Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 90 Georgian Scientists ქართველი მეცნიერები Vol. 4 Issue 1, 2022 https://doi.org/10.52340/gs.2022.04.01.09 1918-1921 წლების ქართულ პარტიულ პრესაში აღბეჭდილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა თინათინ მაჭარაშვილი მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი; საქართველოს უნივერსიტეტის სეუს ასისტენტ-პროფესორი T.macharashvili@seu.edu.ge; https://orcid.org/0000-0002-7794-1648 რეზიუმე საქართველოს პირველი სუვერენიტეტის წლების (1918-1921) განათლების პოლიტიკას აღნიშნული პერიოდის ძირითად მედიასაშუალებებზე (გაზეთები: „ერთობა“, „სახალხო საქმე“, „საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“) დაკვირვების გზით წარმოვაჩენთ. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე მრავალი პრობლემა იდგა. ნაციონალიზაციის საკითხის მოგვარება, ძირითადად, ემყარებოდა განათლების სისტემის ძირეულ გარდაქმნას. მშობლიური ენის დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო პროგრამის გაქართულებას საჭიროებდა, რაც, თავის მხრივ, როგორც მატერიალურ, ისე ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვდა. დიდი ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოში მეცნიერების აღორძინებასთან ასოცირდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც უშუალო კავშირში იყო სახალხო განათლებასთან. შესაბამისად, სუვერენული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა სხვადასხვა ჭრილში უნდა განხილულიყო. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის წლების საქართველოს ცხოვრებას არა ერთი ნაშრომი მიეძღვნა, ისინი ძირითადად ისტორიოგრაფიული ხასიათისაა. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა კი, კონკრეტულად, მედიაში წარმოჩენილი განათლების პოლიტიკის თავისებურებებზე ახდენს აქცენტირებას და ამ კუთხით საკითხის სიღრმისეულ კვლევას ისახავს ძირითად ამოცანად. მედიაეფექტების, კერძოდ დღის წესრიგისა და ფრეიმინგის თეორიებზე დაყრდნობით გამოვკვეთეთ მედიის როლი განათლების სისტემის რეფორმის წარმართვის მეტად წინააღმდეგობრივ გზაზე. აღმოჩნდა, რომ ქართულ მრავალპარტიულ პრესაში განათლების სისტემის ფორმირება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა და სხვადასხვა პარტიები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ერთგვაროვან პოლიტიკას ატარებდნენ. მედიაგზავნილი კი შემდეგი mailto:T.macharashvili@seu.edu.ge https://orcid.org/0000-0002-7794-1648 Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 91 იყო: მეცნიერების განვითარებით დავუკავშირდებოდით ევროპას, ხოლო ევროპული ოჯახის წევრი კი მხოლოდ მაშინ გავხდებოდით, თუ ვიქნებოდით სრულუფლებიანი ერი. ამ გზავნილთა ჩარჩო საქართველოს სივრცითი ორიენტაციით არის განსაზღვრული - საქართველო, არა რუსეთის გავლით, არამედ პირდაპირ უნდა დაკავშირებოდა ევროპას. საძიებო სიტყვები: განათლების პოლიტიკა, პირველი სუვერენული რესპუბლიკა, მედიაეფექტების თეორიები - დღის წესრიგი, ფრეიმინგი. 1918-1921 წლები, რუსეთის ერთსაუკუნოვანი ბატონობის შემდეგ მოპოვებული დამოუკიდებლობის პერიოდი, არაერთგზის გამხდარა განხილვისა და კვლევის საგანი, რადგან სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი საქართველოს სუვერენულ დემოკრატიულ რესპუბლიკას. ქართველი ხალხის თვითგამორკვევის პირველი ნაბიჯები მრავალი კუთხით არის საინტერესო. ტერიტორიული მთვლიანობის შენარჩუნება, ქართული ენის დაბრუნებისა და ნაციონალიზაციის უზრუნველყოფა, საგარეო პოლიტიკის სწორად წარმართვა, ურთიერთობის დარეგულირება მეზობელ ქვეყნებთან და ამავე დროს, მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან კავშირების დამყარება. აშკარაა, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე მრავალი პრობლემა იდგა. ნაციონალიზაციის საკითხის მოგვარება, ძირითადად, ემყარებოდა განათლების სისტემის ძირეულ გარდაქმნას. მშობლიური ენის დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო პროგრამის გაქართულებას საჭიროებდა, რაც, თავის მხრივ, როგორც მატერიალურ, ისე ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვდა. დიდი ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოში მეცნიერების აღორძინებასთან ასოცირდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც უშუალო კავშირში იყო სახალხო განათლებასთან. შესაბამისად, სუვერენული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკა სხვადასხვა ჭრილში უნდა განხილულიყო. განხილვის არელი კი მაშინდელი პრესა გახლდათ, რომელიც პუბლიკაციათა მრავალფეროვნებით ხასიათდებოდა. 1918-1921 წლების მრავალრიცხოვან გამოცემათა შორის, პარტიული პრესა სჭარბობდა. თუკი იმდროინდელ ჟურნალ - გაზეთებს აკლდა პერიოდულობა და ზოგიერთი გამოცემა საერთოდაც ქრებოდა თვალსაწიერიდან, ე.წ. ოფიციოზსა და პარტიულ პრესაზე ამას ვერ ვიტყვით - ყველაზე სტაბილურად ისინი ფუნქციონირებდნენ. სოციალ - დემოკრატიული პარტიის ყოველდღიური პერიოდული ორგანოს, „ერთობის“ გარდა, უწყვეტად გამოდიოდა ეროვნულ - დემოკრატების მთავარი კომიტეტის ორგანო, გაზეთი „საქართველო“, სოციალ - ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის გამოცემა - „სახალხო საქმე“ და სამთავრობო ორგანო - გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა.“ ეს გამოცემები, იდეური დაპირისპირების გამო, ერთმანეთთან მუდმივ პოლემიკაში იყვნენ ჩართული. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 92 სწორედ აღნიშნული გამოცემები ასახავენ ყველაზე უკეთესად საქართველოს პირველი რესპუბლიკის რთულ რეალობაში მიმდინარე პროცესებს. ამიტომაც, იმ პერიოდის ჟურნალ - გაზეთებიდან სწორედ მათზე შევაჩერეთ არჩევანი, რათა შეგვესწავლა მედიაში წარმოჩენილი განათლების პოლიტიკის თავისებურებები. ბეჭდურ გამოცემებში ასახული დამოუკიდებელი საქართველოს განათლების რეფორმის ძირითადი ასპექტების შესწავლა მოითხოვდა კონტექსტუალურ ანალიზს, რაც, თავის მხრივ, საკითხის ინტერდისციპლინურ ჭრილში განხილვას გულისხმობს. პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გარემოს ცოდნის გარეშე, შეუძლებელია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და იმ მწვავე პოლემიკის გააზრება, რაც იმდროინდელ გაზეთებშია წარმოჩენილი. კვლევის მთავარი ამოცანა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკის ძირითადი ასპექტების წარმოჩენა და შესწავლაა, რომელთა მთლიანობამაც უნდა წარმოაჩინოს განათლების სისტემის მთავარი ტენდენციები. მოძიებული მასალის სისტემატიზებისა და ცალკეული გამოცემების პუბლიკაციათა შესწავლა- კლასიფიკაციის გზით, იკვეთება ევოლუცია, რაც მონიშნული პერიოდის საგანმანათლებლო სისტემამ განვითარების მეტად წინააღმდეგობრივ გზაზე განიცადა. 1918 – 1921 წლების ქართულ მედიატექსტებზე დაკვირვებით, ნათლად ჩანს განათლების რეფორმის პრობლემაც, რადგან ახალი განათლების სისტემა სახელმწიფოს გამოწვევებს უნდა მორგებოდა. საკვლევი თემატიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოვიყენეთ წყაროებზე მუშაობის მეთოდი. გავეცანით საბიბლიოთეკო ფონდში დაცულ 1918-1921 წლების გამოცემებს: „ერთობა“ 1400 ნომერი, „სახალხო საქმე“ 1100 ნომერი, „საქართველო“ 1200 ნომერი, „საქართველოს რესპუბლიკა“ 500 ნომერი. შევისწავლეთ და გავაანალიზეთ ცალკეულ გამოცემათა პუბლიკაციები. ჩვენ მიერ მოძიებულ საგაზეთო მასალაზე დაკვირვებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) სასწავლო პროგრამების რეფორმა და ნაციონალიზაცია. ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების თარგმნა საკმაოდ პრობლემური იყო, ერთი მხრივ, ქართული ტერმინების არარსებობის გამო და, მეორე მხრივ, სპეციალისტთა ნაკლებობის მიზეზით. სასკოლო პროგრამებიდან რელიგიის სწავლების ამოღება, სხვადასხვა ნიშნით სადავო საკითხს წარმოადგენდა. ბ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შექმნა, რაც გულისხმობს როგორც სკოლების მშენებლობას, ასევე მათ უზრუნველყოფას სახელმძღვანელოებით - განსაკუთრებით, „სამაჰმადიანო საქართველოში“; კერძო და სახელმწიფო სკოლების თანაარსებობის დარეგულირებას. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 93 გ) უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო მუშაობის განვითარება. უდიდესი მოვლენა გახლდათ 1918 წლის 26 იანვარს, თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, თანაც, ის ერთადერთი უნივერსიტეტი იყო მთელს კავკასიის რეგიონში. მოძრავი უნივერსიტეტების დაარსება. სტუდენტთა საზღვარგარეთ, კერძოდ, ევროპაში გაგზავნა, სახელმწიფო დაფინანსებით. აღნიშნულ პერიოდზე მრავალი ნაშრომია შექმნილი. ეს წლები საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. რუსეთის ერთსაუკუნოვანი ბატონობის შენდეგ, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ეარსება. დღის წესრიგში მრავალი საკითხი დადგა. სახელმწიფოს ჩამოყალიბება მრავალი სტრუქტურის რეორგანიზაციას საჭიროებდა. ამ პერიოდით მრავალი კუთხით ინტერესდებოდნენ მეცნიერები, პირველ რიგში ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები და სხვა. დამოუკიდებლობის წლების განათლების პოლიტიკას ეხება დოდო ჭუმბურიძის ნაშრომი „განათლება 1918-1921 წლებში“. ნაშრომი გლობალურად განიხილავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განათლების სფეროში გატარებულ რეფორმას. ავტორი ძირითადად საარქივო მასალაზე ( საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ქუთაისის სახელმწიფო საისტორიო არქივი) დაყრდნობით წარმოაჩენს სკოლის „გაეროვნების“, პედაგოგთა გადამზადების, მათი მატერიალური მდგომარეობის, დროებით, საქართველოსგან დაშორებულ რაიონებში სკოლების დაარსების, საღვთო სჯულის სწავლების საკითხებსა და სახელმწიფოებრივ მიდგომას კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისადმი. ნაშრომში დეტალურად არის განხილული 1918-1921 წლების განათლების რეფორმის ძირითადი ასპექტები. ცირა ბაქრაძის ნაშრომში „პედაგოგიური აზროვნება 1900-1931 წლების საქართველოში“ ყურადღება გამახვილებულია 1917 წელს თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე. ავტორი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს წიგნების, სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურის გამოცემას, რაც, მიუხედავად საბეჭდი ქაღალდის სიძვირისა, მაინც გაზრდილი იყო წინა პერიოდთან შედარებით. საგულისხმოა, რომ სხვა მრავალი ნაშრომი, რომელიც დამოუკიდებლობის წლების საქართველოს ეხება უმეტესად საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს მოიცავს. ჩვენ კი შევეცადეთ მედიაეფექტების, კერძოდ დრის წესრიგისა და ფრეიმინგის თეორიებზე დაყრდნობით გაგვეანალიზებინა იმდროინდელ პრესაში შექმნილი განათლების პოლიტიკის ამსახველი სურათი. 1918-1921 წლები ქართული ენის დაბრუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პერიოდია. ქართველ ხალხს, ერთსაუკუნოვანი აკრძალვის შემდეგ, ნება მიეცა, განათლება მიეღო და დოკუმენტაცია ეწარმოებინა მშობლიურ ენაზე. სუვერენული სახელმწიფოს წინაშე დაისვა ნაციონალიზაციის საკითხი. გაზეთ „ერთობის“ 1918 წლის 29 სექტემბერის 208-ე ნომერში იბეჭდება სტატია - „ეროვნულ უმცირესობათა ენა“, რომელშიც ვკითხულობთ: Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 94 „საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი სახელმწიფო ენის ხმარებისა და ეროვნულ უმცირესობათა ენის უფლებისა. კანონი აღიარებს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“. მოგვიანებით, იმავე გაზეთის ფურცლებზე ახალი ამბების რუბრიკაში ვხვდებით სტატიას - „ქართული ენა არა ქართულ სასწავლებლებში“: „მთავრობის დადგენილებით, საშუალო და პირველ დაწყებით სასწავლებლებში ქართული ენა სავალდებულოა პირველ ოთხ კლასში. ზევით კლასებში კი სწავლა მსურველებზეა დამოკიდებული“ (გაზეთი „ერთობა“N209 1 ოქტომბერი 1918წ. ). ეს ორი სტატიაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ, როგორ რთულ ვითარებაში უწევდა დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ნაბიჯების გადადგმა. ერთი მხრივ, პარლამენტის დადგენილებით, ქართული არის სახელმწიფო ენა, მეორე მხრივ კი, მთავრობა ერთგვარ დათმობაზე მიდის, როდესაც ქართულ ენას სავალდებულოდ მხოლოდ პირველ ოთხ კლასში აწესებს. ქართული ენის დამკვიდრების პროცესი მეტად წინააღმდეგობრივი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის მიღებიდან ერთი წელის თავზე გაზეთ „ერთობის“ 230-ე ნომერში ( 10 ოქტომბერი 1919წ.) იბეჭდება სტატია - „უცხო ენების შესწავლის შესახებ“ ლეო დ_ლი ს ავტორობით: „ქართული ენა სახელმწიფოებრივის ენის ადგილს თანდათან იჭერს, მაგრამ მართალი უნდა ვსთქვათ, რუსული ენის მაგივრობას ვერ ახერხებს. ქართველი „ინტელიგენტი“ ქართულს ლაპარაკში რუსულსაც ურევს.“ სოციალ-ფედერალისტებიც პრინციპულად უგდებოდნენ „გაეროვნების“ საკითხს. ნოე ჟვანია წერს: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბატონ-პატრონი უნდა იყოს ქართველი დემოკრატია და სახელმწიფო ენად უნდა იყოს გამოცხადებული მხოლოდ ქართული ენა. ...საჭიროა მთავრობამ მიაქციოს ჯეროვანი ყურადღება და სახელმწიფო ენას მისცეს თავისი მნიშვნელობა.“ („სახალხო საქმე“ N 451 თებერვლის 7 1919წ. „ოდეს გვეღირსოს გაეროვნება?“, ნოე ჟვანია). როგორც ვნახეთ, პირველი ოთხი კლასის ჩათვლით სავალდებულო იყო ქართულ ენაზე განათლების მიღება, ამიტომ საჭირო გახდა სახელმძღვანელოების თარგმნაც, რამაც გამოკვეთა ორი ძირითადი პრობლემა, ერთი_ ინტელექტუალური და მეორე _ ფინანსური. ქართულ ენაზე ტერმინოლოგიის არარსებობა და გამართული ქართულის მცოდნე მთარგმნელთა ნაკლებობა აფერხებდა საგანმანათლებლო პროგრამის გაქართულების პროცესს. გაზეთ „სახალხო საქმის“ 666-ე ნომერში დაბეჭდილია არ. ჯაჯანაშვილის სტატია „ლიტერატურული ენა“, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ოფიციალური ქაღალდების წარმოება მიმდინარეობს „დამახინჯებულის, ბარბაროსულის ქართულით. ენის აღზრდა ერთბაშად ვერ მოჰხდება. სკოლამ თავისი ზეგავლენა უნდა მოახდინოს კარგის ქართულით დაწერილი სახელმძღვანელოების საშუალებით. ამ მხრით ქართული სახელმძღვანელოები ძალიან მოისუსტებენ“ (ოქტომბრის 30 1919წ.). ზოგიერთი ტექნიკური საგნის თარგმანს კი ქართულ ენაზე ტექნიკური ტერმინების არარსებობა უშლიდა ხელს, ამიტომ, პირველ რიგში, უნდა მოგვარებულიყო ტერმინოლოგიის შემუშავების საკითხი. ასე მაგალითად, გაზეთ „სახალხო საქმეში“ ვეცნობით ინჟ. ვ. კაკაბაძის სტატიას „ქართული თერმინოლოგიის შემუშავების Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 95 გარშემო“: „ამიერიდან ხალხს საჭირო ცოდნა ქართულ ენაზე უნდა გადავსცეთ...ეს მოითხოვს მეცნიერების და ტეხნიკის ყველა დარგთა თერმინოლოგიის შემუშავების აუცილებლობას. („სახალხო საქმე“ N 260 19 ივნისი 1918წ. ) მატერიალურ პრობლემას, რომელიც ქაღალდის დეფიციტით აიხსნებოდა, დაემატა სახელმძღვანელოებით სპეკულაცია. აღნიშნულ საკითხს გოგია ნადირაშვილი გაზეთ „ერთობის“ ფურცლებიდან ეხმიანება სტატიით - „სპეკულაცია სახელმძღვანელოებით“, რომელშიც გულისტკივილით აღნიშნავს, რომ „სახელმძღვანელოების კრიზისით სარგებლობს მრავალი პიროვნება და ცდილობს იგიც სპეკულაციის საგნათ გადააქციოს. ...მათის მეცადინეობით წიგნებზე ფასმა შესამჩნევათ იმატა და ასე გაჭირვებული მოწაფეობა უფრო დიდ გაჭირვებაში ჩააყენა” („ერთობა“ N 225, 4 ოქტომბერი, 1919). მეტ-ნაკლებად, თითქოს სახელმძღვანელოების პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ მხოლოდ წიგნების თარგმნა როდი ნიშნავდა განათლების ნაციონალიზაციას. გაზეთ „საქართველოს“ მე- 12 ნომერში (17 იანვარი, 1920) ვხვდებით სტატიას „ სკოლის რეორგანიზაციისათვის“, რომელშიც აღნიშნულია, სკოლები „ქართული არ არის. ეს არის რუსული სკოლები, საქართველოს განთავისუფლების შემდეგ მხოლოდ ჩვენ განმგებლობაში დარჩენილი. ტიპები ამ სკოლებისა რუსეთშია შემუშავებული რუსის ერის და სახელმწიფოს მოთხოვნილების და ინტერესის მიხედვით. სწავლა-აღზრდის დეტალებიც კი რუსულ ცხოვრებასა და სინამდვილესთან არის შეფარდებული. რუსულ ტიპის სკოლებში ჩვენში მოხერხდა მხოლოდ ნაწილობრივი და ისიც ფორმალური გაეროვნება, ე.ი შემოღებულ იქმნა, პროგრამით თითქმის შეუცვლელად, საგნების ქართულად სწავლება ოთხ კლასამდის.... უფროს კლასებში ქართველი მოწაფეები სხვებთან ერთად რუსულად ვარჯიშობენ და მეცადინეობა სწარმოებს მომეტებულ შემთხვევაში რუს პედაგოგების ხელმძღვანელობით“. ამ სტატიიდან ჩანს, რომ მაღალ კლასებში ქართველ სპეციალისტთა ნაკლებობის გამო, რუსი მასწავლებლები სჭარბობდნენ. ეს კი შედეგია იმ ერთსაუკუნოვანი რუსული ბატონობისა, როდესაც უმაღლესი განათლების მიღება, მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც მატერიალურად უზრუნველყოფდა ახალგაზრდის რუსეთში სასწავლებლად გაშვებას. განათლების რეფორმა, გარდა სწავლა-სწავლების ქართულ ენაზე წარმოებისა, გულისხმობდა პროგრამულ ცვლილებასაც. დამოუკიდებლობის წლების რესპუბლიკის წინაშე მწვავედ იდგა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხი, რამაც ასახვა ჰპოვა განათლების რეფორმაზეც. სასკოლო პროგრამიდან რელიგიის სწავლების ამოღების შესახებ ინფორმაცია პირველად გაზეთ „ერთობის“ ფურცლებზე გავრცელდა. სტატია სახელწოდებით - „სამღვთო რჯულის სწავლების გაუქმება“- 1918 წლის 18 იანვარს დაიბეჭდა: „ გამგეობის აზრით საქალაქო სკოლების პროგრამიდან სამღვთო რჯულის სწავლება უნდა განიდევნოს.... უკეთუ მოსწავლეთა მშობლები მოისურვებენ, თავიანთ ხარჯზე მოაწყონ სამღვთო რჯულის სწავლება.... მუსულმანების სკოლებში სამღვთო რჯულის სწავლება დაცული იქნება, მხოლოდ იგი იქნება ფაკულტატური, _ როგორც არა სავალდებულო საგანი.“ სოციალ-დემოკრატები Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 96 მიიჩნევდნენ, რომ გაბატონებული კლასები სარწმუნოებას პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად იყენებდნენ. მწვავე პოლემიკის მიუხედავად, 1918 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი სამღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ სასწავლებლებში. თუკი გაზეთ „ერთობაში“ ვკითხულობთ: „ამ საკითხს აქვს წმინდა პედაგოგიური მხარეც, რა სარწმუნოებრივი მიმართულებისაც უნდა იყოს პედაგოგი, მას არ შეუძლიან უარი სთქვას იმაზე, რომ დღევანდელ მეცნიერებასა და სარწმუნოებას შორის არსებობს უფსკრული, რომ მეცნიერება ერთს საფუძველზე აშენებს ბავშვის აღზრდას, სარწმუნოება _ მეორეზე, რომ ამ ორი სისტემის ერთმანეთში არევას ბავშვის გონებაში გაუსწორებელი არევ-დარევა შეაქვს. საჭიროა ამიტომ ან ერთ სისტემას დაადგე, ამ მეორეს, და რადგანაც სახელმწიფოს მხოლოდ მეცნიერულ აღზრდის სისტემის არჩევა შეუძლიან, ამიტომ სამღვთო სჯულის სწავლების გაუქმება აუცილებელია აღზრდის საქმეში“ („ ერთობა“ 24 ნოემბერი N255 1918წ. სამღვთო სჯულის საკითხი პარლამენტში). სხვაგვარად ფიქრობდნენ ეროვნულ-დემოკრატები. მათ პარტიულ გამოცემაში გავეცანით სტატიას „სამღვთო სჯული სკოლებიდან განდევნის გამო“, დეკ. კ. კელენჯერიძის ავტორობით, რომელიც წერს: „მრწამს, რომ საღვთო სჯულის უარისმყოფთ ჰსურთ სახელმწიფოს განვითარება სწრაფად წავიდეს წინ და მალე დაამყარონ სოციალიზმი. ეს ერთგვარი ზნეობრივი მისწრაფებაა, მაგრამ სამღვთო სჯულის მოსპობა, როგორც შემაფერხებელი დაბრკილება აღნიშნულ მიზნის მიღწევაში, სრული უსამართლობა და გაუგებრობაა...არსებობა ქართველი ერისა, რომლის პოლიტიკური და რელიგიური ზრდა შეხმატკბილებულად მიდიოდა წინ _ ურელიგიოთ წარმოუდგენელია. ბიბლია, რომლის ნიადაგზეც აღიზარდა ოქროს საუკუნის ქართველობა საუკეთესო მოძღვართა ხელმძღვანელობთ, რამაც დაჰბადა საუკეთესო თვისებანი ქართველი ერისა _ ხასიათის სიმტკიცე, ფაქიზი ზნეობა, ზრდილობა და თავგანწირვა მამულისათვის. ბიბლია კვლავაც უნდა დარჩეს საყვარელ წიგნად და სავალდებულო შესწავლის საგნად მოზარდი თაობისა, თუ არ გვინდა გადაგვარება ქართველი ერისა“ ( „საქართველო“, N 208, გიორგობისთის 1, 1918). საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც უშუალო კავშირში იყო განათლების პოლიტიკასთან. განსაკუთრებით, „სამაჰმადიანო საქართველოს“ შემოერთება. მტრის განდევნის შემდეგ, ლტოლვილი მოსახლეობის დაბრუნებაზე დიდ გავლენას ახდენდა ქართული სკოლების არსებობა. გაზეთ „ერთობაში“, რუბრიკით- „უკანასკნელი ცნობები ბათუმის შესახებ“ ვკითხულობთ: „ ქართველობა ნაკლებ მოდის. გიმნაზიებისა და საზოგადოთ სასწავლებლების უქონლობა ხელს უშლის მათს დაბრუნებას. იმავე მიზეზით ზოგი ჩამოსული უკან ბრუნდება. საჭიროა განათლების სამინისტომ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინოს“ („ერთობა“, N9 14 იანვარი 1919 წ.ს.დ.ს.). ახალგაზრდა რესპუბლიკის მთავრობა უმალვე რეაგირებდა, რასაც მოწმობს იმავე გაზეთის 23 თებერვლის ნომერში, ახალ ამბებში დაბეჭდილი ცნობა: „ბათუმიდან გუშინ დაბრუნდა სახალხო განათლების სამინისტროს რწმუნებული ა. ფაღავა. მისი გადმოცემით, ქართული გიმნაზიის გახსნისათვის სათანადო ზომები მიღებულია. Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 97 ბინა ნაშოვნია. მოწაფეთა რიცხვი 216 აღემატება. არ არის მასწავლებელთა საკმაო რიცხვი. გიმნაზიაში 1 მარტიდან დაიწყება მეცადინეობა.“ სადავო ტერიტორიებზე ქართული სკოლების გახსნაში მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩაბმული და ზურგს უმაგრებდა ხელისუფლებას. გაზეთ „სახალხო საქმის“ ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობა, რომ ახალქალაქში „ადგილობრივ ქართველ გლეხების, განურჩევლად სარწმუნოებისა, ხარჯით გაიხსნა დემოკრატიული გიმნაზია ჯავახელებისთვის“ (სახალხო საქმე N158 29 (11) იანვარი 1918 წ). პარადოქსია, რომ, ერთი მხრივ, ახალი სკოლების გახსნას ითხოვს მოსახლეობა, მეორე მხრივ კი, არსებული სკოლები მცირერიცხოვანი კლასების გამო იხურება. გაზეთ „სახალხო საქმიდან“ აღნიშნულ საკითხს გრ. ლორთქიფანიძე ეხმაურება: „დღეს ვხედავთ, რომ სახელმწიფო გიმნაზიების გაეროვნებული კლასები თითქმის ცარიელია და ამავე დროს კი კერძო გიმნაზიების კლასები ქართველი მოწაფეებითაა სავსე.“ კერძო გიმნაზიებში მოსწავლეებს სთავაზობდნენ უფასო სახელმძღვანელოებს, სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ამიტომ ქართველების გარდა, მათ შემოიკრიბეს საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მოსწავლეები, რაც ხელს უშლიდა ნაციონალიზაციის პროცესს. განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ბერკეტი მათ წინააღმდეგ, კონკრეტულად, კერძო გიმნაზიიდან „უეგზამენოდ“ სახელმწიფო გიმნაზიის გაეროვნებულ კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა არ ხდებოდა („სახალხო საქმე“ N359 1918წ. ოქტომბრის 17, „წერილი კერძო გიმნაზიების შესახებ“). იმისათვის, რომ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, სამინისტრომ შემოიღო სკოლების ახალი ფორმა - საღამოს სკოლები და მოძრავი უნივერსიტეტები. ეს სიახლე პირველად გაზეთ „ერთობაში“ გაჟღერდა. სტატია სათაურით „მოძრავი სკოლები“ 1919 წლის 24 ივლისის ნომერში გ.-ს ხელმოწერით დაიბეჭდა: „მოძრავ სკოლას იმიტომ ეწოდება ასეთი სახელი, რომ იგი იმოძრავებს, ივლის ერთი პაწია სოფლიდან მეორეში და შეასწავლის წერა- კითხვას, შემდეგ მასწავლებელი დაუტოვებს მოსწავლეებს წიგნებსა და რვეულებს და გადავა სხვა სოფელში. მასწავლებელს გარდა წერა-კითხვის შესწავლისა, მნიშვნელობა ექნება როგორც სასარგებლო მოსაუბრისა მათთვის, ვინც წერა-კითხვას არ ისწავლიან.“ 1918 წლის 26 იანვარს, თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტი დაფუძნდა. ამ მოვლენას , რა თქმა უნდა წინ უძღოდა, ხანგრძლივი დისკუსია მის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი მოდელი: ნაციონალური და რეგიონული. “[ივანე] ჯავახიშვილს კარგად ესმოდა, რომ საკათედრო სკოლა (მაგალითად, როგორიც იყო გელათის აკადემია) ჯერ კიდევ არ იყო უნივერსიტეტი. ის სრულიად განსხვავებული ინსტიტუცია იყო და მას ესმოდა, რომ პირველად შემოჰქონდა ეს უძველესი ევროპული ინსტიტუტი საქართველოში”, – ამბობს გიგა ზედანია. „ ჯავახიშვილი როდესაც ლაპარაკობს უნივერსიტეტზე, ის გულისხმობს, ერთი მხრივ, ადგილს, სადაც ხდება ჭეშმარიტების ძიება და ეს ასევე არის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ერის წინაშე, ნაციონალური ჩარჩოს წინაშე. ამას სრულიად ცნობიერად აკეთებს ივანე ჯავახიშვილი იმიტომ, რომ ამ დროს არსებობს Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 98 უნივერსიტეტის მეორე მოდელი, რომელიც მოდის იმდროინდელი რუსეთის იმპერიის ცენტრიდან, პეტერბურგიდან და [ამ მოდელს] ემხრობიან გამორჩეული რუსი მეცნიერები და თავად ნიკო მარიც. არსებობს ზეწოლა პეტერბურგიდან, რომ საქართველოს სჭირდება არა ნაციონალური უნივერსიტეტი, არამედ რეგიონული, კავკასიური უნივერსიტეტი...რომელიც მთელ კავკასიას დაფარავდა. სასწავლო ენა რუსული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მეცნიერება, რომელიც ამ უნივერსიტეტში იარსებებდა, რუსული მეცნიერების ნაწილი იქნებოდა”, - აღნიშნავს ზედანია., რომელიც ასევე აკაკი შანიძის ჩანაწერებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსული უნივერსიტეტი, დაარსების შემთხვევაში, ხაზინიდან იქნებოდა დაფინანსებული, ქართული კი შემოწირულობების ხარჯზე იარსებებდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაფუძნდა კიდეც. (ბოგვერაძე, მ. „განათლება პირველ რესპუბლიკაში“, 26/05. 2020) ამ უდიდეს მოვლენას მრავალი სტატია მიეძღვნა. მაგალითად მოვიყვან გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებულ სტატიას - „ქართული უნივერსიტეტის გახსნა“, რომელშიც ნათლად ჩანს უნივერსიტეტის დაფუძნების დიდი ეროვნული მნიშვნელობა: „26 იანვარი შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის კულტურულ დღესასწაულათ. თფილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი...ერს, რომელსაც არა აქვს თავისი სამეცნიერო ტაძარი, არ შეუძლია სთქვას, რომ იგი სრულ-ასაკოვანია. რა ერია ის ერი, რომელსაც არა აქვს საშუალება ისარგებლოს მეცნიერების ნაყოფით სამშობლო ენაზე. თუ რატომ არ გვქონდა მაღალი სასწავლებელი, ამის მიზეზი ყველამ იცის. ჩვენ სხვებთან ერთად ვიყავით ჩაგრული ერი, მოკლებული ყოველგვარ უფლებას... ქართული უნივერსიტეტის დანიშნულება უნდა იყოს აგრეთვე ერთა შესწავლა. ეს მოგვცემს საშუალებას მტკიცე კალაპოტში ჩავაყენოთ ერთა ურთიერთობა“ („ერთობა“ N22 28 იანვარი 1918 წ.). მოლოდინი უნივერტიტეტისადმი დიდი იყო. მეცნიერების განვითარებით საქართველო უნდა დაკავშირებოდა ევროპას: „დამოუკიდებელ საქართველოში ევროპულ ენებს უსათუოდ ფართო ადგილი უნდა დაეთმოს. ევროპული კულტურა რუსული ენის შუამავლობით აღარ უნდა გვეძლეოდეს. ევროპას უნდა დავუკავშირდეთ პირდაპირის კავშირით... სამეცნიერო მუშაობაში ევროპულ ენების დახმარება აუცილებელია. ვინც ერთ ერთი ევროპული ენა არ იცის, მისთვის უნივერსიტეტის კარი დაკეტილი უნდა იყოს,“ _ ლეო დ_ლი „უცხო ენების შესწავლის შესახებ“( გაზეთი „ერთობა“ N 230 10 ოქტომბერი 1919წ.). მეცნიერების განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს შეადგენდა. სტუდენტებს სახელმწიფო დაფინანსებით უშვებდნენ ევროპაში განათლების მისაღებად. ამ პროგრამას უშუალოდ სახალხო განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი ხელმძღვანელობდა. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა უცხოეთში სასწავლებლად გასაგზავნი სტუდენტების სიები. სტუდენტებს მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემაც ჰქონდათ, მაგრამ მოწადინებულები იყვნენ: „ჩვენ გვსურს ჩავებათ საერთაშორისო მსოფლიო მეცნიერების ფერხულში. გვსურს გავამართლოთ პრო. დოც. ბ. ხარაძის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ლექციის შესავალში: „ჩვენ-კი არ უნდა ვეცადოთ, რომ მსოფლიო მეცნიერებას „ბუქსირივით“ კუდში მოვებათ და მივყვეთ, ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წილი მეცნიერებაში Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 99 და ამოუდგეთ როგორც სრულ უფლებრივი ერიო“, _ ქ. უნ. სტ. შ. თაქთაქიშვილი სტატიის „ხმა ქართველ სტუდენტისა“ ავტორი (გაზეთი „საქართველო“ N 224 გიორგობისთვის 22 1918 წ. ). ზემოთ მოყვანილ მედიატექსტებს ფრეიმინგის თეორიის მიხედვით თუ განვიხილავთ, რომელიც „დღის წესრიგის“ თეორიისგან განსხვავებით მიანიშნებს რეციპიენტს, როგორ მიიღოს შეტყობინება, ნათელი გახდება, რომ ჩარჩო, რომლითაც მიეწოდებოდა საზოგადოებას მეცნიერების განვითარების აუცილებლობა, წარმოდგენილი ამ ამონარიდებში, რომლებიც სხვადსხვა გაზეთებში სხვადასხვა დროს დაიბეჭდა, ნათელს ხდის რადმდენად ერთგვაროვან პოლიტიკას ატარებდნენ სხვადასხვა პარტიები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ჩარჩო, რომლითაც ეს გზავნილი მიეწოდებოდა საზოგადოებას, შემდეგში მდგომარეობდა: მეცნიერების განვითარებით დავუკავშირდებოდით ევროპას, ხოლო ევროპული ოჯახის წევრი კი მხოლოდ მაშინ გავხდებოდით, თუ ვიქნებოდით სრულუფლებიანი ერი. ამ გზავნილთა ჩარჩო საქართველოს სივრცითი ორიენტაციით არის განსაზღვრული. იმისათვის, რომ განგვესაზღვრა მედიის როლი განათლების სისტემის ფორმირების პროცესში, შევეცადეთ მედიატექსტების შესწავლას „დღის წესრიგის“ თეორიის მიხედვით. მედიაეფექტების ერთ-ერთი თეორია _ „დღის წესრიგის“ თეორია, შეისწავლის კავშირს მედიის მიერ საკითხის გაშუქებასა და ინდივიდების მიერ გაშუქებული საკითხისთვის მნიშვნელობის მინიჭებას შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მედია კარნახობს საზოგადოებას, თუ რომელ საკითხზე უნდა იფიქროს. აღმოჩნდა, რომ განათლების სისტემის ფორმირება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა. ამგვარად, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა 1918-1921 წლების სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალიზაციის რთული პროცესი პირდაპირ აისახა სახალხო განათლების განვითარებაზე. რუსეთის ბატონობის შემდეგ ქართული ენა დაუბრუნდა ხალხს. პარლამენტმა სახელმწიფო ენად დააკანონა ქართული. დაიწყო სახელმწიფო გიმნაზიებში კლასების „გაეროვნება“, რაც მოითხოვდა სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნას. ეს საქმე კი, სტამბებში ქაღალდის დეფიციტის გარდა, ფერხდებოდა ქართულენოვანი ტერმინოლოგიის არარსებობითაც, რასაც ერთვოდა წიგნებით სპეკულაციის პრობლემაც. ეს ყველაფერი ხელს აძლევდა ნაციონალიზაციის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც კერძო გიმნაზიებში მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოებსა და რუსულ ენაზე განათლებას სთავაზობდნენ, ამით იზიდავდნენ არა მარტო არაქართულ მოსახლეობას, არამედ ქართველ მოსწავლეებსაც. ამაზე პასუხად, სახელმწიფომ „გაეროვნების“ სასარგებლოდ გამოიყენა შემდეგი ბერკეტი _ კერძო გიმნაზიიდან მოსწავლე გამოცდის გარეშე ვერ გადავიდოდა სახელმწიფო სკოლაში. კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმამ ერთი ძირეული ცვლილება შეიტანა განათლების სისტემაში, ეს გახლდათ რელიგიის სწავლების გაუქმება, რაც სადავო საკითხად იქცა. სოციალ- დემოკრატები მიიჩვენდნენ, რომ მეცნიერებისა და სარწმუნოების _ ამ ორი ერთმანეთისგან Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 100 სრულიად განსხვავებული სისტემის თანაარსებობა გონებას ურევდა მოსწავლეს და რადგანაც სახელმწიფო მეცნიერებასთან ასოცირდებოდა, „სამღვთო სჯულის“ სწავლება უნდა გაუქმებულიყო სკოლებში. ეროვნულ-დემოკრატები კი თვლიდნენ, რომ ბიბლიის შესწავლის გარეშე ქართველი ერი გადაგვარდებოდა, რადგან ზნეობა, სამშობლოს სიყვარული და თავდადება სახელოვან წინაპრებს ბიბლიიდან ჰქონდათ ნასწავლი. სახელმწიფო ზრუნავდა, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომ შემოიღეს სწავლების ახალი ფორმა _ საღამოს სკოლები და მოძრავი უნივერსიტეტები. სახალხო განათლების სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა საზღვრისპირა რეგიონებისადმი, სადაც ქართველი მოსახლეობის დაბრუნებას ქართული გიმნაზიების არსებობა განაპირობებდა. 1918 წლის 26 იანვარი, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა, რომელიც ერთადერთი იყო მთელს კავკასიის რეგიონში, სახალხო დღესასწაული იყო. უნივერსიტეტში უნდა განვითარებულიყო ქართული მეცნიერება, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად აქცევდა. საქართველო სწორედ მეცნიერების გზით, პირდაპირ უნდა დაკავშირებოდა ევროპას და არა რუსეთის „გავლით“. ამიტომ შემოიღეს უცხო ენების, კერძოდ, ფრანგულის, გერმანულისა და ინგლისური ენების სავალდებულო სწავლება, ხოლო სტუდენტების ევროპაში სახელმწიფო დაფინანსებით გამგზავრებას პირადად სახალხო განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი კურირებდა. შეჯამების სახით მედიატექსტების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1918 -1921 წლების დამოუკიდებელ ქართულ რესპუბლიკაში განათლების სისტემის რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ მხრივ, ნაციონალიზაციისა და მეცნიერების განვითარების გზები ახალგაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ მიმართულებებად იკვეთებოდა. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ბაქრაძე (2008) „პედაგოგიური აზროვნება 1900-1931 წლების საქართველოში“ თბილისი, უნივერსალი. 2. სურგულაძე (2013) „საქართველო 1918-1921 წლებში“, თბილისი. 3. ჭუმბურუძე (2000) „განათლება 1918-1921 წლებში“, თბილისი, მემატიანე. 4. ბოგვერაძე, მ. „განათლება პირველ რესპუბლიკაში“, 26/05. 2020 https://netgazeti.ge/news/455552/ 5. McCombs & Shaw „აჯენდა -სეთინგის თეორია“, 1972 https://netgazeti.ge/news/455552/ Georgian Scientists/ქართველი მეცნიერები ტ. 4 N 1, 2022 101 The education policy of the First Democratic Republic of Georgia, published in the Georgian party press of 1918-1921 Tinatin Macharashvili Doctor of Mass Communication Seu Assistant Professor, University of Georgia Resume We present the education policy of the years of the first Republic of Georgia (1918-1921) by observing the main newspapers of the mentioned period ("Ertoba", "Sakhalkho Sakme", "Sakartvelo", "Sakartvelos Republika"). As you know, the young democratic republic faced many problems. Addressing the issue of nationalization was largely based on a fundamental transformation of the education system. The return of the native language, first of all, required the Georgianization of the educational program, which, in turn, required both material and intellectual resources. Membership of a large European family was associated with the revival of science in Georgia. The issue of Georgia's territorial integrity was also directly related to public education. Accordingly, the education policy of the Sovereign Republic had to be considered in different contexts. Although not a single work has been devoted to the life of Georgia during the years of independence, they are mainly of a historiographical nature. Our research, in particular, focuses on the specifics of the education policy presented in the media, and in-depth research of the issue in this regard is the main task. Based on the theories of media effects, in particular agenda setting and framing, we have outlined the role of the media in leading to a highly contradictory path to education reform. It turned out that the formation of an education system in the Georgian multi-party press was one of the priority issues and different parties pursued a uniform policy on this issue. The media message was as follows: we would connect Europe with the development of science, and we would become a member of the European family only if we were a full-fledged nation. The framework of these messages is defined by the spatial orientation of Georgia - Georgia, not through Russia, but should be directly connected to Europe. Keywords: Education Policy, First Sovereign Republic, Theories of Media Effects – Agenda-setting, Framing.