაწარმოების სხვადასხვა მოტივების წყაროდ გვევლინება შუა საუკუნეებში შექმნილ მთელ რიგ ნაწარმოებებში, მაგალითად, როგორიცაა ჯეფრი ჩოსერის „კანონის კაცი“ („კენტერბერიული მოთხრობებიდან“), „წმინდა ბრენდანის მოგზაურობა“, ალეგორიული ამბავი ქრისტიანი ბერების მიერ აღთქმული მიწის საპოვნელად ოკეანეში მოგზაურობაზე და ბევრი სხვა. ზღვის ხატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შექსპირის პიესაში „ქარიშხალი“. ნაწარმოები ქარიშხლით იწყება, რომელსაც მილანის ყოფილი ჰერცოგი პროსპერო საკუთარ მოღალატე ძმაზე შურის საძიებლად ჯადოქრობით გამოიწვევს. ნაწარმოების დასასრულს კი, იგი თავის მსახურს, ჯადოსნურ სულს, არიელს სთხოვს ზღვა დააწყნაროს, რომ შინ, მილანში მშვიდად ჩავიდეს. ზღვის ცვლილება ნაწარმოების გმირების სულში მომხდარ ცვლილებას ასახავს - პროსპერო მოღალატეებს დანაშაულს შეუნდობს, ისინი კი თავის მხრივ ინანიებენ და ჰერცოგობას უბრუნებენ. მათ შერიგებას ახალგაზრდა წყვილის სიყვარული განამტკიცებს. ნაწარმოებში ხშირად არის ნახსენები ზღვაში ჩაძირვა, რასაც ზოგი მკვლევარი ქრისტიანული ნათლობისა და სულიერი განწმენდის იდეასთან აკავშირებს. მოგვიანებითაც, მე-19, მე-20 საუკუნეებში ბევრი მწერალი თუ პოეტი იყო ზღვის იდუმალებით და დიდებულებით მოხიბლული. თავად ყოფილი მეზღვაურები, ისინი ისე ღრმად იყვნენ ჩამწვდარნი ოკეანის საშიშ საიდუმლოებას და ისეთი ოსტატობით აღწერდნენ საზღვაო თავგადასავლებს, რომ მკითხველთა შორის „ზღვის მწერლების“ სახელიც კი დაიმკვიდრეს. ასეთები არიან, მაგალითად, ჰერმან მელვილი, ჯოზეფ კონრადი. ზღვა და ოკეანე შთაგონების წყაროდ ექცა ბევრ პოეტს: ჯონ მეისფილდს, სემუელ ტეილორ კოლრიჯს, რადიარდ კიპლინგს და სხვებს. ზღვის სიმბოლოს მნიშვნელობა ედგარ პოს პოეზიაში ზღვა ის სიმბოლოა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ედგარ პოს შემოქმედებაში როგორც პოეტის სულიერი მდგომარეობის გამოხატვის საშუალებას. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ლექსი „ანაბელ ლი“, რომელშიც ლირიკული გმირისა და მისი სატრფოს სევდიან ამბავს ავტორი ასე იწყებს: It was many and many a year ago, In a kingdom by the sea, [An Anthology… 1972:473] ზღვისპირა სამეფოს თუ ახსოვს ამბავი, მომხდარი დიდი ხნის წინ (ლ.ე.) ფრაზა kingdom by the sea რეფრენად გასდევს მთელ ლექსს. ამ ფრაზაში ერთმანეთთან შერწყმულია ორი სიმბოლო - სამეფო როგორც ადამიანთა ძალაუფლების აღმნიშვნელი და ზღვა, როგორც ბუნების https://journals.4science.ge/index.php/GS/index 24 ძალის გამოხატულება, და ორივე ერთად ახალგაზრდების სიყვარულს უპირისპირდება. ლექსის მეხუთე სტროფში სიტყვა „ზღვა“ პირველად გვხვდება ახალ კონტექსტში - პოეტი ამბობს, რომ ვერც ცის ანგელოზები და ვერც ზღვის დემონები ვერ დააშორებენ მის სულს მშვენიერი ანაბელ ლის სულისგან. And neither the angels in Heaven above Nor the demons down under the sea Can ever dissever my soul from the soul Of the beautiful Annabel Lee; [An Anthology… 1972:474] რაც უნდა ეცადონ, ზეცაში ანგელოზთ, დემონებს კი ფსკერზე ზღვის, არ შესწევთ უნარი ეს სული გაჰყარონ სულს ტურფა ანაბელ ლის: – (ლ.ე.) ზღვის ხატი იცვლება და იგი დემონებით დასახლებული წარმოგვიდგება, როგორც ბოროტი ძალა. ფრაზა under the sea დემონებთან კავშირში ჯოჯოხეთის ასოციაციას იწვევს, რადგან ჯოჯოხეთი გავრცელებული წარმოდგენით მიწისქვეშეთშია, პოს ლექსში კი დემონები ზღვის ქვეშ ბინადრობენ. ლექსის ბოლო სტროფში ზღვა კვლავ განსხვავებულად წარმოგვიდგება, ამჯერად იგი ლირიკული გმირის დანაკარგის, მარტოობის, სიცარიელის, მწუხარების ასახვას ემსახურება. სწორედ მის მახლობლად მდებარეობს პოეტის სატრფოს სამარე, რომელსაც დაობლებული მიჯნური მთელი ღამე არ სცილდება. აქ მნიშვნელოვანია ალიტერაცია, რომელიც სისინივით ისმის და იდუმალ და სევდიან განწყობას ქმნის: In her sepulchre there by the sea— In her tomb by the sounding sea. [An Anthology… 1972:474] მკვიდრი ვარ აკლდამის მახლობლად ზღვის – აქ ვწევარ, საფლავზე ნაპირას ზღვის. (ლ.ე.) ნიშანდობლივია, რომ sea („ზღვა“) ლექსის ბოლო სიტყვაა, რომელიც აგვირგვინებს და კომპოზიციურად კრავს მთელ ნაწარმოებს. პოს პოეტურ ქმნილებათაგან არცერთში არ არის ზღვის ხატი ისეთი დრამატული და შემაძრწუნებელი, როგორც ლექსში The City in the Sea (“ქალაქი ზღვაში“). ამ ნაწარმოებში სიკვდილი პერსონიფიცირებულია, იგი განმარტოებით მდგარ უკაცურ ქალაქში სამეფო ტახტზე დაბრძანებულა და ამაყი კოშკიდან „გიგანტურად“ გადმოჰყურებს მას. ლექსის დასაწყისიდანვე ავისმომასწავებელი განწყობის შექმნას ემსახურება ასევე ისიც, რომ ქალაქი მდებარეობს ბინდით მოცულ (dim) დასავლეთში. ინგლისური იდიომა go to west სიკვდილს აღნიშნავს. ნაწარმოების პირველ სტროფში, რომელიც თერთმეტი ტაეპისაგან შედგება, გოთური ჟანრის შესაბამისი, იდუმალი და საშიში სურათია წარმოდგენილი - გარინდული ქალაქი არაამქვეყნიური კოშკებით, სასახლეებითა და აკლდამებით, რომელსაც სიცოცხლის არავითარი ნიშანწყალი არ ეტყობა, მის გარშემო კი უძრავი და სევდიანი ზღვა. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 25 მეორე სტროფში ეს სურათი კიდევ უფრო იდუმალი ხდება, რადგან ნათქვამია, რომ ქალაქს, სადაც მუდამ ღამეა და მზის სხივები არასდროს აღწევს, მეწამული ზღვიდან ანარეკლი შუქი დასთამაშებს, ზღვა კი ისევ უდრტვინველი და სევდიანია, ჯერაც არ იძვრის. შემდეგ სტროფშიც ზღვა კვლავ საზარლად წყნარი რჩება (hideously serene). გარინდული ზღვის ტალღები არ ელტვიან ღია ტაძრებსა თუ აკლდამებში დახვავებულ განძეულს, წყალი არ იძვრის. ლექსში კულმინაციური მომენტი დგება ბოლო, მეოთხე, თორმეტ ტაეპიან სტროფში: ტალღა უცაბედად შეირხევა და ქალაქის შენობებიც ნელ-ნელა დაბლა ეშვება, ზღვას სიწითლე ემატება, და არაადამიანური ოხვრა- კვნესით ქალაქი სულ უფრო დაბლა, ზღვაში ეშვება, რომლის ფსკერზე მას ჯოჯოხეთი ეგებება. ქალაქი სიმბოლურად ადამიანის სულს უნდა განასახიერებდეს, ზღვა კი სასტიკ ბედისწერას. ლექსი შეიცავს არაერთ მინიშნებას იმაზე, რომ ქალაქის მკვიდრთ დიდძალი სიმდიდრე ჰქონიათ დაგროვილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაივიწყეს ჭეშმარიტი ფასეულობები, რის გამოც მათი ქალაქი ისევე დაისაჯა, როგორც ბიბლიური სოდომი და გომორა, რომლებიც ამ ნაწარმოების კითხვისას გვახსენდება. მოცემულ ლექსში აღწერილი ჯოჯოხეთის ალით განათებული ზღვა ძალიან განსხვავდება იმ ზღვისაგან, პომ ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაწერილ ლექსში To Helen („ჰელენს“) რომ დაგვიხატა. ეს ლექსი მან რიჩმონდელი თანაკლასელის დედას, ჯეინ სტენარდს მიუძღვნა. ლექსში პოეტის მუზა მითოლოგიურ მშვენიერ ელენესთან არის შედარებული, თავად ლირიკული გმირი კი ტროას ომის გმირ ოდისევსთან, რომელიც ყვავილთა სურნელით გაჟღენთილი ზღვის გავლით მიემართება შინისაკენ. აღელვებულ ზღვებში ცურვას მიჩვეულ მოგზაურს შვებად ჰელენის კლასიკური სილამაზე ევლინება და ანტიკური სამყაროს დიდებულებას აზიარებს მას. მოგვიანებით დაწერილ ლექსებში საყვარელი მეუღლის დაკარგვით დამწუხრებული პოეტის მიერ დახატული ზღვა სულ სხვაგვარ ასოციაციებს აღძრავს. ამ მხრივ საინტერესოა ლექსი A Dream within a Dream („სიზმარი სიზმრად“), სადაც ზღვა დროის აღმნიშვნელ მეტაფორად გვევლინება. პოეტი ნაპირზე დგას, ტალღები განუწყვეტლივ რომ ეხეთქება და მუჭაში ოქროს ქვიშის მარცვლები აქვს ჩაბღუჯული, რომლებიც თანდათან ხელიდან ეცლება. ქვიშა თითებს შორის მისრიალებს და ისევ ზღვაში იყრება, ლირიკული გმირი, თუმცა მწარედ მისტირის და მთელი ძალით ცდილობს, ერთი მარცვალი მაინც შეინარჩუნოს, ხელცარიელი რჩება - მთელი ქვიშა დაუნდობელ ტალღას მიაქვს. იმით, რომ მარცვლები ოქროსია, ავტორი ხაზს უსვამს თუ რამდენად ძვირფასია ლირიკული გმირისათვის ის, რაც დაკარგა. იგულისხმება დაკარგული სიყვარული, რადგან პირველ სტროფში პოეტი სატრფოს ემშვიდობება და იხსენებს მის სიტყვებს, რომ ცხოვრება მხოლოდ სიზმარია და ყველაფერი, რასაც ვამჩნევთ ან რადაც თავად ვჩანვართ, სხვა არაფერია, თუ არა სიზმარი სიზმარში, ანუ სიზმრად ნანახი სიზმარი. ქვიშა ასევე ასოცირდება ქვიშის საათთან, რომელიც კანონზომიერად იცლება და ამ პროცესს ხელს ვერაფერი უშლის. To One in Paradise („სამოთხის ბინადარს“) კიდევ ერთი ლექსია, რომელშიც ედგარ პო გარდაცვლილ მეუღლეს მისტირის და ეუბნება, რომ ის იყო ყველაფერი, რასაც პოეტის სული ელტვოდა - მწვანე კუნძული ზღვაში, წყარო და სავანე. მწვანე კუნძული, სავარაუდოდ, ბიბლიური ალუზიაა და ედემის ბაღზე მიანიშნებს, ასევე სიწმინდის სიმბოლოებია წყარო და სავანეც. მას ემატება მშვენიერი ყვავილებისა და ხილის ხატები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ედემის ბაღთან ასოციაციას. ამ იდილიური სურათის ნაწილია ზღვა, რომელშიც მწვანე კუნძული მდებარეობს და კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც მშვიდი https://journals.4science.ge/index.php/GS/index 26 და ალერსიანია. თუმცა, ლექსის მესამე სტროფში ედგარ პო სწორედ ზღვას ათქმევინებს იმ სიტყვას, მისთვის სასტიკი განაჩენივით რომ ჟღერს და „ყორანში“ გახმაურებული nevermore-ის სახეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს: No more - no more - no more (Such language holds the solemn sea To the sands upon the shore) Shall bloom the thunder-blasted tree, Or the stricken eagle soar! [ https://www.poetryfoundation.org/poems] „არ ეშველება, არ ეშველება!“ – ზღვა დაღვრემილი, ნაპირს მომდგარი ჩამესმის, ქვიშას რომ ეუბნება. არ აყვავდება ხე ნამეხარი, არწივს თუ დაჭრი, ვერ აფრინდება. (ლ.ე.) ლექსში To F -- , რომელიც ედგარ პომ ფრენსის ოსგუდს მიუძღვნა, საუბარია იმაზე, რომ ცხოვრების გზაზე, რომელიც დარდითა და ვარამით არის სავსე, პოეტს ნუგეშად მხოლოდ საყვარელ ქალზე ოცნება დარჩენია. მისი მოგონება აღელვებულ ზღვაში შორეული, მოჯადოებული კუნძულივითაა, რომლის თავზეც ცა, ქარიშხალშიც კი, როდესაც ოკეანე მძვინვარებს, მშვიდი და უღრუბლოა. And thus thy memory is to me Like some enchanted far-off isle In some tumultuous sea — Some ocean throbbing far and free With storms — but where meanwhile Serenest skies continually Just o’re that one bright island smile. [https://www.eapoe.org/works/poems/francesb.htm] შენს მოგონებას თუ შეუძლია ზღაპრულ კუნძულზე გამრიყოს ზღვაში. როდესაც ირგვლივ აღარ იშლიან აზვირთებული ტალღები ღრიალს, ქარიშხალი რომ ლაღად ფრთებს გაშლის, იმ ნეტარ კუნძულს თავს დაჰნათიან ცის ლაჟვარდიდან სხივები მაშინ. (ლ.ე.) აქ, როგორც ვხედავთ, ზღვა ცხოვრების სიმბოლოდ წარმოგვიდგება. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 27 დასკვნა ამერიკელი რომანტიკოსი პოეტი ედგარ პო სიმბოლიზმის ფუძემდებლად ითვლება. მისი იდეალიზმი და ფორმის სრულყოფილება, მუსიკალობა და მისტიციზმი შთაგონების წყაროდ იქცა აღნიშნული ჟანრის წარმომადგენელთათვის, ხოლო მის „კომპოზიციის ფილოსოფიაში“ მოცემული პრინციპები - სამაგალითოდ და სახელმძღვანელოდ. ედგარ პოს მიერ შექმნილი განსაკუთრებული სინამდვილე თავშესაფარს წარმოადგენდა ნამდვილი, სასტიკი სინამდვილისაგან გასაქცევად, მისი სიმბოლოები კი - საკუთარი აზრებისა და განცდების გამოხატვის საშუალებას, რომელიც ნამდვილი, პირდაპირი ენისაგან განსხვავებით საოცრად დახვეწილი და შეფარულია. გენიალური პოეტის ქმნილებების არსი სწორედ სიმბოლოების მეშვეობით არის გადმოცემული, შესაბამისად პოს შემოქმედებაში გვხვდება უამრავი სიმბოლო: მითოლოგიური და ბიბლიური პერსონაჟები, ცხოველები და ფრინველები, ფერები, გეოგრაფიული ობიექტები, ბუნებრივი მოვლენები, მნათობები, ნივთები და კიდევ მრავალი. ამ მრავალფეროვანი გალერეიდან წინამდებარე ნაშრომში საანალიზოდ ზღვა ავირჩიე, რადგან ამ სიმბოლოს როლი პოს შემოქმედებაში ნაკლებად არის შესწავლილი და ამასთან, განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა როგორც აღნიშნულ სიტყვასთან საზოგადოდ დაკავშირებული ასოციაციების, ისე ავტორის სულიერი მდგომარეობის, მისი ცხოვრების ასახვის თვალსაზრისით. ზღვა, რომელიც ტრადიციულადაც არაერთგვაროვან განცდებს იწვევს ადამიანში და ერთის მხრივ სიმშვიდესთან, სილაღესთან, სილამაზესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ კი - დაღუპვის საშიშროებასთან, ედგარ პოს პოეზიაში ხან სიმშვიდესა და ბედნიერებას უკავშირდება, ხან - სევდას, მარტოობას და სიცარიელეს, ხან დემონებით დასახლებული ბოროტი ძალაა, ხან - თავად ჯოჯოხეთი, ხან დროს გამოხატავს და ხან - თავად ცხოვრებას. ამიტომ ზღვის ხატი, რომელიც ედგარ პოს პოეზიაში ასეთ დიდ როლს თამაშობს და ამდენი სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია, ჩემი აზრით, უდავოდ იმსახურებდა ცაკლე კვლევის ობიექტი გამხდარიყო, რის მცდელობასაც ეს სტატია წარმოადგენს. https://journals.4science.ge/index.php/GS/index 28 გამოყენებული ლიტერატურა:  ბიბლია. საქართველოს საპატრიარქო. თბილისი, 1989  მერაბიშვილი ი. პოეტური თარგმანის ლიგნვისტიკა, თბილისი, 2005.  Campbell R. Poems of Baudelaire, The Harvill Press, 1952  Захаров В. Томашевский Б. An anthology of English and American Verse, 1972  Huffman C. Myths Symbols Sandplay, https://mythsymbolsandplay.typepad.com/my- blog/symbolism/ (28.02.2021)  Phillips S. Symbolism and Poe, https://owlcation.com/humanities/Symbolism- and-Poe (11/13/21)    Shaw V. R. Nature Imagery in the Courtly Versions of the Tristan Legend, An Honors Thesis (ID 499), State University Muncie, Indiana April 1983 https://cardinalscholar.bsu.edu/bitstream/handle/handle/192482/S53_1983ShawVickieR.pdf?sequence=1&isAll owed=y  Shakespeare W. The Tempest: Entire Play, https://www.rsc.org.uk/the-tempest/the-plot (11/8/21).  https://www.nosweatshakespeare.com/quotes/famous/sea-change/ (11/13/21)  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=3746 (11/13/21)  https://www.yoair.com/ka/blog/under-the-sea-myths-and-legends-about-the-ocean-and-its- creatures/(11/13/21)  https://www.eapoe.org/works/poems/francesb.htm https://mythsymbolsandplay.typepad.com/my-blog/ https://mythsymbolsandplay.typepad.com/my-blog/symbolism/ https://mythsymbolsandplay.typepad.com/my-blog/symbolism/ https://owlcation.com/humanities/Symbolism-and-Poe https://owlcation.com/humanities/Symbolism-and-Poe https://cardinalscholar.bsu.edu/bitstream/handle/handle/192482/S53_1983ShawVickieR.pdf?sequence=1&isAllowed=y https://cardinalscholar.bsu.edu/bitstream/handle/handle/192482/S53_1983ShawVickieR.pdf?sequence=1&isAllowed=y https://www.rsc.org.uk/the-tempest/the-plot https://www.nosweatshakespeare.com/quotes/famous/sea-change/ http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=16&t=3746 https://www.yoair.com/ka/blog/under-the-sea-myths-and-legends-about-the-ocean-and-its-creatures/(11/13/21) https://www.yoair.com/ka/blog/under-the-sea-myths-and-legends-about-the-ocean-and-its-creatures/(11/13/21) https://journals.4science.ge/index.php/GS/index 29 Sea as a Multi-Meaning Symbol in Edgar Poe’s Poetry Lela Ebralidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University Assistant Professor, Doctor of Philology https://orcid.org/0000-0003-0802-4085 Abstract The present article aims at determining the symbolic meaning of sea in Edgar Poe’s poetry. It deals with the essence of symbolism and symbols and is focused on Edgar Poe’s contribution to symbolism as literary movement, as well as different symbols used in his poems. From a great number of symbols sea has been selected as a less-studied and multiple-meaning symbol. It has been examined in view of the traditional associations connected with it, also its usage in the Bible, mythology and literatures of different epochs. The article contains analysis of several poems by Edgar Poe where sea symbolizes very different things. It has been stressed that since Poe’s works reflected his tragic life, the poet employed numerous symbols to express his own emotions, sea being one of them. In different poems, this symbol expresses the feelings that are very different and sometimes diametrically opposed to each other, and, respectively, acquires different meanings. With several other factors, its being a multi-meaning symbol became the main reason for choosing sea as an object of study. Key words: symbolism, symbol, sea, poetry, multiple meaning https://orcid.org/0000-0003-0802-4085